მორიგი წყლის ნაყვა მოსკოვში

მორიგი წყლის ნაყვა მოსკოვში

           დღეს საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვს მიემგზავრება - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
           აღსანიშნავია, რომ ვიზიტი შედგა იმ დროს, როდესაც «მხურვალების პიკს» მიაღწია დაძაბულობამ ორ ქვეყანას შორის, რისი უმთავრესი მიზეზიც გახდა ოფიციალური თბილისის უარი, მხარი დაეჭირა ჩეჩნეთის წინააღმდეგ რუსეთის ომისათვის;
           ეს უარი სავსებით გასაგებია, ვინაიდან მას შემდეგ, რაც «პირველი ჩეჩნური კამპანიის» დროს, ოთხი წლის წინ, შევარდნაძემ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ელცინის რუსეთს – სანაცვლოდ საქართველომ არათუ ვერაფერი მიიღო აფხაზეთში, არამედ პირიქით, ოფიციალურმა მოსკოვმა 1996-1999 წლებში ყველაფერი იღონა აფხაზეთის «საერთაშორისო სამართალსუბიექტურობის» განსამტკიცებლად დიპლომატიურ პროცესში და მისი ეკონომიკის საქართველოსაგან დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
           ვირტუალური «ბლოკადა» გასული წლის აგვისტოში ვლადიმერ პუტინმა (!) «დააგვირგვინა» საზღვარზე ყოველგვარი ფორმალური შეზღუდვების გაუქმებით, თუმცა მანამდეც, რუსეთის საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, «რუსეთ-აფხაზეთის(!)» საზღვარს ყოველდღიურად (!) ოცი ათასი ადამიანი კვეთდა ორივე მიმართულებით.
           ასე რომ, აქ ახალი არაფერია, თუმცა რუსეთი გასულ კვირას აგრეთვე «ვირტუალურ» შემხვედრ ნაბიჯებს დგამდა საქართველოსაკენ – ვითომდაც დაძაბულობის შესარბილებლად.
           ასეთ «ვირტუალურ ნაბიჯებად» შეიძლება ჩაითვალოს ჯერ ანატოლი ჩუბაისის, შემდეგ კი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, რუშაილოს ვიზიტები თბილისში. თუმცა შევარდნაძესთან მათი კონფიდენციალური შეხვედრები, როგორც ჩანს, «დაიყვანება» ჩვეულებრივ რუსულ ულტიმატუმზე: თქვენ ვალდებულნი ხართ და უნდა მოგვეხმაროთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტაში (ჩეჩნეთში) მაგრამ იმავდროულად უნდა შეურიგდეთ იმას, რომ აფხაზეთში არაფერი შეიცვლება.
           ეს ულტიმატუმი გამაგრებულია მუქარით: თუ საქართველო მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რუსეთი მიმართავს «დამსჯელ» ღონისძიებებს ანუ 2000 წლის 1 მარტიდან შემოიღებს «სავიზო რეჟიმს»;
           ფაქტობრივად, ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს ან ხვალ დილით გაიმართება – სწორედ ამ «დამსჯელ ღონისძიებათა» განხილვაზე დაიყვანება, ვინაიდან გამორიცხულია რუსეთმა რაიმე ნაბიჯი გადადგას აფხაზეთის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ჩეჩნეთში ომის დროს, ვინაიდან ამით გაირთულებს ურთიერთობას აფსუათა მონათესავე ადიღეელი ტომების მიმართ (ჩერქეზები, ადიღები, ყაბარდოელები).
           თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი: რუსულ მასას (არა ინტელიგენციის ერთ ნაწილს, არამედ მასას) ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან სძულს «სპეკულანტი გრუზინები», რომელთაც იგი მხოლოდ ბაზრიდან იცნობდა და იცნობს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დათმობა საქართველოსადმი უეჭველად შეამცირებს პუტინის რეიტინგს, არადა იგი ხომ სწორედ რუსული მასის «შოვინისტური ქვენა გრძნობების» ტალღაზე აპირებს 26 მარტს კრემლში 8 წლით შეგრიალებას.
           ამრიგად, 1 მარტიდან საქართველოს წინააღმდეგ სანქციების განხორციელება ფაქტობრივად გარდაუვალი ხდება, ვინაიდან წარმოუდგენელია ედუარდ შევარდნაძემ წინასაარჩევნოდ რუსეთს რაიმე დაუთმოს «ჩეჩნეთის საკითხში» (ვთქვათ, დართოს ნება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებისა ჩეჩნეთის წინააღმდეგ ოპერაციათა განსახორციელებლად) მაშინ, როდესაც სანაცვლოდ აშკარად ვერაფერს მივიღებთ აფხაზეთში.
           მეორე მხრივ, ერთადერთი «შესაძლო სანქცია» რუსეთის მხრიდან შეიძლება გახდეს სწორედ სავიზო რეჟიმის შემოღება (რაც იმავდროულად, ნიშნავს რუსეთის ბაზარზე ქართული ექსპორტის შეზღუდვას) ვინაიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტას რუსეთი ვერ შეძლებს, რადგან საპასუხოდ საქართველო აღარ გაატარებს ბუნებრივ აირს ტრანზიტით სომხეთში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა.
           ამრიგად, ყველაზე რეალური და მოსალოდნელი სანქციაა 1 მარტიდან სავიზო რეჟიმის შემოღება. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად რუსეთში მცხოვრები 400 ათასამდე საქართველოს მოქალაქე (არა «ქართველი», არამედ «საქართველოს მოქალაქე» - მათ შორის სომხები, ბერძნები, აზერბაიჯანელები), რომლებმაც ვერ მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა), იძულებულნი გახდებიან დაბრუნდნენ საქართველოში - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ რუსეთის საემიგრაციო სამსახური უბრალოდ გამოაძევებს.
           მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ორი მნიშვნელოვანი მომენტი: ჯერ ერთი, იგივე «სანქცია» უნდა შეეხოს რუსეთში მცხოვრებ აფხაზებსაც. გარდა ამისა, საქართველოში დაბრუნებულები იძულებულნი გახდებიან მოსკოვში ყველაფერი გაყიდონ (ვინაიდან საქართველოდან წასვლისას აქ გაყიდეს ყველაფერი) და საქართველოში მნიშვნელოვანი კაპიტალი ჩამოიტანონ.
           თუმცა, საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსაც (უპირველესად, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს) შეექმნებათ პრობლემები.
           გარდა ამისა, საქართველოს ექნება საშუალება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი «კურორტნიკების» შემოსვლა სავიზო რეჟიმის დარღვევად გამოაცხადოს, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის თანახმად, სავიზო რეჟიმის დაწესება ორ ქვეყანას შორის უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რითაც ოფიციალურად წესდება საკონტროლო-გამშვები პუნქტები საზღვარზე.
           ამიტომ, საქართველოს ექნება საშუალება მოითხოვოს, რომ (დავუშვათ) რუსეთის მოქალაქეები (ვიზის მფლობელები) საქართველოში შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ თბილისის აეროპორტის, ან საქართველოს სამხედრო გზის გავლით. ყველა სხვა გზით საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქე ჩაითვლება საზღვრის დამრღვევად და პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება.
           რაც შეეხება ქართული სასოფლო-სამეურნეო საქონლის ექსპორტს – ზოგი ჭირი მარგებელიაო: რუსეთი ვერ შეძლებს როკის გვირაბის ჩაკეტვას, ამიტომ ექსპორტი გაგრძელდება «სამხრეთ ოსეთისა» და «ჩრდილოეთ ოსეთის» გავლით.

7 დღე, 24 იანვარი, 2000 წელი