«თბილისობა» - «ტრადიცია» ტრადიციების დასავიწყებლად

«თბილისობა» - «ტრადიცია» ტრადიციების დასავიწყებლად

 

    საქართველოს ხელისუფლებამ წელს განსაკუთრებულად აღნიშნა «სვეტიცხოვლობის» ტრადიციული დღესასწაული, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს. საოცარია, მაგრამ ეს დღესასწაული ამ საუკუნის სამოცდაათიან წლებშიც აღინიშნებოდა. საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა მაშინვე გამოამჟღავნა განსაკუთრებული ალღო: რაკი მიხვდა, რომ «სვეტიცხოვლობის» აკრძალვას აზრი არ ჰქონდა, მან დაუშვა დღესასწაულის ჩატარება, მაგრამ განსხვავებული შინაარსითა და სახელწოდებით («მცხეთობა») მოსკოვში არავის აღიზიანებდა.
    ყოველ შემთხვევაში, «უსწრაფესი  ზომების» მიღებას ნამდვილად არ იწვევდა და სსრკ პოლიტბიუროც არ იღებდა დადგენილებას «საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ინტერნაციონალური აღზრდის გაუმჯობესების შესახებ».
    ამდენად, «მცხეთობა» ხელისუფლებას არანაირ პრობლემას არ უქმნიდა, მაგრამ ამ მდგომარეობას დისიდენტები არ ეგუებოდნენ: სამოცდაათიანი წლების ბოლოს, სწორედ ამ დღეს (14 ოქტომბერს) ზვიად გამსახურდიას, თამარ ჩხეიძისა და სხვათა ინიციატივით სვეტიცხოვლის ეზოში რამდენიმე «ანტისაბჭოთა» აქცია ჩატარდა, რის შედეგადაც ისინი დააპატიმრეს; ხოლო საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში მკურნალობდა კარგა ხნის განმავლობაში.
    ისტორიის უცნაურობაა, რომ 1996 წლის 14 ოქტომბერს ერი და ბერი, ხელისუფლებაც და ხალხიც, სამღვდელოებაც და მთავრობაც ერთობლივად აღნიშნავს დღესასწაულს, რომელიც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რეპრესიებისა და ტერორის მიზეზი ხდებოდა.
    «სვეტიცხოვლობის» საპირისპიროდ, იმდროინდელმა მმართველმა ჯგუფმა არა მხოლოდ «მცხეთობა» შექმნა, არამედ «თბილისობაც». «თბილისობის» დღესასწაული ოთხმოციანი წლების დასაწყისში დაარსდა და საოცრად კარგადაც «მოერგო» ეროვნულ ფსიქოლოგიას. ხალხმა კომუნისტების მიერ დაარსებული დღესასწაული ისე «აიტაცა», თითქოს სწორედ ამ ზეიმს ელოდა. «თბილისობა» მართლა დღესასწაულად იქცა, რადგან ქართველებისთვის ეს იყო სმისა და დროსტარების მიზეზი . . . ნეტავ წლის 365-ივე დღე ზეიმი ყოფილიყო!
    რაც შეეხება ხელისუფლებას, იგი რასაკვირველია უფრო რაციონალურად უდგებოდა საკითხს. მისთვის «თბილისობა», უპირველეს ყოვლისა, «რეგიონალურ ელიტათა ლოიალობის დათვალიერება» იყო. «თბილისობაზე» აუცილებლად უნდა ჩამოსულიყვნენ «წარმომადგენლობითი დელეგაციები» სამცხე-ჯავახეთიდან, «სამხრეთ ოსეთიდან», აჭარიდან . . . . . თბილისში ხელისუფლებას ჰქონდა საშუალება მათი «ლოიალობის დონე» შეეფასებინა და სათანადო «დასკვნებიც» გაეკეთებინა.
    გარდა ამისა, «თბილისობა» საქართველოს დედაქალაქის «ინტერნაციონალური ბუნების» დამადასტურებელი არგუმენტიც ხდებოდა: რიყეზე გამართული კონცერტების დროს ხშირად გაიგონებდით, რომ თბილისი არის ქალაქი, რომელშიც ძმურად ცხოვრობენ ოთხმოცზე მეტი ეროვნების ადამიანები, ხოლო ერთ კვადრატულ კილომეტრზე, გვერდი-გვერდ განლაგებულია მართლმადიდებლური ტაძარი, კათოლიკური ეკლესია, მაჰმადიანური მეჩეთი და ებრაული სინაგოგა. «კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა, იქ ილოცე», - პეტრე გრუზინსკის სიტყვები რეფრენად გასდევდა დღესასწაულს.
    «თბილისობა» მოსკოვიდან «საპატიო სტუმართა» მოწვევის შესანიშნავი საბაბიც იყო, რასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმდროინდელი სახელისუფლებო იერარქიის გათვალისწინებით.
    დღევანდელ სიტუაციაში «თბილისობის», როგორც პოლიტიზებული ღონისძიების ზოგიერთი ასპექტი კვლავინდებურად ინარჩუნებს აქტუალობას. თბილისს კვლავ შეუძლია შეამოწმოს რეგიონთა ლოიალობის ხარისხი და კვლავინდებურად ააღორძინოს მითი საქართველოს დედაქალაქის განსაკუთრებული, უნიკალური «ინტერნაციონალურობის» შესახებ. მოსკოვიდან «საპატიო თბილისელთა» მოწვევაც არ არის გამორიცხული. ამდენად, «თბილისობაც» და «სვეტიცხოვლობაც» დღეს ერთი და იგივე რანგის და ბუნების ღონისძიებად იქცა. დღევანდელი თაობა ვეღარ მიხვდება, შინაარსობრივად და ისტორიულად რაოდენი განსხვავებაა ამ ორ დღესასწაულს შორის.

«მერიდიანი», 25 ოქტომბერი, 1996 წელი.