საერთაშორისო მიმოხილვა. 23 ივლისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 23 ივლისი. 2023 წელი

ბელორუსში პუტინი აგრძელებს პროვოკაციულ `მოძრაობებს` ადგილობრივ ავტოკრატ ლუკაშენკოსთან ერთად. ამერიკის დაზვერვამ დაადასტურა და კოსმოსური ფოტოებიც გაუშვა მედიაში, რომ რუსეთმა უკვე მართლაც განალაგა ბირთვული იარაღი ბელორუსის ტერიტორიაზე.

თვით ბირთვული იარაღის ფოტოები არა აქვთ რასაკვირველია, მაგრამ აქვთ თანამდევი ინფრასტრუქტურის, ასევე ამუნიციის და საგანგებო ტრანსპორტის ფოტოები, რაც კოსმოსიდან ჩანს და  უეჭველად მეტყველებს ბირთვული იარაღის განლაგებაზე.

რუსები არც მალავენ:  დღე გადაადგილდებიან, უღრუბლო ამინდში გადაადგილდებიან, რაკი ბირთვული იარაღის განლაგება NATO-ს საზღვართან პუტინის მხრიდან დემონსტრაციული აქცია იყო.

დავაკვირდეთ: აქამდე  სად ჰქონდა განლაგებული რუსეთს ბირთვული იარაღი NATO-ს საზღვართან? კალინინგრადში არ ჰქონდა (აუცილებლად განალაგებს ახლა) ფინეთი ალიანსის წევრი დღემდე არ იყო; ნორვეგიასთან კი საერთო საზღვარი არა აქვს რუსეთს.

 

`კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერის` ნარჩენთა გამოჩენამ ბელორუსის ტერიტორიაზე პოლონეთის მწვავე რეაქცია გამოიწვია: პოლონური არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს და ბელორუსის საზღვრისკენ გადაისროლეს.

პუტინი აშკარად ცდილობს პოლონეთის პროვოცირებას, რათა გამოიწვიოს უთანხმოება NATO-ს მოკავშირეთა შორის. გუშინ პუტინმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ თურმე პოლონეთი აპირებს უკრაინასთან და ლიტვასთან ერთად `სამმხრივი სამხედრო კორპუსის` შექმნას, რომელიც იომებს დონბასზე და ყირიმში ანუ უკრაინის ტერიტორიაზე.

ეს ტყუილია: NATO-ს წესდება გამორიცხავს რომელიმე წევრი სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლად ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას.

თუმცა აქ უფრო ღრმა შრეც არსებობს: პუტინის `ისტორიცისტული კოშმარია` პოლონეთის ალიანსი ლიტვასთან და უკრაინასთან (ესე იგი ბალტიის ზღვიდან - შავ ზღვამდე), რომელიც.....ისტორიულად არსებობდა XV-XVIII საუკუნეებში.

 იმ სახელმწიფოს `რეჩ პოსპოლიტა` ერქვა.

 

პუტინის `მოძრაობებმა` ბელორუსში შექმნა იმის განცდა, რომ შესაძლოა რუსეთმა კვლავ სცადოს (როგორც 2022 წლის მარტში) ბელორუსიიდან უკრაინაში შეჭრა და კიევის ალყა.

თუმცა......ნურას უკაცრავად: განსხვავებით 2022 წლისაგან, ახლა უკრაინამ ბელორუსთან საზღვარი მთლიანად დანაღმა. ასი ათასობით ტანკსაწინააღმდეგო, მანქანსაწინააღმდეგო და ფეხოსანთ საწინააღდმეგო ნაღმი ჩადეს. გარდა ამისა, უკრაინელებმა ბელორუსთან საზღვრის გასწვრივ, ტყეებში `სეჩი` მოაწყვეს ანუ ჩვენებურად საჩეხე - ტყის ჯებირი მოჭრილი ვეება ხეებით, რომლებსაც ვერც ერთი ტანკი ვერ გადალახავს.

თუმცა, მთავარი იმედი უკრაინული არმია და დანაღმული გზებია.

 

რუს შოვინისტებს შორის ბევრი აკრიტიკებს პუტინს: 2022 წელს კიევი უნდა აგვეღო, იქიდან რომ უკან დაიხია პუტინმა, ამიტომაც გაჭიანურდა ეს ომიო.

ფორმალურად თითქოს მართლაც ასეა, თუმცა პუტინმა `არ აიღო` კი არა `ვერ აიღო` კიევი მაშინ. ერთადერთი, რაც შეეძლო, ნამდვილად შეეძლო არტილერიით ქალაქი მთლიანად დაენგრია და მაინც ვერ აიღებდა.

მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, თუ კიევს არ დაანგრევდა არტილერიით, დასავლეთს მოურიგდებოდა.

ამაშიც შეცდა.

ოღონდ ამაში(ც) მხოლოდ იმიტომ შეცდა, რომ უკრაინულმა არმიამ იომა გმირულად.

დასავლეთი მხოლოდ მაშინ გეხმარება, თუ ხედავს, რომ იბრძვი. შენს ნაცვლად არავინ არ იომებს!

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცუდი ამბავია, რომ ამერიკა ჯერ არ აპირებს უკრაინას გადასცეს 300 კილომეტრის სიშორის რაკეტები ATACMS, რომელთა გაშვება შესაძლებელია სისტემიდან HIMARS.

როგორც ჩანს, თეთრ სახლში ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს ჯერ არ დააკმაყოფილონ უკრაინის და ამერიკელ კონგრესმენთა დიდი ორპარტიული ჯგუფის თხოვნა ამის თაობაზე.

ამერიკული წყაროები ფაქტობრივად შეთანხმდნენ იმ საკითხზე, თუ რამ გამოიწვია უარი: უკრაინა დაჰპირდა ამერიკას, რომ ამერიკულ იარაღს (!) არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე; ამ პირობას ნამდვილად ასრულებს, ოღონდ.......უკრაინა ყირიმს არ თვლის რუსეთის ტერიტორიად, ხოლო ბაიდენს ძააააააალიან არ უნდა უკრაინელებმა ყირიმი დაბომბონ ამერიკული იარაღით!

შეგახსენებთ, რომ როდესაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმი დაიპყრო (სამწუხაროდ, უომრად) პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას ამის გამო არანაირი სანქციები არ შემოუღია.

ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკისა ბევრი არაფერი გაეგებოდა. ერთი ჩიკაგოელი წარმატებული ბიჭი იყო....პირველი ვისაც ჰკითხავდა, `როგორ მოვიქცეო`, სწორედ მისივე ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო პოლიტიკაში უაღრესად გამოცდილი ფიგურა, ჯო ბაიდენი იქნებოდა.

იმედი ვიქონიოთ, ეს ტენდენცია არ განვითარდება უფრო ღრმად.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

შაბათს უკრაინამ წარმატებით დაარტყა რუსული იარაღის საწყობს ყირიმის ცენტრში!

თანაც უკრაინული უპილოტო აპარატით ანუ თვითმკვლელი დრონით.

ნიშანდობლივია, რომ რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ამ აპარატის გაუვნებლება ან ჩამოგდება  ვერ შეძლო.

მით უმეტეს ამერიკულ ATACM-ს ვერ შეაჩერებდა.

აფეთქებები სამ საათს გრძელდებოდა. რუსი `დამსვენებლები` შიშით უყურებდნენ ეგზოტიკურ სანახაობას და გარბოდნენ. თუმცა გზებიც გადაკეტილია.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც გატყობინებდით, რუსეთმა განაცხადა, რომ ყველა გემი, რომელიც უკრაინული პორტებისკენ მიემართება, ამიერიდან `ითვლება იარაღის გადამტანად ანუ ლეგიტიმურ სამიზნედ`.

ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა შემოწმებითაც არ შეიწუხონ თავი - უბრალოდ ჩაძირონ და მორჩა.

ბევრმა ვერ შენიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება საოცრად ჰგავს ჰიტლერის და მისი სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებას 1942 წელს: როდესაც გერმანიამ ამერიკას ომი გამოუცხადა 1941 წლის მიწურულს, შემდეგ ჰიტლერმა განაცხადა, რომ ამერიკიდან ყველა სატვირთო გემი, რომელიც ბრიტანეთის კუნძულებისკენ მიემართება, ცხადდებოდა სამხედრო სამიზნედ!

ათასობით სატვირთო გემი ჩაძირეს გერმანულმა წყალქვეშა ნავებმა ომის დროს ატლანტიკის ოკეანეში.\

ახლა უკრაინამაც განაცხადა პასუხად, რომ თავის მხრივ, ყველა გემს, რომელიც რუსეთის პორტებისკენ მიემართება შავ ზღვაში, განიხილავს `იარაღის გადამტანად` ანუ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ.

უკრაინის ხელისუფლებაში თანდათან იმარჯვებს მოსაზრება, რომ `მათ - მათებურად უნდა ეომო`. სხვაგვარად დამარცხდები.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასპენის ფორუმზე აღნიშნა, რომ უკრაინული კონტრშეტევა უახლოეს მომავალში დაჩქარდება. ხოლო შეფერხება გამოიწვია იმან, რომ `რუსეთმა მოასწრო დიდი ტერიტორიების დანაღმვა, რაკი დასავლური იარაღი და მომზადება უკრაინამ შედარებით გვიან მიიღო`.

სრული სიმართლეა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინაში რუსი პროპაგანდისტი `ჟურნალისტი` ჟურავლიოვი მოკლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჟურავლიოვი დაიღუპა `კასეტური ჭურვის` აფეთქების შედეგად, რომელიც უკრაინას ამერიკამ მიაწოდაო.

რამდენად სიმართლეა - არავინ იცის.

თუმცა რუსული მედია გუშინ ისტერიულად აPRებდა ამ თემას და როგორც ჩანს ამ საზარელი იარაღის (კასეტური ჭურვების) გამოყენება უკრაინაში სულ უფრო ინტენსიური გახდება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 

 

ჩინეთი ყველანაირად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ XXI საუკუნეში გლობალურ ლიდერად იქცევა.

მთვარეზე კოსმონავტის გაშვების შესახებ (2030 წლისთვის) უკვე ვწერდით. ახლა 11 და 12 კილომეტრიანი ჭაბურღილის თხრა დაიწყო მთელი მსოფლიოს თვალწინ, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს: `ვინ თქვა, რომ ნავთობი ან ბუნებრივი აირი მხოლოდ 2-3 კილომეტრის სიღრმეზეა და უფრო ღრმად არ შეიძლება იყოსო`.

არც არავის უთქვამს.

რასაკვირველია შეიძლება იყოს 11-12 კილომეტრის სიღრმეზე დედამიწის ქერქში ნავთობის და გაზის საბადოები კი არა, მთელი ოკეანეები, მაგრამ.....მთავარი რენტაბელობაა, რაკი ასეთ სიღრმეზე ჭაბურღილის გათხრა და მერე იქიდან ენერგომატარებლების მოპოვება ძალიან ძვირია. თან სახიფათოც: კოლოსალური წნევა სჭირდება.

პრაქტიკული მნიშვნელობა ამას არა აქვს, იმის მიუხედავადაც კი, რომ რენტაბელობის შანსს თეორიულად ტოვებს მუშა-ხელის სიიაფე ჩინეთში.

თუმცა მთავარი კონტრარგუმენტი მაინც ისაა, რომ ბევრად უფრო `მაღლა` დედამიწის ქერქში  `ფიქალის გაზი` და `ფიქალის ნავთობია`.

დასავლეთმა მათი მოპოვება დიდი ხანია დაიწყო. უფრო ამერიკაში, რადგან ევროპაში პუტინის ფულით ნაყიდმა `მწვანე სასარგებლო იდიოტებმა` გააჩერეს ყველა პროექტი, რომელიც ბევრად ადრე მისცემდა ევროპას საშუალებას, გათავისუფლებულიყო რუსულ გაზზე და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებისაგან.

ანუ, ისევ და ისევ, ეს 12 კილომეტრიანი ჭაბურღილი 90%-ით `საიმიჯო პროექტია` ჩინეთისთვის რაც  სრულებითაც არ ნიშნავს, რომ თანამედროვე მსოფლიოში `იმიჯს` მატერიალური და ფინანსური საინვესტიციო გამოხატულება არა აქვს.

ხშირად მას აქვს თუ აქვს!

ჩინელი კომუნისტები იდიოტები არ არიან. 

დათო