საერთაშორისო მიმოხილვა. 31 აგვისტო 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 31 აგვისტო 2022 წელი

აფხაზეთში კვლავინდებურად გრძელდება `მასათა მძვინვარება` მოსკოვის მოთხოვნასთან დაკავშირებით: პუტინისათვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თააობაზე.

რუსი ექსპერტები უკვე ერთხმად აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ სპეციალურად მოაწყო ეს ისტერია, რათა შემდეგ `მხრები აეჩეჩა`:  `აბა რა ვქნათ, ხომ ხედავთ საზოგადოება წინააღმდეგია და.....`

 სინამდვილეში კი, აფხაზეთის ხელისუფლებას, `პრეზიდენტ ბჟანიას` თავადაც არ სურს ბიჭვინთის გადაცემა რუსებისთვის. ანუ პუტინისთვის.

ამჯერად აქ საინტერესოა არგუმენტი, რომელიც აფხაზებს ყველაზე ხშირად მოაქვთ თემაზე რუსებთან პოლემიკაში: `აფხაზეთში ხომ რუსული სკოლები ბევრად მეტია, ვიდრე აფხაზური სკოლები და.....`

ანუ ის, რომ აფხაზები `რუსულენოვანები` არიან უკვე, ამას `ამადლიან` რუსებს, როგორც `აფხაზური ლოიალობის` მტკიცებულებას: `ჩვენ ხომ შვილებს რუსულ სკოლებში ვზრდით და.....ჩვენ ხომ სახლში, ოჯახშიც კი რუსულად ვლაპარაკობთ და.....მაინც გინდათ გვაწყენინოთ?`

ეს ისტორიული ნარატივია: აფხაზებმა სწორედაც ისტორიულად იმის მეშვეობით მოიპოვეს რუსეთის მპერიის კეთილგანწყობა საქართველოსთან სეპარატისტული დაპირისპირებისას, რომ რუსები თემას ასე აღიქვამდნენ მუდამ: `ქართველებისგან განსხვავებით, აფხაზები რუსულენოვანები არიან, ქართველები კი თავისი ენით ამაყობენ, საკუთარი დამწერლობით ამაყობენ, შვილები ქართულ სკოლებში შეჰყავთ, ქართული სკოლა ბევრად მეტია საქართველოში, ვიდრე რუსული სკოლა` და ა.შ.

იმავე ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, `რუსული ენა` აფხაზებისთვის (საქართველოსგან განსხვავებით) ისევე იქცა რუსული იმპერიისადმი ლოიალობის `მარკერად, სიმბოლოდ და საბუთად`, როგორც მანამდე, XVI საუკუნიდან, ისლამი, ნაცვლად ქრისტიანობისა, იქცა თურქეთის (ოსმალთა) იმპერიისადმი ლოიალობის `მარკერად, სიმბოლოდ და საბუთად`....ისევ და ისევ საქართველოსგან განსხვავებით.

ამ `ლოაიალობის` პასუხად და ერთგულების ჯილდოდ, რუსეთის იმპერიამ უზრუნველჰყო სეპარატისტთა გამარჯვება საქართველოზე XX საუკუნეში;

ისევე, როგორც იმავე `ლოიალობის საბუთის`(ქრისტიანობის განგდების და ისლამის მიღების) `ჯილდოდ` ოსმალთა იმპერიამ უზრუნველჰყო, რომ საუკუნეთა მანძილზე აფხაზებს უპირატესობა ჰქონდათ მეზობელ, საბრალო ქართულ ქრისტიანულ სამეფო-სამთავროებზე: ქრისტიან (ქართველ) ბავშვებს იპარავდნენ, იტაცებდნენ და ანაკლიიდან გემით  სტამბულის მონათა ბაზრებზე მიჰყავდათ, სადაც ხარჭებად ჰყიდდნენ.

საზარელი ისტორიული სიმართლეა, რომელიც აფხაზებს ძალიან არ მოეწონებათ, თუმცაღა მაინც სიმართლეა.

 

ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ამავე თემაზე აფხაზეთის ექს-პრეზიდენტმა, რაულ ჰაჯიმბამ. კიდევ იმიტომაცაა ეს განცხადება მნიშვნელოვანი, რომ ჰაჯიმბა აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნომენკლატურა იყო 2004 წლიდან, როცა თვით არძინბა პოლიტიკას ჩამოშორდა პარკინსონის დაავადების გამო.\

ჰაჯიმბას თქმით, ის კატეგორიულად წინააღმდეგია ბიჭვინთა საკუთრებაში გადაეცეს მოსკოვს რადგან......(დავაკვირდეთ ამ არგუმენტს) `მოსკოვი ცდილობს ამით შექმნას პრეცედენტი, რომ აფხაზეთმა თუნდაც მიწის პატარა ნაგლეჯი გადასცეს სხვა სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში რუსეთს და ამას უეჭველად გამოიყენებს რათა შემდეგ მოგვთხოვოს სხვა ტერიტორიები, მოგვთხოვოს რუსებზე არა მხოლოდ ბინების არამედ მიწის ყიდვა-გაყიდვა`.

ანუ აფხაზებს ახლა მართლაც ეშინიათ `პრეცედენტის` და იმის, რომ თუ ბიჭვინთას დათმობენ, მოსკოვი მიუსერასაც მოითხოვს, მერე აფხაზეთის კონსტიტუციაში ბინების და მიწების ყიდვა-გაყიდვის დაკანონებას მოითხოვს რუსებისთვის...... არადა ეს ბინები სოხუმს თურქეთში და სირიაში მცხოვრები აფხაზებისთვის უნდათ `დაარეზერვონ`. ისევე, როგორც მიწებიც.

`ბინებში` იგულისხმება ქართველ ლტოლვილთა ბინები!

ყველა რუსსაც, ვინც აფხაზეთი ომის დროს და ომის მერე, 1993-2000 წლებში დატოვა, აფხაზებმა ბინები ჩამოართვეს.

მერე როცა ეს რუსები დაბრუნდნენ და მათი ბინების ახალ აფხაზ მფლობელებს უთხრეს: `ეს ხომ ჩვენი ბინაა, რა უფლებით დაამტვრიეთ კარი და შეხვედითო`, აფხაზებმა უპასუხეს: `ეს ბინა თქვენი არასდროს ყოფილა, მუდამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო - თქვენ ხომ მისი პროივატიზება არ გაგიკეთებიათო`.

საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ, ყველამ, ვინც ვცხოვრობდით საბჭოთა საქართველოში, ბინების პრივატიზება (მანამდე ყველა ბინა სახელმწიფოს საკუთრება იყო) განვახორციელეთ 1990 წლის საქართველოს სსრ (გივი გუმბარიძის ხელისუფლების) უმაღლესი საბჭოს კანონის და იმდროინდელი მინისტრთა საბჭოს დადგენილების შესაბამისად, ოღონდ....აფხაზებმა უკვე მაშინ იეშმაკეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამ დადგენილების და კანონის მოქმედება შეაჩერეს.

ეს ჯერ კიდევ სსრკ არსებობისას მოხდა, რაც კიდევ ერთი უეჭველი მტკიცებულებაა, რომ აფხაზები უკვე მაშინ ემზადებოდნენ ბევრი რამისთვის.

 

კვლავინდებურად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ რუსები წნეხს გააძლიერებენ, აფხაზები აუცილებლად შეეცდებიან დაიწყონ როგორც ყოველთვის ეშმაკური თამაში ქართულ მხარესთან, ოღონდ თვალთმაქცურად, მოჩვენებითად და არა იმ მიზნით, რათა რაიმე კომპრომისს მიაღწიონ. თუნდაც გალში ქართველი ბავშვების ქართულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით.

ამ ეშმაკური `თამაშის` მთავარი ნარატივი ახლა ჟღერს აფხაზურ ბლოგოსფეროში რუსი ელჩის `თავხედობის` პასუხად: `ასე თუ გააგრძელებთ, აფხაზი ერის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეიცვლება და ფსოუზე მალე NATO-ს ჯარები დადგება`.

მაღალი ალბათობით მოსალოდნელია, რომ მოსკოვი ამჯერად უკან დაიხევს, რუსეთის  ელჩი აფხაზების გამაღიზიენებელ განცხადებებს შეწყვეტს, მაგრამ......კრემლი აუცილებლად ჯერ შეამცირებს, შემდეგ კი სულ შეწყვეტს აფხაზეთის დოტირებას.

ოღონდ თანდათან გაუმწარებს სიცოცხლეს.

 ერთბაშად არა.

ამას მოითხოვს იმპერიული ტექნოლოგია.

აფხაზეთი 100%-ით დამოკიდებულია რუსეთის რესურსებზე:

ა) პირდაპირი ფინანსური დოტაციები აფხაზეთის ბიუჯეტში;

ბ) რუსულ ბაზარზე აფხაზური ლიმონის, მანდარინის, კივის, ფეიჰოას და ა.შ გაყიდვა - სხვაგან ვერსად გაყიდიან....

გ) რუსი ტურიტები - სხვა აფხაზეთში არავინ ჩადის

დ) გაზაფხულობით, როცა საქართველოს დაჩაგვრით  ენგურჰესიდან მოპარული ელექტროენერგია არ ჰყოფნით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის კოდორის ხეობაზე გამავალი` კავკასიონის` მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით.

. . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირმა დაიწყო იმ რუსებისათვის, ვინც ევროპიდან რუსეთში ბრუნდება, ევროს წართმევა.

თუ ნაღდ ფულს უპოვიან ნებისმიერი რაოდენობით საზღვარზე, ართმევენ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე და ეუბნებიან: იჩივლეთ სადაც გინდათ!

რუსები ამის გამო წივიან, კივიან, მაგრამ ვერაფერს იზამენ, რადგან ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის სანქციით: რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროკავშირიდან რუსეთში ნაღდი ევროს (ე.წ. `ქეშის`) გატანა.

ოღონდ მდგომარეობის ტრაგიკომიკურობა ისაა, რომ როგორც ცნობილია, სხვა სანქციით, რუსული ბანკების მიერ ემიტირებული Viza და Mastercard ბარათები დიდი ხანია დაბლოკილია, ანუ რუსები ამითაც ვერ სარგებლობენ. სხვა გზა არა აქვთ: ევროპაში ქეში უნდა ატარონ დასტებად.

გამოდის, თუ ევროკავშირიდან უკან, რუსეთში ბრუნდებიან, ცარიელ-ტარიელნი უნდა დაბრუნდნენ. ჰქონდეთ მშობლიური რუბლები.

ანუ, კვლავაც დასტურდება:  დასავლეთმა თუ მოინდომა, უამრავი ინსტრუმენტი აქვს, რათა მაქსიმალურად გაუმწაროს ცხოვრება რუსებს, რომლებიც 80%-ით მხარს უჭერენ მათი ხელისუფლების აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

 

რაც შეეხება სავიზო რეჟიმს. მწიფდება გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ყველა მსურველი რუსი შენგენის ვიზას ვეღარ მიიღებს. მიიღებენ მხოლოდ ის რუსები, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ როგორც მინიმუმ, არ უჭერენ მხარს პუტინს და მის აგრესიას.

როგორც ბევრჯერ მოგახსენეთ, აქ პრობლემა ისაა, რომ მკაცრ სავიზო შეზღუდვებზე გადაწყვეტილებას ევროკავშირი (ბრიუსელი) ვერ მიიღებს - ეს საკითხი მთლიანად ნაციონალურ კანონმდებლობებს განეკუთვნება. ბრიუსელმა შეიძლება გამოაცხადოს მხოლოდ რეკომენდაცია.

უკვე ცხადია, რომ უნგრეთი, მაგალითად, მას არ დაემორჩილება.

ოღონდ.....რუსებს უნგრეთში ტურისტული მოგზაურობა იმდენად არ აინტერესებთ, რამდენადაც უნგრეთის `შენგენის ვიზით` უნდათ მერე იტალიაში ან საფრანგეთში გამგზავრება ტრანზიტული რეისით ან ავტობუსით ან მატარებლით......

`შენგენის` ისტორიული შეთანხმება ევროკავშირის ვიზების შესახებ გულისხმობს, რომ თუ ადამიანი იღებს უნგრეთის ვიზას, მან ჯერ ერთი, აუცილებლად უნდა მიუთითოს საბოლოო დანიშნულების ადგილი ანუ, რომ უნგრეთის გავლით პარიზში მიდის და რაც მთავარია, იგი ვალდებულია ჯერ (!) ბუდაპეშტში ჩაფრინდეს უნგრეთის ვიზით, ესე იგი ჯერ უნგრეთის საზღვარი გადალახოს და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდეს პარიზში.

შესაბამისად, თუ ევროკავშირმა მოინდომა რუსების საბოლოოდ გამწარება და დასჯა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ შეიძლება აამოქმედოს `შენგენის შეთანხმების` ის პუნქტი, რომლის თანახმად სახელმწიფოებს აქვთ უფლება სთხოვონ (და მოსთხოვონ კიდეც) შენგენის წევრ სხვა სახელმწიფოს, არ გასცენ შენგენის ვიზები იმ რუსებზე, ვინც საბოლოო დანიშნულების ადგილად არა უნგრეთს, არამედ პარიზს ასახელებს.

 

თუმცა, დავუშვათ, უნგრეთმა ეს დააიგნორა, მოიტყუა, ითაღლითა ან რუსებმა ითაღლითეს, უნგრეთის საკონსულო მოატყუეს და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში, საფრანგეთს, იტალიას და ა.შ. შეუძლიათ ეროვნულ დონეზე უბრძანონ სასტუმროებს, ჰოსტელებს, ბინების დაჯავშნის საიტებს საფრანგეთის, იტალიის, ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, რომ არ დაარეგისტრირონ რუსეთის მოქალაქეები და არ შეუშვან სასტუმროებში.

ანუ თუ მაგალითად ბუდაპეშტიდან ან სლოვენიიდან ან სხვა მსგავსი `ჯიუტი` ქვეყნებიდან პარიზში, რომში ჩასული რუსი მიდის სასტუმროში და ამოიღებს რუსეთის პასპორტს, სასტუმროს მენეჯერი ვალდებული იქნება მას შესახლებაზე უარი უთხრას, რადგან მიუხედავად `უნგრული` შენგენის ვიზისა, იგი უკანონოდ იმყოფება იტალიაში, საფრანგეთის ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. იმიტომ, რომ ამ ქვეყნებს მისთვის ვიზა არ მიუციათ: ვიზა გასცეს უნგრეთმა, სლოვენიამ, ოღონდ არა იმ ქვეყნებიდან მესამე ქვეყანაში წასვლის უფლებით.

თან არც ის ფული დაუბრუნოს, რომელიც Booking.com, Airbnb ან სხვა სერვისით უკვე ჩამოეჭრა ადრეული დაჯავშნისას, სანამ რუსული ბანკების ემიტირებული ბარათები ჯერ კიდევ მოქმედებდნენ და მათი ემშვეობით ჯერ კიდევ შეიძლებოდა ჯავშნის გაკეთება.

კვლავ ვიმეორებ, რომ არსებულ რეალოაბში 9ასე გამოვიდა) არც ერთი სხვა საქნცია არ იქნება ესოდენ მწარე და მტკივნეული რუსული საზოგადოებისთვის, როგორც შენგენის ვიზების დაბლოკვა.