დარჩება თუ არა რუსული ჩექმა საქართველოში 2008 წლის შემდეგ?

დარჩება თუ არა რუსული ჩექმა საქართველოში 2008 წლის შემდეგ?

    რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოსვლისას, გიგა ბოკერიამ ოპოზიციას მიმართა და განაცხადა: «რატომ არ ითვალისწინებთ და აღიარებთ, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად, 2008 წლის შემდეგ საქართველოში არც ერთი რუსული ჩექმა აღარ იქნებაო».
    იგულისხმებოდა, რომ 2008 წელს მთავრდება რუსული სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია და მართლაც სრულდება ეპოქა, როდესაც რუსული არმია ამ სტატუსით იმყოფებოდა საქართველოში.
    მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მთავრდება რუსეთის სამხედრო ყოფნა (Военное Присутствие) ჩვენს ქვეყანაში.
    თავისთავად ხელშეკრულება 2008 წლამდე რუსეთის ბაზების ლიკვიდაციის თაობაზე საქართველოს უდიდესი გამარჯვება იყო, რაც უმთავრესად განაპირობა დასავლეთის მკაფიო და (ამ საკითხში) ერთმნიშვნელოვანმა პოზიციამ – საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაკი რუსეთის ბაზების საკითხი მჭიდროდ აღმოჩნდა დაკავშირებული «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებასთან.
    ისიც მართალია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ეს თემა (რუსეთის «ჩექმის ამოკვეთა» საქართველოდან) დიდი ხნის განმავლობაში აღარც ახსოვდა. მათ შორის არც «ეროვნული მოძრაობიდან» მოსულ პარტიებს. თითქოს რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა არანაირ გეოპოლიტიკურ რეალობას არ ქმნიდა.
    ამრიგად, ბაზები ჯავახეთსა და ბათუმში, ისევე, როგორც ავადსახსენებელი «თბილისის გარნიზონი» ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე ნამდვილად აღარ იარსებებს, მაგრამ ნუთუ  გვგონია, რომ ეს ნიშნავს რუსეთის სამხედრო ყოფნის შეწყვეტას საქართველოში?
    კი მაგრამ, განა ის ჯარისკაცი, რომელიც გორთან (!) და ცაიშთან (!), - ზუგდიდის შესასვლელთან დგანან – რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები არ არიან? განა მათ «რუსული ჩექმა» არ აცვიათ?
    ნუთუ გვგონია, რომ განურჩევლად მათი «სამშვიდობო» სტატუსისა, ისინი იგივე გეოპოლიტიკურ რეალიებს არ ქმნიან (დასავლეთისათვის) და რუსეთის ექსკლუზიური გეოპოლიტიკური პრიორიტეტის ზონაში საქართველოს «ყოფნას» ისევე არ მანიფესტირებენ მთელი მსოფლიოსათვის, დასავლეთისათვის, როგორც მანამდე ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზები?
    არავითარი სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება (გარდა გეოპოლიტიკური კუთვნილების ფიქსაციისა) იმ ბაზებს სინამდვილეში არ ჰქონიათ. კრემლი კი მხოლოდ იმიტომ დათანხმდა მათ გაყვანას, რომ იმავე ფუნქციას (საქართველოს რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში ყოფნის მანიფესტირებას) ის დაჯგუფებებიც შეასრულებდნენ და ასრულებენ წარმატებით, რომლებიც საქართველოს ცენტრში – გორთან და ენგურის აუზში არიან განლაგებულნი.
    მოსკოვში შესანიშნავად უწყიან, რომ სანამ რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოში შენარჩუნდება (თუნდაც «სამშვიდობო კონტინგენტის სახით) – საქართველოს გაწევრება ნატოში და ზოგადად, ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში რეალური ინტეგრაცია გამორიცხულია.
    ამრიგად, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, 2008 წლის ბოლოსთვის რუსული ბაზების ლიკვიდაცია ჯერ კიდევ არ ნიშნავს საქართველოში რუსეთის სამხედრო ყოფნის შეწყვეტას, ხოლო ჩვენი ქვეყნიდან «რუსული ჩექმის ამოსაკვეთად» ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში რეალური ინტეგრაციისათვის პირობების შესაქმნელად აუცილებელია ბრძოლა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისა და ე.წ «სამშვიდობოების» ანუ რუსეთის არმიის ზუგდიდისა და გორის დაჯგუფებების გასაყვანად, რაც გაცილებით, განუზომლად უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების ლიკვიდაცია.