აფხაზეთში მორიგი «ლიხნის თავყრილობა» მზადდება

აფხაზეთში მორიგი «ლიხნის თავყრილობა» მზადდება

      ე.წ. «დამოუკიდებლობის» მოპოვებიდან ორიოდე წლის შემდეგ, აფხაზი უხუცესები ხალხს კვლავ ლიხნში შეკრებისკენ მოუწოდებენ, რათა ამჯერად რუსეთის კოლონური პოლიტიკა გააპროტესტონ.
        შეგახსენებთ: გუდაუთის რაიონის სოფელი ლიხნი, სადაც შუა საუკუნეების შესანიშნავი ტაძარი და გრძნეული, 1000 წლის მუხა დგას, აფხაზებისთვის ის ადგილია, ვაჟა ფშაველა რომ «საფიხვნოს» უწოდებდა. ესე იგი, სადაც აფხაზი ერი იკრიბებოდა და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტდა.
        სწორედ ლიხნში შეიკრიბა «საერთოაფხაზური მიტინგი» 1989 წლის 18 მარტს და საქართველოსგან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ დამოუკიდებლობაზე კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ რუსეთის ფედერაციასთან (კრასნოდარის მხარესთან) შეერთებაზე. დღეს რომ ჰკითხო, დამოუკიდებლები არიან, თუმცა სინამდვილეში რუსეთი ისე აქტიურად და გემრიელად «სანსლავს», რომ კვლავ აპირებენ ლიხნში მორიგი მიტინგის მოწყობას, რათა «რუსიფიკაციის» წინააღმდეგ ისევე გაილაშქრონ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, როდესაც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ იმავე მუხის ძირას იკრიბებოდნენ.
        ამჯერად, აფხაზ სეპარატისტთა უკმაყოფილებას რუსეთის იმპერიული პოლიტიკა იწვევს: პრემიერმა პუტინმა «დამოუკიდებელ აფხაზეთს» აშკარა შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც საკუთარი მთავრობის საიტზე(!) გამოაქვეყნა საოცარი ბრძანებულება: «ებრძანოს რუსეთის შესაბამის სამსახურებს და უწყებებს, გამართონ მოლაპარაკება აფხაზეთის მთავრობასთან აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სამი ობიექტის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ». საქმე ეხება მიუსერაში მდებარე ე.წ. «გორბაჩოვის» აგარაკს, ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკს ბიჭვინთაში და ლავრენტი ბერიას აგარაკს გაგრაში. ეს ობიექტები რუსეთს უსასყიდოდ გადაეცემა. ხოლო მიწა, რომელზეც მდებარეობენ – 45 წლიანი იჯარით 1 რუბლად.
        აქ ყველაზე საინტერესო სწორედ ისაა, რომ პუტინი აფხაზეთის ე.წ. «მთავრობას» ფაქტის წინაშე აყენებს: თუ წინასწარ განსაზღვრულია, რომ ობიექტები რუსეთს 1 რუბლად უნდა გადაეცეს, მაშინ მოლაპარაკება რა საჭიროა? თანაც, იმავე ბრძანებულებით ირკვევა, რომ 500 ჰექტარის ფართობის სამივე ობიექტზე «ექსტერიტორიულობის» პრინციპი უნდა ვრცელდებოდეს, ესე იგი, ამ ტერიტორიაზე იმოქმედებენ მხოლოდ რუსეთის კანონები, მომსახურე პერსონალი აფხაზებისთვის ხელშეუხებელი იქნება, ხოლო დაცვას, შიდადა გარე პერიმეტრზე, რუსეთის ძალისმიერი სტრუქტურები განახორციელებენ.
        სამივე აგარაკი იმდენად ლამაზ ადგილასაა და ისეთ ტერიტორიებს იკავებს, უდავოდ ასეულობით მილიონი დოლარი ღირს. მაგრამ მოსკოვში მიაჩნიათ, რომ აფხაზები ვალდებულნი არიან, ეს სიმდიდრე უსასყიდლოდ გადასცენ, რაკი «ქართველებისგან გამოიხსნეს» და პენსიებს უხდიან. მაგრამ აფხაზთა უმრავლესობას ასეთი ლოგიკა არ მოსწონს და «პრეზიდენტ» ბაღაფშს მწვავედ აკრიტიკებენ «მშობლიური მიწის გასხვისების გამო». სწორედ ამ ძირითად თემას განიხილავს ლიხნის თავყრილობა.
        ესე იგი, აფხაზები თანდათან ხვდებიან, რომ რუსეთში და რუსების ხელში სრული გაქრობა და გადაშენება ელით: აგარაკები და პუტინის თავხედური ბრძანებულება მხოლოდ დასაწყისია. მით უმეტეს, რომ უკვე მოაწერინეს ხელი შეთანხმებებზე რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის «სასაზღვრო ჯარების» შესახებ, რომლებიც «დამოუკიდებელი აფხაზეთის» საზღვრებს იცავენ.
        აფხაზი მწერალი, ქართველებისა და საქართველოს ფანატიკურ სიძულვილში დაბერებული ანატოლი ოტირბა წერს: «მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიისა და გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის დოკუმენტებიც კი უფრო ნაკლებად დამამცირებელი იყო, ვიდრე ის, რასაც რუსეთი გვთავაზობსო!».
        მერედა, ვისი ბრალია?
        «მაშ რა გეგონათ» და «ჯერ სადა ხართ»? 

2010