«გიგა მახარაძის საქმე» - ამერიკელთა სერიოზული შეცდომა

«გიგა მახარაძის საქმე» - ამერიკელთა სერიოზული შეცდომა

საბიუჯეტო ვნებანი
   
   

    «ძველი პარლამენტის» მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებას მხოლოდ ბიუჯეტის მეშვეობით თუ შეუძლია აკონტროლოს თავისი მუდმივი ოპონენტი - ხელისუფლების აღმასრულებელი შტო. სხვა მექანიზმი ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან «იმპიჩმენტის» კონსტიტუციური უფლების გამოყენებას მძლავრი «ფაქტოლოგიური» ბაზა ესაჭიროება.
    ეს გარემოება, რასაკვირველია, სერიოზულ ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური პროცესის განვითარებაზე. ვიდრე მის განხილვას შევუდგებოდე, საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო: «ამერიკული მოდელი» იმ შემთხვევაშიც კი იწვევს დაძაბულობას, როდესაც პარლამენტში უმრავლესობას (მხოლოდ «აბსოლუტურ», არა «კვალიფიციურ» უმრავლესობას) მმართველი პარტია შეადგენს.
    ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა უბედურება დატრიალდება საქართველოში, თუკი უმრავლესობას პარლამენტში რომელიმე ოპოზიციური ძალა მოიპოვებს; ანუ პრეზიდენტი და პარლამენტი «ბარიკადის» სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან. ძალაუნებურად უნდა დაეთანხმო «რესპუბლიკელებს», რომლებიც ჯერ კიდევ «ძველ პარლამენტში» ამტკიცებდნენ, რომ «ამერიკულმა მოდელმა» ხელისუფლებათა გამიჯვნისა მხოლოდ ამერიკაში «იმუშავა» - სხვაგან კი ყველგან სამოქალაქო ომი გამოიწვია. მით უმეტეს, ქართული ფსიქოლოგიისა და ქართველ პოლიტიკოსთა ბუნების გათვალისწინებით, პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პარლამენტის «გარეკვის» უფლება. თუმცა, ამაზე საუბარი უკვე ძალიან გვიან არის.
    გასულ კვირას პარლამენტმა ვერ შეძლო ბიუჯეტის პირველი მოსმენით მიღება. საქართველოსთვის ეს «უბედური ტრადიციაა»: 1992 წლიდან - დღემდე (ანუ პირველი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაწყებული), ეს დოკუმენტი გამხეცებულ პოლიტიკანთა წეწვა-გლეჯვისა და პოლიტიკური «ამძუვნების» მიზეზი ხდება. ამ შემთხვევაში იოტისოდენად არ მაინტერესებს არსებული ბიუჯეტის რეალური ნაკლოვანებანი. ალბათ მართლაც ცუდი ბიუჯეტი შესთავაზა პარლამენტს მთავრობამ.
    მაგრამ მთავარი ის არის, რომ იმ დეპუტატთა დიდ ნაწილს, რომელთაც ვითომდაც «კონცეპტუალური უთანხმოების» გამო არ მიაჩნიათ შესაძლებლად ბიუჯეტის დამტკიცება, სინამდვილეში არაფერი ამოძრავებთ პირადი (უფრო ზუსტად «კერძო») ინტერესების გარდა - ანუ მათ მოტივაციას საკუთრივ ბიუჯეტთან საერთო არაფერი აქვს. იდეალური ბიუჯეტი რომ შემოვიდეს პარლამენტში, ეს ხალხი მაინც «წინააღმდეგ» მისცემს ხმას.
    «ამერიკული მოდელის» ავტორებს, ამერიკელ «მამა დამფუძნებლებს», რასაკვირველია, არ შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ, რომ 1997 წელს იარსებებდა კავკასიაში ჩვენი სახელმწიფო, რომლის პარლამენტში იქნებოდნენ «გამგებლობის» მსურველი «მაჟორიტარები»; ოდესღაც ერთიანი და «მონოლითური», ახლა კი «სამკვდროდ» გადაკიდებული პარტიის ლიდერები; უბრალოდ დეპუტატები, რომელთაც რომელიმე მინისტრმა ცოლისძმა სამსახურში არ «მოუწყო» და ასე შემდეგ.
    ამერიკელებს ყოველივე ამის გათვალისწინება, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ. კაპიტოლიუმის ბორცვზე ბიუჯეტის თაობაზე მსჯელობისას მართლაც ბიუჯეტს იხილავენ ყოველი წლის ნოემბრიდან და არა იმას, თუ ვინ იქნება გამგებელი და ვინ რომელი «ნომრით» გავა პარტიულ სიაში.
    დიდი ჭკუა არ არის საჭირო, ამა თუ იმ ხარჯის გაზრდა მოითხოვო ბიუჯეტში და, ამავე დროს, დეფიციტის ზრდის წინააღმდეგიც იყო. სწორედ ამ მომენტში მჟღავნდება ბიუჯეტის მოწინააღმდეგეთა არაგულწრფელობა - ამ პირობებში თუნდაც მართლაც კორუმპირებული და გონებაჩლუნგი «აღმასრულებლების» არგუმენტი («ბიუჯეტი ზიარჭურჭლის პრინციპით მოქმედებს») დაუძლეველი ბარიერის სიმტკიცეს იძენს.
    საბედნიეროდ, მთელი ეს პოლიტიკანური მიეთ-მოეთი დიდხანს ვერ გასტანს, ვინაიდან ხელფასების, პენსიების, დახმარებების და სამრეწველო ასიგნებათა დაგვიანებისთანავე ბიუჯეტისადმ\ი «კონცეპტუალურად დაპირისპირებული» ოპოზიცია საკუთარ ტყავზე იგრძნობს სოციალურ ფენათა მძვინვარებას.
    საკმარისია კიდევ რამდენჯერმე გადაიდოს ბიუჯეტის მიღება, რომ «გამგებლობის» მოსურნე მომავალ «სენატორებს», იგივე მაფია «დაუნაყავს ცხვირ-პირს», რომელმაც «საარჩევნო კამპანია» დააფინანსა. ამდენად, «ანტისაბიუჯეტო ოპოზიციის» ქცევა მორცხვი პატარძლის ჭირვეულობას უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ პოლიტიკას.

ესპანელი ტორერო და რუსული მოზვერი

    ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტმა კავკასიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთში გაცოფებული რეაქცია გამოიწვია; მაგრამ ხავიერ სოლანას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ოსტატურად აიცილა ყველა დარტყმა და უეჭველად მიაღწევს საბოლოო შედეგს. როგორც ჩანს, ნატოში ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის მიღება უკვე გადაწყვეტილია, - მადრიდის «სამიტზე» ეს გადაწყვეტილება მხოლოდ «იურიდიულად გაფორმდება».
    რუსეთის გაავებას კი ნატოს ხელმძღვანელობამ მუქარითვე უპასუხა. ტყუილად ჰგონიათ მოსკოვში, რომ აგრესიული ტონით შეაშინებენ ნატოს. პირიქით, რაც უფრო მეტი აგრესია გამომჟღავნდება, მით უფრო გაძლიერდება პოლიტიკურად ჩრდილო-ატლანტიკური კავშირი. რუს პოლიტიკოსებს არაფრით არ სურთ (ალბათ არც შეუძლიათ) გაიგონ, რომ «ნატოს გაფართოება» ყოფილი «კომუნისტური იმპერიის» გავლენის სფეროში შემავალ ხალხთა თვითგამორკვევის საშუალებაა.
    ამდენად, ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ერთადერთი საშუალება, რომლითაც რუსეთს ძალუძს შეაფერხოს «ნატოს გაფართოება» ანუ «ნატოში ახალი წევრების მიღება», არის იმგვარი ვითარების შექმნა, როდესაც ხალხები (სწორედ ხალხები და არა ხელისუფალნი) თავად იტყვიან უარს თავიანთ სწრაფვაზე.
    რუსული პოლიტიკური ელიტა ინტელექტუალური კრიზისის ჭაობში იხრჩობა, - «ნატოს გაფართოება» არ სურთ, მაგრამ არც ის უნდათ, რომ ამ ხალხთა რეალური ინტერესები გაითვალისწინონ.
    მაგალითად, რუსეთი ნამდვილად რომ ეხმარებოდეს შევარდნაძეს აფხაზეთის პრობლემების გადაწყვეტაში, საქართველოს პრეზიდენტი (იგი პრაგმატიკოსია) დასავლეთისაკენ არც გაიხედავდა; მაგრამ რუს პოლიტიკოსებს არც აფხაზეთში უნდათ რაიმეს შეცვლა.
    იგივე ითქმის აზერბაიჯანზეც და სხვა ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებზეც». რასაკვირველია, ამ ვითარებით შესანიშნავად ისარგებლებს «ევროატლანტიკური კავშირი», რომლის ბუნებრივი მოთხოვნილებაა გააფართოვოს თავისი გავლენა აღმოსავლეთით. პოლიტიკა ვერ იტანს სიცარიელეს, - ეს ურყევი კანონია, რომელიც არ დაირღვევა რუს პოლიტიკოსთა სიბრიყვისა და ამბიციურობის მიზეზით.
    რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, იგი ძალიან ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ განუხრელად მიიწევს ნატოსაკენ - ხავიერ სოლანასთან შეხვედრისას მან უკვე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს «გაფართოებული საბჭოს» შექმნას, რომელშიც გაერთიანდებიან პროგრამა «თანამშრომლობა-მშვიდობისათვის» განხორციელებაში ჩართული ქვეყნები.
    ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც შემდგომ (თუ რუსეთმა კვლავაც განაგრძო აფხაზეთში იმავე პოლიტიკის გატარება) უეჭველად მოჰყვება განცხადება ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და (ბოლოს) ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე.
    ხავიერ სოლანას მისია კი შესაბამისი პოლიტიკური ფონის შექმნაში მდგომარეობს. უნდა ვაღიაროთ, რომ «ცხელსისხლიანი» ესპანელი ძალზე მოქნილი და ცბიერი პოლიტიკოსიც აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ევგენი პრიმაკოვის «დერჟიმორდულმა» პოლიტიკამ ნატოს სტრატეგიას ჯერჯერობით ვერაფერი დააკლო და ალბათ ვერც დააკლებს.

ფრაქცია «აფხაზეთი» რთულ თამაშს იწყებს

    საპარლამენტო ფრაქცია «აფხაზეთის» თავმჯდომარის, გერმანე ფაცაციას განცხადებით, იგი უახლოეს მომავალში დაიწყებს უვადო შიმშილობას აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანის მოთხოვნით.
    როგორც ჩანს ამ განცხადებას, ისევე როგორც თვით მომავალ აქციას რამდენიმე მოტივაციური საფუძველი აქვს. მათ შორის უპირველესია ფსიქოლოგიური მოტივი: ფრაქცია «აფხაზეთმა» სრულიად გაუგებარი მიზნითა და არგუმენტაციით ჩაშალა გასული წლის ბოლოს აფხაზეთის საკითხის განხილვა - პარლამენტის საგანგებო სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო და (ახლა ცხადია) საკითხი საერთოდაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, რადგან პრიმაკოვის მიერ თვალთმაქცურად შეპირებულ თარიღს ლტოლვილთა დაბრუნებისა (15 იანვარი) მოჰყვა დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს გაურკვეველი ვადით გადატანა.
    აქვე უნდა ითქვას, რომ ამის ძირითადი მიზეზი ბორის ელცინის ავადმყოფობა კი არ არის, არამედ დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა უარი, განიხილონ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ეგრეთ წოდებული «ინტეგრაციული განვითარების» გეგმა.
    თუ როდის ჩატარდება «მეთაურთა საბჭოს» მორიგი სხდომა, ოდენ ღმერთმა უწყის. მანამდე კი «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში» დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალები იურიდიული თვალსაზრისით «ჰაერში დაეკიდნენ» - დღეს მათ ყოფნას აფხაზეთში არავითარი კანონიერი საფუძველი არა აქვს. თუმცა, თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ, როგორც ყოველთვის, «ინიციატივა გამოიჩინა» და «შემოიტანა წინადადება» წერილობით დადასტურდეს დსთ-ს წევრი თითოეული სახელმწიფოს მეთაურის თანხმობა, გაუგრძელდეს მანდატის ვადა სამშვიდობო ძალებს.
    როგორც ჩანს, შექმნილ ვითარებაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ფორმალურ და არაფორმალურ ლიდერებს ისღა დარჩენიათ, მშვიდობიან პოლიტიკურ აქციებს მიმართონ, რათა აიძულონ ხელისუფლება, უფრო გაბედულად და რადიკალურად იმოქმედოს. მით უმეტეს, ამისთვის ობიექტური პოლიტიკური წინამძღვრები (პოლიტიკური გარემო) უკვე არსებობს. არ არის გამორიცხული, ადა მარშანიას გადაწყვეტილება ფრაქცია «აფხაზეთიდან» გასვლის შესახებ სწორედ ამ გეგმებთან იყოს დაკავშირებული.
    მეორეს მხრივ, მიუხედავად გერმანე ფაცაციას განცხადებისა, რომ «ფრაქციაში არავითარი განხეთქილება არ არსებობს» - მომავალი აქციის დაწყებისთანავე აღმოჩნდება: ფრაქცია «აფხაზეთში» არიან «ლიბერალები» და «რადიკალები», ვინაიდან დღევანდელ პირობებში რუსეთის ჯარების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან ნამდვილად გამოიწვევს ომის განახლებას. ომი კი არავის სურს.

«გიგა მახარაძის საქმე» - ამერიკელთა სერიოზული შეცდომა

    პარასკევს, გვიან ღამით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ოფიციალურად აცნობა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ქართველ დიპლომატს, გიგა მახარაძეს მოეხსნა დიპლომატიური იმუნიტეტი და იგი წარსდგება ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე «გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის».
    კანონის თანახმად, თუ მახარაძე თავს სცნობს დამნაშავედ, მას სასამართლო პროცესის გარეშე მიუსჯიან თავისუფლების აღკვეთას 8-დან 17 წლამდე.
    როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ამ შემთხვევაში შეძლო დაეყოლიებინა საქართველოს ხელისუფლება და დაეკმაყოფილებინა საზოგადოების მოთხოვნა დამნაშავის დასჯის თაობაზე. მაგრამ ამით მან შექმნა პრეცედენტი, რომელმაც მომავალში შეიძლება «ააფეთქოს» დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებული სისტემა და კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეუქმნას ადმინისტრაციას. თუ, მაგალითად, ანალოგიური უბედური შემთხვევა კვლავაც განმეორდა, ოღონდ სხვა რომელიმე ქვეყნის დიპლომატთან დაკავშირებით, ამერიკული საზოგადოება (რაკი ერთხელ მიაღწია საწადელს) ისევ მოითხოვს დამნაშავის დასჯას თვით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. მაგრამ ეს ყოველთვის როდი იქნება შესაძლებელი.
    შედეგად კი, უეჭველად დაიძაბება პოლიტიკური ვითარება და ადმინისტრაცია იძულებული გახდება გააკეთოს არჩევანი საკუთარ პოპულარობასა და პოლიტიკურ მიზანშეწონილობას შორის.
    მეორეს მხრივ, ანალოგიური რამ ხომ შეიძლება ამერიკელ დიპლომატსაც დაემართოს უცხო ქვეყანაში. მორალური თვალსაზრისით, ამერიკა ვალდებული იქნება თავადაც მოუხსნას მას «იმუნიტეტი», რაც აგრეთვე გამოიწვევს საზოგადოებრივი აზრის აღშფოთებას და ასე შემდეგ. მიუხედავად ზოგიერთთა განცხადებისა, «ცივი ომი» არ შეწყვეტილა (არც შეწყდება ოდესმე). ამდენად «თამაშის ჩამოყალიბებულ წესებში» ესოდენ სერიოზული ცვლილებების შეტანამ და საშიში პრეცედენტის შექმნამ შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღოს.

დილის გაზეთი, 18 თებერვალი, 1997 წ.