საერთაშორისო მიმოხილვა. 16 აპრილი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 აპრილი. 2023 წელი

იერუსალიმის საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენლები ოფიციალური სტატუსით იერუსალიმის მაცხოვრის ეკლესიაში არ შეუშვა წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის დროს

სამაგიეროდ შეუშვა  უკრაინის პრორუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

იერუსალიმის საპატრიარქო არ სცნობს კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ.

. . . . . . . . . . . . . .

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი შედეგია უკრაინა-ჩინეთის ურთიერთობათა გაყინვა. არადა ეს ურთიერთობები სწრაფად ვითარდებოდა აგრესიამდე.

პარადოქსია გარკვეულწილად, რომ ჩინეთმა დე-ფაქტო რუსეთს დაუჭირა მხარი ამ ომში. ყოველ შემთხვევაში ყველა მისი დიპლომატიური პოზიცია ამ საკითხში უფრო მოსკოვის სასარგებლოა და არა კიევის.

არადა 2017-2022 წლამდე ჩინეთ-უკრაინის ურთიერთობები სწრაფად ვითარდებოდა: ჩინეთი ახორციელებდა მნიშვნელოვან ინვესტიციებს უკრაინის ინდუსტრაიში ესე იგი.....აღმოსავლეთ უკრაიანში, რომელიც ახლა ომით განადგურებულია.

გარდა ამისა, ჩინეთი ახორციელებდა იმპორტს უკრაინიდან. და საიმპორტო საქონლის ნომენკლატურა საკმაოდ ფართო იყო: რკინიდან - მზესუმზირამდე.

თუმცა ამავდროულად, ჩინეთი 2014 წლიდან დაეხმარა რუსეთს `შემოემტკიცებინა` ოკუპირებული ყირიმი. კერძოდ, მიაწოდა პუტინს `ყირიმის ხიდის` ასაშენებლად აუცილებელი ტექნოლოგიები.

2022 წლის იანვრის შემდეგ, განსაკუთრებით რუსული აგრესიის კვალობაზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენჯერმე მოითხოვა სატელეფონო საუბარი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან, თუმცა მუდამ უარს იღებს.

ნუთუ ჩინეთს არ აღელვებს თავისი ინვესტიციები დონბასზე? ან მისთვის არაღირებულია უკრაინული იმპორტი?

ეს უცნაურობა როგორც ჩანს იმით აიხსნება, რომ ჩინეთის ხელისუფლება  მარტივი და პრაგმატული კალკულაციით ხელმძღვანელობს: თუ პუტინი საბოლოოდ დაიპყრობს დონბასს, ჩინეთს იქ ჩადებული ინვესტიციები არ დაეკარგება, რადგან პუტინი ყველაფერს დაუბრუნებს.

უკრაინული საქონლის იმპორტი ჩინეთისთვის ნაკლებად ღირებულია რუსეთიდან იმპორტზე. მათ შორის სამხედრო ტექნოლოგიებისა რამდენიმე მიმართულებით. უპირველესად სარაკეტო.

და ბოლოს, რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, განსხვავებით უკრაინისგან, რომელმაც 1994 წლიდან დათმო ბირთვული იარაღი.

ჩინეთის სამხედრო-ბირთვული პოტენციალი რუსული ბირთვული არსენალის მეათედსაც არ შეადგენს.

 ჩინეთს დიდი იმედი აქვს, რომ ამ არსენალს სწორედ რუსეთის მეშვეობით გაზრდის და ექნება საშაულება უფრო `მჭახე ხმით` ელაპარაკოს მის მთავარ მეტოქეს - ამერიკის შეერთებულ შტატებს.

. . . . . . . . . . . . . . .

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს პირი (ჯეკ ტეიშერა), რომელმაც პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა ჩათში, თუმცა ამ დოკუმენტების გავლენა სიტუაციაზე On The ground უკრაინაში კვლავაც უზარმაზარია.

ანალიტიკოსები აღნიშანვენ, რომ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას, პარადოქსულად, დადებითი ეფექტიც კი ექნება.

მაგალითად, ერთ-ერთ მათგანში ამერიკული დაზვერვა პრეზიდენტ ბაიდენს და თავდაცვის მდივან ოსტინს ატყობინებდა, რომ უკრაინელებმა ამ ომში 120 000 ადამიანი დაკარგესო (მეტი ვიდრე რუსებმა) და უკრაინულ არმიას ეწურება საბჭოთა წარმოების საბრძოლო მასალები, მათ შორის ჭურვები და საზინიტო რაკეტები. მიუხედავად ამისა, უკრაინის არმია არ იღებდა დასავლეთიდან საბრძოლო მასალებს საჭირო რაოდენობით.

მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, ამერიკასაც და მის მოკავშირეებსაც მეტი მოტივაცია ექნებათ, რათა საბრძოლო მასალები, ჭურვები და რაკეტები მიაწოდონ მებრძოლ ქვეყანას. იმიტომ, რომ აქ უკვე ჩაერთო დასავლური საზოგადოებრივი აზრი. და პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასაც მეტი `სათქმელი` გაუჩნდა.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც `კლასიფიცირებულმა` (საიდუმლო) დოკუმენტებმა ქსელში გაჟონეს, ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინის არმიას მილიონი ჭურვი (!) დამატებით მიაწოდონ.

. . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთი იძულებული გახდა გადაედგა ანტიუკრაინული ნაბიჯი ეკონომიკის სფეროში: პოლონელი პრემიერის, მაროვეცკის  ბრძანებით, აიკრძალა ხორბლის და სხვა აგროპროდუქტების იმპორტი უკრაინიდან.

პოლონეთის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში, მაგრამ იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, რაკი ომმა ძალიან გააიაფა უკრაინული აგროპროდქცია და მას პოლონელ ფერმერთა პროდუქცია კონკურენციას ვეღარ უწევდა, რამაც უამრავი პოლონელი ფერმერი უმძიმეს დღეში ჩააგდო.

პოლონეთის მთავრობაც ასე განმარტავს: მხარს გიჭერთ უკრაინელი ძმებო, მაგრამ ჩვენი ფერმერები მაინც ყველაფერს გვირჩევნიაო.

. . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, შაბათს, უკანასკნელი სამი ატომური ელექტროსადგური დაიხურა სამუდამოდ, რითაც დასრულდა გერმანიის `ბირთვული ერა`.

ამ ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურები საერთოდ აღარ დარჩა მაშინ, როდესაც გერმანიის მეზობელ ქვეყნებში, ასევე დიდ ბრიტანეთში ახლა იწყებენ დამატებითი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას!!!

გერმანიის `დენუკლეარიზაცია` ძალიან ცუდი ამბავია, რადგან ეს ინდუსტრიული ქვეყანა ამით ბევრად მეტად დამოკიდებული ხდება ენერგომატარებლებზე.

უკრაინის ომმა გერმანია აიძულა, მინიმუმამდე დაეყვანა ენერგომატარებლების, პირველ რიგში ბუნებრივი აირის იპორტი რუსეთიდან, მაგრამ ეს `უფასოდ` არ მომხდარა: გერმანიის მთავრობამ დიდი თანხები გამოჰყო ალტერნატივათა მოსაძიებლად, ანუ იქმნება საშიშროება, რომ გერმანიას ზოგადად დააკლდება ენერგომატარებლები, ეს შეანელებს ეკონომიკის ზრდას, არადა გერმანია ევროპის და მთელი დასავლეთის ეკონომიკური `ლოკომოტივია`.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ბევრჯერ დადასტურებულ ფაქტს, რომ გერმანიის `ანტიბირთვული` პოლიტიკა, დაწყებული 1980-იანი წლებიდან, - როცა იქ `მწვანეები` გაძლიერდნენ, -  მოსკოვური სპეცსამსახურების პროდუქტიული და (სამწუხაროდ) შედეგიანი ქმედების შედეგია.

თუმცა ობიექტური წინაპირობებიც არსებობდა: 1986 წლის კატასტროფა ჩერნობილში, უკრაინის სსრ ტერიტორიაზე და 2011 წლის კატასტროფა იაპონურ ფუკუსიმაში.

იაპონიაში უსაფრთხოების ზომები უმაღლესი სტანდარტით იყო დაცული საბჭოთა ჩერნობილისგან განსხვავებით, მაგრამ საოკეანო ცუნამი გამანადგურებელი აღმოჩნდა.

დღეს მწვანეები გერმანიის მმართველი კოალიციის წევრები არიან.

. . . . . . . . . . . . . . .

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუ-მ განაცხადა, რომ ჩინეთი უკვე ნამდვილად ემზადება ტაივანის ძალით დასაპყრობად, ხოლო პეკინის სამხედრო ტაქტიკა იქნება ტაივანის კუნძულის ჯერ ალყა სამხედრო გემებით, შემდეგ უკვე საავიაციო დარტყმები და დესანტი ზღვიდან, ასევე ჰაერიდან.

ტაივანმა დაადასტურა, რომ ემზადება თავდაცვისთვის და ამ მიზნით ამერიკელებთან საგანგებო შეთანხმებაც გააფორმა კუნძულზე საბრძოლო მასალისა და იარაღის სარეზერვო სივრცეების შექმნის შესახებ - იმ გათვლით, რომ თუ ჩინეთი შემოიჭრება და, იმავდროულად, ჩინური არმია მაინც შეძლებს კუნძულის ალყას, ტაივანს მეტი რესურსი ჰქონდეს ხანგრძლივი წინააღმდეგობისათვის.

საინეტრესო ფაქტია: ამერიკა არ სცნობს ტაივანის დამოუკიდებლობას, ამერიკა აღიარებს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია და სცნობს მხოლოდ ერთ ჩინეთს - ეს ვაშინგტონის ხანგრძლივვადიანი პოლიტიკაა, მაგრამ....... იმავდროულად, ამერიკა ეხმარება ტაივანს ყველაფრით, იარაღის ჩათვლით და ემუქრება კიდეც ჩინეთს, რომ თუ სამხედრო ძალას გამოიყენებს ტაივანის დასაბრუნებლად, ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტი`განზე` არ დარჩება.

ამერიკელები აქ ვერანაირ წინააღდმეგობას ვერ ხედავენ.

. . . . . . . . . . . . . . .

ანეგდოტური განცხადება გააკეთა რუსმა სენატორმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, ვიაჩესლავ კოსაჩოვმა, რომელიც საქართველოს ``დაუძინებელი მეგობარი`` იყო მუდამ და ახლაც ყველანაირად ცდილობს პრობლემები შეგვიქმნას.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ, პეტერბურგში, СНГ-ს ღონისძიებაზე უკრაინული დროშის აღმართვა ბუნებრივი და კანონიერია, რადგან თურმე....... `უკრაინა დსთ-დან არ გასულაო`.

არ გასულა იმიტომ, რომ არც შესულა!

ეს ბევრმა არ იცის: 1990-იანი წლებიდან დაწყებული, უკრაინის პრეზიდენტები კრავჩუკი, კუჩმა და ა.შ. კი მონაწილეობდნენ დსთ-ს სამიტებში, მაგრამ უკრაინის `ვერხოვნაია რადამ` (პარლამენტმა) არ განახორციელა დსთ-ს წესდების რატიფიცირება (როგორც ეს საქართველომ გააკეთა 1994 წლის 1 მარტს) ამიტომ უკრაინა დსთ-ს ოფიციალურ წევრად არ ითვლებოდა. შესაბამისად, უკრაინა ვერც გამოვიდოდა დსთ-დან, როგორც ეს საქართველომ გააკეთა 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ.

ანუ..... მთელი ამ წლების განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტები დსთ-ს სამიტებს, სინამდვილეში არაოფიციალური სტატუსით ესწრებოდნენ. თუმცა ამაზე არც მოსკოვი ლაპარაკობდა და არც კიევი.

ახლა შეახსენეს, როცა დასჭირდათ.

. . . . . . . . . . . . . . .

საზარელი ომის ექო: გუშინ გერმანიის ქალაქ დრეზდენში 15 000 მოქალაქის დროებითი ევაკუაცია გახდა აუცილებელი მას შემდეგ, რაც ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას მშენებლებმა იპოვეს 250 კილოგრამიანი საავიაციო ბომბი - საბრძოლო მდგომარეობაში.

ეს ბომბი მოკავშირეებმა (ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაციამ) ჩამოაგდეს დრეზდენში ამ ქალაქის გამანადგურებელი ბომბარდირების დროს 1945 წლის თებერვალში, როდესაც დრეზდენი თითქმის მთლიანად დაანგრიეს. ერთ ღამეში დაიღუპა მინიმუმ 25 000 გერმანელი. ქალაქი კი თითქმის მთლიანად დაინგრა.

დღევანდელ დრეზდენში `ძველი შენობები` სინამდვილეში ნახატების და ფოტოების მიხედვითაა აღდგენილი.

. . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვში ვითარება კვლავ დაძაბულია `წმიდა ტბასთან` მეჩეთის მშენებლობის გეგმათა გამო.

უცნობმა პირებმა ყურანი დაწვეს და ვიდეო ქსელში გაავრცელეს.

მოსალოდნელია უახლოეს დღეებში ორი საპირისპირო მსვლელობის მოწყობა რუსეთის დედაქალაქში: ქრისტიანების და მუსლიმების, რაც შესაძლოა სერიოზულ შეტაკებებში გადაიზარდოს.

ეს პუტინს მნიშვნელოვნად დაასუსტებს ანტიუკრაინული აგრესიის დროს.