არძინბას პროპაგანდისტული დივერსია

არძინბას პროპაგანდისტული დივერსია

 

    გასულ კვირას საქართველოს ტელევიზიამ კიდევ ერთხელ უჩვენა ინტერვიუ აფსუა სეპარატისტთა ლიდერთან. თანაც, ინიციატივა ამჯერად სწორედ არძინბასგან მოდიოდა. ეს ინიციატივა რაიმე თვალსაზრისით საქართველოსთვის სასიკეთო რომ ყოფილიყო, ჩვენი ქვეყნის ეს უბოროტესი და უეშმაკესი მტერი ამგვარ ინიციატივას, რა თქმა უნდა, არ გამოიჩენდა.
    მაშასადამე, მის წინადადებას სხვა აზრი ჰქონდა, რომლის ამოცნობა არც ისე ძნელია.
    არძინბა (როგორც თავად აღიარა ინტერვიუში) ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას ენგურის მარცხენა ნაპირზე და ქართული საზოგადოებრივი აზრის ცვალებადობასაც აკვირდება.
    ერთხელ წამოსცდა კიდეც ჩვენთვის უაღრესად ნიშანდობლივი ფრაზა: «ქართულ საზოგადოებრივ აზრს ინფანტილიზმი ახასიათებს, ანუ იგი ძალიან სწრაფად იცვლებაო».
    სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პრიორიტეტები საქართველოში რამდენიმეჯერ შეიცვალა. არძინბამ ეს თვისება უმალვე შენიშნა, ამიტომ პირადად ცდილობს თავისი «წვლილი» შეიტანოს საერთო დაბნეულობის ატმოსფეროს გაძლიერებასა და გაღრმავებაში, რაც ამჟამად დამახასიათებელია საქართველოსთვის.
    ამ უმთავრესი მიზნის გარდა, არძინბას, რა თქმა უნდა, სხვა მიზანიც ჰქონდა: რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, მან გადაწყვიტა საქართველოს ტელევიზიის მეშვეობით გაუწიოს აგიტაცია უბედურ ლტოლვილებს, რომ ყველაზე მგრძნობიარე «წნულში» დაარტყას საქართველოს.
    ხსენებული ტელეინტერვიუს მეშვეობით არძინბას ლტოლვილების გალში «შეტყუება სურს». ამით, თავის მხრივ, ერთდროულად «ორ კურდღელს დაიჭერს». ჯერ ერთი, კვლავ შექმნის გალში «სანიტარულ კორდონს» ქართული მოსახლეობისგან, ისევ აქცევს მათ მძევლებად, რათა საჭიროების შემთხვევაში, მაისის მოვლენები გაიმეოროს. სხვა მხრივ კი, ენგურის მარცხენა (ქართულ) მხარეს შეუქმნას პრობლემები სამურზაყანოში - მეგრული სკოლების და მეგრული გაზეთების დაფუძნებით.
    გალის რაიონიდან მოსახლეობის განდევნის შემდეგ სეპარატისტთა ხელმძღვანელებს საამისო შესაძლებლობა შეეზღუდათ.
    მეორე: სამურზაყანოს საბოლოოდ დეპოპულაციის შემდეგ აფხაზეთის სოფლის მეურნეობას სერიოზული ზიანი მიადგა. ფაქტობრივად, აფხაზეთს სამურზაყანო არჩენდა 1994-98 წლებში. თუმცა, ეს ისტორიულადაც ასე იყო, ვინაიდან აფხაზეთის სხვა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ძალიან მცირე ოდენობითაა.
    ტურისტული ინდუსტრია კი მთლიანად განადგურდა ომისა და ბლოკადის შედეგად. მაგრამ არძინბას სერიოზულად აშფოთებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის (ან, ყოველ შემთხვევაში, ხელს არ უწყობს) ლტოლვილთა დაბრუნებას «დამოუკიდებელი აფხაზეთის ტერიტორიაზე». ამიტომაც, გვითხრა ნიშნის მოგებით: «ნუ ღელავთ, ლტოლვილებმა «ძველი საბჭოთა პასპორტებიც შეინარჩუნესო».
    დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, «არძინბას ხელში» ის მოსახლეობა, ვინც გალის რაიონში დაბრუნდება, რამდენიმე წელიწადში აღარც საქართველოს მოქალაქე იქნება და აღარც ქართველი. მაშინ, საერთოდ სასაცილო გახდება გაუთავებელი დისკუსია «ჩავწეროთ თუ არა პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ეროვნება».
    გალში დღესაც ბევრი არამზადაა, პასპორტში «ქართველი» რომ უწერია და ბატონკაცური რუსულით რომ გიხსნის «აფხაზეთის დამოუკიდებლობის აუცილებლობას».
    სამურზაყანოში ლტოლვილთა დაბრუნებით ასეთებს გავამრავლებთ. გარდა ამისა, არძინბამ ტელეინტერვიუს მეშვეობით სცადა, გაეძლიერებინა ქართულ საზოგადოებაში არსებული მცდარი სტერეოტიპები.
    ერთ-ერთი მათგანის შესაბამისად «ომი არ უნდა დაგვეწყო... ომით რომ ვცადეთ პრობლემის გადაწყვეტა, სწორედ ამიტომ დავკარგეთ აფხაზეთი».
    არძინბა ამ ყალბი სტერეოტიპის გაძლიერებას კარგა ხანია ცდილობს ერთი და იმავე არგუმენტით: «12 აგვისტოს, ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო მიმართვა საქართველოს სახელმწიფო საბჭოსადმი... თქვენ კი ძალის გამოყენებით გვიპასუხეთ».
    მერედა, ბოლოს და ბოლოს, რა შინაარსის იყო ის მიმართვა? «აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ადასტურებს მზადყოფნას, შეინარჩუნოს კავშირები საქართველოსთან...»
    რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სახელმწიფოთაშორისო კავშირები როგორც ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის.
    ვლადისლავ არძინბამ, 1992 წლის 10-11 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა აღადგინეს 1924 წლის ანტიქართული კონსტიტუცია, განაცხადა კიდეც რუსეთის ტელევიზიით: «ვაპირებთ დავამყაროთ ნორმალური სახელმწიფოთაშორისი კავშირები საქართველოსთან».
    რასაკვირველია, ამაზე ისინი არც იტყოდნენ უარს, ვინაიდან საქართველოსთან, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრი რამ აკავშირებდათ.
    მაგრამ არც ერთ განცხადებაში თუ «მიმართვაში» არ იგულისხმებოდა, რომ აფხაზეთი იქნებოდა საქართველოს ნაწილი.
    12 აგვისტოს «მიმართვაც» პროპაგანდისტულ მიზანს ისახავდა: სეპარატისტები გრძნობდნენ - მას შემდეგ, რაც აღადგინეს საბჭოთა კონსტიტუცია და ფაქტობრივად, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ომი გარდაუვალი გახდა.
    ამიტომ, წინასწარ ცდილობდნენ ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს თვითონ «კომპრომისისათვის იყვნენ მზად, საქართველო კი ძალით აპირებდა პრობლემის გადაწყვეტას».
    ეს, რა თქმა უნდა, სრული სიყალბეა. საქართველოს, რასაკვირველია, შეეძლო აფხაზეთის ომი თავიდან აეცილებინა, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, - თუ უომრად შეურიგდებოდა იმას, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო.
    ყველა სხვა შემთხვევაში ომი იყო აბსოლუტურად გარდუვალი და ეს არძინბამ შესანიშნავად (ჩვენზე უკეთ) იცის.

    მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობს ეჭვისა და არასრულფასოვნების, დამარცხების კომპლექსზე აგებული «სინანულის» პროვოცირებას ქართულ საზოგადოებაში.
    როგორც ჩანს, არცთუ უშედეგოდ.
    ზემოთხსენებული მიმართვა კიდევ ბევრ დემაგოგიურ თეზისს შეიცავდა, მაგრამ საკვანძო სიტყვა მაინც «თანასწორობაა».
    ამ ცნებაში სეპარატისტები გულისხმობდნენ ურთიერთობას საქართველოსა და აფხაზეთს, როგორც ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის.
    დავაკვირდეთ, - მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ არძინბას ძირითადი თეზისი არ შეცვლილა.
    ამჟამად კვლავ საუბრობს «თანასწორსუბიექტურობაზე», როგორც 1989 წლის საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიაზე გამოსვლისას მოითხოვდა «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების» გათანაბრებას.
    ვლადისლავ არძინბასათვის ქართველ ჟურნალისტს უნდა შეეხსენებინა ტარას შამბას «პროექტი», რომელიც 1992 წლის ივლისში გამოქვეყნდა თბილისში.
    პროექტი ითვალისწინებდა აფხაზეთსა და საქართველოს შორის «სახელმწიფოთაშორის - კონფედერაციული» ურთიერთობის დამყარებას და საელჩოების გახსნას.
    ბუნებრივია, შამბასა და არძინბას, აგრეთვე ოზგანებს, ჯინჯოლიებს, ჯერგენიებს იოტისოდენი ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ასეთ პირობებში ომი აუცილებლად დაიწყებოდა. მაგრამ მათ სურდათ ომი, როგორც აფხაზეთიდან ქართველი მოსახლეობის გაძევების საშუალება.
    არძინბას ინტერვიუში სხვა საოცარი მომენტებიც იყო; თურმე, ნუ იტყვით, აფსუა სეპარატისტთა ლიდერს სავსებით ნორმალურად მიაჩნია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა მხოლოდ ენის მცოდნეს ენიჭებოდეს.
    არადა, 1991 წელს, როცა საქართველოში იხილებოდა კანონი «მოქალაქეობის» შესახებ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ანალოგიური მცდელობა «ნაციონალიზმად» მოინათლა და საპროტესტო გამოსვლებითა თუ წერილობით აიკლო «საკავშირო ინსტანციები».
    ახლა, არ არის გამორიცხული, სეპარატისტულმა პარლამენტმა მიიღოს ისეთი კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც მხოლოდ აფსუა მოსახლეობას მიანიჭებს მოქალაქეობას.
    ამგვარი მეტამორფოზები არც უნდა გვიკვირდეს: არძინბა მოქმედებდა და მოქმედებს პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე. მისთვის არ არსებობს განყენებული იდეალი - არსებობს მხოლოდ ინტერესი.
    «ხალხებს აქვთ საშუალება გაერთიანდნენ და თავი დაიცვან უსამართლობისგან» - საინტერესოა, თუკი «გაერთიანდნენ» ხალხები და მხარში ამოუდგნენ აფსუა სეპარატისტებს, რატომ აღარ გახსენებიათ ეს «ერთობა», როდესაც რუსეთმა წამოიწყო ომი ჩეჩნეთში?
    მიზეზი ადვილად ასახსნელია: საქართველო სუსტია, რუსეთი კი - ძლიერი. ისინი, ვინც ასეთი «ვაჟკაცები» იყვნენ უმწეო საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაკვირველია, იგივეს ვერ გაუბედავდნენ რუსეთს; ამ მაგალითითაც ჩანს, რამდენად ყალბია არძინბასა და მისთანების რომანტიზმი.
    ისინი მოქმედებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პირობით, თუ გაუვათ; არძინბას, ჯერჯერობით, გასდის და ამიტომაც «არ ტირის».
   

ზურაბ ჟვანია მკვეთრი დემარშებისთვის ემზადება
   

    სარწმუნო წყაროს ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კვირას ხანგრძლივად ესაუბრა ქვეყნის პრეზიდენტს.
    ედუარდ შევარდნაძესთან მისი კონსულტაციების თემა, რასაკვირველია, ბიუჯეტის მომავალი განხილვა იქნება. თუმცა, თვით ასეთი შეხვედრები, თავისთავად ნიშანდობლივი ფაქტია.
    ისინი კვლავ ადასტურებენ, რომ ჯერ ერთი, შევარდნაძე «ჩვეულ ფორმაშია», ხოლო ზურაბ ჟვანია კვლავ აქტიურად ასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც მას აკისრია შევარდნაძის გუნდში.
    ოპოზიციაც და უმრავლესობაც, ბიუჯეტის მომავალი განხილვისთვის გაფაციცებით ემზადება.
    მასმედიაში თითქოს მხოლოდ ზურაბ ჟვანიას კომენტართა ნაკლებობაა, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მოჩვენებითაც რომ არ იყოს, დასკვნა მაინც მცდარი კეთდება - ჟვანიას მიუხედავად ზოგიერთი პოლიტოლოგ -ანალიტიკოსის წინასწარმეტყველებისა ფარ-ხმალი არ დაუყრია, არც აპირებს ამის გაკეთებას და, კაცმა რომ თქვას, საამისო საფუძველი არც არსებობს.
    თბილისის მერიაში ატეხილმა გნიასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად ეფემერული იყო ეგრეთ წოდებული «მემარცხენე კოალიცია», რომელიც პირველი შემთხვევისთანავე საპნის ბუშტივით გასკდა.
    აქ საქმე პიროვნულ შეუთავსებლობაში როდია, სოციალისტებსა და ლეიბორისტებს (მით უმეტეს, კოალიციის სხვა პარტიებს) ბევრად უფრო ღრმა წინააღმდეგობა-შეუთავსებლობა აქვთ, ვიდრე ერთი ვიცე-პრემიერის დამტკიცებაა.
    ამდენად, ეს წინააღმდეგობა გაძლიერდება და გაღრმავდება.
    მაგრამ აქ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ზურაბ ჟვანიას პოზიცია.
    პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკური ტექნოლოგიის კარგ ფლობას ამჟღავნებს - საჭიროა ისე დააჭმევინო ერთმანეთი შენს მოწინააღმდეგეებს, - თავად არსად ჩანდე და არც გახსენონ.
    სამაგიეროდ, აქტივობის დონე მნიშვნელოვანწილად გაიზრდება საპარლამენტო დებატების დროს. შესაძლოა, ჟვანია სწორედ ამ მომენტს ელოდება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი პოზიცია;
    ვგულისხმობ არა პოზიციას კონკრეტულად ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, არამედ პოზიციას ზემოთხსენებულ გუნდში.
    მოსალოდნელია, რომ განხეთქილებამ საპარლამენტო სხდომაზეც იჩინოს თავი - მით უკეთესი მმართველი უმრავლესობისთვის, მაგრამ ამ უმრავლესობის ლიდერს, ოსტატური დირიჟორობით, ძალუძს ისეთი ვითარება შექმნას სხდომაზე, რომ თვით ბიუჯეტი ყველას დაავიწყდეს.
    ზურაბ ჟვანიამ ადრეც არაერთგზის, აგრეთვე საკმაოდ ოსტატურად მიმართა ამ ხერხს.
    ზოგადპოლიტიკური დისკუსია ოპოზიციისთვის ყოველთვის წამგებიანია, მაგრამ იგი ამას ვერ ხვდება და ყველა შემთხვევას სწორედ საამისოდ იყენებს.
    უეჭველად ასე იქნება მომავალი დებატების დროსაც ბიუჯეტის თაობაზე.
    «ბიუჯეტი» არ შეიძლება ხდებოდეს სასინჯი ქვა, ვინაიდან ნორმალურ ქვეყანაში იგი ზოგადსახელმწიფოებრივი პრობლემაა და არა პოლიტიკური;
    ბიუჯეტის პოლიტიზაცია ანგრევს პოლიტიკურ სპექტრს და შლის «თამაშის» ნორმალურ წესებს.
    მიუხედავად ამ ანბანური ჭეშმარიტებისა, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს საბიუჯეტო პროცესის პოლიტიზაციას და ასევე უეჭველად ყოველთვის წაგებული დარჩება, ვინაიდან ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მხოლოდ ხელისუფლების მარცხი არ არის.
   

თურქეთის პრეზიდენტი სამსუნში დაპატიმრებულ ქართველ ბავშვებს «უყურადღებოდ არ დატოვებს».
   

    თურქეთში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტისას მრავალი გლობალური მნიშვნელობის საკითხი განიხილეს, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებში არცთუ მცირე დატვირთვა შეიძინა სამსუნის ციხეში მყოფი ქართველი მოზარდების პრობლემამ.
    როგორც ცნობილია, მათ ბრალად ედებათ თურქეთის ერთ-ერთ საბავშვო ბანაკში თურქი თანატოლის ცემა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
    ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ ყოფილა გარდაცვალების მიზეზი, ვინაიდან ბავშვი გულის თანდაყოლილი მანკით იყო დაავადებული.
    ანკარაში ორმხრივი მოლაპარაკებისას, ედუარდ შევარდნაძემ ორი ქვეყნის მთავრობის წევრთა თანდასწრებით სთხოვა სულეიმან დემირელს «ყურადღება მიაქციოს ქართველ ბავშვებს». პასუხად თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველი მოზარდებიდან სამი უკვე გათავისუფლებულია. უახლოეს მომავალში გაიმართება სასამართლო. «სასამართლო ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, გავაკონტროლოთ ეს პროცესი, ვინაიდან მომხდარი ინციდენტი უნდა განვიხილოთ როგორც უბედური შემთხვევა».
    ამ საკითხზე მსჯელობისას კვლავ გამომჟღავნდა ქართული საზოგადოების უცნაურობა.
    «დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები!» - თითქოს მოეპრიანა ვიღაცას და ტყუილუბრალოდ დააპატიმრა «ბავშვები».
    ყველაზე ზუსტი დამოკიდებულება იმ შემთხვევაში შეიძლება გამოვიმუშაოთ, თუ საკუთარ თავს დააყენებთ სხვების ადგილას.
    წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ოღონდ სხვა (ქართველი) მსხვერპლით - მაშინ ხომ დამოკიდებულება სხვაგვარი იქნებოდა?
    არც თურქული საზოგადოებაა ჩვენზე ნაკლებად ემოციური.
    მიუხედავად ამისა, უბედური, ლტოლვილი ბავშვების ბედი, სულეიმან დემირელის ამ განცხადების შედეგად, ალბათ მაინც დადებითად გადაწყდება.
    თურქეთი «ტრადიციონალისტური» ქვეყანაა, - პრეზიდენტს უზარმაზარი არაფორმალური გავლენა აქვს. მას მისალმებისას ხელზეც კი კოცნიან თანამემამულენი.
    აშკარა ტრაგიკულობის მიუხედავად, სამსუნის ციხეში მყოფი ჩვენი თანამემამულეების პრობლემა ერთადერთი საკითხი არ ყოფილა და არც იქნებოდა ამ ქვეყანაში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის განმავლობაში.
    ამას, უპირველეს ყოვლისა, მასპინძელი მხარე არ დაუშვებდა. ანკარასა და სტამბულში გაიმართა ოფიციალური ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული რამდენიმე ღონისძიება.
    მათ შორის, რამდენიმე შეხვედრა პირისპირ ედუარდ შევარდნაძესა და სულეიმან დემირელს შორის.
    მოლაპარაკებათა შედეგად კი მიღწეულია შეთანხმება რამდენიმე პრინციპულ საკითხზე: ჯერ ერთი, «დიდი ნავთობსადენის» საკითხი პრინციპული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ გადაწყდა, ხოლო ბაქო-სუფსის ნავთობსადენს ოფიციალური ანკარა სულაც არ განიხილავს «ძირითადი ნავთობსადენის» ალტერნატივად.
    გარდა ამისა, «დიდ ნავთობსადენს» ემატება «დიდი გაზსადენი» თურქმენეთიდან - ევროპაში (საქართველოს ტერიტორიის გავლით), რომლის მშენებლობა 4 მილიარდი დოლარი დაჯდება; შედარებისთვის, - დიდი ნავთობსადენის ღირებულება სულ 2,5 მილიარდი დოლარია.
    გაზსადენს აგებს უდიდესი ამერიკული კომპანია «ჯენერალ ელექტრიკი», რომელსაც შესაბამისი სახსრების აკუმულირების პრობლემა ნამდვილად არა აქვს. თუ მაინც შეექმნება რაიმე პრობლემა, უმალვე მხარში ამოუდგებიან «მობილი» და «ენრონი».
    კასპიის ფსკერზე, შევარდნაძე - დემირელის, ალიევისა და ნაზარბაევის წინადადებით, აიგება აგრეთვე კიდევ ერთი ნავთობსადენი - ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისათვის იმავე მარშრუტით;
    უახლოეს მომავალში კვლავ გამოცხადდება ტენდერი თბილისი – ახალქალაქი - ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ასაშენებლად, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამხრეთ კავკასიის, აგრეთვე ცენტრალური აზიისთვის.
    თურქეთი გეგმავს შავი ზღვის «წრიული» საავტომობილო ტრასის აშენებას ისევ და ისევ საქართველოს ტერიტორიის გავლით.
    რაც მთავარია, ანკარა მზად არის თბილისს არათუ ხელი შეუშალოს, არამედ ყოველმხრივ დაეხმაროს დასავლეთთან დაახლოებაში. ყველა ამ პროექტის განხორციელება კი საშუალებას მოგვცემს თურქეთი, მასთან ერთად დასავლეთი, უფრო აქტიურად ჩავრთოთ აფხაზეთის პრობლემის თაობაზე პერმანენტულად მიმდინარე კონსულტაციებსა და შესაბამის პროცესში, რომელსაც ჯერჯერობით ძნელად თუ შეიძლება ვუწოდოთ «სამშვიდობო».

დილის გაზეთი, 1 მარტი, 1999 წ.