ბოროტი მასხარა

ბოროტი მასხარა

სატირა ძალიან მნიშვნელოვანი რიტორიკული ფიგურაა და კაცობრიობის ისტორიაში იმაზე დიდი როლი შეასრულა (ახლა ხომ ასრულებს და ასრულებს) ვიდრე საქართველოში გვგონია.

რა არის სატირა?

სატირა, ირონიისგან და კომიკურობისგან განსხვავებით, არის.... `ბოროტი ხუმრობა`.

მე პირადად სწორედ ეს განსაზღვრება მიმაჩნია ყველაზე ზუსტად და შესაბამისად; ანუ, მოდური ტერმინით `რელევანტურად`.

სატირის გულანი `შერყვნაა`.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, `ბოროტი ხუმრობა` ანუ ხუმრობა შერყვნით და გესლიანი დაცინვით (!) - სოციალური `წითელი ხაზების` მიღმა, კეთილშობილი ნარატივის მიღმა, ხსენებული წითელი ხაზების გარეშე, რომ, მაგალითად, არ შეიძლება დასცინო/დაგესლო ვთქვათ, ბავშვი, დედა, დედა-შვილობა, მამა-შვილობა, რწმენა, პატრიოტიზმი, თავგანწირვა, კეთილგანწობა, ერთგულება, მადლი და ა.შ და ა.შ.

ანუ იგულისხმება, დომინანტური სოციალური მეგა-ნარატივის მიღმა (!) და მასზე გადაბიჯებით (!), ე.წ. პოლიტ-კორექტულობისა და ეთიკ-კორექტულობის დარღვევით, თუნდაც ბოროტად და შხამიანად....თქვა სათქმელი, რაც სოციუმში შეასძლოა მიმალულია, სიკეთით და ეთიკით ან მორალით დათრგუნულია, თუმცა, მაინც `სათქმელია`.

არსებობს ლატენტურად, ზოგჯერ ცნობიერის, ზოგჯერ ქვეცნობიერის ბინძურ სიღრმეში.

კიდევ უფრო დაზუსტებით, არსებობს სწორედაც როგორც `სათქმელი` ( გენიალური ქართული სიტყვა/ცნებაა-დ.) და სოციალური ფუნქციონირების თუ ცხოველმყოფელობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მაინც უნდა/შეიძლება `გაჟღერდეს`.

კონკრეტული ინტერესის შესაბამისად და მასთან თანადებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროპა იმიტომაა სრულქმნილი ცივილიზაცია, რომ უამრავი ისეთი ფენომენი შექმნა, ელვარე გენიალობის ნიშანს რომ ატარებს.

ხომ ბევრს გვსმენია ალბათ, შუა საუკუნეების ევროპაში, ანუ `მეფობის ხანაში`, სამეფო კარზე არსებობდა ასეთი ფენომენი: ტაკიმასხარა, `მეფის ტაკიმასხარა`.

იგივე ბოროტი სატირიკოსი. ბოროტი ხუმარა.

როცა სამეფო კარი იკრიბებოდა, მეფე ტახტზე იჯდა, სვამდნენ, მსჯელობდნენ, ურთიერთობდნენ, ეს ბოროტი ტაკიმასხარა (კეთილი არ არსებობდა, მხოლოდ ბოროტი-დ.) გამოვარდებოდა ვითომდაც მთვრალი და ლანძღავდა, შხამავდა ყველას, ყველაფერს...... დასცინოდა იმას, ვისი დაცინვაც არა აკრძალული, არამედ შეუძლებელი უნდა ყოფილიყო; აბუჩად იგდებდა საკრალურს, `ასხამდა` ყველას - სამეფო კარის ყველა დიდებულს, ყველა წმინდანს, ყველა მღვდელთმთავარს, ყველაზე დამსახურებულ, ქველ რაინდებსა და მეომრებს, ყველაზე სათუთ და წმიდა გრძნობებსაც მათ შორის და.....არასდროს გამორჩებოდა თვით მეფეც!

მეფესაც დასცინოდა, მეფესაც აბუჩად იგდებდა ყველას თვალწინ!

აი ეს არის ამ ფენომენის გულანი: არც მეფეს აკლებდა მეთქი, ოღონდ.....ყველას ესმოდა (რომც არ თქმულიყო), რომ მეფეს ამ თამაშში ჩართვა რაფინირებული თვალთმაქცობა იყო, რაკი სუვერენის ნების გარეშე ეს ტაკიმასხარა საერთოდ ვერ იარსებებდა!

და ვერც ვერაფერს გაბედავდა.

ამიტომ იმ დახვეწილ თამაშში, რასაც სუვერენი იმდროინდელი ფეოდალური ელიტების წინააღმდეგ, ფარული დაპირისპირების დროს დგამდა დიდი წვეულებებისას ამ ბოროტი ხუმარას მეშვეობით, `სათქმელი` ნებისმიერ შემთხვევაში სუვერენის სასარგებლოდ ქმნიდა ნარატივს და არა მის საწინააღმდეგოდ!

ტაკიმასხარა სუვერენის `სათქმელს` ამბობდა მაშინაც კი, როცა მასაც არანაკლებ დასცინოდა და აბუჩად იგდებდა თითქოს.

ტაკიმასხარისა და მისი მეფისთვის სწორედ ეს ნარატივი იყო მთავარი; და მისი მეშვეობით სოციო-ფსიქოლოგიური დომინანტების შექმნა - სუვერენული აბსოლუტიზმის გასაძლიერებლად, რაკი ეთიკა და მორალი, სინამდვილეში სუვერენის შემზღუდავი ხუნდებია.

თუმცა მეორეს მხრივ, ოფიციალურად დეკლარირებულ სოციალურ საყრდენთა სრული ნგრევაც არ ხდებოდა რადგან......`აბა ხომ ტაკიმასხარაა , - უბადრუკი ტაკიმასხარა და..... მაგას რა მოეთხოვება მისი დედაც?!`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპული ცივილიზაცია (ამერიკა ევროპული ცივილიზაციაა) ახლაც კი ცდილობს ამ გენიალური ფენომენის შენარჩუნებას.

სწორედაც იმიტომ, რომ უმნიშვნელოვანესი, გენიალური რიტორიკული ფიგურაა.

ამის მაგალითია ის, რაც `ოსკარის` ბოლო დაჯილდოვებაზე მოხდა, როცა ცერემონიის წამყვანმა, ბოროტმა ტაკიმასხარამ გალანძღა და თავსლაფი ასხა ყველას და ყველაფერს, გააბინძურა ყველაფერი, რისი გაბინძურებაც შეიძლებოდა, დასცინა ყველას რისი დაცინვაც შეიძლება და არ შეიძლება, თუმცა....ერთ-ერთმა (უილ სმიტმა) ვეღარ მოითმინა და შუა საუკუნეებიდან ჩამოყალიბებული თამაშის წესი დაარღვია: მივიდა და ავადმყოფი მეუღლის შეურაცხყოფისთვის თხლიშა იმ კრისას სუვერენის (აწ უკვე სამოქალაქო საზოგადოების და არა ხელმწიფის) წინაშე, რისთვისაც დაისაჯა!

დაისაჯა, რაკი გაბედა ის, რასაც შუა საუკუნეებში ვერც ერთი (მეუღლის აბუჩად აგდებით აღშფოთებული) რაინდი მეფის წინაშე ვერ გაბედავდა ან/და თუ გაბედავდა თავის მოკვეთა არ ასცდებოდა.

ოღონდ არა სამარცხვინო ჩამოხრჩობა: ფაქიზი მიზანშეწონილობა ძალაში იყო მუდამ. მით უმეტეს გენიალურ ევროპაში.

მაშინ უმეტესწილად არა თავის მოკვეთის შიში, არამედ მეფისადმი მოწიწება გადასძალავდა ოჯახურ/რაინდულ ღირსებას.

და რაც მეტი რაინდი იყო, მით მეტად!

ქვეწარმავალმა ტაკიმასხარამ ეს იცოდა, როცა რაინდის მეუღლეს დასცინებდა ხელმწიფის წინაშე!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ.....მაგრამ.......მაგრამ.......

შეეძლო განა ვინმეს თუნდაც წარმოედგინა, რომ ის ტაკიმასხარა, ის ბოროტი ხუმარა..... ის გესლიანი არსება, სუვერენი გამხდარიყო?

ესე იგი მეფედ ეკურთხათ და ამით, იმდროინდელ საზოგადოებას დაეშვა ესოდენ ბინძური პერვერსია?! - `წუმპის `გაკეთილშობილება ანუ `გაპრავება`?

გამორიცხულია!

რომში გლადიატორი შეიძლება ეკურთხათ იმპერატორად, მაგრამ სამეფო ევროპაში ტაკიმასხარა დარჩებოდა მუდამ ტაკიმასხარად და თავადაც კი კრძალვით ვერ გაბედავდა არათუ მეფობაზე ფიქრს, არამედ სოციალური სტატუსის და ამპლუას თუნდაც ნაწილობრივ შეცვლას.

აი დემოკრატიაში კი........დემოკრატიაში ........თუმცაღა დემოკრატიასაც გააჩნია: არტისტი რონალდ რეიგანი კი იქცა დიდ პრეზიდენტად, მაგრამ ის ხომ ტაკიმასხარა არასდროს ყოფილა!

აი ხსენებული კრისა კი, - ოსკარის ბოლო ცერემონიალზე რომ შხამს ანთხევდა ყველას და ყველაფრის მიმართ, - ამერიკის პრეზიდენტი ვერაფრის დიდებით ვერ გახდება.

Never ever!

უბრალოდ არ აირჩევენ ამერიკელები, რაკი ამერიკული საზოგადოება, უამრავი ნაკლის მიუხედავად, მთლიანობაში მაინც ჯანსაღი საზოგადოებაა

ბოროტი ტაკიმასხარა, რომელიც სატირით იკვებება, შესაბამისად `შერყვნით` იკვებება (და მსუყედაც იკვებება), პრეზიდენტი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ ღირებულებითად ბრინჯივით დაბნეულ, არაშეკრებილ, არაკონსოლიდირებულ, ღირებულებითად ამბივალენტურ, ნიჰილიზმით დიდწილად დასნებოვნებულ, ლაბილური, ფხვიერი, არანოყიერი, იოლად მსხვრევადი იდენტობის მქონე, მთლიანობაში არაჯანსაღ საზოგადოებაში (წერტილი).

ასეთმა საზოგადოებამ შეიძლება მოიგოს ბრძოლა (!), მაგრამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომს (!) არსებობისთვის მოიგებს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც განიწმიდება და კონსოლიდირდება ღერძულა ღირებულებების გარშემო.

თუკი ეს ძალუძს და იმედია ძალუძს!

ცინიზმისგან ძლევამოსილი პატრიოტიზმი ისევე ვერ გამოიჭედება, როგორც ნეხვისგან ტყვია.

ეს არის და ეს.

გამგები გაიგებს

“Hier stehe ich. Ich kann nicht anders. Amen“

დათო