ქართულ პოლიტიკურ მწვერვალზე სამი ადგილი არ არის

ქართულ პოლიტიკურ მწვერვალზე სამი ადგილი არ არის

    ქართულ პოლიტიკაში ნებისმიერი ალიანსის შესაძლებლობა არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამორიცხული. ამ ალიანსის შინაარსის მიხედვით თვით ქართული პოლიტიკის თვისებრიობაზეც შეიძლება მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკას ზოგადი კანონები აქვს და უნივერსალურადაც არის მიჩნეული, «ეროვნული» სპეციფიკა მაინც ყოველთვის ახასიათებს. ქართული პოლიტიკა ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა და თვალსასეირო.
    სულ რამდენიმე დღის წინ პოლიტოლოგები და დამკვირვებლები გაკვირვებით სწავლობდნენ ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებას, რომელიც სოციალისტური პარტიის ლიდერმა 9-10 თებერვალს (ტერორისტული აქტიდან მეორე დღეს) გააკეთა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე,.
    მიუხედავად იმისა, რომ პროფორმისათვის ვახტანგ რჩეულიშვილმა განცხადებას «მოქალაქეთა კავშირის» ლანძღვა დაურთო (აკი გეუბნებოდით, პასუხისმგებლობის თავზე აღებას ვერ შეძლებთო) მისი ძირითადი არსი შემრიგებლურად რჩებოდა. უფრო ზუსტად, ვახტანგ რჩეულიშვილმა, ფაქტობრივად, პოლიტიკური ალიანსი შესთავაზა საქართველოს მოქალაქეთა კავშირსა და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას. მისი თქმით, ეს სამეული შეძლებდა კრიტიკულ ვითარებაში პასუხისმგებლობის თავზე აღებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - მომავალ არჩევნებში ერთიანი ბლოკით გამოსვლას.
    რჩეულიშვილმა სწორად შენიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ არ განმტკიცებულა შიდა სტაბილურობით, პოლიტიკურ ოლიმპზე მოქმედი სამი ძირითადი (როგორც მას მიაჩნია და ჰგონია) ძალის ალიანსით შესაძლებელი იქნებოდა სახელისუფლებო რყევათა თავიდან აცილება და ძალაუფლების «ტკბილად» გადანაწილება - «ქუჩის» და «უპერსპექტივო» ოპოზიციის გარეშე.
    ამგვარ ალიანსზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ და სოციალისტთა ლიდერი აქ «პიონერი» ნამდვილად არ ყოფილა. არაერთხელ სხვადასხვა ტრიბუნიდან, სხვადასხვა მოღვაწეს ქარაგმულად თუ პირდაპირ შეუნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ცენტრალური ნაწილი სამ პარტიას უკავია - მემარჯვენე ცენტრისტულ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, მოქალაქეთა კავშირს და მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალისტურ პარტიას.
    იმის ნიშნებიც კი გაჩნდა, რომ ირინა სარიშვილი ამგვარი ალიანსის წინააღმდეგი არ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში დროებით, ერთჯერადად ანუ მხოლოდ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
    სარიშვილი პოლიტიკაში საკმაოდ გაიწაფა საიმისოდ, რომ მიხვდეს: თბილისში ჩატარებული გამოკითხვები, რომლითაც ედპ ლამის პირველ ადგილზეა, საბოლოოდ ბევრს არაფერს ნიშნავს - ყოველ შემთხვევაში, ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას თუ უზრუნველყოფს მხოლოდ, ვინაიდან არჩევნების ბედი კვლავინდებურად რეგიონებში წყდება. რეგიონებს კი მოქალაქეთა კავშირი მართავს. ამრიგად, ჩამოყალიბდა ვითარება, როდესაც სამ ყველაზე «პერსპექტიულად» მიჩნეულ პოლიტიკურ ძალას შეიძლებოდა ტაიმ აუტი აეღო და მომავალი არჩევნები უბრალოდ, «გამოეტოვებინა» ანუ არ გაემართა რეალური კონკურენცია 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
    ამგვარი მისწრაფება მით უფრო საგულისხმოა, რომ სამივე პოლიტიკური პარტია (არა მხოლოდ მოქალაქეთა კავშირი, არამედ ედპ-ცა და სოციალისტებიც) მზად არიან პრეზიდენტს თავისი თავი კვლავ შესთავაზონ საყრდენად.
    რჩეულიშვილი და სარიშვილი «მოქალაქეებს» ებრძვიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ებრძვიან შევარდნაძეს. თეორიულად, თითქოს ამგვარი რამ შეუძლებელია (ედუარდ შევარდნაძე მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეა და წმინდა პოლიტიკური თეორიის თვალსაზრისით, თითქოსდა შეუძლებელი უნდა იყოს დაუპირისპირდე პარტიას და არა მის ლიდერს), მაგრამ საქართველოს უახლესმა ისტორიამ ამაზე აბსურდული მაგალითებიც ბევრი მოგვცა; ასე რომ გასაკვირი აქ არაფერია. გასაკვირი ის იქნებოდა, ედპ-სა და სოციალისტებს ედუარდ შევარდნაძესთან კატეგორიული დაპირისპირების გზა რომ აერჩიათ.
    თვით ირინა სარიშვილს ამგვარი ალიანსის თაობაზე ღიად თითქოს არაფერი უთქვამს, მაგრამ ზოგიერთი ნიუანსით თვალნათელი ხდება: არც იგი იქნებოდა წინააღმდეგი ამგვარი «ტაიმ-აუტისა». ოღონდ, რასაკვირველია, შესაბამისი გარანტიების მიღების შემთხვევაში. ედპ-ს ლიდერისათვის ამჯერად უმთავრესი ამოცანაა, დაასრულოს პარტიაში პოზიციების განმტკიცების პროცესი და საბოლოოდ მოიკვეთოს ედპ-ს ყოფილი ელიტა, რომელიც პარლამენტში «სახალხო ფრაქციის» სახით გაფორმდა.
    სახალხოელებსაც თავისი ანგარიშები აქვთ. ალიანსის შესაძლებლობასა და (გარკვეულწილად) აუცილებლობას ისინიც ხედავენ. რამდენიმე დღის წინ გიორგი კობახიძემ განაცხადა ტელევიზიით გამოსვლისას, რომ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური ბლოკი, «სახალხოს», «მოქალაქეთა კავშირისა» და «აღორძინების» შემადგენლობით, მაგრამ აქ უკვე სრულად სხვა შინაარსის გაერთიანებაზეა ლაპარაკი, ვინაიდან ამ სამ პარტიას შეუთავსებელი მიზნები და ამოცანები აქვთ. გიორგი კობახიძე გულისხმობდა დროებით გაერთიანებას ამჟამინდელ პარლამენტში წარმოდგენილ პარტიათა რიცხოვნების მექანიკური გათვალისწინებით. ვახტანგ რჩეულიშვილი და ირინა სარიშვილი კი - ტაქტიკური ხასიათის ალიანსს მომავალ არჩევნებში ძალთა გასაერთიანებლად.
    სტრატეგიული თვალსაზრისით «სოციალისტთა» და «ეროვნულ დემოკრატთა» ინტერესები ერთმანეთთან ისევე შეუთავსებელია, როგორც «მოქალაქეთა კავშირთან». 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა მათგანს სხვადასხვა კანდიდატურა ეყოლება.
    შექმნილი ვითარება (ვიმეორებ) განსაკუთრებით საინტერესოა სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ ამჟამინდელ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც 1992-95 წლების ქარცეცხლშია გამობრძმედილი და პარლამენტში ადგილი მტკიცედ დაიმკვიდრა, არ სურს დაუშვას ახალი ძალების გამოჩენა ოლიმპზე (რისი ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს). უფრო მეტიც, ზემოთხსენებულ ელიტას აშკარად სურს, ოლიმპიდან ქუჩაში საბოლოოდ გააძევოს 1992 წლის პოლიტიკური კონგლომერატის ნარჩენი ორგანიზაციები და საქართველოში რეალური სამპარტიულობა დაამკვიდროს.
    «აღორძინება» ამ კონცეფციაში არ თავსდება, - ამით არის გამოწვეული როგორც ირინა სარიშვილის ასევე ვახტანგ რჩეულიშვილის (უკანასკნელ შემთხვევაში ფრთხილად და ფარულად) ცივი დამოკიდებულება ასლან აბაშიძისადმი.
    აქვე ვივარაუდებ, რომ არჩევნების მოახლოებისთანავე ალიანსი (რომც არ გაფორმდეს) უეჭველად შეეცდება საარჩევნო კანონში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც შეუძლებელს გახდის პოლიტიკური ორგანიზაციის წარმოდგენას პარლამენტში, თუ იგი გამარჯვებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ რომელიმე რეგიონში და ვერ მოაგროვებს ხმების განსაზღვრულ რაოდენობას სრულიად საქართველოს მასშტაბით.
    არჩევანი ამ შემთხვევაში მოქალაქეთა კავშირმა უნდა გააკეთოს. ვახტანგ რჩეულიშვილი აშკარად ნაწყენია იმით, რომ მის წინადადებას «მოქალაქეთა» ლიდერები საკმაოდ გულცივად შეხვდნენ. ეს გულცივობა ყველაზე ზუსტად ადასტურებს და ნათელყოფს იმ გარემოებას, რომ «მოქალაქეთა კავშირს» 1999 წელს, ნაცვლად დროებითი ალიანსისა «სოციალისტებთან» და «ეროვნულ-დემოკრატებთან» - რეალური ბრძოლის გამართვა აქვს გადაწყვეტილი ანუ დარწმუნებულია გამარჯვებაში და სურს კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მოიპოვოს მომავალ პარლამენტში, ვიდრე ამჟამად აქვს.
    რჩეულიშვილიც და სარიშვილიც გადაჭარბებით აფასებენ თავიანთ შანსებს. ისინი არ ითვალისწინებენ: მას შემდეგ რაც საქართველოში მოხდა 1988-1995 წლებში, ელექტორატი იმდენად დაშინებულია არასტაბილურობის შესაძლებლობით, რომ არ დაუშვებს არანაირ ელექტორალურ ანუ «საპარლამენტო» რევოლუციას. ასევე «საპარლამენტო» იყო რევოლუცია 1990 წლის 28 ოქტომბერს, მაგრამ რა შედეგი მოიტანა - ყველას კარგად ახსოვს. ამრიგად, «მოქალაქეებს» აქვთ საშუალება არჩევნებამდე დრო გაჭიმონ, არც უარი თქვან და არც დათანხმდნენ ალიანსზე; ედპ-სა და სოციალისტთა ნევროზულობით მათი (მოქალაქეების) პოზიცია უფრო მომგებიანი ხდება.

7 დღე, 6 მარტი, 1998 წ.