ფიქრები ენგურთან

ფიქრები ენგურთან

 

    მდინარე ენგურს ყოველთვის არაჩვეულებრივი ადგილი ეკავა ქართულ ცნობიერებაში. ის მუდამ განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იყო გარემოცული. ამას ადასტურებს მითოლოგია, ხალხური პოეზია და კლასიკური პროზა, მაგრამ არასდროს ამ ცნობიერებისათვის ის არ ყოფილა რაიმე წყალგამყოფი.
    პირიქით, - განურჩევლად რეალური პოლიტიკური ვითარებისა, ენგური მარადჟამ კრავდა და ამთლიანებდა ქართულ სამყაროს.
    დღეს კი, ენგურთან მისულებს, ეს სამყარო ხელოვნურად გახლეჩილი დაგვიხვდა. საქართველოს ერთ-ერთი დედამდინარის ორივე მხარეს ხომ ერთი და იმავე ცხოვრებით უცხოვრიათ ათასწლეულთა განმავლობაში. ცხოვრების წესი, ადამიანთა სისხლხორცეული ნათესაური კავშირი, ბოლოს და ბოლოს ერთ სილამაზედ შერწყმული ბუნებრივი გარემოთი - ეს მთლიანი, ერთიანი და განუყოფელი სამყარო იყო; ერთი ქვეყანა, რომელსაც ხან აფხაზეთი ერქვა ხან - საქართველო, მაგრამ არსი ამით არ იცვლებოდა.

    ენგურზე, ახლახან აღდგენილი საავტომობილო ხიდის მხოლოდ ნახევრამდე მოგვცეს გასვლის უფლება რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა.
    მეორე მხარეს იმავე არმიის წარმომადგენლები დგანან. ოღონდ სხვა (სადესანტო) ქვედანაყოფებიდან. ამასთან დაკავშირებით, ზუგდიდში დისლოცირებული სამშვიდობო ჯარების პრესცენტრის მეთაურს, პოდპოლკოვნიკ სოვცოვს ვკითხე: რატომ არ მოხდა მდინარის ორივე მხარეს ერთი და იგივე ქვედანაყოფის ნაწილთა დაყენება - ეს ხომ გაცილებით ბუნებრივი იქნებოდა? იგი დამეთანხმა, რომ ეს უფრო ლოგიკურია, მაგრამ იქვე აღნიშნა: არსებობს გაერთიანებული სარდლობის შტაბი სოხუმში. ამ შტაბში მონაწილეობის მისაღებად (მისივე თქმით) სოხუმს უნდა გაემგზავროს გენერალი გურამ ნიკოლაიშვილი.
    ხიდზე გადასასვლელად ნებართვის აღება სწორედ რუხის შტაბშია აუცილებელი. სხვაგვარად არა თუ ფოტოგრაფირების, მიახლოების უფლებასაც არავინ მოგცემს.
    მეორე მხარეს, ხიდის ბოლოს, რუსეთის დროშა ფრიალებს. იქვეა აფხაზური დროშაც, მაგრამ თვით აფხაზები ხიდზე აღარ დგანან. უფრო მეტიც, რუსი სამხედროების მტკიცებით, ისინი საერთოდ აღარ არიან გალის რაიონის ტერიტორიაზე.
    მხოლოდ თვით გალში დარჩა აფხაზური პოლიციის 20-კაციანი რაზმი. გალის გამგებლად კი რუსლან ქიშმარია ითვლება. სხვათა შორის, სწორედ ამ პოლიციამ დააკავა 1 ივლისს ენგურზე თვითნებურად გადასული 38 ლტოლვილი. ზუგდიდის ხელმძღვანელობა უმალვე დაუკავშირდა რუსეთის სამშვიდობო ძალებს და მათი ჩარევის შემდეგ ლტოლვილები უვნებლად დააბრუნეს კვლავ ზუგდიდში.
    ზუგდიდი სავსეა ლტოლვილებით. იგი დღეს ფაქტობრივად მათი ცხოვრებით ცხოვრობს. ამ გაუბედურებული ადამიანების შეხედვა გულს მოუკლავს კაცს. მთელი დღეებში განმავლობაში დგანან იმავე ხიდთან და სევდიანად გაჰყურებენ მეორე ნაპირს, სადაც მათი სახლ-კარი, წინაპართა საძვლე, მათი სამშობლო დარჩა. იმ მეორე ნაპირზე კი, სადაც თვალი გასწვდება, «სასაზღვრო» მავთულხლართი გასდევს ენგურს.
    უკლებლივ ყველა, ვისაც შევხვდი და ვესაუბრე, იმედით შეჰყურებს რუსეთის ჯარს. მხოლოდ ერთს კითხულობენ - როდისღა? როდის? რუსი ოფიცრები მშვიდად პასუხობენ: В ближайшее время.
    თუმცა, ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ. ბევრი  უკვე იყო გალში. ისინი არ მალავენ: თვით ქალაქმა მათზე შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა. გალი დღეს ფაქტიურად მკვდარი ქალაქია. იქ არავინ ცხოვრობს. დამწვარი სახლები ცოტაა, მაგრამ ყველა გაძარცვულია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რუს სამხედროებს გალში ლტოლვილთა მომავალი დაბრუნების საკითხი უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ და მხოლოდ ბრძანებას ელიან.
    კითხვაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფენ ისინი ლტოლვილთა უსაფრთხოებას, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად პასუხობენ - Гарантируем на сто процентов.
    აქვე უნდა ითქვას ერთი უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ: თბილისში გავრცელებული აზრი, თითქოს უსაფრთხოების 24-კილომეტრიან ზონას ჩრდილოეთისა და სამხრეთის სექტორებად მდინარე ენგური ჰყოფს, მცდარი აღმოჩნდა. სინამდვილეში გამყოფი ხაზი გადის არა თვით მდინარეზე, არამედ ზუგდიდი-გალის საავტომობილო ტრასაზე. ამიტომ, «ჩრდილოეთ სექტორი» მოიცავს ენგურის ორივე ნაპირს - ამ ტრასის ჩრდილოეთით კავკასიონის ქედამდე. ასევე სამხრეთ სექტორი - ერთდროულად მოიცავს როგორც ზუგდიდის, ასევე გალის რაიონებს საავტომობილო მაგისტრალიდან - ზღვის ნაპირამდე. «ჩრდილოეთის» შტაბი გალში მდებარეობს, ხოლო სამხრეთისა - ზუგდიდში.

    ყველა, ვისაც სურს ბოლომდე ჩასწვდეს საქართველოს ამ სამკვდრო- სასიცოცხლო პრობლემის არსს, აუცილებლად უნდა შეხვდეს ლტოლვილებს და მათი ნააზრევი მოისმინოს. ზუგდიდის ლტოლვილთა შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, რაფიელ გელანტიას თქმით, «ლტოლვილობა სიკვდილმისჯილობას ნიშნავს». ლაპარაკია ფიზიკური არსებობის შენარჩუნებაზე. ადგილობრივმა მოსახლეობამ «საკუთარი სამი ლუკმიდან - ორი ლტოლვილებს მისცა» საოცარი ფაქტებია კაცთმოყვარეობისა და ძმობის - როცა ადამიანი საკუთარ შვილს ართმევს ლუკმას და ლტოლვილს უნაწილებს.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: არავითარი სიძულვილი აფხაზების მიმართ არ იგრძნობა. პირიქით, - ერთხმად ამბობენ: «ქართულ-აფხაზური ურთიერთობა საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. ეს ურთიერთობა არის მეგობრული და ნათესაური. იქმნებოდა ტრადიციები ძმობის, კაცობისა და სიტყვაუტეხობის. ეს იმდენად მტკიცედ არის გამჯდარი ორივე ხალხში, რომ მიუხედავად ამ უბედურებისა - მაინც არის პერსპექტივა ყველაფრის გამოსწორების და ძველი ურთიერთობის აღდგენისა».
    ეს ჩემი სიტყვები თუ შეფასება არ გახლავთ - სწორედ ასე მითხრა გალელმა ლტოლვილმა, რომელმაც ომის შემდეგ ყველაფერი დაკარგა და დღეს ლტოლვილად იქცა მშობლიურ მიწაზე.
    თუმცა, რა თქმა უნდა, არის შიშიც. არის ახლობელთა დაკარგვით გამოწვეული სიმწარეც. იმავე ლტოლვილს ვკითხე: აფხაზებიც ასე ფიქრობენ? სრული დარწმუნებით მიპასუხა: «დიახ, მათი უმრავლესობაც ასე ფიქრობს. ამჟამად აფხაზეთიდან 30 ათასი აფხაზი რუსეთში გადაიხვეწა, რადგან არ შეუძლია იცხოვროს იმ ჯოჯოხეთში, რაც ამჟამად იქ ტრიალებს. სწორედ ისინი არიან ჭეშმარიტი აფხაზები».
    ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ, გია ხუბალავამ განსაცვიფრებელი ფაქტი მიამბო: «გალის გამგებელი - რუსლან ქიშმარია დაგვიკავშირდა და გვთხოვა (ზრდილი ქართულით) შევხვედროდით გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად. ჩვენ უარი არ გვითქვამს. ენგურის მეორე მხარეს მიგვიპატიჟა - აქ ვისაუბროთო. რა თქმა უნდა გადავედით. ჩავსხედით მანქანებში და გალის მიმართულებით გავემგზავრეთ - გავიარეთ გალი, შევედით რომელიღაც სოფელში, ერთ-ერთი აფხაზის სახლში დაგვხვდა სუფრა გაშლილი. სუფრას ოცდაათამდე აფხაზი უსხდა. თვითონ ქიშმარია დადგა თამადად. მთელი სუფრის განმავლობაში კრინტი არ დაუძრავს არც ერთს არც რუსულად, არც აფხაზურად - სულ ქართულად ლაპარაკობდნენ და სვამდნენ სადღეგრძელოებს - რადგან ჩვენ ვიყავით სუფრაზე. თამადამ წასულების ხსოვნისა თქვა. აფხაზებმა ჭიქას მეორე ჭიქაც მიუდგეს - ორივე მხარეს დაღუპულები გაიხსნეს. ბუნებრივია, იქ ქეიფი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ქეიფი კი არა, ლუკმა ძნელად თუ გადაგვივიდა ყელში, - მაგრამ ასეთი დამოკიდებულება გაგვიკვირდა და სადღაც გაგვიხარდა კიდეც. გამომშვიდობებისას ერთმა აფხაზმა ქართულად გვითხრა: «არ ვიცი, შევძლებთ კი ქართველების და საქართველოს გარეშე ცხოვრებასო».
    შესაძლოა ამ ამბავმა ვიღაც გააღიზიანოს - მაგრამ ეს არის ფაქტი. ეს ამბავი ნამდვილად მოხდა და იგი ბევრ რამეზე მიუთითებს, ამიტომ მისი მიჩუმათება არ შეიძლება: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ საზოგადოებრივო ცნობიერების ცალმხრივი ფორმირება იყო. განსაკუთრებით ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.
    მეორე დღეს, რუხში, სამშვიდობო ბატალიონის ტერიტორიაზე ყოფნისას, რუსმა სამხედროებმა გვითხრეს: გალის გამგებელმა, რუსლან ქიშმარიამ თხოვნა შემოუთვალა ზუგდიდის გამგებლობას - გააგზავნონ გალში ადგილობრივი სატელეფონო ქსელის მუშაკები გალსა და ზუგდიდს შორის სატელეფონო კავშირის აღსადგენად.
    კვლავ ცალმხრივი რომ არ ვიყო, იმასაც ვიტყვი, რომ ლტოლვილთა პრობლემა ამჟამად მხოლოდ აფხაზური მხარის მიზეზით ჭიანურდება. აფხაზები ამ საკითხს პირდაპირ უკავშირებენ აფხაზეთის სტატუსს. ისინი მოითხოვენ ე.წ. «ლტოლვილის ანკეტაში» სპეციალური მუხლის შეტანას აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და კანონების აღიარების შესახებ. ეს მუხლი, რამდენიმე დღის შემდეგ, სოჭში, ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე დისკუსიის მთავარი საგანი გახდება უეჭველად.
    თვით ზუგდიდი, მისი ხელმძღვანელობა, სრულიად მზად არის თუნდაც დღესვე, დაუყოვნებლივ დაიწყოს ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი. საგზალიც კი მომარაგებული აქვთ, - რათა შინ დაბრუნებულ ლტოლვილებს პირველი დღეების განმავლობაში არ გაუჭირდეთ. რუს სამხედროებთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ლტოლვილთა დაბრუნება განხორციელდეს ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტის მეშვეობით: ფახულანში; ენგურის ხიდზე (ზუგდიდთან); განმუხურში და ანაკლიაში. რუსული მხარე გარანტიას იძლევა, რომ ანაკლიიდან უსაფრთხოდ გამოიყვანს ზღვით ლტოლვილებს კატარღების მეშვეობით. ერთ დღეში ოთხივე პუნქტი ათასამდე ლტოლვილის გატარებას შეძლებს. ამრიგად, ლტოლვილთა დაბრუნებას გალის რაიონში ყველაზე დიდი - ერთი თვე დასჭირდეს. მთავარია დაიწყოს ეს პროცესი - ბოლოს და ბოლოს გატყდეს ნავსი. ჩემი მოსაუბრენი ურყევად არიან დარწმუნებულნი: თუ ქართველობამ ენგური გადალახა და გალში დაბრუნდა, შემდგომ მათ დაბრუნებას სხვა რაიონებში წინ ვერაფერი აღუდგება.

    კვლავ ენგურის ხიდზე ვდგავარ და მეორე მხარეს გადაშლილ ულამაზეს ხედს გავცქერი. ირგვლივ საზარელი, შემაძრწუნებელი სიჩუმეა - ჩქამიც არ ისმის. თვით ბობოქარი ენგურიც თითქმის მდუმარედ გართხმულა ქართველთა და აფხაზთა მიწაზე. იგი იმდენად მწირი და სუსტია ახლა, თითქოს ქარაგმულად გვეუბნება, რომ არ სურს, არ შეუძლია იყოს საზღვარი საქართველოსა და აფხაზეთს შორის; არ სურს და არ შეუძლია ორად გახლიჩოს ერთიანი და განუყოფელი სამყარო - ჩვენი დიდი წინაპრების მიერ ათასწლეულთა განმავლობაში რუდუნებით სულში ნატარები და ნალოლიავები.
    საქართველო აუცილებლად უნდა გადავიდეს და გადავა ენგურზე - მის მეორე მხარეს. ისევე, როგორც აფხაზეთი აუცილებლად უნდა გადმოვიდეს აქეთ - მარცხენა ნაპირზე. ეს ხომ ერთი სხეულია, ერთი არსება, რომლის გახლეჩა მხოლოდ სატანას თუ შეეძლო.
    ალბათ ისევ სიყვარული გაგვაერთიანებს, მაგრამ ძნელი და ძალიან მძიმე იქნება ეს გზა.
    გალელმა ლტოლვილმა მითხრა: «აფხაზეთის ქართველობამ გოლგოთის გზა გამოიარა კოდორის ხეობაში. გოლგოთას აღმართი დამთავრდა, მაგრამ მისი დაღმართი აღმართზე ძნელია».
    

«მოქალაქე», 14 ივნისი, 1994 წელი.