დავით გარეჯი იღუპება!

დავით გარეჯი იღუპება!

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ერთ-ერთი უბრწყინვალესი ძეგლია საქართველოს ტერიტორიაზე. ბოლო წლებში მან ის ზნეობრივი დატვირთვაც აღიდგინა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ჰქონდა. 1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობასაც შესძინა პირველი სტიმული, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს დავით გარეჯი უმძიმეს მდგომარეობაშია და ჩვენი თაობის დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამო შეიძლება დაიღუპოს კიდეც. ამის შესახებ მოგვითხრობს სეისმური სადგურის უფროსი დავით გოცაძე - ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა სამონასტრო კომპლექსში.

    «დავით გარეჯში» 1988 წელს დაარსდა სეისმური სადგური. ეს დაკავშირებული იყო ცნობილ მოვლენებთან, როდესაც საჭირო გახდა სამონასტრო კომპლექსის დაცვა აფეთქებებისაგან. გეოფიზიკის ინსტიტუტს დაევალა დაედგინა ის არეალი, რომელშიც ყოველგვარი აფეთქება აიკრძალებოდა. ასეთი არეალი დადგინდა. პოლიგონმა თითქოს ტერიტორიულად გადაიწია, მაგრამ ის ნაწილობრივ მაინც დარჩა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, - კერძოდ «ბერთუბნის» მახლობლად. ეს მონასტერი დღესაც ყველაზე დაუცველია. მითუმეტეს, იგი მთლიანად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
    დადგინდა რა სასაზღვრო ზონა და გამოიყო ტერიტორია სამხედრო მანევრებისათვის, ამით გეოფიზიკის ინსტიტუტის მისია ამოიწურა. შემდეგ შევედით წინადადებით სეისმოლოგიის განყოფილების გამგესთან, ოთარ გოცაძესთან და ინსტიტუტის ამჟამინდელ დირექტორთან ბატონ მერაბ ალექსიძესთან, - დაინტერესებულიყვნენ მუდმივმოქმედი სეისმური სადგურით, რომლის პროფილი იქნებოდა პოლიგონზე წარმოებული აფეთქებებით გამოწვეული ზიანის აღნუსხვა და, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სადგური თავის პირდაპირ ფუნქციასაც შეასრულებდა.
    წინადადებას მოწონებით შეხვდნენ, რადგანაც ასეთი სადგურის დაარსება ძალზე ხელსაყრელი იყო როგორც წმინდა მეცნიერული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც - სადგური საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს.
    სწორედ ამ ორი პიროვნების ძალისხმევის შედეგად, საკითხი დადებითად გადაწყდა. მეცნიერებათა აკადემიის დაკვეთის საფუძველზე, საქგვირაბმშენს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით დაევალა შესაბამისი შენობის აგება. რაც საკმაოდ სწრაფად და კარგად შესრულდა. 1989 წლის ზამთრამდე სადგური სრული დატვირთვით მუშაობდა, თავის ფუნქციას კარგად ართმევდა თავს. მის მიერ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე პოლიგონის ხელმძღვანელობას რამოდენიმეჯერ მიეცა შენიშვნა. მოპოვებული მასალა საინტერესო იყო მეცნიერული თვალსაზრისითაც. ყოველივე ამის გამო, გაჩნდა იდეა ამაღლებულიყო პროფილი და იგი გადაკეთებულიყო გეოფიზიკურ ობსერვატორიად - დაკვირვების კომპლექსური მეთოდით.
    1990 წლიდან კი მდგომარეობა თანდათან გართულდა და ამჟამად კატასტროფული ხასიათი შეიძინა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო: დღეს, ფაქტობრივად, ობსერვატორია ვეღარ ასრულებს თავის პირდაპირ ფუნქციას - აწარმოოს გეოფიზიკური ხასიათის დაკვირვებანი; მაგრამ ჩვენს იქ ყოფნას (ჩემთან ერთად სადგურში მუშაობდა გოგიტა ბუხაიძე და ბესო გულაშვილი) ამჯერად ის მიზანი აქვს, რომ ბოლომდე მართალნი ვიყოთ ძეგლის წინაშე, რომელიც ჩვენი წამოსვლის შემთხვევაში შეიძლება დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ რატომ - ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.
    ჩვენთვის უპირველესი პრობლემა არის ტრანსპორტი (ავტომაგისტრალიდან 25 კილომეტრის გავლა ფეხით გვიწევს უზარმაზარი ტვირთით, საკვები თბილისიდან ჩაგვაქვს).
    1990 წლიდან დაწყებული, თანდათანობით გაუარესდა წყლით მომარაგება და დაზიანდა ხაზი, რომლის მეშვეობითაც ვავსებდით რეზერვუარებს. ერთი კვირის მანძილზე სამყოფ სასმელს ვიმარაგებდით.
    ამჟამად სასმელ წყალს ვიღებთ «დავითის ცრემლებად» წოდებული ბუნებრივი წყაროდან (დღეში გროვდება 5-6 ლიტრი).
    კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ელექტროენერგიაა, რაც, ფაქტობრივად, სულ არა გვაქვს. მცირე ქარიც კი აზიანებს ელექტროგადამცემ ხაზს და ავტომატიკა მაშინვე წყვეტს დენის მოწოდებას, ტრანსფორმატორი სავალალო მდგომარეობაშია, ხოლო ხაზი, რომლითაც ელექტროენერგია მოეწოდება სადგურს, შესაკეთებელია.
    ბოლოსდაბოლოს, ჩვენ სამმა გადავწყვიტეთ რიგრიგობით გვემორიგევა დავით გარეჯში. ამჟამად ორი კვირის მანძილზე ვცხოვრობთ იქ, რადგან კომპლექსის მიტოვება წუთითაც არ შეიძლება. ასე ვცხოვრობთ უკვე მესამე წელია, ოჯახები გვყავს, შვილები გვეზრდება, მათ კვირაობით ვერ ვნახულობთ. გარე სამყაროს მთლიანად მოწყვეტილი ვართ - თბილისში რომ დავბრუნდი მხოლოდ მაშინ შევიტყვე რომ სოხუმი უკვე ათი დღის დაცემული იყო. . . ჩვენ სამიდან ერთ-ერთმაც რომ ვერ გაუძლოს, ორი ადამიანი იქ ფიზიკურად ვერ შეძლებს შექმნილ პირობებში იმორიგეოს, ამიტომ დანარჩენებიც იძულებულნი ვიქნებით, დავით გარეჯი მივატოვოთ.
    ჩვენს გარდა, სამონასტრო კომპლექსში ორი ადამიანი ცხოვრობს: მონასტრის წინამძღვარი, - მამა ნაომი და ძეგლთა დაცვის უწყების თანამშრომელი, ეთერ ხიზანიშვილი. ჩვენი წამოსვლის შემთხვევაში ისინიც ალბათ იძულებულნი გახდებიან დავით გარეჯი მიატოვონ. კომპლექსი დაცარიელდება. შედეგად კი მას მომთაბარე აზერბაიჯანელი მწყემსები დაეუფლებიან და მონასტერს საქონლის სადგომად აქცევენ. რამოდენიმე დღეში გაიძარცვება, განადგურდება, გაპარტახდება, წაიბილწება ეს წმინდა სავანე. აგურებად დაშლიან კედლებს, წაიღებენ ყველაფერს, რის წაღებასაც მოახერხებენ, - ქვას ქვაზე არ დატოვებენ! ამ საშინელების წარმოდგენა გვაკავებს, თორემ განა ჩვენ არ გვინდა ადამიანური ცხოვრება, ჩვენ ხომ თბილისელები ვართ, თბილისში დაბადებულნი და გაზრდილნი.
    წინათ ვიღაც ყოველთვის იყო პასუხისმგებელი მონასტრის ბედზე, ჩვენ არ ველოდით, რომ მამა ირაკლი მახარაძის წასვლის შემდეგ ეს მორალური პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვეკისრებოდა. შეიძლება ვინმემ იკითხოს - კი მაგრამ, როგორღა გაძლო ამ კომპლექსმა ათასობით წლის მანძილზე - მაგრამ ნუ დავივიწყებთ რომ დავით გარეჯი წინათ არასოდეს დაცარიელებულა ქართველთაგან მთლიანად. ჩვენ კი შემცვლელი აღარავინ გვეყოლება. სწორედ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაკავებს და გვაძლებინებს იმ გაუსაძლის პირობებში - ყინვაში, უწყლობასა და უსინათლობაში.
    ვის არ მივმართეთ, ვის არ ვთხოვეთ დახმარება. ბევრი დაგვპირდა, მაგრამ ამაოდ. იმ «ეროვნულ მოღვაწეებსაც» დაავიწყდათ დავით გარეჯი, რომლებმაც თავის დროზე კარიერა «გაიკეთეს» მისი მეშვეობით. პარლამენტის წევრები, ბატონები გელა გოდერძიშვილი და აკაკი ბობოხიძე გულმხურვალედ შეგვპირდნენ დახმარებას, მაგრამ ეს იმედიც გაგვიცრუვდა. . . არადა, რას ვითხოვთ განსაკუთრებულს? ვითხოვთ ასიოდე ლიტრ საწვავს თვეში, რაც ნაწილობრივ მოგვიხსნის ტრანსპორტის პრობლემას, ვითხოვთ მცირეოდენი თანხის გამოყოფას საკვების შესაძენად (ჩვენი ხელფასი საშუალოდ ოცი ათასი კუპონია). თუ რომელიმე ორგანიზაცია თანხას გადარიცხავს, შესაძლოა მზის ბატარეებიც შევიძინოთ, გამომუშავებული ელექტროენერგია მოგვცემს საშუალებას, არა მარტო გავთბეთ, საჭმელი მოვიმზადოთ, არამედ სადგურიც ავამოქმედოთ. ამას წინათ ორი კვირა ვიმუშავეთ და კლდეში 30 მეტრის სიგრძის ღარი გავიყვანეთ წვიმის წყლის დასაგროვებლად. ამით ნაწილობრივ გადავჭერით წყლის პრობლემა.
    წუწუნი არ მიყვარს, არც თხოვნა, მაგრამ ჩვენთვის ხომ არ ვითხოვთ - გვინდა დავით გარეჯს ჩვენი მცირე ძალებით შევეწიოთ. ვერც იმას ვიტყვით, რომ გულისხმიერი ადამიანები საერთოდ არ არიან დიდი დახმარება გაგვიწია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სწავლულმა მდივანმა ლადო მირიანაშვილმა, დიდი მადლობა გვსურს მოვახსენოთ აგრეთვე ბატონ ზაალ ქიქოძეს - «დემოკრატიისა და აღორძინების» ფონდის ექსპერტს. მაგრამ ეს ადამიანები ყოვლისშემძლენი არ არიან.
    ახალ წელს დავით გარეჯში მარტო შევხვდი. მაგრამ მაინც უნდა გავუძლო, სხვა გზა არა მაქვს, რადგან თუ გარეჯი გაპარტახდა, მთელი სიცოცხლის მანძილზე სინდისის ქენჯნა დამტანჯავს.

    სარედაქციო მინაწერი:
    გაზეთ «თემის» რედაქცია ყოველმხრივ ეთანხმება და იზიარებს ბატონ დავით გოცაძის გულისტკივილს «დავით გარეჯის» კომპლექსის სავალალო მდგომარეობის გამო. ამასთან, ჩვენს ყველა მკითხველს მოგიწოდებთ, ხმა აიმაღლოს ჩვენი ერთ-ერთი უბრწყინვალესი ისტორიული ძეგლის დასაცავად... რამდენიმე წლის წინ მავანმა და მავანმა გარეჯის სახელის წაღმა-უკუღმა ტრიალით ლამის «სახალხო გმირის» წოდება მოიპოვა, ახლა კი თითქოს დავიწყნია ღვთისა და გოცაძისნაირ მამულიშვილთა (გადაჭარბებული იოტისოდენაც არ არის!) ანაბარა მიტოვებული დავით გარეჯი...
    იმათ კი, ვინც გადაწყვეტს მატერიალური და თუნდა მორალური მხარდაჭერა გაუწიოს ბატონ დავით გოცაძეს, გთავაზობთ მის ტელეფონს თბილისში: 39-54-73.
    იმედს ვიტოვებთ ახლა მაინც გამოჩნდება ისეთი ხალხი, ვისაც მართლა ეროვნული საქმე აინტერესებთ და არა საკუთარი თავი ეროვნულ მოძრაობაში...

   
   

«თემი», 1994 წლის თებერვალი.