პური, გაზი, ელექტროენერგია... შემთხვევითობა და კანონზომიერება

პური, გაზი, ელექტროენერგია... შემთხვევითობა და კანონზომიერება

    ბოლო დროს საქართველოში შექმნილი ვითარების ძირითად მახასიათებლად სოციალურ-ეკონომიკური ფონის დაძაბვა იქცა. თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტამ ქვეყანა კატასტროფის პირას მიიყვანა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მთლიანად ამ სათბობის მოხმარებაზეა ორიენტირებული, რაც, რა თქმა უნდა, ერთობ უცნაურია და ძნელად თუ შეიძლება შემთხვევითობად ჩაითვალოს: ხომ გაცილებით ლოგიკური იქნებოდა,  ბუნებრივი აირის საბადოებს მოწყვეტილ საქართველოში (ისევე, როგორც, ვთქვათ გერმანიაში) თავის დროზე გაეთვალისწინებინათ სხვა საწვავის მოხმარების შესაძლებლობა.
    ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი მოსახლეობის გასათბობად ქვანახშირს იყენებენ.
    აირის ნაკლებობის გამო გაჩერდა თბილსრესი და შეუძლებელი გახდა ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობით გამომუშავება. ხოლო ვინაიდან კომუნალური მომსახურების მთელი ინფრასტრუქტურა სწორედ ელექტროენერგიის მოხმარებით ფუნქციონირებს, თბილისში ცხოვრება აუტანელი გახდა: რამდენიმე დღის წინ ვაკის რაიონის მოსახლეობამ გადაკეტა ჭავჭავაძის პროსპექტი, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა - ერთ-ერთმა მძღოლმა გაბედა არ დამორჩილებოდა მოპიკეტეებს. ეს ახალგაზრდა კაცი გამძვინვარებულმა ბრბომ სიცოცხლეს გამოასალმა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში რიგით მეოცე საუკუნე ჯერაც არ დამდგარა. ან, ყოველ შემთხვევაში, ისტორიამ მართლაც ზურგი გვაქცია და დროის გარეშე დაგვტოვა სივრცეში «გამოკიდებულნი».

    ყოველივე ამის მიზეზი თურქმენეთ-საქართველოს გაზსადენზე მომხდარი გაუგებრობა გახდა. დაზუსტებული მონაცემებით, ავარია მართლაც მოხდა, თანაც (ასევე «შემთხვევით») უზბეკეთის ტერიტორიის იმ ადგილებში, სადაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არის განვითარებული, ანუ ავარიის შედეგთა ლიკვიდაცია ძალზე გართულდა.
    ამავე დროს, თურქმენეთმა ეს ავარია გამოიყენა, რათა მოვალე ქვეყნებისათვის ვალის გადახდის აუცილებლობა შეეხსენებინა, ხოლო უზბეკეთმა და რუსეთმა უმალვე ისარგებლეს მომენტით და სატრანზიტო გადასახადის ათასი პროცენტით(!) გაზრდა მოითხოვეს.
    საქართველოს ენერგიის საკუთარი წყარო (ჰიდრორესურსი) გააჩნია, მაგრამ მოხდა ისე, რომ ენგურჰესზეც სწორედ ამ დროს მოხდა ავარია, რის შედეგადაც რამდენიმე ენერგობლოკი გამოვიდა მწყობრიდან.
    საინტერესოა: თავის დროზე ენგურჰესის მშენებლობა («შემთხვევით») ისე დააპროექტეს, რომ თუ თვით კაშხალი ენგურის მარცხენა ნაპირზე არსებულ კომუნიკაციებს უფრო უკავშირდება (და დღევანდელი «სასაზღვრო გაყოფით» საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს), მისი სამართავი პულტი რატომღაც გალის რაიონში აღმოჩნდა. ანუ მას დღეს აფხაზური მხარე აკონტროლებს. ეს ისეთი «გენიალური» დამთხვევაა, რომლის არსებობა სხვა «გენიალურ» გარემოებათა შეთავსების გარეშე მართლაც რომ ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რადგან სწორედ ეს ვითარება ქმნის ენგურის აუზში რუსეთისათვის ესოდენ სასარგებლო პოლიტიკურ ბალანსს.
    საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფმა შორსმჭვრეტელმა პოლიტიკოსებმა, როგორც ჩანს, კარგად აითვისეს პოლიტიკური ალბათობის თეორია და დამატებითი გარანტიის შესაქმნელად ჯერ კიდევ ზაფხულში დადეს ხელშეკრულება ირანთან 600 მილიონი კუბომეტრი აირის მოწოდების თაობაზე საკმაოდ ხელსაყრელი პირობებით. ეს 600 მილიონი კუბური მეტრი საწვავი ხომ საქართველოს, როგორც იტყვიან, «სულზე მოუსწრებდა» (ზემოთაღწერილ «შემთხვევითობათა ჯაჭვის» გათვალისწინებით) მაგრამ. . . ირანიდან მოულოდნელად მოვიდა წერილი, რომლითაც ირანული მხარე საქართველოს ატყობინებდა: სრულიად «მოულოდნელად და შემთხვევით» ირანის ცენტრალურ რეგიონებში მდებარე საბადოებს მძლავრმა ციკლონმა გადაუარა, რის შედეგადაც დაზიანდა მოწყობილობა და გაზის მოწოდება შეუძლებელი გახდა. ამრიგად, საქართველოს ეს რეზერვიც გამოეცალა.
    იყო კიდევ ერთი იმედი - ბორის ელცინი თებერვალში დაჰპირდა ედუარდ შევარდნაძეს, რომ რუსეთი საქართველოს ოცი მილიარდი რუსული მანეთის კრედიტს გამოუყოფდა. ამ თანხით განზრახული იყო თბილსრესის შეკეთება და მაზუთის შეძენა, მაგრამ რუსეთში სწორედ ამ დროს დაიძაბა ფინანსური ვითარება და ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ ნოემბერში შეძლო თანხის გამოყოფა, როცა (ინფლაციის წყალობით) იგი თითქმის განახევრდა.
    ფინანსური სიძნელეები, რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზია, მაგრამ ცოტა არ იყოს საოცარია, რომ ამავე დროს, რუსეთმა შეძლო გამოენახა ას ოცი მილიარდი(!) მანეთის კრედიტი - სომხეთისათვის.
    საბედნიეროდ, ამერიკის შეერთებული შტატების სახით მართლაც «დიდი მეგობარი» აღმოგვაჩნდა: კლინტონის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას ასი ათასი ტონა ხორბალი გამოუყო - რითაც პურის პრობლემა მაინც უნდა მოხსნილიყო, მაგრამ კვლავ და კვლავ რაღაც «ეშმაკისეული მანქანებით» მოხდა ისე, რომ (პირველად ბოლო წლების განმავლობაში) ეს ხორბალი რატომღაც ბარჟით გამოაგზავნეს და არ სხვა სახის გემით - რის გამოც სურსათმა ძალზე დაიგვიანა.
    მცირე დეტალი: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტრანსპორტირების საშუალებას მიმღები ქვეყანა ირჩევს და არა გამომგზავნი, ხოლო ამ საკითხებს ჩვენს მთავრობაში სწორედ ის ვიცე-პრემიერი კურირებს, რომლის მოღვაწეობა უკვე ლამის «სახალხო ანეგდოტის» თემად იქცა.
    «შემთხვევით» სწორედ ამ დროს გახშირდა ავარიები მეტროპოლიტენში (რომელიც დღეს დედაქალაქში გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა). საბედნიეროდ, ამჟამად საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან, - იგი საქართველოს ენერგოსისტემის ავარიული გამორთვის ყველა შემთხვევაში უმალვე გვიწვდის დახმარების ხელს და საკუთარი ენერგოსისტემიდან გამოგზავნილი მძლავრი იმპულსით კვლავ აამოქმედებს ხოლმე ჩვენსას. . . . წინააღმდეგ შემთხვევაში (სპეციალისტთა მტკიცებით), ყოველი ავარიის გამოსწორებას ერთი თვე მაინც დასჭირდებოდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანი თბილისს აწვდის სამოცდაათ მეგავატ ელექტროენერგიას - რაც, ფაქტობრივად, უკანასკნელი მაცოცხლებელი რეზერვია. მაგრამ რატომღაც, სწორედ ამ დროს, საქართველოს პარლამენტში გამართულ სხდომაზე, ერთმა მაღალი რანგის მოხელემ საქვეყნოდ განაცხადა, რომ «საქართველო აზერბაიჯანიდან მიღებულ ელექტროენერიგიას სომხეთში ყიდის», რამაც აზერბაიჯანში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია და, როგორც ამბობენ, პრეზიდენტი ალიევი უახლოეს ხანებში მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე.
    ყოველივე ეს მით უფრო საოცარია, რომ საქართველოდან სომხეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელია, რადგან რამდენიმე წელია, რაც დაინგრა და განადგურდა ამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი.
    ერთობ შემაშფოთებელი და საოცარი სურათი მივიღეთ: საქართველოს აღარ მოეწოდება ბუნებრივი აირი, ვინაიდან უზბეკეთში შემთხვევით სწორედ ამ დროს (ნოემბერში) მოხდა ავარია; ჰიდრორესურსი ამოწურულია, ვინაიდან ასევე შემთხვევით, ასევე სწორედ ამ დროს, მოხდა ავარია ენგურჰესზეც; ირანიდან სათბობი ვერ მივიღეთ ბუნების ძალთა (ციკლონის) გააქტიურების გამო (ესეც მაინც და მაინც ამ დროს); ამას დაემთხვა ხორბლის გამოგზავნა ამერიკიდან «ნელმავალი ბარჟით» და ზემოთხსენებული საპარლამენტო გამოსვლა -აზერბაიჯანისათვის აღმაშფოთებელი ინფორმაციით.
    საქართველო სრული ენერგეტიკული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და თუ საყურადღებო პრობლემათა სპექტრს გავაფართოვებთ, არ შეიძლება არ შევამჩნიოთ კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა: ეს ყოველივე ხდება მაშინ, როცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა «დღის წესრიგში» მთელი სიმწვავით დადგა რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხი, ხოლო 12 დეკემბერს საქართველოში ჩამოდის ვიქტორ ჩერნომირდინი, რომლის ინტერესის მთავარი საგანი სწორედ სამხედრო ბაზების პრობლემაა. საქართველო კი, ბოლო დრომდე, ამ პრობლემას აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებას უკავშირებდა. სახელმწიფოს მეთაურს არაერთგზის განუცხადებია: რუსეთი მიიღებს ბაზებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს.

    ამასობაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება: საპარლამენტო უმრავლესობა ნელ-ნელა თხელდება და «ფრონდის» სულით იჟღინთება; ოპოზიცია არჩევნების მოახლოების კვალობაზე უფრო და უფრო რადიკალური ხდება: ჯაბა იოსელიანი (პირველად 1993 წლის სექტემბრის შემდეგ) პარლამენტში გამოხატავს უკმაყოფილებას სახელმწიფოს მეთაურისათვის «ზედმეტი» უფლებამოსილებების მინიჭების გამო - უმცირესობა აღტაცებულია ამ გამოსვლით; ვლადისლავ არძინბა, როგორც ყოველთვის, სრულად «ფლობს» ვითარებას თბილისსა და მოსკოვში, ამიტომ სწორედ ამ დროს აცხადებს «დამოუკიდებლობას», ხოლო საერთო არასტაბილურობის გამო, პარიზში, «დონორი ქვეყნების» მიერ - საქართველოსთვის გამოყოფილი სავალუტო კრედიტი ეჭვქვეშ დგება.
    * * *
    შემთხვევითობათა ჯაჭვი კვლავ და კვლავ გვაიძულებს დავფიქრდეთ, რამდენად კანონზომიერია შემთხვევითობა ეს უცნაური მოზღვავება?
   
   «7 დღე», 3 დეკემბერი, 1994 წელი.