საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ივნისი. 2023 წელი
უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთ -აღმოსავლეთში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები. უკრაინული არმია ერთდროულად უტევს სამი მიმართულებით: დონეცკზე, ხერსონზე და ზაპოროჟიეზე.
შეტევას აფერხებს მთავარი ფაქტორი: უამრავი ტანკსაწინააღდმეგო ნაღმი, რაც ამ მიმართულებებზე ჩადეს რუსებმა გასული 6-7 თვის განმავლობაში. სამხედრო ტექნიკა (მათ შორის დასავლეთის გადმოცემული) ნაღმებზე ფეთქდება.
თუმცა ადრე თუ გვიან შემტევი ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფები აუცილებლად შევლენ პირდაპირ კონტაქტში რუსულ დაჯგუფებასთან და მაშინ უეჭველად გამომჟღავნდება დასავლური სამხედრო ტექნიკის უპირატესობა.
აქვე უნდა ითქვას, რომ პუტინმა სტრატეგიული ობიექტი შესწირა ტაქტიკურ აუცილებლობას: კახოვკის კაშხლის აფეთქებამ ყირიმის ნახევარკუნძული დატოვა მტკნარი წყლის გარეშე.
ააფეთქეს იმიტომ, რომ ამ მიმართულებით შეტევის ყველაზე მეტად ეშინოდათ.
კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად, დნეპრის მარცხენა ნაპირზე (რომელიც რუსულ არმიას აქვს ჯერ კიდევ დაკავებული) რამდენიმე ასეული ადამიანი დაიკარგა ანუ წყალმა წაიღო. ამიტომ ის, თითქოს მხოლოდ 4 ადამიანი დაიღუპა, მტკნარი სისულელეა.
შედარებისთვის: ენგურჰესის წყალსაცავში 1 მილიარდი კუბური მეტრი წყალია; ხოლო კახოვკის წყალსაცავში იყო 18 მილიარდი (!!!) კუბური მეტრი.
სხვაობა ისაა, რომ კახოვკას წყალსაცავი სტეპშია, დაბლობზე, ხოლო ენგურჰესი - ერთ ერთი უმაღლესი წყალსაცავია დედამიწაზე.
ამიტომ ენგურჰესი ამ მხრივ ბევრად სახიფათოა მიუხედავად იმისა, რომ 18-ჯერ ნაკლებია წყლის რაოდენობა.
დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსული არმიის მიზანია `მოქანცოს` უკრაინული შემტევი ძალა და შემდეგ თვითონ გადავიდეს შეტევაზე.
თუმცა უკრაინას გარკვეული წარმატებები მაინც აქვს: რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე უკრაინული კონტროლი აღდგენილია.
დიდი PR-ული მნიშვნელობა ჰქონდა დონეცკის რაიონის სოფელ ბლაგოდატნოეში უკრაინული დროშის აღმართვას.
იმედი ვიქონიოთ ეს მხოლოდ დასაწყისია.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კანადის პრემიერ ჯასტინ ტრიუდოსთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა, რომ ამჟამინდელი შეტევითი ოპერაციები საერთო დიდი შეტევის შემადგენელი ნაწილია.
მისი მოხდენილი თქმით, უკრაინელი სამხედროები `პოზიტიურად არიან განწყობილნი`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კიევო-პეჩერას ლავრაში პირველად ჩატარდა წირვა უკრაინულ ენაზე გეტმან მაზეპას სულის მოსახსენიებალდ.
ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენაა: ეროვნულ იდენტობას ხშირად განსაზღვრავენ `ნიშანდობლივი` ისტორიული ფიგუირები: გეტმანი მაზეპა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაწყევლა მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნეში, რუსეთ შვედეთის ომის დროს, იგი არა რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველს, არამედ შვედეთის მეფე კარლ XII მიემხრო.
ამის გამო, მაზეპა რუსეთის ისტორიულ მტრადაც კი ითვლება. ესე იგი, `დიადი რუსეთის მტრობისა და ღალატის სიმბოლოდ`.
კიოვო-პეჩერის ლავრა უკრაინამ რამდენიმე კვირის წინ სრულად დაიბრიუნა. მანამდე ეს ლავრა (უკრაინის უდიდესი სიწმიდე) რუსეთის ეკლესიის საკუთრება იყო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვში დაიწყო ცნობილი რუსი ადამიანის უფლებათა დამცველის, ოლეგ ორლოვის სასამართლო პროცესი.
მას ბრალი წაუყენეს ფეისბუკში განთავსებული პოსტის გამო, რომლითაც იგი პუტინს `რუსული ფაშიზმის` დაფუძნებასა და გავრცელებაში სდებდა ბრალს.
შეიძლება ითქვას, რუსეთში საბოლოოდ დაბრუნდა ტოტალიტარული რეჟიმი: ორლოვი კლასიკური დისიდენტია უკვე, როგორებიც იყვნენ სსრკ-ში 1970-იან წლებში.
მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი აგრძელებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დაშანტაჟებას ორგანიზაცია BRICS მომავალ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც იოჰანესბურგში უნდა გაიმართოს.
ამ ორგანიზაციაში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.
პუტინის წინააღმდეგ ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აღძრა საქმე უკრაინელი ბავშვების გატაცების ბრალდებით.
თუ პუტინი იოჰანესბურგში ჩავა, სამხრეთ აფრიკის ხელისუფალნი ვაკლდებულნი იქნებიან იგი დააპატიმრონ, რაკი რესპუბლიკა ჰააგას სასამართლოს წევრია და რომის სტატუტიც რატიფიცირებული აქვს.
ამიტომ, სამხრეთ აფრიკის ხელისუფალნი ახლა საგონებელში არიან ჩავარდნილნი: პუტინს სთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს
ა) იოჰანესბურგის სამიტზე ჩავიდეს საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი პრეზიდენტის ნაცვლად
ბ) პუტინმა მოსკოვიდან მიმართოს შეკრებილებს
გ) სამიტი გადაიტანონ ჩინეთში.
პრობლემა ისაა, რომ არც ერთი ვარიანტი არ აწყობს პუტინს. პირველი ორი მისთვის საშინლად დამამცირებელია: `იმალებაო`, იტყვიან. კომიკურადაც კი გამოჩნდება.
მესამე ვარიანტში კი, ალბათ კიდიეც ეწვევა პეკინს სამიტში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ეს იმის აღიარება იქნება, რომ ჩინეთია ზესახელმწიფო და არა რუსეთი.
პუტინი ახლა ცდილობს, BRICS ლიდერები მოსკოვში ჩაიყვანოს და სწორედ რუსეთმა უმასპინძლოს სამიტს, თუმცა.....ამას უკვე სხვა ქვეყნები არ თანხმდებიან გარდა `სამხრეთ აფრიკისა`. ამ ქვეყნის ხელისუფალნი თავბედს იწყევლიან: ``ეს რა შარში, `ვაისა` და `უის` შორის ამოვყავით თავიო``.
რუსეთის გეოპოლიტიკურ თამაშებში რომ შეხვალ, ბუნებრივია ასე უნდა დაგემართოს.
დგება მსოფლიოში მომენტი, როცა `ორ სკამზე ჯდომა` შეუძლებელი ხდება
. . . . . . . . . . . . . . . . .
შოტლანდიის `ნაციონალური პარტიის` ყოფილი ლიდერი, შოტლანდიის ექს-პრემიერ-მინისტრი ქალბატონი ნიკოლა სტერჯენი დიდი ბრიტანეთის ფინანსურმა პოლიციამ დააპატიმრა რამდენიმე საათით პარტიული სახსრების მითვისება/გაფლანგვის საქმეზე.
სტერჯენი რამდენიმე თვის წინ გადადგა მას შემდეგ, რაც იმავე საქმეზე დააპატიმრეს მისი მეუღლე პიტერ მურელი.
ეს დაპატიმრებები (ორივე გაათავისუფლეს დაკითხვის შემდეგ - სასამართლო პროცესის დაწყებამდე) უდიდესი დარტყმაა შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის იდეაზე: ქალბატონი სტერჯენი იყო ამ თემაზე მეორე შოტლანდიური რეფერენდუმის ჩატარების მთავარი პრომოუტერი.
პირველი რეფერენდუმი, 2014 წელს, სეპარატისტთა მარცხით დასრულდა. მეორე რეფერენდუმი 2024 წლისთვის იგეგმება. სტერჯენის არგუმენტი ის იყო, რომ პირველი რეფერენდუმის შემდეგ მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა: ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი.
არავის ეჭვი არ გვეპარება, რასაკვირველია, ბრიტანული სასამართლოს, ისევე როგორც გამოძიების არაკორუმპირებულობასა და მიუკერძოებლობაში, თუმცა.......შოტლანდიური სეპარატიზმის დამარცხებაში სტერჯენისა და მისი ქმრის დაპატიმრებას, ისევე როგორც ამის შედეგად შოტლანდიის `ნაციონალური პარტიის` დასუსტებას უდიდესი წვლილი შეუძლია შეიტანოს.
მით უმეტეს, როცა უამრავი შოტლანდიელი კატეგორიული წინააღმდეგია დიდი ბრიტანეთიდან გასვლისა და წინა რეფერენდუმი მათ მოიგეს.
ესეც ფაქტია. თანაც უტყუარი
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ``არ აღიარებს დანაშაულს და არ აპირებს გააფორმოს საპროცესო გარიგება``
საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტების საკუთარ სახლში (მარ ა ლაგოს რეზიდენციაში) წაღების ქეისს.
ამერიკული კანონმდებლობით, ადვოკატებს არა აქვთ უფლება გაამხილონ, კონკრეტულად რა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდა (თუ მართლა სთავაზობდა) ტრამპს პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო.
შესაძლოა ეს ყოფილიყო დიდი ჯარიმა (ათეულობით ან ასეულობით მილიონი დოლარი) ოღონდ.......ბრალის აღიარების სანაცვლოდ.
დონალდ ტრამპს კი მიაჩნია, რომ მას კვლავინდებურად დიდი მომავალი აქვს, ხოლო ბრალის აღიარება პოლიტიკურ პერსპექტივას მოუსპობს.
აქვე უნდა ითქვას, რომ მართალია ტრამპი კვლავინდებურად ლიდერობს (თან ძალიან დამაჯერებლად) რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის, მაგრამ მთლიანობაში ქვეყნის მაშტაბით მისი `არმოწონების` რეიტინგი 57%-ია, ხოლო `მოწონებისა` - 38%.
თუმცა საარჩევნო კამპანია მხოლოდ ახლა დაიწყო და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დაიწყეს ნადირობა მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ამერიკელებზე: მათ აპატიმრებენ ნარკოტიკების გასაღების ან შენახვის ბრალდებით. ფაქტიურად მძევლად იყვანენ სავაჭროდ.
ეს ვარაუდი მთლიანად დადასტურდა; გუშინ მეოთხე ამერიკელი დააკავეს ამ ბრალდებით: მუსიკოსი მაიკლ ტრევისი.
მას `მეფედრონის` გავრცელებას აბრალებენ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკულ ციხეში გარდაიცვალა 81 წლის `უნაბომბერი` - ტედ კაჩინსკი, რომელიც გასული საუკუნის 1970-იან, 1990 - იან წლებში ფოსტით აგზავნიდა თვითნაკეთ ბომბებს უნივერსიტეტებში, რათა, მისივე აღიარებით `პროგრესისთვის შეეშალა ხელი, რაკი პროგრესი, მისი აზრით, კაცობრიობის და ბუნებრიობის მტერია`.
კაჩინსკი ყვალაზე ცნობილი და სახიფათო სოციო-პათია ამერიკის ისტორიაში.
დიდწილად სწორედ მას უკავშირდება ამ ტერმინის და ცნების (`სოციოპათია`) გაჩენა დასავლურ სოციოლოგიურ და კრიმინალისტიკურ ლიტერატურაში.
დათო