ვის დანიშნავენ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტად?

ვის დანიშნავენ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტად?

          

            7 ნოემბრის წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩაფლავდა. რუსთაველის გამზირზე შარშანდელის მეათედი მომიტინგეც არ შეიკრიბა; ხოლო «ავლაბრის რეზიდენციისაკენ» მსვლელობაში კიდევ უფრო ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა.
            ეს თითქოსდა უცნაურია, რაკი 7 ნოემბერი (თუ ოპოზიციას დავუჯერებთ) «საუკუნოდ დაუვიწყებელ შეურაცხყოფად» აღიქვა საზოგადოებამ. «საუკუნო შეურაცხყოფის» ერთ წელიწადში დავიწყება კი შეუძლებელია.
            გარდა ამისა, 7 ნოემბერსა და 7 ნოემბერს შორის იყო 7 აგვისტო - საზარელი მარცხი, რასაც თითქოსდა «მასათა სამიტინგო მძვინვარება» კიდევ უფრო უნდა გაეძლიერებინა.
            მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სწორედ ის მასაა, რომელმაც «ვარდების რევოლუცია» განახორციელა, ანუ ვაჟკაცი მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც სუსტის (შევარდნაძის ხელისუფლების სისუსტის) სუნი იკრა, - ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის.
            გარდა ამისა, ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა: განვლილ წლებში მან თავად განახორციელა არსებული ხელისუფლების, პირადად პრეზიდენტის «დემონიზაცია», შექმნა მასაში ისეთი მოლოდინები, რომ ხალხის რადიკალიზმმა საბოლოოდ მისას გადააჭარბა; ხოლო როდესაც ოპოზიციამ «პრაგმატულად» მოქმედება დაიწყო და მასას «იპოდრომის» გარდა რეალურად ვერაფერი შესთავაზა, - ვერცერთი მოლოდინი ვერ აღუსრულა, ამ უკანასკნელმაც ოპოზიციას ეს აღარ აპატია და 7 ნოემბრის წლისთავზე მორიგი «იპოდრომობისთვის» ქუჩაში გამოსვლა უაზრობად მიიჩნია.
            იგი იმასაც მიხვდა, რომ «მსვლელობა ავლაბრისკენ», ოპოზიციის ლიდერთა მხრიდან, რუსთაველზე აქციის სწრაფი და უმტკივნეულო დაშლის ეშმაკური ხერხი იყო.
            ამრიგად, პოლიტიკურმა კლასმა «ტაიმ-აუტი» აიღო რამდენიმე თვით – მომავალი წლის გაზაფხულამდე, რითაც, სხვათა შორის მომხრეებს კიდევ მეტად დაკარგავს, რადგან როდესაც შენი რესურსი «პროტესტული სოციუმია», ეს სუბიექტი არ შეისმენს არანაირ მოწოდებებს «დახანების», «მოთმინების», «ცივი გონებით მოქმედების» შესახებ.
            აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ოპოზიციას, მიუხედავად მისი გარეგნული რადიკალიზმის და შეურიგებლობისა, სინამდვილეში ძალიან ეშინია სამიტინგო სტიქიის ანუ მასათა რეალურად ჩართვისა პოლიტიკურ პროცესებში, რაკი არ არის დარწმუნებული, რომ ამ მასის და ხსენებული პროცესების მართვას შეძლებს.
            სხვაგვარად თუ ვიტყვით, ძალიან ეშინიათ, რომ თუ მასობრივი ამბოხის «ჯინი» ბოთლიდან გამოუშვეს, შემდეგ ამ სტიქიით შესაძლოა არა მათ, არამედ სხვა (ანუ პრორუსულმა) ძალებმა ისარგებლონ და საქართველოს შემდეგი მმართველი გახდეს არა მათი წარმომადგენელი, - მათი კანდიდატურა, - არამედ მათთვის თვისებრივად მიუღებელი ფიგურა!
            რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, სინამდვილეში მაგალითად «რესპუბლიკელებისათვის» (და არა მხოლოდ მათთვის), მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო მისაღები ფიგურაა, ვიდრე მისი ზოგიერთი ხილული თუ უხილავი ალტერნატივა.
            აქედან გამომდინარე, სულ უფრო ბევრი სიმპტომი არსებობს იმისა, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა სხვა ტაქტიკით იმოქმედოს და სამიტინგო-გადამტრიალებელი მასა მხოლოდ მაშინ გამოიყვანოს ასპარეზზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივა უკვე მზად იქნება და შეთანხმდება «ძალის წყაროებთან» - უპირველესად კი ვაშინგტონთან, რომელიც საქართველოში ტრადიციულად ითვლება «პოლიტიკოსთა და პოლიტიკის ლეგიტიმაციის მთავარ წყაროდ». ანუ ჩვენში «ლეგიტიმურად» მიიჩნევა ის პოლიტიკოსი და მისი ის ქმედება, რომელიც «კურთხეულია» ვაშინგტონში.
            არ არის შემთხვევითი, რომ ეროსი კიწმარიშვილმა 7 ნოემბრის წლისთავისადმი მიძღვნილი მიტინგის კომენტირებისას «Experti.ge»-ს განუცხადა, რომ «ამჟამად მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარს არ ვუჭერ, რაკი ეს მოთხოვნა არ არის სათანადოდ მომზადებული».
            იგულისხმება, რომ არ არის გარკვეული და ცნობილი «ვინ მოდის სააკაშვილის შემდეგ».
            მაშასადამე, პოლიტიკურ კლასს ნამდვილად ეშინია, რომ შეიძლება ისეთი ფიგურა მოვიდეს, რომელიც არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს, არამედ არც მთლიანობაში ამ «პოლიტიკურ ელიტას» დააყრის კარგ დღეს.
            ანუ კითხვა «ის თუ არა მაშ ვინ?», რომელიც საქართველოს მოსახლეობას მიეწერებოდა განვლილი ათწლეულების განმავლობაში და იმავე «პოლიტელიტის მიერ» ქართველი ხალხის პოლიტიკური განუვითარებლობის, მისი «ტოტალიტარულობის» ნიშნად ცხადდებოდა, თურმე ქართული პოლიტიკური ელიტისათვის კიდევ უფრო თვისებრივი აღმოჩნდა.
            აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ამგვარი მიდგომა უეჭველად გულისხმობს პირველ რიგში «მუშაობას» ბიუროკრატიასთან, პრეზიდენტის გარემოცვასთან, გავლენიან ფიგურებთან მას-მედიის სფეროში, ბიზნეს-წრეებთან, აგრეთვე ძალისმიერ სტრუქტურებთან, რათა უპირველესად სწორედ ამ რგოლში მოხდეს მოქმედი პრეზიდენტის დელეგიტიმაცია, წარმოიშვას შიდა განხეთქილება, შიშები და, მთლიანობაში, მოხერხდეს ქართული ბიუროკრატიის «შემზადება», შეგუება ახალი პრეზიდენტის ფიგურასთან, მისი მოსვლისა და ძველის წასვლის გარდაუვალობასთან.
            სწორედ ამ ტაქტიკით მოქმედებდნენ «რევოლუციური ძალები» 2003 წელს. იმ განსხვავებით, რომ მაშინ ორი ალტერნატიული კანდიდატურა იყო (სააკაშვილისა და «ბურჯანაძე-ჟვანიასი») თუმცა ამით არსი არ იცვლება.
            დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად აქცენტი იმავე ტექნოლოგიით კეთდება უკვე ნინო ბურჯანაძეზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი ლეგიტიმაციის მთავარ წყაროდ ისევ ვაშინგტონი სახელდება.
            მივაქციოთ ყურადღება, რა ზარ-ზეიმით მიესალმნენ ბარაკ ობამას, რაკი იმედი აქვთ, რომ იგი აღარ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს და «სიტყვას შეაწევს» ნინო ბურჯანაძეს.
            ხოლო ვაშინგტონის «ერთი სიტყვაც კი», მუდამ გემიდან გადახტომისათვის მზად მყოფი ქართული ბიუროკრატიისათვის კვლავ იქცევა იმის ნიშნად, რომ «ვაშინგტონში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება», «მიშა გაწირეს», «ახალი პრეზიდენტი პოტომაკზე უკვე შერჩეულია» და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მხოლოდ ამის მერე გამოიყვანენ ასპარეზზე მასას «გადამწყვეტ დღეს» (ზუსტად ისევე, როგორც 2003 წელს) რათა მორიგი სახელისუფლებო ცვლა სათანადოდ «გააფორმონ».
            ნინო ბურჯანაძის ერთ-ერთმა მრჩეველმა, სოსო ცინცაძემ ამასწინათ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «ხუთიდან-ორი ქართველი ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობის კატეგორიული წინააღმდეგია, სამაგიეროდ სამი ასე პასუხობს: კი ბატონო იყოსო».
            დავაკვირდეთ ფორმულირებას: «კი ბატონო, – იყოს». ანუ სოციუმის უმრავლესობა არ არის მზად იბრძოლოს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იმისთვის, რათა ქვეყნის პრეზიდენტი ბურჯანაძე გახდეს, მაგრამ იგი ბურჯანაძის პრეზიდენტობას იოლად, უმტკივნეულოდ შეურიგდება, თუკი  მას ფაქტის წინაშე დააყენებენ (!) ისევე, როგორც 2003 წელს. შემდგომ კი ამის «არჩევნებით გაფორმება» უკვე ტექნიკის საქმე იქნება.
            მაგრამ ამ გეგმის ავტორები არ ითვალისწინებენ მთავარს: 2008 წლის მიხეილ სააკაშვილი მაინც არ არის 2003 წლის ედუარდ შევარდნაძე! იგი გულხელდაკრეფილი არ დაელოდება სცენარის განხორციელებას, ხოლო ოპოზიციას, როგორც ჩანს, არ გააჩნია რაიმე რესურსი ადეკვატური მოქმედებისა იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი «პრესინგს» მიმართავს და მის ხელთ არსებულ ბერკეტებს შესაძლო ალტერნატივისა და მისი ოჯახის «დელეგიტიმაციისათვის» გამოიყენებს.
            ამის ნიშნები უკვე არის.