ევგენი პრიმაკოვი საქართველოს მტერი გახდა

ევგენი პრიმაკოვი საქართველოს მტერი გახდა

 

    ქართული გულუბრყვილობა ზოგჯერ განსაცვიფრებელ დონეს აღწევს. იმდენად მაღალ დონეს, რომ ეს უკვე გულუბრყვილობა აღარ არის. მაგალითად, ევგენი პრიმაკოვის დანიშვნისთანავე, «ინტელიგენტურ წრეებში» ატყდა გნიასი: «ჩვენი კაცია, საქართველო უყვარს, ქართველი ცოლი ჰყავდა, პლეხანოვზე გაიზარდა, თბილისის საპატიო მოქალაქეა და ა.შ.»
    არადა, ჯერ ერთი, ქართველი ცოლის შემდეგ პრიმაკოვმა ცხრა ცოლი გამოიცვალა, ახლაც 20 წლის მეუღლე ჰყავს. გარდა ამისა, «თბილისში» რომ გაიზარდა, ეს ჯერ კიდევ არ გულისხმობს საქართველოსადმი სიყვარულს, ვინაიდან რუსებს საქართველოში (მით უმეტეს თბილისში), არც არავინ ჩაგრავდა, მაგრამ არც განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი.
    პრიმაკოვი საქართველოში კი არ ცხოვრობდა, არამედ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში, რაც ერთი და იგივე არ არის.
    გავიხსენოთ, რომ იმდროინდელ (40-50-იან წლების) საქართველოში ფაქტობრივად ორი პარალელური სამყარო არსებობდა, რომლებიც არ ურთიერთქმედებდნენ: რუსულენოვანი და ქართული. რუსულენოვანში შედიოდნენ რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, უკრაინელები, ოსები, აფხაზები და ა.შ. ქართულენოვანში - თითქმის მხოლოდ ქართველები. რუსულენოვან სამყაროში მცხოვრები რუსი იმ დროს შეიძლება ვერც ამჩნევდა, რომ სინამდვილეში საქართველოში ცხოვრობდა. ქართული ენა მას საერთოდ არაფერში სჭირდებოდა, საქართველოს ტელევიზიას ხომ ფაქტობრივად არასდროს უყურებდა: პრიმაკოვმა თუ ქართული ისწავლა, ალბათ მხოლოდ ერთი მიზეზით: «ქუჩამ», ანუ პლეხანოვმა აიძულა სცოდნოდა ეს ენა. იმ ქუჩამ, სადაც (დარწმუნებული ვარ) არაერთხელ მიუბეგვავთ ქართველ ბიჭებს ინსტიქტური, გაუცნობიერებელი სიძულვილით; ამიტომ ჟენია პრიმაკოვს, მოსკოვში გადაბარგების შემდეგ, უეჭველად გაჰყვებოდა ბოღმა საქართველოს მიმართ.
    ქართული ინტელიგენცია მას უფრო მოგვიანებით, - 70-იან წლებში დაუახლოვდა; ქართველი ცოლიც მაშინ შეირთო, როცა ჩვეულებრივი «ჟენია» კი არ იყო, არამედ ევგენი პრიმაკოვი - წარჩინებული მეცნიერი, ნომენკლატურული მუშაკი, ცენტრალურ კომიტეტთან დაახლოებული სპეციალისტი – ექსპერტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და სხვა.
    მაშინ კი დაუწყებდნენ ლაქუცსა და მლიქვნელობას ეს ჩვენი «ინტელიგენტები», მაგრამ ჟენიას მაინც ის ძველი ბოღმა და სიძულვილი ექნებოდა დალექილი გულში. მართალია, თვითონაც ელაქუცებოდა შემდგომში ედუარდ შევარდნაძეს, რათა როგორმე გორბაჩოვის გუნდში შემძვრალიყო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი კარიერული გამოვლინება გახლდათ და საქართველოსადმი კეთილგანწყობას სრულიადაც არ გულისხმობდა.
    მით უმეტეს დღეს, როცა არც საქართველო, არც შევარდნაძე პრიმაკოვს აღარაფერში სჭირდება, როცა უკვე პრემიერ-მინისტრია და იმ საზოგადოებაში ცხოვრობს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობას არასდროს შეურიგდებიან, ქართულ ღირსებას არასდროს აღიარებენ, - რატომ შეიწუხებს თავს საქართველოსათვის, რატომ შეიქმნის ზედმეტ პრობლემებს?
    დარწმუნებული ვარ, პრიმაკოვმა სწორედ ამიტომ «იხუმრა» ბოსნიაში ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ ასე «გესლიანად», რათა რუსებისათვის დაედასტურებინა: ჩემი ქართველი ცოლყოფილი ნუ გადარდებთ, საქართველო მეც არანაკლებ მძულსო;
    ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთოს ეს კაცი არაფერს გააკეთებს. უფრო პირიქით, - არძინბასაც შემთხვევით არ «ეჭუკჭუკა» სოჭში. საქართველოსაგან აფხაზეთის საბოლოო მოგლეჯის გეგმის განხორციელება თუ დაიწყო, პრიმაკოვი ამას შესანიშნავად შეძლებს. ანუ ყველაზე უკეთ, ვისაც კი შეიძლებოდა ამგვარი დავალება მიეღო.
    საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მისი პირველივე ნაბიჯი იქნება აფხაზეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება და ფსოუზე საზღვრის გახსნა.
    ერთი წლის წინ, სწორედ პრიმაკოვი უწევდა ამ საკითხს ლობირებას, მაგრამ მაშინ თავისი ვერ გაიტანა და საზღვარი არ გაიხსნა. ახლა მეტი შანსი აქვს საამისოდ, ვინაიდან ელცინი ფაქტობრივად ინვალიდია და არყის სმის მეტს აღარაფერს აკეთებს. პრიმაკოვი რუსეთს ერთპიროვნულად მართავს, ამიტომ მისი ბოღმა სწორედ ახლა გამომჟღავნდება.

მერიდიანი, 14 სექტემბერი, 1998 წ.