პასტუხოვი კოკოშინმა შეცვალა

პასტუხოვი კოკოშინმა შეცვალა

        გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა ძალზე ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მისი ბძრანებულებით, რუსეთ-საქართველოს «ჩარჩო ხელშეკრულების» მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელად, ნაცვლად ბორის პასტუხოვისა, დაინიშნა ანდრეი კოკოშინი.
        ამჟამად მას არცთუ მაღალი თანამდებობები უკავია რუსეთის სახელისუფლებო წრეებში (მათ შორის, დუმაში), მაგრამ ამან არავინ შეიყვანოს შეცდომაში: ანდრეი კოკოშინი უაღრესად სერიოზული ფიგურაა რუსულ ისტებლიშმენტში, გაცილებით უფრო «წონიანი» და «გავლენიანი», ვიდრე ჩვენი ძველი ნაცნობი ბორის პასტუხოვი.
        ეს უკანასკნელი დიდი გაიძვერა იყო და 1992 წლიდან დღემდე «სისხლი გაგვიშრო», მაგრამ მიანც წვრილმან მოღვაწედ უნდა ჩაითვალოს (რუსულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე) ანდრეი კოკოშინთან შედარებით.
        ბოლო დროს ბორის პასტუხოვი რუსული «გოსდუმის» დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი იყო, ხოლო თბილისში მისი ვოიაჟები წმინდად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. პასტუხოვს ათი წლის განმავლობაში პოზიცია არ შეუცვლია, ხოლო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას რუსეთის «ვოტჩინად» განიხილავდა.
        საქართველოს მიმართ განსაკუთრებით «გულიანი» იყო, რაკი აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» ბერკეტები ხელთ ჰქონდა. რაც შეეხება «პასტუხოვის პროექტს», დიდი ხელშეკრულების მისეული ვარიანტი იმდენად კაბალური აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებაში მის განხილვაზეც კი უარი თქვეს. მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ერთობლივი ნაკრებთა გამოსვლას! – როგორც საბჭოთა კავშირის დროს!!!
      ბოლოს, მოსკოვში მიხვდნენ, რომ პასტუხოვის მონაწილეობით რაიმე სტრატეგიული კომპრომისის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ უფრო სერიოზული ფიგურა მოძებნეს. ანდრეი კოკოშინის დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრემლი სწორედ საქართველოსთან ურთიერთობას.
        კოკოშინი იმ რანგის მოღვაწეა, არავის გაუკვირდებოდა, მაგალითად, თუ პრეზიდენტი პუტინი მას დანიშნავდა (ვთქვათ) ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების მონიტორინგის საკოორდინაციო ჯგუფის თანათავმჯდომარედ და იაპონიასთან, კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელად.
        ვლადიმირ პუტინმა კი იგი საქართველოსთან «ჩარჩო ხელშეკრულების» მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნა!
        გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ანდრეი კოკოშინი ახლო წარსულში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფქატობრივი ხელმძღვანელი იყო. დღეს კი ამ დარგის კურატორია. მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოსთან მრავალმილიარდიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ.
        რუსეთის პრეზიდენტის არჩევანი უეჭველად გულისხმობს, რომ ვლადიმირ პუტინი საქართველოსთან ურთიერთობაში სწორედ სამხედრო-სტრატეგიულ მიმართულებას მიიჩნევს პრიორიტეტულად – ყველაფერთან ერთად, ანდრეი კოკოშინი ამ საკითხებში ბრწყინვალე ექსპერტად ითვლება.
        ბუნებრივია, მომავალ მოლაპარაკებებში უპირველესი ყურადღება სამხედრო ბაზების პრობლემატიკას მიექცევა. მართალია, ეს თითქოს «ჩარჩო ხელშეკრულების» საგანი არ არის, მაგრამ კოკოშინი, ალბათ, შეეცდება ერთ კომპლექსში განიხილოს «მეგობრობისა და თანამშრომლობის» შესახებ ხელშეკრულებისა და «ბაზების გაყვანის» საკითხი. იგულისხმება ბათუმისა და ახალქალაქის ბაზები. კოკოშინი იმის შესაბამისად ააგებს თავის სტრატეგიას, თუ როგორ წარიმართება მეორე მოლაპარაკება (ილია კლებანოვთან). უფრო მეტიც: ეს ორი მოლაპარაკება რუსეთის მხრიდან მჭიდროდ იქნება კოორდინირებული, ხოლო ილია კლებანოვს (რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს) ანდრეი კოკოშინი უხელმძღვანელებს. თუმცა, ღიად ამას არ შეიმჩნევენ.
        შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორივე მოლაპარაკება უფრო საგნობრივი გახდება, მაგრამ ბევრად გართულდება. ანდრეი კოკოშინი რუსეთის ინტერესებს, რასაკვირველია, გააფთრებით და ძალზე პროფესიულად დაიცავს. მასთან ჩაწყობით და «პურმარილით» ვერაფერს გავხდებით.
        ჯერ-ჯერობით, არ არის ცნობილი, როდის განახლდება ორივე მოლაპარაკება. ამავდროულად ისიც ცხადია, რომ კოკოშინის დანიშვნა სოჭის ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრის კიდევ ერთი შედეგია.

დილის გაზეთი, 12 მარტი, 2003 წელი