„მფატრავი ნარკოპოლიტიკა“ საქართველოში.
მართლა საშინელი ამბავია იმ ექიმი ქალის დაპატიმრება.
ოღონდ ვინც ამაზე (ვ)წერთ, თუ პატიოსნად და(ვ)წერთ, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა „ძალისმიერ ბიუროკრატიაზე“, რომელიც ყველგან, ყველა ქვეყანაში ერთნაირად მოქმედებს „ფაქტზე“ ნადირობისას და ასევე ყველგან, ყველა ქვეყანაში იყენებს ერთნაირ, არც თუ სიმპატიურ მეთოდებს, მათ შორის „პროვოცირების“ მეთოდს, რაც აპრობირებულია აბსოლუტურად ყველგან, ამერიკიდან და ბელგიიდან - ჩრდილო კორეამდე, არამედ აქცენტი დაისვას იმ კ ა ნ ო ნ მ დ ე ბ ლ ო ბ ა ზ ე და შესაბამის ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე (პრაქტიკაზე), რაც მოქმედებდა და მოქმედებს ქვეყანაში.
ამას წინათ, ჩემი ოჯახის წევრი ძალიან ცუდად რომ გახდა, სასწრაფო გამოვიძახე და ექიმი მეუბნება: „გამაყუჩებელი არ გვაქვსო“.
გესმით ხალხო?
სასწრაფო დახმარების ე ქ ი მ ი მეუბნება გ ა მ ა ყ უ ჩ ე ბ ე ლ ი (!!) არ გვაქვსო.
სინამდვილეში წამალი როგორ არა აქვს, არამედ არა აქვს მისი გაცემა/გამოყენების უფლება ათასი ბიუროკრატიული „ქაღალდის“ გარეშე, - იმ მომენტში ადამიანი როგორც არ უნდა იტანჯებოდეს.
როდესაც სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტი (სოციუმის და ოპოზიციური კლასტერის მოთხოვნით, რომელიც მას პოლიტიკურად „აწვება“ ნარკომანიის გავრცელების გამო) ხდება ნარკომოხმარების და ნარკოტიკების, მათ შორის ნარკოტიკთან გათანაბრებუილი პრეპარატების მიმოქცევის მაქსიმალურად შეზღუდვა, ასეთი ინციდენტები არავის უნდა უკვირდეს.
ეს არის, დიახაც „ვაის გავეყარე“ - „ვუის შევეყარე“ სიტუაცია, საიდანაც „კარგი“ გამოსავალი არ არსებობს.
და როდესაც წამალი აკრძალულია ან მაქსიმალურად შეზღუდულია მისი ბრუნვა, მაშინ (ვიმეორებ) ძალისმიერი ბიუროკრატია, სამართალდამცავი სისტემა, თვით მისი იმმანენტური, სუბსტანციური, ინსტიტუციური ბუნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა დაიწყებს „ფაქტზე“ ნადირობას.
ინადირა და მიაგნო ახმეტაში.
რა თქმა უნდა ინადირებს ნებისმიერი თუნდაც არასიმპათიური, თუმცა ლეგალური (!) მეთოდით, რასაც (ვიმეორებ) ყველგან იყენებს ეს სისტემა: კანადაშიც და ახალ ზელანდიაშიც.
ამიტომ ამ ჩვენმა საზოგადოებამაც გააკეთოს არჩევანი: ან იმ ვითარების შენარჩუნება (ყველა მისი თანამდევით) რაც ახლა გვაქვს და რაც იწვევს ასეთ ინციდენტებს, ან შეურიგდეს იმას, რომ ნებისმიერი ალტერნატივის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარება გაიზრდება.
აი ამ დილემიდან რომ თავის დაძვრენას ცდილობენ, თითქოს ეს დილემა არ არსებობს, იმ ხალხის არაფერი მჯერა.
აირჩიეთ: ან - ან!!
დიახაც ასე დგას საკითხი.
ბევრჯერ მითქვამს, რომ გამოსავალი სინამდვილეში არის ერთი:
ნარკომანიის ლეგალიზაცია (არა დეკრიმინალიზაცია არამედ ლეგალიზაცია) იმ აზრით, რომ ნარკომანს უნდა ჰქონდეს საშუალება სახელმწიფოსგან (და არა ბარიგებისგან) იყიდოს (!) ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი ნარკოტიკი;
პარალელურად შეიქმნას ნარკოდამოკიდებულთა საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზა, რათა ყველას შეეძლოს ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ი ს მიღება, არის თუ არა ვინმე ნარკომანი;
ასევე პარალელურად ჩამოყალიბდეს ნარკოდამოკიდებულების (ნებაყოფლობითი!) სამკურნალო ინფრასტრუქტურა თუნდაც უსასტიკესი მეთოდებით (საწოლებზე მიბმით და ა.შ.);
ხოლო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გავრცელება/გაზიარება და სახელმწიფოს მიღმა მოხმარება ისჯებოდეს ხანგრძლივი პატიმრობით.
სხვათა შორის ციხე ამ მხრივ საუკეთესო „სამკურნალო დაწესებულებაა“
ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი და მისი „ფასი“, სამწუხაროდ, იქნება ნარკომანიით და „წამლებით“ ათი ათასობით ადამიანის დაღუპვა.
არა?
ეს წარმოუდგენელია?
ეს დაუშვებელია?
მაშინ კეთილი ინებეთ და შეურიგდით არა მხოლოდ იმას, რომ ბარიგებისგან ნაყიდი სიბინძურით იგივე ათი ათასობით ადამიანი დაიღუპება (თუ მეტი არა), არამედ იმასაც, რომ ისევე როგორც ყველგან, ყველა ქვეყანაში, „ძალისმიერი აპარატი“ თავისი ინსტრუმენტებით და იარაღებით თუ მეთოდებით „ინადირებს ფაქტზე“, მიაგზავნის „მყიდველს“ და დაიჭერს ექიმსვინც უ კ ა ნ ო ნ ო დ ანუ ურეცეპტოდ ესე იგი კანონის დარღვევით გასცემს ფსიქოტროპულ ნივთიერებას თუნდაც სრულიად უანგაროდ, თუნდაც მხოლოდ ჰუმანისტური მოსაზრებებით;
ხოლო საშინელ სისტუაციაში გამოძახებული „სასწრაფოს“ ექიმი გეტყვით, რომ გამაყუჩებელი (გ ა მ ა ყ უ ჩ ე ბ ე ლ ი!!) არ აქვს.
ვინც ამ ხელისუფლებას და წინა ხელისუფლებას მუდამ ამუნათებდით: „ნარკომანიამ წაგვლეკააააააა....... და ხელისუფლება არაფერს აკეთეეეეეეებს“ მერე იგონებდით ბინძურ ტყუილებს „ნაცების ხელისუფლება ყიდის ნარკოტიიიიიკს“ „ქოცების ხელისუფლება ყიდის ნარკოტიიიიიკს“, ახლა კეთილი ინებეთ და შეურიგდით იმ „მფატრავ“ ანტინარკოტიკულ პოლიტიკას, რასაც წინა ხელისუფლებაც ატარებდა და ეს ხელისუფლებაც ატარებს.
არ შეიძლება ერთის მხრივ ხელისუფლებას (წინასაც და ამასაც) მუდამ ეგზისტენციურად ამუნათებდე „არაფერს აკეთებს ნარკომანიის წინააღმდეგ“ და მერე მაღალი მორალური პიედესტალიდან ბობოქრობდე იმის გამო, რომ „მაია ექიმი ფსიქოტროპული წამლის ურეცეპტოდ (ანუ უ კ ა ნ ო ნ ო დ!!-დ.) გაცემაზე დააკავეს“, ხოლო სასწრაფო დახმარების ექიმს ტკივილით დატანჯული პაციენტისთვის ელემენტარული გამაყუჩებელი (მორფზე არ იყო ლაპარაკი!) „არ აღმოაჩნდება“ (ვითომ).
ყველაფერს აქვს თავისი „ფასი“, ხოლო ურთულესი პრობლემიდან და დილემიდან „იოლად გამოძრომის“ საშუალება არ არსებობს.