რას ვიღებთ ავღანეთიდან, უშედეგოდ დაღუპული გმირების გარდა?

რას ვიღებთ ავღანეთიდან, უშედეგოდ დაღუპული გმირების გარდა?

    ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვას დასავლური მედია, მთლიანობაში, საკმაოდ გულგრილად გამოეხმაურა. რეაქცია ბევრად უფრო ცივი იყო, ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჰილმანდში ამერიკელები, ბრიტანელები ან გერმანელები დაიღუპებოდნენ. კი ბატონო, გასაგებია, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ამ ბიჭების ჭირისუფალნი და ეს გულგრილობა კიდევ შეიძლებოდა ჩაგვეთვალა „ბუნებრივ მოვლენად“ იმ საზოგადოებებისთვის, რომელსაც პირველი ფრანგული გეი-ქორწინება ბევრად მეტად აღელვებს. მაგრამ ყოვლად აღმაშფოთებელია ის საზიზღარი პასკვილი, რაც The new york times-ში გამოქვეყნდა და პირდაპირ საფლავში ჩაფურთხება იყო!
    არ დაიჯეროთ დემაგოგია (ჩვენში დამკვიდრებული ბრიყვული სტერეოტიპის შესაბამისად), თითქოს დასავლეთში ისეთი სიტყვის თავისუფლებაა, რომ არანაირ „სარედაქციო პოლიტიკას“ არ ექვემდებარება. დარწმუნებული ვარ, NYT ასეთივე ბინძური პასკვილის გამოქვეყნებას ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ ვერ გაბედავდა. სხვას შეიძლებოდა გაებედა - ვთქვათ, რომელიმე ტაბლოიდს, - მაგრამ NYT ამერიკული ელიტის განწყობილებათა გამომხატველია და მუდამ იცავს პოლიტკორექტულობას.
    ანუ, ეს სტატია და მისი გარეწრული შინაარსი არა შეცდომა, არამედ იმ ტრენდის გამოხატულებაა, რომელიც ზოგადად პრევალირებს ამერიკულ ისტებლიშმენტში საქართველოს მიმართ. ჩვენს ქვეყანას ისინი უკვე ტრადიციულად აღიქვამენ როგორც აბეზარ, „შემაწუხებელ“ ფენომენს, რომელსაც მათთვის პრობლემების გარდა არაფერი მოქვს. იმავე The new york times-ში, გასული 4 წლის განმავლობაში, არ გამოქვეყნებულა არც ერთი დადებითი სტატია ქართველი ჯარისკაცების გმირობაზე სხვის ომში (დიახ, სხვის ომში!), და პირველივე სტატია, რომელიც ქვეყნდება, ასეთი შინაარსისაა: „დახოცეს და ახია მაგათზე - ავღანელებს ცუდად ექცევიანო“.
    ვიმეორებ: გამორიცხულია ეს შემთხვევითი იყოს და გარკვეულ განწყობას არ გამოხატავდეს. რაოდენ პოლიტკორექტული განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ „ნატო“-ს გენერალურმა მდივანმა ან ამერიკის ელჩმა, მედია-რესურსს (მით უმეტეს ისეთ რესპექტაბელურ გამოცემას, როგორიც The new york times -ია) მუდამ აქვს საშუალება არა ხელისუფალთა, არამედ დაინტერესებული საზოგადოების განწყობა გამოხატოს. ეს საზოგადოება კი (ვიმეორებ) საქართველოს აღიქვამს, როგორც პოტენციურ საფრთხეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით: რუსეთთან ურთიერთობის მხრივ! მათ არ სურთ საქართველოს გამო (რამდენი ჩვენი ჯარისკაციც არ უნდა დაიღუპოს ავღანეთში) თუნდაც იოტისოდენად აწყენინონ მოსკოვს.
    დავსვათ ლოგიკური კითხვა: რა გააკეთა ომის შემდეგ გასული თითქმის 5 წლის განმავლობაში დასავლეთმა იმისთვის, რათა საქართველოს მოსახლეობას გასჩენოდა დაცულობის განცდა ვითარებაში, როდესაც თბილისიდან 35 კილომეტრში რუსული ტანკები დგანან? ხაზს ვუსვამ: არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღგენისთვის, არა საოკუპაციო ჯარების გაყვანისთვის (ამას არც აღარავინ სთხოვს) არამედ თუნდაც იმისთვის, რათა ქვეყნის დანარჩენ, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ ქვეყანა მარტო არ არის ამ საფრთხეების წინაშე და თუ ის ტანკები დაიძვრებიან, დასავლეთი ისეთვე წყალწყალა განცხადებებით არ შემოიფარგლება, როგორიც მავთულხლართებთან დაკავშირებით გააკეთეს? ვგულისხმობ არა ამერიკის სამხედრო ბაზის განლაგებას (თუმცა, რატომაც არა, თუკი სატრატეგიული მოკავშირეები ვართ?), არა ნატო-ს წევრობას, არამედ კოლექტიური უსაფრთოების დასავლური ინსტიტუტების თუნდაც რაიმე ელემენტთა განლაგებას საქართველოს ტერორორიაზე.
    აი თვალსაჩინო მაგალითი: 2008-2010 წლებში თბილისი ცდილობდა დაერწმუნებინა ამერიკელი მეგობრები, დაესვათ გაეროში საოკუპაციო ხაზზე გაერო-ს სამშვიდობო ჯარების შემოყვანის საკითხი. როგორც ეს მოხდა კვიპროსზე, თურქული ოკუპაციის შემდეგ. მაგრამ კლინტონის მოაგილე ფილიპ გორდონმა ამ თხოვნას ასე უპასუხა: „რუსეთი ხომ მაინც ვეტოს დაადებს და მოსკოვის გაღიზიანებას ვერიდებითო“. წარმოგიდგენიათ? ანუ საკითხის დასმითაც კი არ უნდათ მისი გაღიზიანება ჩვენი გულისთვის! არადა, უამრავჯერ მომხდარა, რომ ვაშინგტონმა წინასწარ იცოდა, მოსკოვი ვეტო-ს გამოიყენებდა, მაგრამ მაინც დაუსვამს ჩავარდნისთვის განწირული ესა თუ ის საკითხი უშიშროების საბჭოში, რათა თავისი პოლიტიკური და სტრატეგიული (!) პოზიცია გამოეხატა. საქართველოს შემთხვევაში ამას არ აკეთებენ, რაკი არ უღირთ „ასეთი წვრილმანისთვის“ მოსკოვის გაღიზიანბა.
    და „ამათთვის“ ჩვენი ბიჭები უნდა იხოცებოდნენ ავღანეთში, თანაც NYT გამაოგნებელი კომენტარით?
    იგივე MAP-ის თემა. საქართველოსთვის „საგზაო რუქის“ მინიჭება „ნატო“ -ს წესდების არც ერთ პუნქტს არ არღვევს. მართალია, ეს წესდება კატეგორიულად მოითხოვს, წევრ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ტერიტორიული კონფლიქტი მეზობლებთან. მაგრამ MAP ხომ მხოლოდ კანდიდატობას ნიშნავს და არა წევრობას? რა უშლით ხელს „საგზაო რუქაში“ ჩაწერონ, რომ საქართველო კისრულობს ვალდებულებას კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვაროს თუნდაც 20-30 წლის შემდეგ? მაგრამ არა, - ამით ხომ ისევ და ისევ მოსკოვს გააღიზიანებენ, რაკი MAP რეალურ გეოპოლიტიკურ ინტერესსა და პასუხისმგებლობას გულისხმობს, ხოლო „წლიური პროგრამები“ (მიშა რომ გვიმტკიცებდა MAP-ზე უკეთესიაო) და ფუჭი დეკლარაციები ოდესმე „კარის გაღების“ შესახებ, არავითარ პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. MAP ნატო-ს წესდებით გათვალისწინებული და მასში მკაფიოდ გაწერილი ინსტიტუტია. „MAP-ზე უკეთესი“ „ყოველწლიური პროგრამა“ კი მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატიის სახის შესანარჩუნებლად მოგონილი გაიძვერობაა და მეტი არაფერი.
    სხვათა შორის, ამერიკას არანაირი „ნატო“ არ სჭირდება, რათა მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების თუნდაც სიმბოლური ობიექტი განალაგოს, რომელიც იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ეს ქვეყანა პოლიტიკურად მაინც დაცულია მის გეოგრაფიულ ცენტრში განლაგებული რუსული ტანკებისაგან.
    რაც შეეხება ევროკავშირის დამკვირვებლებს: როდესაც კონფლიქტის შემდეგ, თვეების განმავლობაში, საოკუპაციო ზოლთან რუსმა სნაიპერებმა 10 ქართველი პოლიციელი მოკლეს და ბრიუსელმა დახურულ კარს მიღმა (აბა ღიად ხომ არ გააღიზიანებდნენ!) კითხვის დასმა სცადა, ლავროვის უწყებისგან ასეთი პასუხი მიიღო: „სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით, ამ მონიტორთა დანიშნულება ისაა, „სამხრეთ ოსეთზე“ საქართველოს შეტევა არ დაუშვას, თორემ ჩვენ დავხოცავთ თუ არა ქართველებს, მათი საქმე არ არისო და მანდატით ამის კონტროლი არ ევალებათო“. ანუ, ევროკავშირის უმწეო და უმანდატო მონიტორთა სანაცვლოდ (რა განცხადებები გააკეთეს იმავე მავთულხლართის ინსტალაციასთან და საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით? - არაფერი!) ავღანეთში ათეულობით ახალგზარდის ჩახოცვა მეტისმეტად დიდი ფასი ხომ არ არის? ფაქტია, რომ 4 წელია დასავლელ ლიდერებს, პუტინთან და მედვედევთან შეხვედრებისას „საქართველო“ არც კი უხსენებიათ. ეს თემა საერთოდ არ დგას მათ დღის წესრიგში!
    თუ მოსკოვმა რაიმე საბაბით თბილისი-ქუთაისის სტრატეგიული გზატკეცილის გადაკეტვა მოინდომა (5 წუთზე მეტი არ დასჭირდება!), ეს „მონიტორები“ რუსეთს ისევე ვერ შეაჩერებენ პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც გაეროს დამკვირვებლებმა ვერ შეაჩერეს გენერალი შამანოვი აფხაზეთიდან დასავლეთ საქართველოში შემოჭრის დროს.
    აქედან გამომდინარე, კითხვა, თუ „ბოლოს და ბოლოს, რას იღებს საქართველო თავისი ჯარისკაცების სიცოცხლის სანაცვლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით?“ კვლავ აქტუალურია, ხოლო ქართული პოლიტიკური კლასი მას ვერაფერს პასუხობს წყალ-წყალა დემაგოგიის გარდა, რომლის ფონზე, მოსწონს ვინმეს თუ არა, იმავე ბურჯანაძის პოზიცია ბევრად უფრო ლოგიკურად და მწყობრად გამოყურება. დიახაც: თუ ხარ პატარა ქვეყანა და არა გყავს მოკავშირე, რომელიც შენი გულისთვის „აუტკივარ თავს აიტკივებს“, მაშინ ისღა დაგრჩენია, იმასთან ილაპარაკო, იმას გაურიგდე (ან მოურიგდე) და პრობლემა იმასთან მოაგვარო, ვინც ხიფათს გიქმნის.

2013