საერთაშორისო მიმოხილვა. 31 მაისი. 2023 წელი
უკრაინამ მოსკოვს დაარტყა!
უკრაინის არმიამ 25 უპილოტო `კამიკაძე-თვითმკვლელი` თვითმფრინავი/დრონით შეუტია რუსეთის დედაქალაქს.
ზოგიერთმა მათგანმა ქალაქის სივრცეში ჩამოვარდნა და აფეთქებაც შეძლო.
დამკვირვებელთა აზრით, დრონები უმიზნებდნენ რუბლიოვკას რაიონს, მოსკოვის შემოგარენში, სადაც ელიტური დასახლებაა. იქ აგარაკები აქვს რუსულ ელიტას. მათ შორის თავდაცვის მინისტრ შოიგუს და რუსული გენერალიტეტის სხვა წარმომადგენლებს.
მაგრამ არა მხოლოდ: დრონების ნაწილმა მიაღწია მოსკოვის ე.წ. `Спальный район`-ებს ანუ იმ რაიონებს, სადაც საცხოვრებელი კვარტლებია უსასრულოდ გადაჭიმული.
იქ მცხოვრებმა რუსმა `ობივატელებმა`, რუსულ არმიას რომ სავარძელზე ტელევიზორთან `ბალელშჩიკობენ`, იგრძნეს რა არის ომი და რას გრძნობენ კიეველები, როცა ყოველ დღე და ყოველ ღამე ელიან რუსული დრონების და რაკეტების შეტევას.
სასწაულად არავინ მომკვდარა.
მაგრამ თვით ფაქტია მნიშვნელოვანი: ერთდროულად 25 დრონმა 600 კილომეტრი იფრინა მოსკოვამდე და მიზანსაც მიაღწია.
ეს დრონები უკრაინაშია წარმოებული. მათი სიშორე 1000 კილომეტრამდეა ანუ რუსეთის ევროპულ ნაწილში ყველაფერს მისწვდებიან.
აღსანიშნავია, რომ ეს არის მოსკოვზე პირველი შეტევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
რუსებისთვის იმდენად დისკომფორტულია ეს შეტევა, რომ ახლა ავითარებენ ვერსიას, თითქოს უკრაინიდან კი არ იყო ნასროლი დრონები, არამედ რუსეთში მოქმედებს მოღალატეთა ჯგუფი, რომელიც თურმე რუსეთის ტერიტორიიდანვე ისვრის დრონებს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე გამოდიან მოთხოვნით აღდგეს სტალინის დროინდელი Смерш (Смерть Шпионам) - სპეცსამსახური, რომელიც ებრძოდა `შპიონებს` - ადგილზე ხვრეტდა ეჭვის გამო ნებისმიერს.
პუტინმა ამ შეტევის პასუხად განაცხადა, რომ მოსკოვში ბევრად მეტ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას დააყენებს.
ოღონდ საიდან მოიტანს? რა თქმა უნდა სხვა რეგიონებიდან ანუ `მოაშიშვლებს` რუსულ პროვინციას - მოსკოვის სასარგებლოდ.
არადა რუსულ პროვინციებშია სწორედ ბევრად მნიშვნელოვანი სამიზნეები უკრაინული ძალებისთვის: მათ შორის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის წარმომადგენელი ნებენზია გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოვიდა და განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური (უდიდესი ევროპაში) საფრთხეშია უკრაინის მოსალოდნელი შეტევის გამო.
ანუ, როგორც ჩანს, სერიოზულად ეშინიათ უკრაინული შეტევის და ახლა ევროპას აშანტაჟებენ: თუ უკრაინის არმიამ შემოგვიტია, ეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა აფეთქდესო.
იმედი აქვთ ამ გზით დასავლეთს აიძულებენ, გადაიფიქროს შეტევა.
ზაპოროჟიე, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, უკრაინული შეტევის ყველაზე მეტად სავარაუდო მიმართულებაა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კოლოსალური სიმძლავრისაა. ხუთჯერ დიდია ვიდრე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, რომელიც 1986 წელს აფეთქდა და კინაღამ საერთოევროპული კატასტროფა გამოიწვია.
. . . . . . . . . . . . . . .
პრინციპული შეთანხმება ამერიკის სახელმწიფო ვალის გაზრდაზე მიღწეულია.
დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა მთლიანობაში მოილაპარაკეს.
საინეტრესო დეტალი კი ის არის, რომ შეთანხმება აგრეთვე გულისხმობს აკრძალვის მოხსნას ვირჯინიის შტატში 300 მილის სიგრძის გაზსადენის მშენებლობაზე, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ `მწვანეები`.
თუმცა პრეზიდენტი ბაიდენი იძულებული გახდა რესპუბლიკელებს შეპირებოდა, რომ არა მხოლოდ დაუშვებს ამ გაზსადენის მშენებლობას, არამედ.....მიიღებს ზომებს, რათა მწვანეებმა მისი მშენებლობა სასამართლოების მეშვეობით ვერ დაბლოკონ.
ეს საოცარი დეტალია. ნუთუ ამერიკის პრეზიდენტს აქვს ბერკეტები, რათა სასამართლო სისტემაზე იმოქმედოს? როგორც ჩანს აქვს განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად მას შეუძლია რომელიმე შტატში ან შტატის რომელიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.
დეფოლტის თავიდან აცილების ამოცანა იმდენად მნიშვნელოვანი და სამკვდრო-სასიცოცლოა, ჯო ბაიდენი მზადაა ყველაფერზე წავიდეს რათა არ დაუშვას ამერიკის სახელმწიფოს ბანკროტად გამოცხადება 5 ივნისამდე.
რესპუბლიკელთა კანდიდატმა პრაიმერიზში და დონალდ ტრამპის მთავარმა პარტიულმა კონკურენტმა რონ დესანტისმა მწვავედ გააკრიტიკა რესპუბლიკური უმრავლესობა კონგრესში კომპრომისების გამო.
სინამდვილეში დემოკრატებსა და მათ ლიდერ პრეზიდენტს ბევრად მეტ კომპრომისზე მოუწიათ წასვლა, რათა დეფოლტი თავიდან აეცილებინათ.
ამერიკული დეფოლტის შესაძლო შემადგენელი და შედეგი ის იქნებოდა, რომ მსოფლიოში გაცამტვერდებოდა რწმენა ყველაზე მომგებიანი ინვესტიციისა - ამერიკულ სახელმწიფო ობლიგაციებში.
პლანეტაზე ყველა ადამიანმა, ვისაც რაღაც დანაზოგი ჰქონდა და სურდა ეს დანაზოგი შეენახა, აგრეთვე ყველა ბანკმა, ყველა ფინანსურმა ინსტიტუტმა იცოდა, რომ თუ იყიდიდნენ ამერიკის სახაზინო (სახელმიფო) ობლიგაციებს, პროცენტი შედარებით დაბალი იქნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ მათი ფული იქნებოდა დაცული აბსოლუტურად - 101%-ით.
აი ეს რწმენა თუ გაცამტვერდა, გლობალური კატასტროფა გარდაუვალი იქნება: ადამიანებს, რომლებსაც ფული დეპოზიტზე შეაქვთ ბანკებში, შესაძლოა არც ესმოდეთ, რომ მათი ბანკი ან ამ ბანკის სათავო ოფისი ამერიკულ ობლიგაციებს ყიდულობს მათი ფულით.
ამიტომ ამერიკული დეფოლტი შეეხება მთელს პლანეტას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი გარიგება რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის გულისხმობს ორწლიან გარანტიებს სახელმწიფო ვალის ჭერის ამაღლებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ მორიგი დეფოლტის საფრთხე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ იქნება. ამაზე, როგორც ჩანს `ორპარტიულად` შეთანხმდნენ.
. . . . . . . . . . . . . . .
სოხუმში ოპოზიციის მიტინგი დასრულდა.
`პრეზიდენტმა ბჟანიამ` განაცხადა, რომ მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობას არ გადააყენებს.
ოპოზიციონერები ექსცესების გარეშე დაიშალენ, მაგრამ ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ პარლამენტში განიხილება კლანონი `აპპარტ-ჰოტელების` შესახებ, მაშინ ოპოზიცია პარლამენტთან შეიკრიბება და ამ კანონის მიღებას არ დაუშვებს.
ასევე ადგურ არძინბამ ხელისუფლება გააფრთხილა, არც კი გაბედონ პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რაც პუტინისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას ითვალისწინებს.
მთლიანობაში საპროტესტო აქციამ აფხაზეთის ხელისუფლებას რუსებთან თამაშის საშაულება მისცა: `მხრებს აიჩეჩენ` და ეტყვიან: ხომ ხედავთ ხალხი ღელავს, ჩვენ კი გვინდა გადმოგცეთ ბიჭვინთის აგარაკი..... ჩვენ კი გვინდა გადმოგცეთ ენგურჰესი..... ჩვენ კი გვინდა დავაკანონოთ აპარტ-ჰოტელები, რომლებსაც რუსები იყიდიან, მაგრამ....ხალხი ღელავსო.
მიტინგი იმართებოდა ლოზუნგით და სლოგანიტ `აფხაზეთი არ იყიდება`.
აქ კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი ისაა, რომ ჯერ კიდევ სეპარატისტთა ისტორიული ლიდერის, ვლადისლავ არძინბას ხანიდან დაწყებული, აფხაზეთში არანაირი პრივატიზაცია არ ჩატარებულა: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც აფხაზეთშია, კვლავინდებურად სახელმწიფოს ეკუთვნის.
1990 წელს, 9 აპრილის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ბინების პრივატიზების შესახებ და მთელს საქართველოში ადამიანებმა დაიკანონეს ბინები, რომლებიც მანამდე სახელმწიფო საკუთრება იყო, ხოლო მაცხოვრებლები ე.წ. `ჩაწერილები` იყვნენ მხოლოდ ამ ბინებში.
თუმცა ჯერ კიდევ მაშინ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ აკრძალა აფხაზეთში ბინების პრივატიზება, რათა ბინები ყიდვა-გაყიდვის ობიექტებად არ ქცეულიყო.
ბინების ყიდვა-გაყიდვა აფხაზეთში დღემდე აკრძალულია. ოღონდ თუ 1990 წელს ამ აკრძალვის მიზანი იყო არ დაეშვათ ქართველების მიერ ბინების ყიდვა გაგრაში, სოხუმში და ა.შ. ახლა იგივე მიზანი აქვთ უკვე რუსების საწინააღმდეგოდ.
გარდა ბინებისა, აფხაზეთში კიდევ უამრავი საწარმო იყო საბჭოთა პერიოდიდან, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. ეს არის, მაგალითად, საკალმახე მეურნეობები, პლანტაციები და ა.შ და ა.შ.
აფხაზი სეპარატისტების სტრატეგიაა, რომ ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩეს და მომავალში მოხმარდეს იმ აფხაზებს, რომლებიც ასეულობით ათასი ცხოვრობს თურქეთში და...... `ოდესმე დაბრუნდებიან`.
ამიტომ, გამორიცხულია აფხაზეთის ნებისმიერი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთში პრივატიზების მომხრე იყოს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ აფხაზეთის ყველა ფასეულ ობიექტს, რაც ახლა სახელმწიფოს საკუთრებაა, რუსები იყიდიან. მათ შორის რუსი ოლიგარქები.
მაგრამ რაკი მოსკოვი მოითხოვს, იძულებულნი არიან რაღაც ნაბიჯები გადადგან, კანონპროექტები შეიმუშავონ, მერე მოლაპარაკებებისას პრეტენზიებს პასუხობენ `დღეს-ხვალ...დღეს-ხვალ....`.....`აბა რა ვქნათ, ხომ ხედავთ ოპოზიცია გვეწინააღდმეგება........განა არეულობა აფხაზეთში გაწყობთ?............ საქართველო ჩასაფრებულია.....NATO აქვეა......`
ამ პოლიტიკის არქიტექტორია აფხაზური ელიტის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და გამოცდილი წარმომადგენელი სერგეი შამბა, ვისაც დღეს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის `პოსტი` უკავია.