კვირის მიმოხილვა: დესტაბილიზაცია აჭარაში კრემლის უკანასკნელი არგუმენტია

კვირის მიმოხილვა: დესტაბილიზაცია აჭარაში კრემლის უკანასკნელი არგუმენტია

ზვიად გამსახურდიას ნეშტს XXI საუკუნეში გადმოასვენებენ
   

    დღეს უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებას აღარაფერი უშლის ხელს.
    ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის განცხადებით, «სახელმწიფო მზად არის, ითავოს ექს-პრეზიდენტის ნეშტის გადმოსვენება, თუ მისი ოჯახის წევრები თანახმა იქნებიან».
    რა თქმა უნდა, საკვანძო პრობლემა სწორედ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას თანხმობაა. თუმცა, ეს უკანასკნელი ჯერჯერობით მტკიცე უარზეა და ასლან აბაშიძესაც კი «ხელი აუქნია» - აქაოდა მას არავინ ჰკითხავსო ჩემი მეუღლის გადმოსვენებას.
    ამ ეპიზოდში გაირკვა კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: რადიკალურად განწყობილი «ზვიადისტების» ლიდერ ექს-პრეზიდენტის ქვრივსა და ასლან აბაშიძეს შორის კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ არის. თანაც, დაძაბულობა დღეს და გუშინ არ წარმოშობილა - მას აშკარად უფრო ღრმა ფესვები აქვს და 1990-91 წლების პერიოდს უკავშირდება.
    როგორც ჩანს, აბაშიძე არც შემდგომ წლებში მოიქცა ისე, როგორც (არჩვაძის აზრით) «ზვიადის დანიშნული კაცი უნდა მოქცეულიყო». კერძოდ, ექს-პრეზიდენტმა და მისმა ქვრივმა, რა თქმა უნდა, 1992 წელსვე შეიტყვეს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ორჯერ იმყოფებოდა მოსკოვში და ედუარდ შევარდნაძეს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვდა. ჩვენი პირველი პრეზიდენტის მენტალობიდან გამომდინარე, ამგვარ საქციელს იგი არავის აპატიებდა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით კი, უფრო ადრეც, ასლან აბაშიძემ აჭარაში თავშესაფარი არ მისცა ზვიად გამსახურდიას - როცა ეს უკანასკნელი თბილისიდან გაქცევას ლამობდა.
    ამრიგად, აჭარის ლიდერმა «ზვიადისტებთან» ურთიერთობა ვერ ააწყო და ამ მხრივ პოზიციები ვერ განიმტკიცა. მას არც ექს-პრეზიდენტის მომხრეთა მეორე ფრთა სწყალობს; მაგალითად, ვახტანგ ბოჭორიშვილის თქმით (იგი ადრე აღფრთოვანებული იყო აჭარაში არსებული «სტაბილურობით»), ასლან აბაშიძე ჩვენთან ურთიერთობის სურვილს არ ამჟღავნებს»; მაშასადამე, ბათუმში გაკეთებული განცხადება ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენების თაობაზე მხოლოდ პირველი პრეზიდენტის მიმდევართა მომხრობას არ ისახავდა მიზნად -  ესოდენ სერიოზული დერმაში შემთხვევით, რა თქმა უნდა, არ გაკეთებულა.
    ამითაც დასტურდება, რა წინადხედულად მოიქცა ედუარდ შევარდნაძე, როცა ოპონენტებს ხელიდან გამოჰგლიჯა ძალიან მძლავრი არგუმენტი ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 1997 წლის მაისში, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა განაცხადა: «ბოლო უნდა მოეღოს საზოგადოების დაყოფას «ზვიადისტებად» და «შევარდნაძისტებად, არა მგონია, პირველი პრეზიდენტის მომხრეთა უმრავლესობას სამშობლო არ უყვარდეს, დავიწყოთ მოლაპარაკება შერიგებაზე».
    რა თქმა უნდა, ეს განცხადება ედუარდ შევარდნაძის შეხედულებათა ცვლილებას არ მოასწავებდა - კერძოდ ექსპრეზიდენტის მიმართ; არამედ პოლიტიკური არგუმენტი იყო, რომელმაც ფსიქოლოგიურად შეამზადა ნიადაგი უფრო მკვეთრი და რადიკალური განცხადებებისათვის. მაგალითად, ერთი-ორი წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ შევარდნაძე ილაპარაკებდა «ზვიად გამსახურდიას ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებაზე». თანაც ისეთ კონტექსტში, რომ აუცილებელია ყველა დამსახურებული პიროვნებისა და პრეზიდენტის მშობლიურ მიწაში დასაფლავება. არც ნოე ჟორდანიასა და ზვიად გამსახურდიას ერთ რანგში განხილვაა მცირე მნიშვნელობის მოვლენა. მთავარი ის არის, რომ თუ მოქმედი პრეზიდნტი ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდა, თუ არ დაასწრებდა ოპონენტებს, მაშინ «პირველი პრეზიდენტის გადმოსვენების საკითხი» შეიძლებოდა ძალიან მძლავრ არგუმენტად ქცეულიყო მოწინააღმდეგეთათვის, რომლებსაც, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ჭირის დღესავით სძულდათ იგივე ზვიად გამსახურდია.
    ცოტა არ იყოს გაუგებარია, ვთქვათ ასლან აბაშიძის დითირამბები ექს-პრეზიდენტისადმი მაშინ, როცა სულ ახლახანს, აჭარის ლიდერი საჯაროდ ჩიოდა: «ამ კაბინეტში 17 ტყვია მესროლეს, ხოლო ჩემი მკვლელი თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალესო». ედუარდ შევარდნაძე იმ დროს თბილისში არ იმყოფებოდა. უფრო მეტიც იგი «ერის მოღალატედ» იყო გამოცხადებული, ქვყნის პრეზიდენტი კი ზვიად გამსახურდია იყო და უიმისოდ, ბუნებრივია, ესოდენ მეფურ პატივს «ტერორისტ იმნაძეს» ვერავინ მიაგებდა.
    შესაძლოა ხელისუფლებას კიდევ ერთი მოტივი ჰქონდეს იმისთვის, რათა ყოველმხრივ დაეთანხმოს და ხელიც კი შეუწყოს მსჯელობას ექს-პრეზიდენტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების თაობაზე: თუ ინიციატივას ხელში არ ჩაიგდებს ოფიციოზი და მთლიანობაში, ხელისუფლება, მაშინ ეს ინიციატივა შეიძლება ხელთ იგდონ რადიკალურმა ძალებმა.
    ამ შემთხვევაში, ექს-პრეზიდენტის ნეშტის გადმოსვენება მძლავრ პოლიტიკურ აქციად გადაიქცევა. თუმცა, საეჭვოა, მანანა არჩვაძე დღევანდელ პირობებში ამგვარ შესაძლებლობას დაეთანხმოს და შეურიგდეს. ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის მისი წყურვილი იმდენად ძლიერია, მხოლოდ იმიტომ არ მისცემს დასტურს ქმრის გადმოსვენებაზე - რაკი ედუარდ შევარდნაძე წინააღმდეგობას არ უწევს და თანახმაცაა.
    გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტის გადმოსვენება არათუ ხელს შეუწყობს «ზვიადისტური» ძალების კონსოლიდაციას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტად დაქსაქსავს მათ. მანანა არჩვაძემ შეიძლება პროცესიიდან გააძევოს «მოღალატეები», რომლებმაც ზვიადს არ უერთგულეს ბოლომდე. მათ შორის მუხრან მაჭავარიანი, თენგიზ კიკაჩეიშვილი, ვახტანგ ბოჭორიშვილი და სხვები. ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია - ან სხვა «ეროვნულ» პარტიებზე, რომლებიც 1991 წლის მოვლენებისას გამსახურდიას მკვეთრად დაუპირისპირდნენ.
    მანანა არჩვაძე (თუ გულწრფელნი ვიქნებით) გარკვეულწილად საშიშიც კი ხდება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან მის პიროვნულ გადაწყვეტილებაზე მაინც ბევრია დამოკიდებული. მაგალითად, თუ იგი გადაწყვეტს გამსახურდიას ცხედარი თბილისში გადმოასვენოს, - განურჩევლად იმისა, ვისი ორგანიზატორობით მოხდება ეს და ვინ მიიღებს აქციაში მონაწილეობას, პირველი პრეზიდენტის დედაქალაქში დასაფლავებას მთლიანობაში ნეგატიური შედეგი არ მოჰყვება, შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური ვითარება დაიძაბოს ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესები შეილახოს ამა თუ იმ მხრიდან.
    მაგრამ თუ მანანა არჩვაძე-გამსახურდია გადაწყვეტს, რომ (ვთქვათ) სამეგრელოში გადმოასვენოს ზვიად გამსახურდია ნეშტი, ვინაიდან «სწორედ ამ მხარემ უერთგულა მას ყველაზე მეტად», - განურჩევლად მოტივის და არგუმენტაციისა, - ეს გახდება უმძლავრესი დარტყმა ქართველი ერის მთლიანობაზე.
    ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ზოგიერთი ცნობით (შესაძლოა, ეს ცნობები წინასწარგანზრახული პროვოკაციაც იყოს) - ამგვარი ვარიანტი გამორიცხული არ არის.
    ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ - ექს-პრეზიდენტის ქვრივი «სრულიად საქართველოს ჭირისუფლობაზე» უარს არ იტყვის და გრანდიოზული პოლიტიკური აქციის განხორციელებას სამომავლოდ, ანუ XXI საუკუნისთვის გადადებს, როცა მისი ვაჟი, რომლის შესაძლებლობებშიც მას, რა თქმა უნდა, ეჭვი არ ეპარება «საპრეზიდენტო ასაკს» მიაღწევს.
   

დესტაბილიზაცია აჭარაში კრემლის უკანასკნელი არგუმენტია
   

    ქართულ საზოგადოებრივ მენტალიტეტს უცნაური ინდიფერენტიზმი და ერთგვარი «სიბრმავე» ახასიათებს. აბა, სხვა რით შეიძლება აიხსნას ის საოცარი გარემოება, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობისას თითქოს დავიწყებას მიეცა უმნიშვნელოვანესი ფაქტი, გარდამტეხი მოვლენა - 9 თებერვლის თავდასხმა საქართველოს პრეზიდენტზე.
    არადა, ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობს, ყველა შემდგომი პროცესი განვიხილოთ სწორედ ამ მოვლენის რაკურსში; სხვაგვარად შეუძლებელია - 9 თებერვალს განხორციელდა დივერსიული აქტი მთლიანობაში ქართული სახელმწიფოებრიობის და არა კონკრეტული პოლიტიკური მოღვაწის წინააღმდეგ. იგი მიზნად ისახავდა არა მხოლოდ პოლიტიკური კურსის, არამედ თვით პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ვითარების კარდინალურ შეცვლას ქვეყანაში.
    რეალურად კი, საზოგადოებაში პოლიტიკური პრობლემებისადმი ისეთი განწყობა-დამოკიდებულებაა, თითქოს 9 თებერვალს საერთოდ არაფერი მომხდარა; არადა, ყოვლად შეუძლებელია არ დაისვას ელემენტარული კითხვა: რატომ დაიძაბა ვითარება ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისსა და ბათუმს შორის სწორედ 9 თებერვლის შემდეგ?
    წარმოუდგენელია ეს შემთხვევითი იყოს. აქ რაღაც შინაგანი კავშირი არსებობს, რომელიც ბევრ საჩოთირო კითხვას პასუხობს.
    ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს შორის ურთიერთობა განსაკუთრებული სითბოთი არასდროს გამოირჩეოდა. 10 თებერვალს კი აჭარის ლიდერმა საკმაოდ მკვეთრი და აშკარად არაერთაზროვანი ფრაზა თქვა საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას: «აი, სწორედ ამიტომ არ ჩამოვდივარ თბილისში, ანუ იმ ქალაქში, სადაც ამგვარი თავდასხმა შესაძლებელია... ჩვენს მიერ აგორებული ზვავი ჩვენს წინააღმდეგვე შემობრუნდა».
    ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, აქ რა იგულისხმება. სწორედ ამას მოჰყვა მოგვიანებით ფრაქცია «აღორძინების» ფაქტობრივი გასვლა პარლამენტიდან. ანუ სავსებით აშკარაა «პირველ პირთა» შორის დაპირისპირება. თუმცა, ობიექტად (საბაბად) მოქალაქეთა კავშირი იქცა.
    ასლან აბაშიძემ, პოლიტიკური ტექნოლოგიის სრული დაცვით, შეტევა განახორციელა მმართველ პარტიაზე («მოქალაქეთა კავშირი არ არის მმართველი პარტია, ვინაიდან იგი გონივრულად არ მართავს ქვეყანას»), მაგრამ სინამდვილეში დარტყმა სწორედ პრეზიდენტის წინააღმდეგაა მიმართული.
    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მოიძებნებიან პარტიები, რომელნიც ედუარდ შევარდნაძის «დასაყრდენად» გამოაცხადებდნენ თავს (მაგალითად სოციალისტები, ედპ და ასე შემდეგ) - თვით პრეზიდენტი ამ საკითხს ძალზე ფრთხილად ეკიდება და არ არის გამორიცხული, «მოქალაქეებისადმი» მისი სიმპათიის შესუსტების ნაცვლად პირიქით მოხდეს - პრეზიდენტმა იგრძნოს, რომ ამგვარი «შემოვლითი გზით» მისთვის დასაყრდენის გამოცლას ცდილობენ, რათა წამგებიან ვითარებაში ჩააყენონ «ახალი მოკავშირეობის» თაობაზე გამართული მოლაპარაკებისას; ეს კი უეჭველად გამოიწვევს პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის შეკავშირებას, რისი ნიშნები უკვე გამოჩნდა კიდეც.
    თუნდაც უკანასკნელ რადიოინტერვიუში გაკეთებული განცხადების სახით: «თუ ვინმეს ჰგონია, რომ ახალი არჩევნები მათ წისქვილზე დაასხამს წყალს - ძალიან ცდება. მოქალაქეთა კავშირის შანსები ბოლო არჩევნების შედეგად სულაც არ შემცირებულა - უფრო პირიქით».
    ზოგადად, ამ «რიგგარეშე არჩევნებთან» დაკავშირებით ერთი შეხედვით გაუგებარი რამ მოხდა. როგორც ცნობილია, ამ საკითხის ინიციატორი «ლეიბორისტი» შალვა ნათელაშვილი იყო; მისი თქმით «სანამ მართლა სამარცხვინოდ დაამთავრებდეს ეს პარლამენტი მოღვაწეობას, დროა ახალი არცევნები დაინიშნოს და ქვეყნის სათაევში ახალი ძალები მოვიდნენო»
    მან «ახალ ძალებში», რასაკვირველია, კოალიცია «ერთიანი საქართველო» იგულისხმა. მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ კოალიციაში ლეიბორისტთა პარტნიორს - ფრაქცია «აღორძინებას» - რიგგარეშე არჩევნები სულაც არ ეპიტნავება. ჯემალ გოგიტიძის კატეგორიული განცხადებით: «რიგგარეშე არჩევნების საკითხი ჩვენ არ დაგვიჩემებია, ასეთი არჩევნები შეიძლება დღეს ვიღაც-ვიღაცებს აწყობდეთ».
    მაშასადამე, შალვა ნათელაშვილს სერიოზული პოლიტიკური შეცდომა მოუვიდა; როგორც ჩანს, მოთხოვნა არ ყოფილა შეთანხმებული «აღორძინებასთან» და ასლან აბაშიძესთან, რომლებიც ამ ვითარებაში არ არიან დაინტერესებულნი რიგგარეშე არჩევნების გამართვით.
    ნათელაშვილმა ეს ვერ გათვალია, რაც ერთი მხრივ, მის პოლიტიკურ სისუსტეზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი, ააშკარავებს «ურთიერთობის არაერთგვაროვნებას» კოალიციის შიგნით.
    მაშასადამე, ლეიბორისტებს არც ისეთი თბილი და მჭიდრო ურთიეროთბა აქვთ აბაშიძის პარტიასთან, როგორც სურთ წარმოაჩინონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი «იაღლიში» არ მოუვიდოდათ. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც: სოციალისტები, ტრადიციონალისტები და «სახალხოელები» ასლან აბაშიძეს «ეთამაშებიან» მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რათა იმავე მმართველ პარტიასთან და პრეზიდენტთან ურთიერთობისას (პოლიტიკური ვაჭრობისას) პოზიციები განიმტკიცონ.
    აჭარაში შექმნილ ვითარებაზე «მოქალაქეთა კავშირისათვის» პასუხისმგებლობის დაკისრება, მით უმეტეს, იმ პარტიათა მხრიდან, რომლებიც დღენიადაგ ყველგან და ყველაფერში «მოსკოვის ხელს» ხედავდნენ - ცოტა არ იყოს სასაცილოა.
    1988 წლის ნოემბრის აქციიდან დაწყებული, ამ პარტიებისათვის «კრემლის ლაბორატორია» გახდა საქართველოში ყოველგვარი დაძაბულობის წყარო. ახლა რატომღაც «კრემლი» დაავიწყდათ, როცა აჭარის პრობლემატიკაზე მსჯელობენ.    
    საკმარისია, «თბილისმა» და «ბათუმმა» ზოგიერთ სტრატეგიულ საკითხში კომპრომისს მიაღწიონ, რომ ოპოზიციონერები ხახამშრალნი დარჩებიან. ამ უკანასნკელთ არაფრით სურთ გაიგონ: ასლან აბაშიძის მოთხოვნები სხვა სიბრტყეში ძევს - თბილისის პოლიტიკური ბომონდი კი სხვა «ქვაბშია», ანუ სულ სხვა სიბრტყეში ვითარდება.
    თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარე ფარულ ომში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. აქ (როგორც რუსები ამბობენ) «უსარგებლო მესამეა», მაგრამ, თუ ზემოხსენებული კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა, მაშინ «შეყოვნებული მოქმედების ნაღმი» აფეთქდება, ოპოზიციის დანიშნულება კი ის გახდება, როგორმე თავგზა აუბნიოს მოსახლეობას, რათა მან ვერ დაინახოს, ვერ მიხვდეს, სინამდვილეში საიდან წაუკიდეს პატრუქს ცეცხლი.
   

ანატოლი ჩეხოევი - «საქართველოდან სიყვარულით»
   

    გასულ კვირას კვლავ გრძელდებოდა სკანდალი რუსეთის ახლად დანიშნული (ჯერაც დაუმტკიცებელი) პრემიერ-მინისტრ სერგეი კირიენკოს განკარგულების თაობაზე - საქართველოსათვის რუსეთის შეიარაღებული ძალების ათი სამხედრო ობიექტის გადმოცემის შესახებ.
    კირიენკომ ამ განკარგულებას ხელი მოაწერა რუსეთის თავდაცვის მინისტრ იგორ სერგეევის თხოვნით. თავისთავად, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივი იყო, ვინაიდან თბილისმა და მოსკოვმა ამ საკითხში ჯერ კიდევ იანვარში - გენერალ ივაშოვის ვიზიტისას მიაღწიეს შეთანხმებას.
    ათი სამხედრო ობიექტიდან მხოლოდ ორია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი - ბათუმის სარემონტო ქარხანა და თბილისთან მდებარე ერთ-ერთი აეროდრომი. სხვა ყველაფერი უფრო «მშვიდობიანი დანიშუნლებისაა» - მათ შორის საბავშვო დაწესებულებები, სამკერვალო ატელიები და ასე შემდეგ.
    მიუხედავად ამისა, რუსულ «გოსდუმაში» საშინელი ისტერიკა ატყდა. «უშიშროების კომიტეტის» თავმჯდომარემ, ვიქტორ ილიუხინმა კირიენკოს წინააღმდეგ «სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც კი მოითხოვა». თავისთავად ნიშანდობლივი ფაქტია, რომ მოსკოვურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მიმდინარე ბრძოლისას «ქართული ფაქტორი» კვლავაც მძლავრი არგუმენტია. საკმარისია ესა თუ ის პოლიტიკოსი ქართველებისადმი სიმპათიაში დაადანაშაულონ (განსაკუთრებით აღნიშნავენ კირიენკოს ქართულ სკოლაში სწავლის ფაქტს), რომ წასულია მისი საქმე. თუმცა, ამ შემთხვევაში სერგეი ვლადიდენოვიჩს ორთოდოქსი რუსი კომუნისტები ბევრს ვერაფერს დააკლებენ - ელცინისთვის იგი იმდენად საჭირო ფიგურაა, რომ შესაძლოა საერთოდაც «გარეკოს» სახელმწიფო სათათბირო, ოღონდ კი სერგეი კირიენკო პრემიერად დაამტკიცოს.
    მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ეს არ გვაინტერესებს.
    როგორ გგონიათ, ვინ გახდა კიდევ ერთი ანტიქართული ისტერიის ორგანიზატორი, ვინ «შეამჩნია» ქართველებისადმი კირიენკოს «მიუტევებელი შემწყნარებლობა»? ვინ და ჩვენმა ძველმა მეგობარმა ანატოლი ჩეხოევმა!
    90-იანი წლების დამდეგს ეს გაიძვერა ეგრეთ წოდებული «სამხრეთ ოსეთის» კომპარტიის «ცკ»-ს პირველი მდივანი იყო. შემდეგ რუსეთში გადაბარგდა - რუსული კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, ჩვენს ქვეყანას «შარი არ მოსდოს». თანაც, საკმაოდ ოსტატურად იყენებს ობიექტურ წინააღმდეგობებს რუსეთსა და საქართველოს შორის.
    ოს და აფხაზ სეპარატისტებს (ამ გარემოებას დღემდე ნაკლებად აქცევს ყურადღებას ქართული პოლიტოლოგია) ძალიან ეშინიათ, რომ ზემოხსენებულ წინააღმდეგობათა მიუხედავად, რუსეთი და საქართველო მაინც შეძლებენ სტრატეგიული კომპრომისის მიღწევას მათ ხარჯზე.
    სწორედ ამიტომ, ჩეხოევმა ისარგებლა რუსული გოსდუმის სიძულვილით «ებრაელი კირიენკოსადმი», რათა კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საქართველოსთან სამხედრო საკითხებში თანამშრომლობის დაუშვებლობა.
    იმავე ოსებსა და აფსუებს საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდაც ძალიან აშინებთ. გარწმუნებთ, ისინი ყოველდღიურად პანიკური შიშით ისმენენ, აგროვებენ ცნობებს ჩვენი ქვეყნის სამხედრო გაძლიერების თაობაზე - სკურპულოზურად გამოთვალეს ვინ - რამდენი სამხედრო კატარღა ან ტანკი გადასცა საქართველოს.
    თავიანთი «ფობიის» აფიშირებას არ ახდენენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მათი შიში ისეთი პანიკური დემარშებით მჟღავნდება, როგორიც ჩეხოევმა წამოიწყო სათათბიროში.
    სხვათა შორის, საქართველომ ამ სინდრომით შეიძლება ოსტატურად ისარგებლოს - მან უნდა აიძულოს რუსეთის ხელისუფლება, ყველა მოლაპარაკებისას თუ შეთანხმებისას «ხისტი» პოზიცია გაამჟღავნოს, რის შედეგადაც მოსკოვი ვეღარავის აუხვევს თვალს (საქართველოში): მე ყოველნაირი კომპრომისისთვის მზად ვარ, ქართველები კი უკომპრომისო პოზიციაზე დგანანო. უკომპრომისობა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყოველთვის წამგებიანია, ვინაიდან ობიექტურად მოწინააღმდეგის პოზიციებს აძლიერებს; ჩეხოევბისა და შამბების ფობია საქართველოსათვის შეიძლება მომგებიან არგუმენტადაც იქცეს, ვინაიდან აიძულებს ჩვენს ჩრდილოელ «პარტნიორს» უფრო მკაფიო და გამოკვეთილი პოლიტიკა გაატაროს.
    კონცენტრირებული პოლიტიკაც ყოველთვის სჯობს ამორფულსა და არაერთაზროვანს. რუსეთი მანამ იქნება მომგებიან ვითარებაში, სანამ ასეთი პოლიტიკის გატარების საშუალება ექნება, ვინაიდან «პოლიტიკის არქონა არის სწორედ პოლიტიკა».
   

სამიტის წინ მებრძოლი მხარეები ახალ პოზიციებს იკავებენ
   

    29 აპრილს, მოსკოვში უნდა გაიმართოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგი სამიტი უმაღლეს დონეზე. შეიძლება ითქვას, ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა იქნება, ვინაიდან ამ ორგანიზაციის კრიზისი ისეთ სტადიაში შევიდა, მხოლოდ სასწაულს თუ შეუძლია იგი იხსნას საბოლოო დაშლისაგან.
    ამდენად, ბორის ელცინი ყოველმხრივ დაინტერესებულია სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომამ რაც შეიძლება მშვიდად ჩაიაროს - სკანდალისა და მწვავე დემარშების გარეშე. ეს პროგრამა - მინიმუმია. თუ რაიმე გლობალური შეთანხმების მიღწევა მოხერხდა ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების თაობაზე, მით უკეთესი, მაგრამ საეჭვოა დღეს კრემლი ამგვარ მიზანს ისახავდეს, ვინაიდან იგი აბსოლუტურად არარეალურია.
    შექმნილ ვითარებაში საქართველოსთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია გალის რაიონში პარტიზანულ ფორმირებათა მაქსიმალური გააქტიურება. მიუხედავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროვოკაციული განცხადებებისა, საეჭვოა, რუსულმა «სამშვიდობო ძალებმა» პარტიზანთა წინააღმდეგ აქტიურობა გაბედონ, ვინაიდან ეს უეჭველად გამოიწვევს შესაბამის რეაქციას სამიტზე. ამდენად, დარჩენილი დროის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგობის ფრონტს, რომელიც აფხაზეთის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში მოქმედებს, აქვს საშუალება, პოზიციები განიმტკიცოს და მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მტერს.
    ეს შესანიშნავად უწყიან სეპარატისტთა ლიდერებმაც. ამიტომ აძლიერებენ სწორედ თავიანთ «დამსჯელ დაჯგუფებას» გალში, თუმცა სეპარატისტთა «მილიცია» მხოლოდ დღე აკონტროლებს ვითარებას საკუთრივ დაბა გალში, ღამით კი ადმინისტრაციულ შენობაში იკეტებიან; ერთადერთი, რაც ამ «მილიციას» ძალუძს, არის დამსჯელი ექსპედიციების მოწყობა, ანუ ძალების კონცენტრაცია დაუცველ ქართულ სოფლებთან და შემდგომ მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ამოჟლეტა – სხვების დასაშინებლად.
    რასაკვირველია, სეპარატისტები აქტიურად იყენებენ რუსეთის ეგრეთ წოდებულ «სამშვიდობო ძალებს» - სპეციალურად სთხოვენ მათ დაუთმონ სატვირთო ავტომანქანები ან სულაც ერთობლივად ჩაატარონ ოპერაცია.
    აფსუები, როგორც ყოველთვის, ეშმაკობენ - ისინი იყენებენ ერთ-ერთ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც რუსეთის სამშვიდობო ძალებს, ადგილობრივ ადმინისტრაციასთან ერთად, მიეცა უფლება განახორციელოს ღონისძიებები «ტერორისტული დაჯგუფებების» წინააღმდეგ.
    თბილისში ალბათ ეგონათ, რომ ამ გზით ქართულ სოფლებს დაიცავდნენ აფხაზ ბოევიკთა თავდასხმებისაგან, მაგრამ პირიქით მოხდა - სეპარატისტები და რუსი «მშვიდობისმყოფელნი» ერთობლივად უტევენ მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას.
    ამიტომ, რათა მათი «შეხმატკბილება» დავარღვიოთ, უპრიანი იქნება, ქართულმა პარტიზანულმა რაზმებმა რამდენიმე «ჩასაფრება» მოაწყონ და «დამსჯელი ექსპედიციის» წევრებს ჭკუა ასწავლონ.
    ასეც მოხდა გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან გასულ კვირას. შესაბამისმა ისტერიამაც არ დააყოვნა რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან.
    მიუხედავად ამისა, პარტიზანებს სახელმწიფო ყოველმხრივ უნდა დაეხმაროს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ჯერ კიდევ უშლის ხელს აფხაზეთის საბოლოო «ათვისებას» სეპარატისტთა მიერ.
    არძინბას არაფრის ისე არ ეშინია, როგორც პარტიზანული მოძრაობის გაძლიერებისა; მხოლოდ ამ მოძრაობას ძალუძს აიძულოს სეპარატისტები დათმობაზე წავიდნენ ან თანდათან უკან დაიხიონ ახალი პოზიციებისკენ.
    არძინბას შეუვალობა მოჩვენებითია - სინამდვილეში მისი გავლენა აფხაზეთში დღითი დღე სუსტდება.

დილის გაზეთი, 22 აპრილი, 1998 წ.