საერთაშორისო მიმოხილვა. 14სექტემბერი 2022 წელი
ბუნებრივია, დასავლეთში ახლა აქტიურად აკომენტარებენ პუტინის არმიის კრახს აღმოსავლეთ უკრაინაში.
ანალიტიკოსები წერენ, რომ 22 წლის განმავლობაში, რაც `დემოკრატმა` ბორის ელცინმა (რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა) КГБ-ს საშუალო რანგისა და შეძლების ოფიცერი მემკვიდრედ დატოვა, ეს ყველაზე სერიოზული ეგზისტენციური კრიზისია როგორც პუტინისთვის პირადად, ასევე რუსეთისთვის.
თანაც კრიზისი განვითარდა და ყველა სისტემურმა ნაკლოვანებამ თუ სისუსტემ იფეთქა სულ რამდენიმე დღის განმავლობაში.
პუტინის მმართველობის გარიჟრაჟზე იყო სხვადასხვა კრიზისები - წერენ ანალიტიკოსები - მაგალითად ბირთვული წყალქვეშა ნავის `კურსკ` ჩაძირვა, პუტინის დაპირისპირება მედიამფლობელ ოლიგარქებთან და ა.შ. თუმცა მათი გადალახვა პუტინმა ასე თუ ისე შეძლო.
ჩეჩნური წინააღმდეგობაც გატეხა სადღაც 2006-2007 წლისათვის მთლიანად.
ხარკოვის რაიონში განცდილმა კრახმა გამოააშკარავა, რომ პუტინის არმია შიგთავსით დამპალია, თუმცაღა ეს მხოლოდ გამოხატულებაა მისი სახელმწიფოებრივი სისტემის შინაგანი ხრწნისა, რისი მთავარი მიზეზიც კორუფციაა.
თანაც, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დონბასზე უკრაინელთა გამარჯვება და რუსების დამარცხება `მოულოდნელი` არ უნდა ყოფილიყო.
პირველი ნიშნები გამოჩნდა მაშინ, როდესაც უკრაინელებმა განახორციელეს ბრწყინვალე სამხედრ-საზღვაო ოპერაცია და უპილოტო საფრენი აპარატის, აგრეთვე ხმელეთი-ზღვა კლასის რაკეტების კომპლექსური გამოყენებით, ჩაძირეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი `Москва`. ამას როგორც სამხედრო, ასევე სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა: ჯერ ერთი ფლაგმანი იყო და ყველაზე ძლიერი ხომალდი; გარდა ამისა, `მოსკვა` ერქვა. თანამედროვე ომში კი ამგვარი სიმბოლოები უდიდესი მნიშვნელობისაა.
მეორე ნიშანი პუტინის სისუსტისა გახდა კიევის მისადგომებიდან რუსული არმიის უკან დახევა: შეგახსენებთ, რომ ბელორუსიდან რუსული არმია ჯერ კიდევ მარტში შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე; ალყა შემოარტყა კიევს, მაგრამ შეტევა ვერ გაბედა, რადგან ქალაქი ძალიან კარგად იყო გამაგრებული. უკრაინელები პარტიზანულ რეიდებს ახორციელებდნენ, ხოლო რუსული არმია გაიხრწნა, მოროდიორობა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურება დაიწყო, რამაც დასავლეთს საბოლოოდ გადააწყვეტინა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია იარაღით და დაზვერვით, რაც იარაღზე არანაკლებ ძვირფასია.
გაჩნდა პირველი ნიშნები უკმაყოფილებისა პუტინით არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ რუსულ ისტებლიშმენტში: მოსკოვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატთა ნაწილმა პუტინის გადადგომაც კი მოითხოვა.
იგივე ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ წარუმატებლობის ფონზე, ანუ სტრატეგიული დამარცხების პირველ ეტაპზე, პუტინის მთავარი პრობლემა მაინც ომის შეწყვეტის მოთხოვნა კი არ იქნება, არამედ პირიქით, ის მოთხოვნა, რომ მან უფრო სასტიკი ხერხებით აწარმოოს ომი: დაიწყოს უკრაინის ინფრასტრუქტურის, ელექტროსადგურების, საავტომობილი კვანძების, სარკინიგზო კვანძების, წყალმომარაგების სადგურების უფრო მასირებული დაბომბვა. და გამოიყენოს ყველანაირი იარაღი, მათ შორის ბირთვულიც.
პუტინი ამას ჯერ ჯერობით მასირებულად არ აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია დასავლეთის კიდევ უფრო აქტიური ჩართვისა ომში რუსეთის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, რადიკალები პუტინისგან მოითხოვენ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას.
თუმცა, პუტინს ხალხის უკმაყოფილების ეშინია და ისიც იცის, რომ თანამედროვე ომში ამას დიდი აზრიც არა აქვს: ეს `საყოველთაოდ გაწვეულები` გადაიქცევიან საზარბაზნე ხორცად და უბრალოდ დაიხოცებიან ყოველგვარი სარგებლის გარეშე: თანამედროვე ომს რაოდენობა კი არა, ხარისხი იგებს ანუ არა იარაღიანი მასა, არამედ პროფესიონალი-სპეციალისტი.
. . . . . . . . . . . . . .
რუსეთია არმიაში, მანამდე საბჭოთა არმიაში იყო განსაკუთრებით პრესტიჟული ქვედანაყოფები. მათ შორის მაგალითად მედესანტეები - ტულისა და ფსკოვის საჰაერო-სადესანტო დივიზიები.
ამ `ელიტურ` ნაწილებს პუტინი აქტიურად იყენებდა უკრაინაში; ოღონდ რაკი სხვა გზა არ ჰქონდა, იყენებდა არა მათი დანიშნულებისამებრ, არამედ სახმელეთო შეტევის ან თავდაცვის გასაძლიერებლად, რაც მედესანტეთა საქმე არ არის.
სწორედ ამის შედეგად, რუსული არმიის სადესანტო დივიზიები თითქმის მთლიანად განადგურებულია და ისეთი დანაკარგია აქვთ, არაფრის უნარი აღარ შერჩათ. არადა მათ ამზადებდნენ პარიზის, ლონდონის, ბერლინის, ლამის ვაშინგტონის `ასაღებად`. არადა, სამარცხვინოდ განადგურდნენ `საზარბაზნე ხორცად`.
ასევე განადგურდა თითქმის მთლიანად HIMARS დარტყმებით პირველი სატანკო არმია - ყველაზე პერსტიჟული, ელიტური, `ოქროს` და `ბრილიანტის` შენაერთი რუსულ არმიაში, რომლის დევიზი იყო, რომ მათი ტანკები პირველნი უნდა შეგრიალებულიყვნენ ბერლინსა და პარიზში.
და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ამერიკული `ლენდ-ლიზით` გათვალისწინებული სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ჯერ არსებითად არც კი დაწყებულა. გვიან შემოდგომიდან დაიწყება.
. . . . . . . . . . . . . .
ბოლო ცნობებით, უკრაინული შეტევის მომდევნი მიმართულება შესაძლოა ზაპოროჟიე გახდეს, სადაც უკრაინული არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები იყრიან თავს ხარკოვში გამარჯვების შემდეგ.
ოღონდ არც ის არის გამორიცხული, ესეც უკრაინული მხარის ტაქტიკური მანევრი იყოს და ნამდვილი შეტევა სადღაც სხვაგან იგეგმებოდეს: ზუსტად ასევე, თითქოსდა ემზადებოდნენ ხერსონზე შეტევისთვის, რეალურად კი მძლავრად შეუტიეს ხარკოვის ოლქში იზიუმის მიმართულებით.
მომდევნო შეტევის მიმართულებას უკრაინის გენერალური შტაბი ამერიკულ და ბრიტანულ შტაბებთან ერთად გეგმავს. ამაზე ღიად არ ლაპარაკობენ, თუმცა აბსოლუტურად უტყუარი ცნობებია.
. . . . . . . . . . . . . .
გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაურეკა პუტინს და დაახლოებით იგივე შესთავაზა, რაც მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა: გაიყვანოს ჯარები 23 თებერვლის ხაზზე (არადა ეს ხაზი უკრაინამ ნაწილობრივ უკვე გადალახა ბოლო შეტევებით), შეინარჩუნოს `სახმელეთო დერეფანი` ყირიმისკენ, ოღონდ ხელი მოაწეროს `უკრაინის სახელმწიფოებრიობის გარანტიებს`, რაც NATO-ს მისცემს საშუალებას, ხელახალი რუსული აგრესიის შემთხვევაში ჩაერთოს პროცესში სამხედრო ძალით.
ამ წინადადებას პუტინმა უარით უპასუხა, თუმცა განსაკუთრებით ისტერიული იყო პუტინის `მოადგილის` დიმიტრი მედვედევის გუშინდელი რეაქცია: `თუ დასავლეთში გგონიათ, ომი მხოლოდ უკრაინის და რუსეთის ტერიტორიით შემოიფარგლება, ძალიან ცდებით: თქვენს გარშემო ყველაფერს აგიდუღებთ სისხლიანადო` - ასეთი იყო საერთო პათოსი.
ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ დიმიტრი მედვედევი, რომელიც 2008-2012 წელს პუტინის დროებითი ადგილმონაცვლე იყო, განსაკუთრებით არაადეკვატურია, რასაც ნაწილიბრივ ხსნიან ელიტური ფრანგული კონიაკისადმი დიდი მიდრეკილებით.
ანუ ლოთობით.
ეს არავის უკვირს: დიმიტრი მედვედევი `დიდი რვიანის` (G8) სამიტებზეც კი მთვრალი იყო ხოლმე.
. . . . . . . . . . . . . .
ამერიკელები აგრძელებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისათვის სამსოფლიოდ თავსლაფის დასხმას: 20 სექტემბრიდან გაეროში იწყება `მაღალი დონის კვირეული`, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსულმა დელეგაციამ. მაგრამ ამ დელეგაციის რამდენიმე საკვანძო წევრს ჯერაც არ მიუღია ამერიკული ვიზა, რათა ნიუ იორკში ჩაფრინდეს.
ყველა პანელზე თვითონ ლავროვი ხომ არ გამოვა? ლავროვს კი მისცეს ბოლოს ვიზა ამერიკელებმა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტიერეშმა სთხოვათ. გენმდივნის განაწყენება კი ამერიკელებს არ სურდათ.
. . . . . . . . . . . . . .
ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ ჟომარტ ტოკაევი გუშინ საბოლოოდ გაემიჯნა მის წინამორბედს, ნურსულთან ნაზარბაევს და ნაზარბაევის კლანს. ამის სიმბოლური გამოხატულება გახდა გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის დედაქალაქს დაუბრუნდეს ძველი სახელწოდება `ასტანა` ნაცვლად `ნურსულთანისა`.
`ნურსულთანი` დაარქვეს მას შემდეგ, რაც ნაზარბაევი `გადავიდა` ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და თავის `ადგილმონაცვლედ` კი კასიმ ჟომარტ ტოკაევი დანიშნა. მას ეგონა, რომ ტოკაევი სულ მისი ყმა იქნებოდა, თვითონ კი ქვეყანას მართავდა როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე.
მაგრამ ეს გათვლა აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდა: წლევანდელი იანვრის ამბოხის შემდეგ კასიმ ჟომარტ ტოკაევი გაემიჯნა ნაზარბაევს და ახლა ყაზახეთის მრავალწლიანი პრეზიდენტი სად იმყოფება, აღარავინ იცის - ზოგიერთი ცნობით, დუბაიში ცხოვრობს მრავალმილიონიან რენტაზე. ნაზარბაევი ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.
კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ამგვარი სქემები პოსტსაბჭოურ სივრცეზე არ მუშაობს და არც საქართველოში იმუშავებდა - ედუარდ შევარდნაძეს რომც მოეხერხებინა რაღაც მსგავსის განხორციელება, რასაც აპირებდა: პირველივე კრიზისის შედეგად ცამოიშლებოდა ეს სისტემა.
ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ სქემამ წარმატებით იმუშავა, არის ჩინეთი: როდესაც დენ სიაოპინი ყველა პოსტიდან წავიდა, ის დარჩა ჩინეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. ანუ არმიის და სპეცსამსახურთა ხელმძღვანელად. თუმცა ეს აბსოლუტურად უნიკალური მოდუსი იყო, - განპირობებული ჩინეთის სპეციფიკით და კომუნისტური რეჟიმის არსით.
ყაზახეთში და საქართველოში კი...... ასე თუ ისე სიტყვის თავისუფლებაც არსებობდა და ელიტებსაც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ურთიერთქმედების მეტი სივრცე ჰქონდათ.
ეს სივრცე სწორედ დენ სიაოპინის რეფორმების შედეგად, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინეთშიც გაფართოვდა. ანუ, დღეს რომ სი ძინპინმა მოინდომოს იგივეს განმეორება: ყველა ოფიციალური თანამდებობა დატოვოს, მხოლოდ თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეობა შეინარჩუნოს და ფაქტიურ მმართველად დარჩეს - უკვე ვეღარ შეძლებს.