სახელისუფლებო ქარიზმა და სოციალური ცენზი.

სახელისუფლებო ქარიზმა და სოციალური ცენზი.

 

    80-იანი წლების ბოლოდან საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ხელისუფლების საკითხი პოლიტიკის ყველაზე რთული და ძნელად გადასაჭრელი პრობლემაა. შეიძლება ითქვას, ეს არის პრობლემა - პრობლემაში, ამოცანა - ურთულეს ამოცანაში.
    და თვით ეს პრობლემაც შემდგომ ნაწევრდება რამდენიმე ქვეპრობლემად, რომელთა შორის ურთულესია ძალაუფლების ტექნოლოგიის საკითხი.
    ყველა ამ პრობლემის განხილვა შეიძლება ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის მაგალითზე.
    საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია არჩეული იყო პრეზიდენტად მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობით: 1991 წლის 26 მაისის არჩევნებში ზვიად გამსახურდიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 87%-მა. მიუხედავად ამისა, სულ რაღაც 6-7 თვის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო მეამბოხე კრიმინალთა მცირე ჯგუფმა - სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე.
    ამ მოვლენას ახსნა სჭირდება! მხოლოდ იმის ლაპარაკი, რომ «პროცესები კრემლიდან იმართებოდა», ახსნა არ არის. იგივე კრემლი დღესაც სიამოვნებით განახორციელებდა გადატრიალებას საქართველოში, მაგრამ სავსებით აშკარაა, რომ ვერც ერთი კრიმინალური დაჯგუფება დღეს უკვე ვეღარ შეძლებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, - როგორც არ უნდა დაეხმარონ მას რუსეთის სპეცსამსახურები.
    ზვიად გამსახურდიას ძველი ხელისუფლების აპარატი დახვდა, რაც რა თქმა უნდა ართულებდა მის ამოცანას. მაგრამ ამ აპარატის ფარული საბოტაჟიც არ ყოფილა დამარცხების მთავარი მიზეზი; მთავარი ის იყო, რომ ზვიად გამსახურდიას ჰქონდა იდეური ქარიზმა (რაკი განასახიერებდა ეროვნული თავისუფლების იდეას), მაგრამ არ გააჩნდა სახელისუფლებო ქარიზმა, რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანია გარკვეული მენტალობის საზოგადოებაში წარმატების მოსაპოვებლად.
    დავაკვირდეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს: თითქმის ყველა მათგანში (სომხეთის გარდა) ხელისუფლების სათავეში არიან ადამიანები, რომლები მანამდე უკვე იყვნენ ხელისუფლებაში, - ნაზიარებნი იყვნენ ხელისუფლების ქარიზმას.
    ზოგიერთ რესპუბლიკაში კი, ზვიად გამსახურდიას ტიპის ქარიზმატული ლიდერი შეცვალა ლიდერმა, რომელსაც იდეური ქარიზმა არ გააჩნდა, სამაგიეროდ შემოსილი იყო სახელისუფლო ქარიზმით.
    ლიტვაში (სრულიად თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების შედეგად), ვიტაუტას ლანდსბერგისი (ყოფილი დისიდენტი, ქარიზმატული ლიდერი) დაამარცხა ლიტვის კომპარტიის ცკ-ს ყოფილმა პირველმა მდივანმა ბრაზაუსკასმა. ანუ ეროვნული თავისუფლების იდეის მატარებელი ლიდერი დაამარცხა პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომლის უპირატესობა მხოლოდ ის იყო, რომ ყოფილი ხელისუფალი იყო, ანუ სახელისუფლებო ქარიზმა გააჩნდა.
    ლიტვის მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ხაზი გაესვას ხალხის თავისუფალ არჩევანს. ლიტვაზე ხომ ვერავინ იტყვის, რომ არჩევნები «კომუნისტურმა ელიტამ გააყალბა» - ბრაზაუსკასის არჩევა მართლაც თავისუფალი ნების გამოხატულება იყო. ლანდსბერგისი კი იძულებული გახდა ოპოზიციონერობას დასჯერებოდა.
    არავინ იფიქროს, თითქოს ლიტველმა ხალხმა ამ არჩევნებში «სოციალიზმს მისცა ხმა» და «უარყო მემარჯვენე ლანდსბერგისი». სოციალური სისტემები აქ არაფერ შუაშია. სინამდვილეში, მოსახლეობამ სახელისუფლებო ქარიზმა არჩია იდეურ ქარიზმას - უარყო პიროვნება, რომელსაც მხოლოდ იდეური ქარიზმა გააჩნდა და მის ნაცვლად აირჩია ყოფილი ხელისუფალი, ხელისუფლებასთან ნაზიარები პიროვნება, რომელსაც ჰქონდა უფრო მნიშვნელოვანი - სახელისუფლებო ქარიზმა.
    ბალტიის ორ სხვა რესპუბლიკაში, ესტონეთსა და ლატვიაში, ხელისუფლების სათავეში აგრეთვე ყოფილი ხელისუფალნი არიან. ანუ ის ადამიანები, ვინც ადრეც მართავდნენ ამ რესპუბლიკებს კომუნისტური პარტიის სახელით.
    დისიდენტები კი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ებრძოდნენ კრემლს, ხელისუფლებას მოშორებულნი აღმოჩნდნენ. უკრაინაში ორი ყოფილი ხელისუფალი ცვლის ერთმანეთს: კრავჩუკი - კუჩმას მონაცვლეობა სახელისუფლებო ქარიზმას არ ეხება, რადგან ეს ქარიზმა ორივე მათგანს გააჩნდა. ერთი ყოფილი «ცკ-ს პირველი მდივანი» იყო, მეორე - ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
    მოლდოვას პრეზიდენტი, მირჩა სნეგური აგრეთვე ყოფილი «პარტიული ბელადია»; აღარაფერს ვამბობ შუა აზიის რესპუბლიკებზე, სადაც ყოფილი «პარტიული შეიხები» და «კომუნისტური ფადიშახები» ბატონობენ; რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტიც, ბორის ელცინი - ყოფილი პარტიული ბობოლაა;
    სხვათა შორის, ელცინის გამარჯვება 3 ივლისის არჩევნებში განაპირობა არა რუსეთის მოსახლეობის შეგნებულმა არჩევანმა თავისუფლებისა და დემოკრატიის სასარგებლოდ, არამედ სწორედ იმ გარემოებამ, რომ ელცინს (ზიუგანოვისაგან განსხვავებით) სახელისუფლებო ქარიზმა გააჩნდა.
    1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსულმა ელექტორატმა კომუნისტურ პარტიას მიანიჭა უპირატესობა, ვინაიდან მაშინ ხელისუფლების საკითხი რეალურად არ წყდებოდა.
    რა თქმა უნდა, მკითხველი შენიშნავს, რომ ამ რიგში არის რამოდენიმე გამონაკლისი. მაგალითად - სომხეთის პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი, ყირგიზეთის - ასკარ აკაევი, ბელორუსეთისა - ანატოლი ლუკაშენკო.
    მაგრამ ყოველ ამ გამონაკლისს თავისი განსაკუთრებული თვისება გააჩნია; ამდენად ეს გარემოება სრულიადაც არ არღვევს საერთო კანონზომიერებას. აკაევს (მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პარტოკრატი არ არის, - ცნობილი მეცნიერია), მაინც გააჩნდა ხელისუფლების ქარიზმა, რადგან იგი სწორედ იმ ყირგიზხანთა დინასტიის პირდაპირი შთამომავალია, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მართავდა ყირგიზეთს. ამდენად, სახელისუფლებო ქარიზმა მან მემკვიდრეობით შეიძინა.
    ლუკაშენკოსა და ტერ-პეტროსიანის მაგალითი უფრო საინტერესოა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გარკვეულ გარემოში იდეური ქარიზმა სძლევს სახელისუფლებო ქარიზმას. სომხეთში ლევონ ტერ-პეტროსიანი პრეზიდენტი გახდა ყარაბაღის ტალღაზე - იგი განასახიერებს სომხურ ეროვნულ იდეას, რომელიც ყოვლისმძლე აღმოჩნდა.
    ბელორუსეთის პრეზიდენტი, ანატოლი ლუკაშენკო კი ბელორუსთა სოციალური მენტალობის წყალობით გახდა პრეზიდენტი. იგი პროფესიონალი დემაგოგი, პოპულისტი და პროვოკატორია, - მოსახლეობას პირდებოდა კორუფციონერთა დასჯას, სახელმწიფო აპარატში «დიდი წმენდის» მოწყობას, ბიუროკრატთათვის დაწესებული პრივილეგიების გაუქმებას და ა.შ.
    როგორც ჩანს, ეს სლავთა განსაკუთრებული ვნებაა - იბრძოლონ სახელისუფლებო პრივილეგიების გაუქმებისათვის. ამ ვნებამ აიტაცა ლუკაშენკო ხელისუფლების უმაღლეს მწვერვალზე.
    კიდევ ერთი მაგალითი «იდეური ქარიზმის» მიერ «სახელისუფლებო ქარიზმის» დაძლევისა იყო ზვიად გამსახურდია. მაგრამ მისი და ლანდსბერგისის მაგალითი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. სახელისუფლებო ქარიზმა ადრე თუ გვიან უეჭველად სძლევს იდეურ ქარიზმას - არა მხოლოდ ელექტორატის მენტალური თავისებურების გამო, არამედ იმ ელემენტარული მიზეზითაც, რომ უკლებლივ ყველა შემთხვევაში ხელისუფალი, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება აქვს, გაცილებით უკეთ ფლობს ძალაუფლების ტექნოლოგიას.
    ეს ტექნოლოგია კი ისეთი მეცნიერებაა, რომლის შესწავლა მხოლოდ გამოცდილებით შეიძლება. ოღონდ, აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: «იდეური ქარიზმის» მატარებელი ადამიანის ხანგრძლივი ყოფნაც ხელისუფლებაში მას თავისთავად სძენს სახელისუფლებო ქარიზმას - რის შემდეგაც მისი ხელისუფლება უაღრესად მტკიცე და სტაბილური ხდება, ვინაიდან იდეალური ვარიანტია ორივე ქარიზმის გაერთიანება ერთ პიროვნებაში, რაც ჩვენს პირობებში და ჩვენს ეპოქაში მეტად იშვიათი მოვლენაა.
    არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც იდეური ქარიზმის თანამდევია და მის გარეშე არ არსებობს. ეს არის სოციალური ცენზი. იდეურ ქარიზმას იძენს მხოლოდ ის პიროვნება, რომელიც იმავდროულად გარკვეული სოციალური ცენზის მქონეა. ზვიად გამსახურდიას გარდა კიდევ რამდენიმე პიროვნება იყო საქართველოში იმავე იდეის მატარებელი, მაგრამ ქარიზმა მხოლოდ ზვიად გამსახურდია გახდა, ვინაიდან იგი არისტოკრატული ოჯახიდანაა წარმოშობით. სოციალური ცენზი ხელისუფლების თანამდევია და მასზე ავტომატურად ვრცელდება - საბჭოთა პერიოდში ცენზი მატულობდა იერარქიულ კიბეზე ზეასვლასთან ერთად. კომუნისტური ნომენკლატურა კი თავისთავად იყო იმდროინდელი საზოგადოების ელიტა.
    თუ ყოველივე ზემოთქმულის პროეცირებას მოვახდენთ ჩვენს რეალობაზე, 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შანსი ჰქონდათ მხოლოდ ედუარდ შევარდნაძესა და ჯუმბერ პატიაშვილს, რადგან მხოლოდ მათ გააჩნდათ სახელისუფლებო ქარიზმა; ყველა დანარჩენი კი (კაკო ბაქრაძე, როინ ლიპარტელიანი, ქართლოს ღარიბაშვილი, პანტელეიმონ გიორგაძე) დროს ფუჭად ხარჯავდნენ.
    ამ ოთხეულიდან მხოლოდ კაკო ბაქარაძეს თუ გააჩნდა იდეური ქარიზმა და სოციალური ცენზი; მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ იყო. ედუარდ შევარდნაძემ კი იმთავითვე იგრძნო, ვინ იყო მისი ნამდვილი მოწინააღმდეგე და მთელი თავისი პროპაგანდისტული ძალისხმევა პატიაშვილის წინააღმდეგ მიმართა.
    სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიც მხოლოდ «სახელისუფლებო ქარიზმის» მატარებელი პიროვნება იქნება. ანუ ის, ვინც მოქმედი ხელისუფლების მიერ აღმოჩნდება ხელდასმული, - როგორც მისი გუნდის აქტიური წევრი.
    ამიტომ, სულ ტყუილად ირჯება ეროვნული მოძრაობიდან გამოსული ზოგიერთი მოღვაწე, - მას პრეზიდენტობა არ ეღირსება.
    საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ საბჭოური მენტალიტეტი კიდევ ძალიან დიდხანს განსაზღვრავს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მომავალს - დასავლეთში არავითარი სახელისუფლებო ქარიზმა არ სჭირდება მოღვაწეს, რათა პრეზიდენტი გახდეს!
    იდეური ქარიზმაც, ჩვეული გაგებით, განვლილი, ისტორიას ჩაბარებული ეტაპია (ამ თვალსაზრისით, კანდიდატები დასავლეთში ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს). ერთადერთი, რაც პოლიტიკურ მოღვაწეს იქ მოეთხოვება, არის სოციალური ცენზი.
    პოსტსაბჭოური სივრცე მხოლოდ მაშინ გახდება ჭეშმარიტად ცივილიზებული, როდესაც სოციალური ცენზი პოლიტიკური მოღვაწის წარმატების ერთადერთი და აუცილებელი პირობა გახდება.

«კვირიონი», 14 ივლისი, 1996 წელი.