საერთაშორისო მიმოხილვა. 12 დეკემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 12 დეკემბერი. 2023 წელი

მსოფლიო პრესაში ჟონავს ახალი დეტალები ჩინეთ-ევროკავშირის სამიტიდან, რაზეც უკვე ვწერდით წინა მიმოხილვებში.

ირკვევა, რომ მთავარი მესიჯი, რაც პეკინში ჩაიტანა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეხებოდა არა ჩინურ პროტექციონიზმს ევროპული პროდუქციის მიმართ და სავაჭრო უთანხმოებებს, არამედ უკრაინას!

ეს არცაა გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინა ევროპის კარიბჭეა და უკრაინის დამარცხება მართლა კატასტროფა იქნებოდა.

ფონ დერ ლაიენმა სი ძინპინს განუცხადა, რომ ევროპას არ მოსწონს მისი პოლიტიკა პუტინის მიმართ: სწორედ ჩინეთი აძლევს საშუალებას პუტინის რუსეთს ისე იცხოვროს,  თითქოს არანაირი ომი არ არის: რუსეთი ჩინეთიდან ან ჩინეთის გავლით იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება `ნორმალური ცხოვრებისთვის` ჩვეულებრივ რუსებს, რუს ობივატელებს, რომლებმაც ომის სუსხი ჯერ ვერ იგრძნეს როგორც საჭიროა - თუ მისი ოჯახის წევრი ჯერ არ გაუგზავნიათ ფრონტის ხაზზე.

სი ძინპინმა, გლობალური მედიის ცნობით, ურსულას ამ ბრალდება-მოთხოვნაზე პასუხად ჯერ არც `ჰო` თქვა და არც `არა`. როგორც ყოველთვის ჩინელი ლიდერები პრაგმატულ ხაზს აგრძელებენ და მათი უტყვი პასუხია: ` ჩვენ რას მივიღებთ სანაცვლოდ?`

რუსეთს ჩინეთი უანგაროდ კი არ ეხმარება სანქციათა გვერდის ავლაში: უამრავი ტექნოლოგია მიიღეს რუსეთისგან, რასაც ადრე ვერ იღებდნენ. მაგალითად სარაკეტო ტექნოლოგიები.

და სრული დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ ამ ტექნოლოგიათა წყალობით ჩინეთი რუსეთზე ბევრად ადრე გააგზავნის კოსმონავტს მთვარეზე.

რუსულმა `მთვარის პროგრამამ` კი, რომელსაც დიმიტრი როგოზინი (2008 წლის ომის დროს რუსეთის ელჩი NATO-ში) კურირებდა, საბოლოოდ `ჩაყვინთა `ისტორიის მოუსავლეთში პარანოიდული აგრესიის შედეგად, რომელიც პუტინმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გახდა.

სეიმმა იგი აირჩია 248 ხმით. 201 წინააღმდეგი იყო.

სწორედ ტუსკი ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას.

ეს კარგი ამბავია, რადგან დონალდ ტუსკი რადიკალურად პროევროპელი პოლიტიკოსია.

ევროკავშირის (ევროპული საბჭოს) პრეზიდენტიც იყო 2019 წლამდე.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. შესაძლოა მისმა შეხვედრამ ჯო ბაიდენთან და კონგრესის ლიდერებთან ხელი შეუწყოს კომპრომისს უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხის აბსოლუტური უმეტესობა ამერიკული იარაღის ღირებულებაა ანუ ამერიკაშივე რჩება.

ზელენსკისთან შეხვედრისას აშშ თავდაცვის მდივანმა (მინისტრმა) ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკის მიზანია` შექმნას უკრაინაში ისეთი არმია, რომელსაც მომავალში რუსეთის შეკავების უნარი ექნება` რაკი `უკრაინის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების ტრაექტორიისთვის`

ჯერ ჯერობით ამერიკამ უკრაინას 44 მილიარდი დოლარის დახმარება აღმოუჩინა. კიდევ 61 მილიარდი (ვიმეორებ)  ახლა `გაჭედილია` კონგრესში.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება კი, ამასობაში, ცდილობს ევროპელები დაარწმუნოს დაიწყონ მოლაპარაკება კიევთან ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე და გადასცენ კიევს 50 მილიარდი ევროს დახმარება.

ამ თანხის დიდი ნაწილიც იარაღია. თუმცა არა მხოლოდ - უკრაინას საბიუჯეტო ასიგნებებიც ესაჭიროება ხელფასების გასაცემად. მათ შორის იგულისხმება ხელფასები სამხედროებისთვის.

კულებამ  განაცხადა, რომ თუ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინასთან `ევროპის მოლაპარაკებათა` სტარტის თაობაზე `ეს კატასტროფა იქნება ძალიან მძიმე შედეგებით`.

კულება შეხვდა უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს, თუმცა ვერ გადაარწმუნა: უნგრეთი კვლავინდებურად სასტიკ უარზეა მხარი დაუჭიროს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.

აქ ყველაზე უარესი ის არის, რომ ერთ-ერთი ვერსიით, უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანი, რომელიც ჯერ-ჯერობით სასტიკად წინააღმდეგია უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების, სინამდვილეში იმ ევროპელი ლიდერების ფარულ პოზიციას გამოხატავს, რომლებსაც ასევე არ სურთ უკრაინის ხილვა ევროკავშირში, თუმცა ამას პირდაპირ ვერ ამბობენ და `წინ წამოწეული ჰყავთ შირმად` ორბანი.

ანუ ორბანი ერთგვარ `ინდულგენციას` თუ `ალიბის` უქმნით თავისი ვეტოთი - უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებაზე.

. . . . . . . . . . . . . . . . .  

სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა ორშაბათს მიმართა ამერიკის უზენაეს სასამართლოს თხოვნით, იმსჯელოს და დაადგინოს, იცავს თუ არა დონალდ ტრამპს რაიმე იმუნიტეტი იმ შემთხვევაში, თუ მან დანაშაული ჩაიდინა პრეზიდენტობისას.

პასუხი ამ კითხვაზე აბსოლუტურად ცხადია: არა არ იცავს. ამერიკაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მაგრამ პროკურორის კითხვა ძალიან რთული პოლიტიკური ინტრიგაა სინამდვილეში, რადგან იგულისხმება, რომ იმუნიტეტი ტრამპს წესით ვერც იმ შემთხვევაში დაიცავს, თუ კვლავ აირჩევენ პრეზიდენტად.

ანუ ვერ დაიცავს იმ დანაშაულის გამო, რაც პირველი საპრეზიდენტო კადენციის დროს ჩაიდინა.

 პრეზიდენტს აქვს უფლება საკუთარი თავი შეიწყალოს. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს არ ექნება საშუალება საკუთარი თავი შეიწყალოს იმ განაჩენზე, რაც ჯორჯიის შტატში დადგება.

შეიძლება შეიწყალოს საკუთარი თავი ფედერალური სასამართლოს განაჩენზე მხოლოდ.

რატომ მიმართა პროკურორმა სმიტმა (დიდი `კირკიტა` ვინმეა ეს პროკურორი და ტრამპს ასე იოლად არ შეეშვება-დ.) უზენაეს სასამართლოს და არა ფედერალურ სააპელაციო სასამართლოს, სადაც ხშირად განიხილება ამგვარი საქმეები?

იმიტომ, რომ `უზენაესი სასამართლო` ამერიკაში საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას ასრულებს. მის ვერდიქტს უდიდესი ლეგიტიმაცია აქვს - ეჭვმიუტანელი ავტორიტეტის მქონე იურიდიული არეოპაგია; შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი სახელმძღვანელო იქნება სხვა იურიდიული ინსტანციებისთვის - სხვა დონის სასამართლოებისთვის, რომლებიც ტრამპის სისხლის სამართლის საქმეების განხილვას დაიწყებენ 2024 წლის მარტიდან - გააფთრებული საარჩევნო კამპანიის პირობებში.

ბოლო გამოკითხვებით, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს გამოკითხვებით უსწრებს ორ საკვანძო შტატში: მიჩიგანსა და ჯორჯიაში. ჯორჯიის შტატში უპირატესობა 5%-ია, ხოლო მიჩიგანში - 10%!

ამერიკის ელექტორალური ისტორია ადასტურებს, რომ ვინც იგებს ამ შტატებს, 99% შემთხვევაში ხდება პრეზიდენტი.

 . . . . . . . . . . . . . . . . .  

ფანტასმაგორიული სიტუაცია იქმნება რუსეთში პრემიუმ კლასის ავტომობილთა უკანონო იმპორტის სფეროში.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 2022 წლიდან რუსეთში 100 მილიონი დოლარის ღირებულების `ლუქს` კლასის ავტომობილია ექსპორტირებული. მათ შორის `ბენტლი`, `როლს როისი`, `ფერარი`, `ბუგატი` და ასე შემდეგ.

ოღონდ  ყველაზე საინტერესოა, რა გზით შედის ეს მანქანები რუსეთში - თურმე ბელორუსის გავლით!!!

ანუ სანქციათა პირველ პაკეტში, რომლითაც ამ მანქანების ექსპორტი აიკრძალა რუსეთში, ბელორუსის ხსენება  გამორჩათ? მანქანები ვითომ ბელორუსში იგზავნება, თუმცა რეალურად რუსეთში ხვდება.

ეს გასაკვირი არ არის. ევროპული ბიუროკრატიის მოუქნელობა ზოგჯერ კურიოზულიც ხდება. მაგალითად, 2014 წელს, როცა ევროპამ სანქციები შემოიღო რუსული ბანკების წინააღმდეგ, უდიდესმა რუსულმა ბანკებმა დაიწყეს ე.წ. `სამხრეთ ოსეთის ბანკის` გამოყენება ყირიმში გადარიცხვებისთვის და ბრიუსელში `მხრები აიჩეჩეს` - `სამხრეთ ოსეთის ბანკი დასანქცირებული არ არის და.......`

 . . . . . . . . . . . . . . . . .  

შვედური გაზეთი Expressen იუწყება, რომ შვედეთი რუსული სახელმწიფო კომპანიისგან Электрохимприбор ყიდულობს რადიოაქტიურ იზოტოპებს, რომლებიც გამოიყენება რუსული ბალისტიკური ბირთვული რაკეტების დამზადებისას.

ირკვევა, რომ ამ იზოტოპების იმპორტი სანქციებით შეზღუდული არ არის, რადგან ევროპელებს სჭირდებათ სამედიცინო მიზნებით.

ეს მაგალითი ადასტურებს, რომ ბირთვულ სფეროში რუსეთს აქვს გარკვეული უპირატესობები და პუტინი ცდილობს ამ უპირატესობებით ისარგებლოს.

იზოტოპების ექსპორტს ახორციელებენ კომპანიები Vealog და BDP-International.  მათი ფორმალური მფლობელია  ვიაჩესლავ კაიზინი, რომელიც მოლდოვასა და რუსეთის მოქალაქეა. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან.

  . . . . . . . . . . . . . . . . .  

უზბეკეთში ტრაგიკომედია ვითარდება ე.წ. `კანონიერ ქურდებთან` დაკავშირებით: იქაური შინაგან საქმეთა სამინისტრო დაერია ქურდებს; ოღონდ ძველ საბჭოთა მეთოდებს იყენებენ: იარაღის და ნარკოტიკის ჩადება.

უზბეკი NGO სექტორი წუხს: ამით ხომ ადამიანის უფლებები ირღვევაო და მაგალითად მოჰყავთ საქართველოს კანონი `ორგანიზებული დანაშაულის` შესახებ.

ამაზე უზბეკი ხელისუფალნი პასუხობენ: რას ამბობთ, ის კანონი უდანაშაულობის პრეზუმფციას და ევროპულ კონვენციებს არღვევდაო.

ანუ იარაღის ან ნარკოტიკის `ჩადება` უფრო `ევროპულია` თურმე  - ასე გამოდის.