თენგიზ კიტოვანი - დამოკლეს მახვილი

თენგიზ კიტოვანი - დამოკლეს მახვილი

გუშინ, პარლამენტის სხდომა დეპუტატთა განცხადებებით დაიწყო. რამდენიმე გამოსვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ამ დღეს დიდი ამბები იყო მოსალოდნელი. უპირველეს ყოვლისა, ნოდარ ნათაძემ წინადადებით მიმართა პარლამენტს მიეღო დადგენილება საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარის „ტექნიკურად შესაძლებელ უმოკლეს ვადებში“ გაყვანის შესახებ და ამას რუსეთის მხარესთან გრაფიკის შესახებ მომავალი მოლაპარაკების (იგი სწორედ ამ მოლაპარაკებაზე მიიჩქაროდა) «პოლიტიკური ფონის შექმნა» უწოდა.
    მისმა მეორე განცხადებამ კი, რომელიც სამხედრო სისტემაში სიტუაციის გარკვევას ისახავდა მიზნად, თავის მხრივ შემდგომ გამართულ დისკუსიას შეუქმნა გარკვეული ფონი.
    მწვავე გამოდგა გიორგი ხავთასის განცხადება, რომელშიც იგი სამეგრელოს რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების შეყვანას შეეხო და ფაქტობრივად ეჭვი შეიტანა სახელმწიფოს მეთაურის გულწრფელობაში, აღნიშნა რა, რომ ედუარდ შევარდნაძის განცხადება, თითქოს მან ამ აქციის შესახებ არაფერი იცოდა, ძალზე საეჭვოა და გარკვევას მოითხოვს.
    სულისშემძვრელი შთაბეჭდილება დატოვა ყველა იქ მყოფზე აფხაზეთში მცხოვრები ქართველი პოეტის, გენო კალანდიას გამოსვლამ - თითქმის ტიროდა კაცი! მან ბრძანა, რომ აფხაზური მხარის მიერ სოხუმის დაბომბვით ქალაქის ცენტრი ფაქტობრივად განადგურებულია. დაჭრილია 30, დაღუპულია 9 მოქალაქე.
    ამ ენით აუწერელ უბედურებას ესწრებოდა გაეროს წარმომადგენელი. ყოველივე ამან მასზე იმდენად მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რომ ეს მრავლისმნახველი კაციც ავად გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს.
    ამავე საკითხზე ისაუბრა პარლამენტარმა ალექსანდრე ჯიქიამ: «მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ პარლამენტი ცდილობს, გაუთავებლად გადადოს ამ თემაზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს ბედი აფხაზეთში წყდება! ვერ გამიგია, რას აკეთებს თავდაცვის სამინისტრო? ის რა მინისტრია, ვინც ჩვენ თხოვნაზე იარაღის გადმოცემის შესახებ, გვიპასუხებს - თავად შეიძინეთო! და ეს მაშინ, როდესაც აფხაზეთში უკვე აღარ არიან გვარდიის ნაწილები, იქ ქართულ მიწა-წყალს ადგილობრივი მოსახლეობა იცავს. ჩვენ კი აქ თავს ვიმტვრევთ კანონზე «მიწის» შესახებ. ვის რაში უნდა ეს კანონი, თუ მიწა წაგვართვეს?»
    ამ დროს სხდომაზე მოვიდა თენგიზ კიტოვანი, რომელიც გულთბილად მიესალმა ჯაბა იოსელიანს. ცოტა ხნით ადრე კი ჯაბამ განაცხადა, რომ თავდაცვისა და უშიშროების საბჭო, რომელზედაც დიდი იმედები იყო დამყარებული, ფაქტობრივად არ მოქმედებს, ზოგიერთი მისი წევრი აკეთებს საბჭოსთან შეუთანხმებელ განცხადებებს და იღებს ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებებს.
    მაგრამ ყოველივე ეს (როგორც შემდგომ აღმოჩნდა) მხოლოდ და მხოლოდ «პატრუქის წვა» იყო. ნამდვილი «აფეთქება» კი ვაჟა ადამიას გამოსვლას მოჰყვა. მან განაცხადა, რომ მზადდება დიდი პროვოკაცია სამეგრელოს წინააღმდეგ. კერძოდ, განზრახულია ახალი «დამსჯელი ექსპედიციის» გაგზავნა ჩხოროწყუსა და ზუგდიდის რაიონებში. და მხოლოდ მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრთა მიერ პარლამენტში ამ საკითხის მწვავე დასმამ შეაჩერა გეგმის განხორციელება.
    ასეთმა განცხადებამ ჯაბა იოსელიანის აღშფოთება გამოიწვია. მან თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამა თუ იმ ძალების გადაადგილება არ ნიშნავს ამ ძალთა სადმე შეყვანას - ეს საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციური უფლებაა. გარდა ამისა, ჯაბამ ბრალი დასდო ზოგიერთ პარლამენტარს (მათ შორის ვაჟა ადამიას) სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებაში, და ისიც კი თქვა, რომ პარლამენტის ნახევარი დასაჭერია, ანუ ციხეში უნდა იჯდეს.
    ვაჟა ადამიას მეორე ოპონენტი ჭაბუა ამირეჯიბი იყო. ოღონდ ამ შემთხვევაში დისკუსია კინაღამ გასცდა საპარლამენტო ფარგლებს. «მერაბ კოსტავას საზოგადოების» თავმჯდომარემ პარლამენტარს «უაზრო» უწოდა, რის შემდეგაც ზოგიერთმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. დარბაზი დატოვა თვით ადამიამაც, რომელსაც ფოიეში «გარკვეული ნიუანსების გასარკვევად» წამოეწია ბატონი ჭაბუა. საქმე მუშტი-კრივამდე არა, მაგრამ გაწევ-გამოწევამდე და გაშველებამდე ნამდვილად მივიდა.
    თუმცა, თუ ბოლომდე გულწრფელნი ვიქნებით, ჩვენი ეროვნული ხასიათის გადამკიდე, საკვირველი ის უფროა, რომ ქართული პარლამენტი ჯერ არ გამხდარა ნამდვილი «საპარლამენტო კრივის» მომსწრე.
    თუკი იტალიისა და იაპონიის პარლამენტებში პარლამენტარები სკამებს ალეწავენ ერთმანეთს თავზე, ჩვენ რა, მათზე ნაკლები ვართ?
    დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კი მოხდა ასეთი რამ: ერთმა პარლამენტარმა (კონსერვატორმა) მეორე პარლამენტარს (ლეიბორისტს) «არაჩვეულებრივი ნაძირალა» უწოდა. სპიკერმა, რომელიც ბრიტანეთში საყოველთაო პატივისცემით არის გარემოსილი, დაუყოვნებლივ მოსთხოვა მას უკან წაეღო თავისი სიტყვები და კონსერვატორმაც საერთო ხარხარში განაცხადა: «თანახმა ვარ, უკან მიმაქვს სიტყვა «არაჩვეულებრივი».
    შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე სიტყვა ითხოვა თავდაცვის მინისტრმა. მან მოუთხრო კოლეგებს ბელგიაში ვიზიტის შესახებ. მისი აზრით, საჭიროა უფრო თავშეკავებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ: «ამ ურჩხულს, რომელსაც კუდი იაპონიაში აქვს და თავი ევროპაში, ჩვენ ვერ წავაქცევთ». აფხაზები ყოველდღე მუშაობენ რუსეთში. ჩვენც ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. რუსებმა უკვე გადასცეს ჩვენს მტერს 18 «გრადის» ტიპის დანადგარი. ეს საშინელი ძალაა. საჭიროა ელცინისა და შევარდნაძის შეხვედრა უმაღლეს დონეზე, რათა იქ გაირკვეს ყველაფერი».
    გამოსვლის ბოლოს კი, თენგიზ კიტოვანმა, რომელსაც, როგორც ჩანს, მოყირჭდა გაუთავებელი ბრალდებანი «სამხედრო გადატრიალების» შესახებ. ამ საკითხის პარლამენტის სხდომაზე განხილვა მოითხოვა.
    შესვენების შემდეგ პარლამენტი გაფაციცებით ელოდა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ განცხადებას, რომელიც ირინა სარიშვილს უნდა წაეკითხა. ეს განცხადება გადაიდო, რადგან თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (ასე მოიხსენია იგი ხაზგასმით ქალბატონმა ირინამ) არ ბრძანდებოდა სხდომაზე. მანამდე კი სპიკერმა სიტყვა მისცა ვახტანგ ძაბირაძეს, რომელმაც გააკეთა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წესებისა და მექანიზმის შესახებ. მაგრამ პარლამენტარები იმდენად დაძაბულნი ელოდნენ შემდგომ მოვლენებს, რომ ძაბირაძეს, მიუხედავად მისი ინფორმაციის უდიდესი მნიშვნელობისა, თითქმის არავინ უსმენდა.
    მოვლენათა განვითარებას შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლით დაიწყო. თეიმურაზ ხაჩიშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად მოახსენა პარლამენტს, რომ არავითარი «ექსპედიცია» სამეგრელოში არ მზადდებოდა. საქმე ეხებოდა «მხოლოდ და მხოლოდ» საგზაო პოლიციის შეიარაღებული ფორმირებების გეგმით გათვალისწინებულ გადაადგილებას, რაც გამოწვეული იყო ტრასებზე რთული კრიმინოგენული ვითარებით.
    მიუხედავად ამისა, თენგიზ კიტოვანმა მაინც გამოხატა აღშფოთება იმის გამო, რომ ეს ძალები სამეგრელოში შეყვანილია მაშინ, როდესაც მოხდა ქობალიას შემორიგება და მისი შეიარაღებული ფორმირებები შევიდნენ აფხაზეთში.
    ამის საპასუხოდ ჯაბა იოსელიანმა მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა ქობალიას ფორმირებებთან ყოველგვარ მოლაპარაკებას, რადგან ისინი «სანდონი არ არიან, - აფხაზეთში პირველივე ტყვიის გავარდნისთანავე კურდღლებივით გაიქცნენ».
    ჯაბა იოსელიანს, რომ «კურდღლები» არ უყვარს, ყველასათვის ნათელია, მაგრამ მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არსებობენ შეურიგებელი ძალები, რომელთა შერიგებაზე ლაპარაკიც შეუძლებელია.
    ამ საკითხზე მსჯელობამ ისე დაძაბა ვითარება, კინაღამ კვლავ ზემოთხსენებული «საპარლამენტო მუშტი-კრივი» განმეორდა, «ქარტიელ» მალხაზ დვალიშვილსა და ლევან მამალაძეს შორის. ლოთი ქობალია კი იმ დღეს ორ სრულიად განსხვავებულ ლიტერატურულ პერსონაჟს შეადარეს - დათა თუთაშხიასა და გვადი ბიგვას.
    ჩემი აზრით, საქართველოში არავითარი «მეგრული პრობლემა» არ არსებობს, მაგრამ ამ საკითხის გაუთავებელი მუსირებით ჩვენ შეიძლება მართლა გამოვჩხრიკოთ ჩვენივე «დასაკლავი დანა».
    ბრძენ ქართველს უთქვამს: «შეძახილმა ხე გაახმოო». ამ საკითხზე ედუარდ შევარდნაძის გამოსვლამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ არსებობს სერიოზული აზრთა სხვაობა სახელმწიფოს მეთაურსა და მინისტრს შორის ყოფილი ხელისუფლების მომხრე შეიარაღებულ ფორმირებებთან მიმართებაში.
    ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირინა სარიშვილი. როგორც მოსალოდნელი იყო მან თავდაცვის მინისტრის საკითხი დასვა, მოულოდნელი იყო სითამამე, რომლითაც ეს საკითხი დაისვა.
    მან, კერძოდ, განაცხადა: ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, ამ დროს ფუფუნებაა ქვეყანას არ ჰყავდეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მინისტრი, ხოლო მთავრობაში კი, თავდაცვის ბლოკს - ვიცე პრემიერი. ამიტომ, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს უმოკლეს ვადაში. ვინაიდან თავდაცვის მინისტრის პოსტი ვაკანტურია, მოვითხოვთ, პარლამენტმა უმოკლეს ვადაში გადაწყვიტოს ეს საკითხი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო თავზე დაგვენგრევა. თენგიზ კიტოვანი ნახევრად ხუმრობით ემუქრება პარლამენტსაც და ცალკეულ დეპუტატებსაც. აქ საქმე გვაქვს, როგორც ჩანს, დივერსიულ ჯგუფთან. აშკარა დივერსიას აქვს ადგილი. კიტოვანი არ არის პროფესიონალი. მას არ ესმის, რომ სამხედრო უწყება უნდა მართო არა თანასწორუფლებიანი შეთანხმებით, არამედ დაქვემდებარებით. მე პირადად ვერ მოვახერხებდი თანამშრომლობას იმ პიროვნებასთან, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ემორჩილება ზვიად გამსახურდიას. თენგიზ კიტოვანი კი ამას ახერხებს, ამიტომ მე მაქვს წინადადება, რომ თუ ის აუცილებლად უნდა იყოს მინისტრი, მაშინ შევქმნათ ეროვნული თანხმობის კომიტეტი და ამ უწყებას სწორედ თენგიზ კიტოვანი ჩაუდგეს სათავეში. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, სახელმწიფოს მეთაურმა ყველაფერი გულწრფელად თქვას და შემოიტანოს წინადადება, თუ, მისი აზრით, როდის უნდა განიხილოს პარლამენტმა ეს საკითხი. თუ ჩვენ იმის გვეშინია, რომ ამას რაიმე გართულება მოჰყვება, უნდა გვახსოვდეს - ჩვენ არა ვართ მონასტერში. ორი ბოროტებიდან უნდა ავირჩიოთ ნაკლები ბოროტება.
    ირინა სარიშვილის სითამამე უმალვე გადაედო სხვა დეპუტატებსაც. ფაქტობრივად პარლამენტში გამოიკვეთა ამ საკითხისადმი დეპუტატთა უმრავლესობის დამოკიდებულება. ეს უმრავლესობა აშკარად უკმაყოფილოა თენგიზ კიტოვანის მოღვაწეობით და მოითხოვს პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას.
    დისონანსად გაისმა გურამ მუჩაიძის გამოსვლა. მაგრამ მხოლოდ დისონანსი როდი იყო, - ეს იყო განსაცვიფრებელი სიტყვა, რომელიც უეჭველად უნდა იქნას შეტანილი პოლიტიკური ამოცანების კრებულში, რათა მომავალმა თაობებმა იმტვრიონ თავი, თუ მაინც რისი თქმა სურდა ბატონ გურამს.
    მანამდე კი, მკითხველმა თავად განსაჯოს: «თენგიზ კიტოვანი არის დამოკლეს მახვილი, რომელიც გმირავს მათ, ვინც არასწორ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ. როდესაც ზვიად გამსახურდიამ არასწორი, რადიკალური პოზიცია დაიკავა რუსეთის მიმართ, ამ მახვილმა განგმირა იგი. თუ დღევანდელი ხელისუფალი (რადიკალთა ზეწოლის შედეგად) ასეთივე მიუღებელ პოზიციას დაიკავებს, მაშინ ეს მახვილი მასაც განგმირავს».
    შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა იგულისხმა ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერმა. მაგრამ თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მაშინ მართლაც დაღუპული ვართ, ქართველებო! დავღუპულვართ და თავად ვერ გაგვიგია!

«ივერია ექსპრესი», 5 მაისი, 1993 წელი.