გაიცვლება თუ არა საქართველო ზიმბაბვეში?

გაიცვლება თუ არა საქართველო ზიმბაბვეში?

 

    ამერიკის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის ვიზიტი ამერიკის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის მეორე სტუმრობა იყო საქართველოში – თუ არ ჩავთვლით შორეულ 1992 წელს «შევარდნაძის მეგობარ» ჯეიმს ბეიკერის სტუმრობას, რომელმაც თბილისში გავლით შემოიარა - უკრაინასა და ყაზახეთს შორის ვოიაჟის დროს და პირდაპირ მიტინგზე მოხვდა, რის შემდეგაც «მხედრიონს» საგანგებო მადლობა გადაუხადა მისი და «სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის» უსაფრთხოების დაცვისათვის.
    საოცარი ფაქტია, მაგრამ კონდოლიზა რაისის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და გავლენიანი წინამორბედი – მადლენ ოლბრაიტი სახეკმწიფო მდივნობისას არც ერთხელ არ შეხვედრია პრეზიდენტ შევარდნაძეს! ამგვარი შეხვედრები ყოველთვის იგეგმებოდა (ქართული მხრიდან) მაგრამ ოლბრაიტი ცივად უარობდა.
    ამ მხრივ პროგრესი თვალნათელია და ამას მცირედი მნიშვნელობა როდი აქვს: ამერიკის სახელმწიფო მდივანი ცენტრალური ფიგურაა ზესახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას. გარკვეული აზრით კიდევ უფრო მეტადაც კი, ვიდრე პრეზიდენტი.
    ანუ, თუ ჯორჯ ბუშის ვიზიტი შეიძლება ზოგადად დემოკრატიული სივრცის გაფართოების პროპაგანდისტულ (თუმცა აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვან) ღონისძიებად ჩაითვალოს, კონდოლიზა რაისი ვიზიტი უკვე კონკრეტული პოლიტიკის გამოხატულებაა და იმ გარემოების დადასტურებაც, რომ საქართველომ მართლაც შეიძინა ფუნქცია «დიდ ევრაზიულ საჭადრაკო დაფაზე», - როგორც ამას ზბიგნევ ბჟეზინსკი წინასწარმეტყველებდა 90-იანი წლების შუახანებში.
    მაგრამ ამ გარემოებით აღტაცებულებმა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საჭადრაკო დაფაზე სხვადასხვა წონისა და მნიშვნელობის ფიგურები მოიძევება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის კონკრეტული სარგებელი უნდა იყოს ანუ ხელშესახები შედეგი, რასაც ქვეყანა ამგვარი ურთიერთქმედებისგან მიიღებს.
    თუ შედეგი მხოლოდ პუტინის ცნობილ დადგენილებამდე (აფხაზეთთან პირდაპირი კავშირების შესახებ) არსებული სტატუს-ქვოს აღდგენა იქნება – ეს დიდი ვერაფერი მონაპოვარია; თუმცა რუსეთი, როგორც მისი ბოლო ქმედებებიდან ჩანს, ამაზეც მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ დეკემბერში საქართველოსათვის «MAP»-ის მიუნიჭებლობის გარანტიებს მიიღებს.
    ხოლო თუ შევაჯამებთ ოფიციალურ და არაოფიციალურ ინფორმაციებს, რაც სხვადასხვა დონეზე «ჟონავდა» ვაშინგტონის, ბერლინის, პარიზის, მოსკოვისა და, ბოლოს, თბილისის კაბინეტებიდან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამწუხაროდ, ურთიერთქმედება «ძველ ევროპასა» და ამერიკას შორის სწორედ ამ საკითხის გარკვევაზე დავიდა. ანუ დაეთანხმებოდა თუ არა საქართველო მისთვის «ნატოს საგზაო რუქის» მინიჭებაზე უარის თქმას – აფხაზეთში აპრილამდე არსებული სტატუს-ქვოს აღდგენის სანაცვლოდ.
    რაკი კონდოლიზა რაისმა ამ კითხვაზე პრეზიდენტ სააკაშვილისაგან მტკიცე და პრინციპული უარი მიიღო (რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია), მას ისღა დარჩენოდა ერთობლივ ბრიფინგზე განეცხადებინა, რომ ამერიკა კვლავინდებურად მხარს დაუჭერს საქართველოს დეკემბრის სამიტზე, რაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი გაზპრომის განაწყენებას არჩევენ.
    საყურადღებოა, რომ კონდოლიზა რაისმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აფხაზეთში პარტიზანული ომის განახლების დაუშვებლობას (შინაარსობრივად მისი განცხადებები სწორედ ამას ნიშნავდა) და კვლავ 16 წლიანი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაგრძელებისაკენ მოგვიწოდა.
    თანაც ისიც შეგვახსენა ძალზე დიპლომატიურად, რომ ამერიკას არ დაუძალებია ჩვენთვის 1994 წლის სამარცხვინო, კაპიტულანტურ ხელშეკრულებებზე მოგვეწერა ხელი და რუსეთი შეგვეყვანა «მეგობართა ჯგუფის» შემადგენლობაში.
    ეს ყოველივე იმ «საგარეოპოლიტიკური გუნდის» სიბრძნე და დამსახურებაა, ვინც შევარდნაძესთან ერთად აგებდა 90-იან წლებში ორივე კონფლიქტის მოგვარების ფორმატთა «არქიტექტურას» და დღეს, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, ახალ ხელისუფლებას «არიგებს ჭკუას» რაღაც «საგარეოპოლიტიკური ასოციაციების» სახელით, თუ როგორ უფრო გონივრული იქნება პოლიტიკის წარმართვა.
    კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტს რუსეთმა კვლავ დაამთხვია საბრძოლო თვითმფრინავების ვოიაჟი თბილისიდან ოციოდე კილომეტრში.
    ამით მოსკოვი ამერიკის თვალსაჩინოდ იმ გარემოების დემონსტრირებას ახდენს, რომ საქართველო სუსტი, უმწეო, დაუცველი (თავდაცვის უნარის არმქონე) ქვეყანაა, რომლის ინტერესების დასაცავად თავის გამოდება სერიოზული რისკის შემცველი იქნება თვით ისეთი ზესახელმწიფოსთვისაც კი, როგორიც ამერიკაა.
    გარდა ამისა, სწორედ კონდოლიზა რაისის ვიზიტის წინ, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანა რეზოლუციის პროექტი, რომლის მიღება, პირდაპირ თუ ვიტყვით, კატასტროფის ტოლფასი იქნება საქართველოსათვის!
    რეზოლუცია ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებულ ფორმირებათა უპირობო გაყვანას კოდორის ხეობიდან და აფხაზეთთან «თავდაუსხმელობის თაობაზე» დოკუმენტის ასევე უპირობო ხელმოწერას.
    გაეროში რუსეთის წარმომადგენელს, ვიტალი ჩურკინს არც დაუმალავს, რომ ამ საკითხის გასვლაზე (ანუ ამერიკის მიერ ვეტოს გამოუყენებლობაზე) პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთის პოზიცია ზიმბაბვეს დიქტატორ რობერტ მუგაბეს წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხში.
    ანუ, თუ ამერიკა ვეტოს დაადებს და თავს მაინც არ შეიკავებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციის განხილვისას, მაშინ რუსეთი ვეტოს დაადებს ზიმბაბვეს თაობაზე ამერიკელების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც ვაშინგტონი აქტიურად ლობირებს.
    ეს საკითხი შეიძლება იქცეს «ლაკმუსის ქაღალდად» იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის მზად ამერიკის შეერთებული შტატები, მხარი დაუჭიროს საქართველოს არა მხოლოდ არაფრის დამავალდებულებელი განცხადებებით და ორსაათიანი ვიზიტებით, არამედ რეალური გადაწყვეტილებებითა და ქმედებებით, რომლებიც რეგიონულ ზესახელმწიფოსთან (რუსეთთან) დაპირისპირების რისკსა და «აუტკივარი თავის ატკივების» საფრთხეს შეიცავენ.
    ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილი-რაისის ბრიფინგზე აფხაზეთში საერთაშორისო ძალების შეყვანის» თემა არავის გახსენებია და არც უხსენებია; ძალიან უცნაურია, რომ არც ქართველ ჟურნალისტებს; არადა ეს ხომ ვიზიტის წინ ერთ-ერთი ყველაზე აჟიტირებული საკითხი იყო? სამაგიეროდ, გაახსენდათ სოჭის ოლიმპიადა, რაკი ვერ ხვდებიან, რომ ეს თემა სწორედაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იმუშავებს აფხაზეთის პრობლემის კონტექსტში: სოჭის ოლიმპიადაში ფულს მხოლოდ რუსეთი როდი დებს - მილიარდობით დოლარს დებენ უდიდესი (მათ შორის ამერიკული) ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც ამით სისხლხორცეულად დაინტერესებულნი ხდებიან სოჭის მეზობლად ამჟამინდელი სტატუს-ქვოს შენარჩუნებაში.
    თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ზიმბაბვეს შემთხვევაში მაინც, ამერიკელები პრინციპულნი იქნებიან; მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს საკითხს «მიაბამს» არა ზიმბაბვეს ოდიოზური დიქტატორის ყოფნა-არყოფნის, არამედ, ვთქვათ, ირანის «ბირთვული დოსიეს» თემას?
    ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა, რომლის პოლიტიკური დოქტრინა უმოწყალო პრაგმატიზმია, ყოველთვის შემოინახავს საშუალებას თავის საქციელს «ღირებულებითი დასაბუთება» მოუძებნოს.
    კონდოლიზა რაისი, თბილისში ყოფნისას, საგანგებოდ შეხვდა ოპოზიციას და ამ შეხვედრამდე ხაზგასმულად «ტეტ ა ტეტ» ესაუბრა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელმაც ამას წინათ ქართულ ელიტასა და დიპლომატიურ კორპუსს ქვეყნის განვითარების ალტერნატიული პროექტი შესთავაზა - საკუთარი თავის სახით.