ბაგრატის ტაძარი, როგორც არატაძრეულობის სიმბოლო

ბაგრატის ტაძარი, როგორც არატაძრეულობის სიმბოლო

Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)
       

    ბოლო დღეების მთავარი თემა ბაგრატის ტაძრის აღდგენა, საპატრიარქოს მკვეთრი განცხადება, იუნესკოს პოზიცია და ამ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკური ინტრიგები გახდა. ინტრიგების გარეშე რომ ამ საკითხს არ ჩაუვლია, სავსებით ცხადია. პოლიტიკოსები იმის პოლიტიკოსები არიან, ყველგან და ყოველთვის თავიანთი სარჩო ეძიონ, თუმცა თვით საზოგადოებაც უფრო ფხიზლად უნდა იყოს, რათა ამ ინტრიგებსა და კინკლაობას ძირეული ღირებულებები არ გადააყოლოს. სწორედ ამაში გამოიხატება „ტაძრეულობა ერისა“, როგორც თეოსოფები უწოდებენ.
        რა თქმა უნდა, ვნებიანი დისკუსიები ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით სავსებით ბუნებრივია. ეკლესია, რომელიც მეათე-მეთერთმეტე საუკუნეთა მიჯნაზე ბაგრატ III ბაგრატიონის ინიციატივით აშენდა, არა მხოლოდ ღვთის ტაძარი და აფხაზეთ-საქართველოში ქრისტიანობის კელაპტარი, არამედ ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო და ხატი იყო.
   1403 წლის ივლისში ბაგრატის ტაძრის პირველად მოოხრება ძაღლთაპირი თემურ ლენგის მიერ (რომლის საფლავზე ზოგჯერ ქართველი პოლიტიკოსებიც ჩადიან „მეგობარ“ უზბეკეთში ვიზიტისას) ქართული სახელმწიფოს ნგრევის წინაპირობაც გახდა. შემდეგ, სისხლიანი საუკუნეების განმავლობაში, ეს ბუმბერაზი ტაძარი (მე-19 საუკუნემდე შემორჩენილი ნანგრევებითაც კი შეიძლება იმის აღქმა, რამდენად გრანდიოზული იყო იგი თავისი დროისთვის) ჩვენი სახელმწიფოს დაშლა-დეგრადაციის უტყვი მემატიანე გახდა. იმ აზრით, რომ არც ერთ გარეშე დამპყრობელს, მათ შორის არც კოჭლ თემურს და არც რუსეთ-თურქეთის ომებს ჩვენს ტერიტორიაზე, არ მიუყენებია მისთვის იმდენი ზიანი, რამდენიც ქართველთა ურთიერთდაპირისპირებამ, შუღლმა, გაუტანლობამ, არეულობამ, „ტყვის სყიდვამ“ და საუკუნეთა განმავლობაში გაუთავებელმა სამოქალაქო ომმა.
        ბოლოს და ბოლოს კოლიზეუმის ქვებსაც იყენებდნენ იტალიელები სახლ-კარის ასაშენებლად და რა გასაკვირია, თუ იმ უღმერთობის პერიოდში, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში სუფევდა მე-17 - მე-18 საუკუნეში, ქართველებიც არ აკლებდნენ ხელს ამ სიწმინდეს, რაკი მისი მნიშვნელობა აღარ ახსოვდათ და არც აინტერესებდათ.
        მართლაც საოცარი სიმბოლოა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დეგრადაციისა: ბოლოს და ბოლოს კოლიზეუმი შუა საუკუნეების იტალიელისა და რომაელისთვის არც აღარაფერს ნიშნავდა. პირიქით, საძულველიც კი უნდა ყოფილიყო, რაკი იქ ქრისტიანებს გარეულ მხეცთა საჯიჯგნად აგდებდნენ, მაგრამ განა მე-11 - მე 12 საუკუნეში აგებული ვესტმინსტერის სააბატო ან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დღესაც არ დგას თითქმის პირველყოფილი სახით? საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს „ნოტრ დამი“ იარაღის საწყობადაც კი აქცია „გამარაჯვებულმა ხალხმა“, მაგრამ მის დანგრევას არც რობესპიერი შეურიგდებოდა და არც ნაპოლეონი.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        არსებობს მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის ფოტო, რომელზეც ბაგრატის ტაძრის ნანგრევებია აღებჭდილი. ეს ფოტო რომ ვნახე პირველად, გავოგნდი: ტაძარი საერთოდ არ არსებობდა: იყო ერთი თუ ორი ნახევრადდანგრეული კედელი და იქვე მიმოფანტული ათიოდე ლოდი. მეტი არაფერი!
        ანუ, ის ბაგრატის ტაძარი, სადაც ბევრი ჩვენგანი გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან ექსკურსიებზეა ნამყოფი, სინამდვილეში გვიანდროინდელი ნაგებობაა, რომელსაც მე-11 საუკუნის ნანგრევებად ასაღებდნენ. აღგენითი სამუშაოები მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო დიდი ქართველი მამულიშვილების ეპოქაში და მე-20 საუკუნეში მივიდა იმ კონდიციამდე, როგორიც გვახსოვს და გვინახავს. ეს იყო არა ტაძრის აღდგენა, არამედ ნანგრევების აღგენა იმ დონემდე მაინც, რომ ეკლესიის ნაშთი გამოჩენილიყო, ანუ თვალსაჩინო გამხდარიყო, რა ნაგებობასთან გვაქვს საქმე.
        რასაკვირველია, არც ორი საუკუნის წინ, არც გასულ საუკუნეში და არც დღეს არავინ არ იცის და არც შეიძლება იცოდეს, როგორ გამოიყურებოდა ბაგრატის ტაძარი მე-11 საუკუნეში. მხოლოდ წარმოსახვით, მხოლოდ სხვა ტაძრებთან შედარებით, მხოლოდ ვარაუდით შეიძლება ჰიპოთეტურად იმის წარმოდგენა, თუ „როგორი იქნებოდა“, როგორი „შეიძლებოდა ყოფილიყო“ (და არა როგორი იყო) ბაგრატის ტაძარი. თანაც, არა მხოლოდ გუმბათი, არამედ თითქმის მთელი ნაგებობა. ალბათ რვა მეათედი.
        ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს, ვინც არ უნდა იყოს იგი, არ შეიძლებოდა არ დაბადებოდა ინტენცია ბაგრატის ტაძრის აღგენისა. ედუარდ შევარდნაძესაც კი, როცა საქართველოს კომპარტიის „ცკ“-ს პირველი მდივანი იყო. იმ დროს არსებობდა ძეგლთა დაცვის სამმართველო, რომელმაც უამრავი სიკეთე და მამულიშვილური საქმე გააკეთა. ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან მიმდინარეობდა ცხარე დებატები „ბაგრატის აღდგენაზე“, მაგრამ თავშეკავების მიზეზი ისევ და ისევ ის იყო, რომ არქიტექტორებსა და ხუროთმოძღრებს მხოლოდ ვარაუდით შეეძლოთ წარმოედგინათ, როგორი იქნებოდა („ალბათ“) ტაძარი, რომ არ დანგრეულიყო და მოოხრებულიყო.
        არსებობდა სერიოზული, თანაც დასაბუთებული აზრი, რომ ასე არ შეიძლება და სჯობს ნანგრევები დარჩეს თუნდაც იმ კონდიციაში, რომლამდეც მე-19 საუკუნეში აღადგინეს. ამიტომ, სრულად რესტავრაციაზე მაშინ უარი თქვეს. ხოლო იმ დროს მოარული არგუმენტი ასეთი იყო: „არ ვიცით, როგორი გუმბათი ექნებოდაო“. თუმცა, დაკვირვებული ხალხი მაშინვე ხვდებოდა, რომ მხოლოდ გუმბათში როდია საქმე.
        აქვე ფრთხილად შევნიშნავ: იუნესკომ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანა. შეიტანა მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნით, რომელსაც აქვს უფლება მიუთითოს, რა ობიექტები მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად. მაგრამ რაკი შეიტანა ნუსხაში, შემდეგ ამუშავდა ის დიდი ბიუროკრატიული მანქანა, რომელსაც პარიზში უდევს ბინა და ბევრ შემთხვევაში სავსებით კონსერვატიულად, არაკრეატიულად მოქმედებს.
        გაუთავებელ დისკუსიებს ბაგრატის ტაძრის შესახებ ბოლო მოუღო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც, წინამორბედისგან განსხვავებით, ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ტაძარი უნდა აღგეს, თანაც აღდგეს, როგორც მოქმედი ეკლესია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საპატრიარქოს პოზიცია: პატრიარქმა ილია მეორემ მხარი დაუჭირა ტაძრის აღდგენის იდეას. გაუგებრობა მაშინ დაიწყო, როდესაც ცხადი გახდა, რომ საერო ხელისუფლება ბაგრატს განიხილავდა არა მხოლოდ როგორ „ქუთაისიონს“, არამედ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტს. ამაში გასაკვირი ან საძრახისი არც არაფერია: პარიზის მერიაც ითვალისწინებს იმავე „ნოტრ დამის“ მიმზიდველობას ტურისტებისთვის და ყოველნაირად ცდილობს ინფრასტრუქტურა ისე მოაწყოს, რომ ტაძარმა ეს მიმზიდველობა არ დაკარგოს, ანუ მაქსიმალურად (თუ შეიძლება ასე ითქვას) კომფორტული იყოს მნახველებისათის თავად და მიმდებარე ტერიტორია - რამდენადაც ეს შეასძლებელია.
        მაგრამ ტაძარზე ლიფტის მიშენება ჩვენს პირობებში სწორედ „მეტისმეტი“ აღმოჩნდა, რამაც პატრიარქის მკვეთრი განცხადება განაპირობა. თუმცა, გაუგებრობა მალევე აღმოიფხვრა, რაკი მთავარ საკითხში (უნდა აღდგეს თუ არა ტაძარი საერთოდ და უნდა აღდგეს თუ არა იგი ჰიპოთეტური პროექტის მიხედვით) ორივე მხარე ერთ აზრზეა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საერთო ოპონენტიც ჰყავთ: იგივე იუნესკო.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ჩვენში რაღაცნაირი იდეალისტური წარმოდგენა არსებობს. სინამდვილეში კი, მეტისმეტად ხშირად, ეს ორგანიზაციები „მუნდირის ღირსებას“ უფრთხილდებიან და წმინდა წყლის ბიუროკრატიული ინერციით მოქმედებენ. რეალურად დისკუსია ეხება არა იმას, იქნება თუ არა ლიფტი, არამედ საერთოდ აღდგება თუ არა ტაძარი.
        იუნესკოს არ აინტერესებს და არც შეიძლება აინტერესებდეს მოსაზრებები, რომლებიც სიძველის კონსერვაციას სცილდება. მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრივი ერთიანობის სიმბოლოები და ა.შ. ზოგიერთი დემაგოგი ჩვენში იმასაც კი ამტკიცებს, თითქოს იუნესკო ძველი თბილისის რესტავრაციის ან მცხეთის აღდგენის წინაარმდეგი იმის გამო, იყო, რომ პროექტი არ შეუთანხმეს. სინამდვილეში კი, თვით თავისი ინსტიტუციური არსიდან გამომდინარე, იუნესკო ყოველგვარი არსებითი რესტავრაციის და არსებითი აღგენის წინააღმდეგია! როგორც არ უნდა მალავდნენ მისი ექსპერტები ამ ინტენციას, საბოლოოდ მაინც ვერ დამალევენ და ვერ მიჩქმალავენ. ანუ, მცხეთა უნდა დარჩენილიყო ისეთი, როგორიც იყო და ძველი თბილისიც ისევე დახავსებული და ნახევრადდანგრეული (სამგიეროდ პირველყოფილი - აი ეს გახლავთ მათთვის მთავარი), როგორც გამოიყურებოდა ადრე.
        ხოლო რამდენად უწყობს ხელს ამგვარი კონსერვაცია თუნდაც იმავე ტურისტების მოზიდვას ან თვით ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების მისწრაფებებს - საერთაშორისო ბიუროკრატიას არ აინტერესებს.
        ამიტომ, როცა იუნესკოს დასკვნები უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებად მოაქვთ და ლამის „წმინდა წერილივით“ აფრიალებენ, - აქ მეტი დაკვირვება, ნაკლები პროვინციალიზმი და სოლიდურობა გვმართებს. ინტერესები ხომ არა მარტო ადამიანებს, არამედ ორგანიზაციებსაც აქვთ. თანაც, კორპორატიული ინტერესები, რომლებთან ბრძოლა ხშირად სერიოზულ პრობელმებს და დილემებს ქმნის.
        ბაგრატის ტაძარი ვერაფრით აღდგება იმ სახით, როგორიც იყო. ვერ აღგდება მარტივი მიზეზით: ჩვენ არ ვიცით და ვერც ვერასდროს გავიგებთ, როგორი იყო იგი სინამდვილეში! ხოლო მრავალწლიანი დილემიდან: „აღვადგინოთ თუ არ აღვადგინოთ“, საქართველოს მრავალწლიანმა ხელმძღვანელმა, ედუარდ შევარდნაძემ, მისთის ჩვეული „საშუალედო“ გამოსავალი იპოვა: „აღვადგინოთ, ოღონდ სანახევროდ“. მას ხომ საერთოდ ახასიათებდა, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური. ამ ტექნოლოგიამ საბოლოოდ მძიმე შედეგი მოუტანა, მაგრამ ეს მხოლოდ ძააააალიან დიდი ხნის შემდეგ - 30 წლიანი მმართველობის დასალიერს.
        მიშა სააკაშვილი კი სულ სხვა მენტალობის, აქედან გამომდინარე სულ სხვა ყაიდის პოლიტიკოსია. ამიტომ მან „გორდიასის კვანძი“ ასე გადაჭრა: „აღდგეს ჰიპოთეტური პროექტით“. მორჩა და მოსვენება! ამაში მას პატრიარქმაც დაუჭირა მხარი; უბრალოდ, ლიფტს მოაშორებენ და „ქუთაისიონი“ მაინც აღგება. თუმცა მას თითქმის უეჭველად ამოიღებენ იუნესკოს სიიდან.
        სახელმწიფოში ბევრი რამ მითებზეა დამყარებული და ნურც ის გაგვიკვირდება, თუ ექსკურსიამძოლები ტურისტებს (აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ მოსწავლეებს) ეტყვიან, რომ ეს სწორედ ის ტაძარია, რომელიც მე 11 საუკუნში გაასრულა დიდმა მეფე-გამაერთიანებლემა, ბაგრატ მესამემ.
        ეს ყოველივე გასაგებია და ასე თუ ისე მისაღები. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ აქვე, საქართველოს დღევანდელი საზღვრების მეზობლად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს მე-10 საუკუნის უბრწყინვალესი ტაძარი - გრძნეული ოშკი! დიდებული, სულისშემძვრელი, გამაოგნებელი, რომელიც, ჩემი აზრით, არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება ნებისმიერ სხვა ქართულ ტაძარს.
        კი ინგრევა, მაგრამ მთლიანობაში დღესაც ჯერ კიდევ ისეთია, როგორიც იყო მაშინ - ერთიანი ქართული სახელმწიფოს და საერთოქართული იდენტობის დაბადებისას.
        არავითარი დისკუსია არ არის საჭირო მისი გუმბათის მოყვანილობის ან არქიტექტურული სტილის თაობაზე: რაკი არსებობს (მადლობა ღმერთს) და ჯერ კიდევ შეიძლება მისი გადარჩენა. არ გვჭირდება არანაირი კამათი „იუნესკოსთან“, რადგან თვით ყველაზე ჩლუნგ ევრო-ამერიკელ და რუს ბიუროკრატებსაც კი არ ექნებათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი.
        აი, ამ სილამაზეს, ამ გრძნეულ ტაძარს ვკარგავთ არა თემურ ლენგის შემოსევის ან ტოტლებენის სიბრიყვის, არამედ გაუთავებელი დისკუსიების და ამბიციათა სრულიად უაზრო ბრძოლის შედეგად. ანუ იმ მიზეზებისა, რის გამოც დაინგრა სინამდვილეში ბაგრატის ტაძარი!

2012