შევარდნაძე ფართო ამნისტიას ამზადებს

შევარდნაძე ფართო ამნისტიას ამზადებს

  

    1992 წლიდან დაწყებული, როდესაც ხელისუფლებაში მოსულმა «მხედრიონმა» და «გვარდიამ» ციხეში მყოფი თავიანთი «ძმაკაცების» ამნისტია გამოაცხადეს, სახელმწიფოებრივი შეწყალების აქტი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მეთოდია და «სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობასთან» «ჰუმანიტარულ პრობლემატიკასთან» ან «სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებასთან» საერთო არაფერი აქვს.
    1992 წლის თებერვალში ე.წ. «დროებითმა მთავრობამ» კრიმინალები ციხეებიდან გამოუშვა არა «ჰუმანური მოსაზრებით», არამედ საკუთარი სოციალური ბაზის გასაფართოებლად, - რაკი სხვას ფაქტობრივად არავის ენდობოდა.
    1992 წლის აგვისტოს «ამნისტია» ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიმართ აგრეთვე პოლიტიკური აქტი იყო და არა სამოქალაქო.
    პრეზიდენტმა სიკვდილმისჯილები შეიწყალა. ედუარდ შევარდნაძის მოტივაციას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია აქციის შინაარსი. თუმცა ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური კონტექსტი მოუშორებელია - სიკვდილმისჯილთა შორის ხომ ზვიად გამსახურდიას მომხრენიც არიან და «მხედრიონელებიც».
    საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ახლადდანიშნული წევრის, რუსუდან ბერიძის განცხადებით, მზადდება შეწყალების ახალი აქტი, რომელიც შეეხება ორი ათასამდე პატიმარს (სულ საქართველოში ათი ათასამდე ადამიანი იხდის სასჯელს). ეს კონტინგენტი ძირითადად ე.წ. «მიმაგრებაში მყოფი» პირებისაგან და მსჯავრდებულთაგან შედგება. რომელთაც 3-4 წელი აქვთ მისჯილი ანუ მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ. მიუხედავად ამისა, მათ შორის მაინც არიან როგორც «ზვიადისტები», ასევე «მხედრიონელები». ოღონდ არა ბობოლები, არამედ «ლიფსიტები» და ამნისტია ამით კვლავ იძენს პოლიტიკურ შეფერილობას.
    ედუარდ შევარდნაძე ძალიან ოსტატურად ახერხებს გაემიჯნოს 1992-93 წლების სამოქალაქო ომის მონაწილე ორივე მხარეს და შეწყალების აქტითაც კი მათ დააკისროს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მის დროს დატრიალებული უბედურებისათვის.
    ამავე დროს, ორი ათასი პატიმრისა თუ მსჯავრდებულის ერთდროული შეწყალება სხვა თვალსაზრისითაც სასარგებლოა. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს «სასჯელის აღსრულების» (პენიტენციალური) სისტემის ბიუჯეტს და დიდძალი თანხის ეკონომიის წყაროც გახდება.
    მთავრობას ბოლო სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ უკმაყოფილება გამოთქვა 1998 წელს მისი სისტემისათვის გამოყოფილი თანხების სიმცირის გამო და პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიცია შეიძლება პარალიზებული აღმოჩნდეს.
    არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება დიდი რაოდენობით პატიმართა შეწყალების შესახებ ამ გარემოებითაც იყოს განპირობებული. მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ემზადება ევროსაბჭოში გაწევრიანებისათვის. ფართო ამნისტიას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად - არა იმიტომ, რომ ევროპელები «გულჩვილები» და «ჰუმანურები» არიან; უბრალოდ, მათ მიაჩნიათ, რომ თუ სახელმწიფოს ფართომასშტაბიანი ამნისტიის არ ეშინია, მაშასადამე, ეს სტაბილური სახელმწიფოა, რომლის ნდობა შეიძლება. ევროსაბჭოში კი მხოლოდ ძლიერ (ინსტიტუციურად ძლიერ) სახელმწიფოებს იღებენ.
    რა თქმა უნდა, ამნისტია ედუარდ შევარდნაძისათვის მომავალი საპრეზიდენტო კამპანიის პირველი აქტია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ორწელიწადნახევარი დარჩა. დღევანდელი პრეზიდენტი ამთავითვე იჭერს თადარიგს. მან კარგად უწყის: მომავალ მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი (მის წინააღმდეგ) ისევ და ისევ სამოქალაქო ომი იქნება. გამოჩნდებიან პიროვნებანი, რომლებიც «ერის გაერთიანებას» შეჰპირდებიან მოსახლეობას და უეჭველად მიიღებენ სამოქალაქო ომის მონაწილე ორივე მხარის ხმებს, მაგრამ ედუარდ შევარდნაძე შეეცდება დაასწროს და ამ არგუმენტებს დაეპატრონოს - ერის გამაერთიანებლის სახელს იგი არავის დაუთმობს.
   

მერიდიანი, 29 სექტემბერი, 1997 წელი