საერთაშორისო მიმოხილვა. 29 სექტემბერი 2021 წელი
რუსეთთან საინფორმაციო ომის ფარგლებში, YouTube-მა სამუდამოდ (!) დაბლოკა რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელეარხ Russia Today-ს (RT - დირექტორია სინდის-ნამუსისგან გარეცხილი მარგარიტა სიმონიანი) ორი გერმანულენოვანი რესურსი: RT – RT DE и Der Fehlende Part (DFP). იმიტომ, რომ ათას ფეიკს და სიბინძურეს ავრცელებდა გერმანიაში. განსაკუთრებით კოვიდის თემაზე, - აძლიერებდა ანტივაქსერულ პარანოიას და ა.შ.
მარგარიტა სიმონიანი წივის, კივის, რუსეთის ხელისუფლებისაგან გერმანული რესურსების, პირველ რიგში DW (Deutsche Welle), ARD, ZDF ასევე თვით YouTube აკრძალვას მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე. ამაშიც სჩანს, რამდენად უტიფარია: აბა როგორ შეიძლება მისი პროპაგანდისტული RT-ს შედარება სოლიდურ, აკადემიურ, ნამდვილად `გერმანულ` DW -სთან?
აქ ნიშანდობლივია ორი მომენტი:
ა) YouTube მაინც ამერიკული რესურსია (Google) და არა გერმანული. საინტერესოა თუმცა გაურკვეველია, გერმანიის მთავრობამ მიმართა ამ რესურსს თხოვნით მარგარიტა სიმონიანის `ტელევიზიად` წოდებული Public House-ის დახურვის მოთხოვნით, თუ ეს YouTube-ის ადმინის ინიციატივა იყო? თუ ადმინის ინიციატივა იყო, მაშინ სხვაგან რატომ არ ბლოკავს? გამოდის გერმანელებმა მიმართეს, რაც კარგი ნიშანია: ბერლინი მოსკოვს უპირისპირდება. თუნდაც ფარულად. ამერიკელების გარეშე გერმანელები ამას ვერ გააკეთებდნენ. ისევე, როგორც გერმანელები ამერიკელების გარეშე.
ბ) კრემლი ჯერ (!) არ ჩქარობს მარგარიტა სიმონიანის მოთხოვნის შესრულებას და გერმანული რესურსების ან თვით YouTube-ის დაბლოკვას რუსეთში, რადგან ეშინია, რომ მილიონობით რუსი, ვინც ამ შესანიშნავი რესურსით (YouTube) სარგებლობს, ამის გამო განაწყენდება, რაკი იყენებს YouTube-ს სრულიად არაპოლიტიკური მიზნებით: მუსიკის გადმოსაქაჩად, ფეხბურთის სანახავად და ა.შ.
ეს პუტინის რეჟიმის ილუსტრაციაა: ურჩევნია პოლიტიკის გამო დააჯარიმოს YouTube, ვიდრე მთლიანად აკრძალოს, რომ მილიონობით აპოლიტიკური რუსი არ გაანაწყენოს.
დასკვნა: პუტინის რეჟიმი არ არის ჩრდილოეთ კორეა! შეიძლება კიდეც ოცნებობს ამაზე პუტინი, მაგრამ არ არის და ვერ არის. შესაბამისად, დასავლეთს ნამდვილად აქვს მასზე ზეწოლის ბერკეტები იქ, სადაც იწყება მილიონობით ჩვეულებრივი აპოლიტიკური რუსის ინტერესები.
Russia Today-ს დაბლოკვა გერმანიაში არანაირ უკმაყოფილებას არ გამოიწვევს ხომ?
აი YouTube-ს დაბლოკვა რუსეთში კი მტკივნეული იქნება მილიონობით (ვიმეორებ) სრულიად აპოლიტიკური რუსისათვის.
რუსეთის `საგარეომ` უკვე გააკეთა ისტერიული კივანა განცხადება ამის თაობაზე, მაგრამ ჯერ ჯერობით ლაპარაკობს გერმანული რესურსების და არა YouTube-ის დაბლოკვაზე.
პუტინის ხელში გამორიცხული არაფერია ანუ არანაირი სიგიჟე არ უნდა გაგვიკვირდეს მისი მხრიდან, თუმცა ეს `ყოყმანი` YouTube-თან დაკავშირებით მაინც საინტერესო და ნიშანდობლივია. რა შეუძლია ტექნოლოგიურად ცამორჩენილ რუსეთს შესთავაზოს თავის მოქალაქეებს YouTube-ის სანაცვლოდ? არც არაფერი!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ ამის საკომპენსაციოდ, რუსეთს აქვს ისეთი ბერკეტები, რაც არ გააჩნია ევროპას:
უკვე კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა ა ის, რაც დღეს ხდება ევროპაში ყველა სახის საწვავის ფასებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ბუნებრივი აირის. სულ უფრო მწვავდება ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს: დემოკრატიები ამ მხრივ ბევრად სუსტნი არიან ვიდრე ავტორიტარული რეჟიმები: ევროპელ `ობივატელს`, ანუ ჩვეულებრივ გერმანელს, ჰოლანდიელს, ინგლისელს სულ არ აინტერესებს რატომ უძვირდება ბუნებრივი აირი, რატომ უძვირდება ელექტროენერგია.....იგი მოითხოვს მთავრობებისგან, არ უძვირდებოდეს და მორჩა.
ამით შესანიშნავად სარგებლობს პუტინი. სწორედ მან `გააძვირა` წელს, როცა საშინლად ცივი შემოდგომა და ზამთარია, ბუნებრივი აირი თითქმის 1100 ევრომდე ათასი კუბომეტრისათვის (ოქტომბრის `ფიუჩერსი` უკვე ამდენი ღირს).
პუტინმა ორი მეოთოდი გამოიყენა. პირველზე უკვე ვწერდით: ბუნებრივი აირის მიწოდების მიზანმიმართული შემცირება ევროპული გაზსაცავებისათვის, რაც იწვევს პანიკას ევროპის ენერგეტიკულ ბირჟებზე და ზრდის ფასებს.
მეორე მეთოდია `მწვანე` გრეტა ტუნბერგის მაგვარი საბრალო ავადმყოფებისა და ეკო-მანიაკების გამოყენება ევროპაში ატომური, წყლის და ქვანახშირის ენერგეტიკის დასაბლოკად, როდესაც ერთადერთი რეალური (!) ალტერნატივა რუსული ბუნებრივი აირი რჩება.
დავაკვირდეთ ეს რას იწვევს: ბუნებრივი აირის სიძვირის გამო, გერმანული ინდუსტრიული გიგანტები იძულებულნი ხდებიან წარმოება შეამცირონ პროდუქციის თვითღირებულების ზრდის გამო.
მაგალითად, კონცერნმა BASF შეამცირა ამიაკის წარმოება ანტვერპენის და ლიუდვიგსჰაფენის ქარხნებში, ხოლო გერმანიის ენერგოკომპანია Deutsche Energiepool საერთოდ წყვეტს კონტრაქტებს, რაც უდიდესი ზარალია და ა.შ და ა.შ. აქ ხომ `დომინოს პრინციპია?`
უდიდესი ზეწოლაა ქიმიურ წარმოებაზე, მათ შორის აზოტის ქარხნებზე! ეს კი პირდაპირ უკავშირდება სოფლის მეურნეობას, ანუ ელემენტარულად საკვებს ევროპელებისათვის!!!
Fitch აღნიშნავს, რომ ასეთი ვითარება ევროპაში არასდროს ყოფილა.
ამით ისარგებლა პუტინმა და გააფორმა სეპარატული კონტრაქტი ევროკავშირის წევრ უნგრეთთან უკრაინის გვერდის ავლით, შავი ზღვისა და თურქეთის ტრანზიტული მარშრუტით გაზის მიწოდებაზე.
უკრაინა პროტესტებს აცხადებს: `ხომ მოვილაპარაკეთ ევროპულ სოლიდარობაზეო`, მაგრამ...... ბრიუსელი ვერაფერს შველის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამასობაში, როდესაც ევროპა ასე დამოკიდებულია რუსულ გაზზე, პუტინმა აღძრა ახალი სისხლის სამართლის საქმე ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ. ამ პოლიტიკოსის პუტინს მართლა ძალიან ეშინია. ბევრად მეტად, ვიდრე `ხელზე მიჩვეული` რუსი კომუნისტების და მათი ლიდერის, გენადი ზიუგანოვისა.
იმიტომ, რომ ნავალნი `არასისტემური` ოპოზიციაა და წარსულთან არ ასოცირდება. იგი კრეატიული, ელიტური, სტილური, თანამედროვე ტიპია, ახალგაზრდებს მოსწონთ და ა.შ.
ამჯერად ნავალნის რუსეთის პროკურატურამ წაუყენა ბრალდება `ექსტრემიზმის` შესახებ სს კოდექსის მუხლით და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დავაკვირდეთ ამ სს კოდექსის მუხლს, რომელიც პუტინის ინიციატივით გაჩნდა იქ რამდენიმე წლის წინ: ექსტრემიზმი ერთის მხრივ არ არის ტერორიზმი, მაგრამ ექსტრემიზმად შეიძლება გამოაცხადო ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციური მოქმედება! მაგალითად მოწოდება მშვიდობიანი მიტინგების ჩატარებისკენ. სწორედ ამას სდებენ ბრალად ნავალნის ახლა.
ანუ პუტინი, როგორც სჩანს, საერთოდ არ აპირებს გამოუშვას ციხიდან ნავალნი, რომელიც ჯერ მხოლოდ 3 წლიან სასჯელს იხდის. აშკარად გეგმავს `ივაჭროს` მისი ბედით დასაველეთთან ისევე, როგორც ივაჭრა თავის დროზე ბიზნესმენ ხოდარკოვსკის ბედით.
ძალიან ცუდია, რომ ამ საქმეში პუტინს, ფაქტიურად ეხმარება რუსი დემოკრატი პოლიტიკოსი გრიგორი იავლინსკი, რომელმაც ნავალნის `პოპულისტი` უწოდა და განაცხადა, რომ მას მხარს არ უჭერს. ესე იგი, ასე გამოდის, იავლინსკიმ პუტინს `გაუპრავა` რეპრესია ოპოზიციური ლიდერის მიმართ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკაში გრძელდება `საინფორმაციო შიდა ომი` რესპუბლიკელებსა და დემოკარტებს შორის. გაზეთი The Washington Post (დემოკრატებთან უფრო ახლოსაა ტრადიციულად) წერს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, შეხვედრამდე გააფრთხილა პუტინი: ტელეკამერების წინ უფრო მკაცრი ვიქნები შენს მიმართ, რაღაცაზე შეიძლება კიდეც გაგაკრიტიკო, მაგრამ არ დაიჯერო: ეს სპექტაკლია, სინამდვილეში მესმის შენი ფასი, შენი ყადრი და მოვრიგდებით ბევრ რამეზეო.
საპასუხოდ, რუსეთის `საგარეო` ამერიკელებს უბრალოდ დასცინის: ტრამპთან პუტინის შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით სექსუალური მთარგმნელი გოგონა შევურჩიეთ, რათა `მუსუსი` ტრამპი დაგვებნიაო.
ვითომ ხუმრობენ ასე.
ტრამპის გემოვნება ცნობილია. კაცმა ოთხგზის იქორწინა მოდელებზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირანმა, პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში და საერთოდ პირველად ისტორიაში, დაიწყო მასშტაბური სამხედრო მანევრები აზერბაიჯანის საზღვართან.
მანევრებში ასეულობით ტანკი, თვითმფრინავი და ათი ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საჯარო კითხვაზე ამის შესახებ, ირანის ხელისუფლება ქარაგმულად მიანიშნებს, რომ აზერბაიჯანში ბოლო დროს მეტისმეტად გაძლიერდა ისრაელის პოზიციები, რომელიც ირანის დაუძინებელი მტერია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აზერბაიჯანმა ბლოკ-პოსტები დააყენა გზაზე, რომლითაც ირანი სომხეთს უკავშირდებოდა. ერთ-ერთ მონაკვეთზე ეს გზა კვეთს აზერბაიჯანის ახლადგათავისუფლებულ ტერიტორიას.
ირანის პოზიცია აზერბაიჯანის საკითხში ახალი არ არის და უკავშირდება ჯერ კიდევ XVIII-XIX საუკუნეებში დაწყებულ `თამაშს` რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის.
ირანს ამ დაპირისპირებაში უფრო თურქეთი მიაჩნია საკუთარ მტრად და არა რუსეთი. ეს მუდამ ასე იყო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელებმა, რომლებიც საუკუეების განმავლობაში ირანის ნაწილი იყვნენ, ისტორიული არჩევანი გააკეთეს არა რელიგიის (ისინი ირანელებივით მაჰმადიანი შიიტები არიან) არამედ ეთნოსის (თურქობის) სასარგებლოდ.
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც შიიტები არიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთისთვის სახიფათო რამ მოხდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ ტერიტორიებს პირველად გადაუფრინა თურქულმა უპილოტო საბრძოლო აპარატმა `ბაირაქტარ`, რომელიც კიევმა ახლახანს შეიძინა და რომელმაც ყარაბაღის შარშანდელი ომის დროს ბრწყინვალე შედეგი აჩვენა.
ეს უკვე პირდაპირი სამხედრო დახმარებაა თურქეთისა - რუსეთის წინააღმდეგ.
ამით ერდოღანი სამაგიეროს უხდის პუტინს იმისათვის, რომ პუტინმა თურქთა პოზიციები დაბომბა სირიაში.
გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა პირდაპირ დასდო ბრალი რუსეთს სირიის იდლიბის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობის და თურქული არმიის პოზიციათა დაბომბვაში. მის განცხადებაში მუქარაც ისმოდა.
სულ მალე პუტინი და ერდოღანი სოჭში ხვდებიან ერთმანეთს.