კახა თარგამაძე შეცდომას შეცდომაზე უშვებს

კახა თარგამაძე შეცდომას შეცდომაზე უშვებს

 

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, როგორც ჩანს, საკუთარი პერსონის შეუცვლელობა ირწმუნა და თავს უფლებას აძლევს, მეტისმეტად «თავისუფლად» მოექცეს როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, ასევე პრესას.
    ეს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომელიც თარგამაძისთვის შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს. მისი აღზევება 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის გახსნას უკავშირდება - პრეზიდენტმა სწორედ ამიტომ გამოარჩია იგი და აღჭურვა მინისტრის ძალაუფლებით. მაგრამ ედუარდ შევარდნაძეს მუდმივი მეგობრები არ გააჩნია - მას აქვს მუდმივი ინტერესები.
    26 მაისს «ზვიადისტთა» დემონსტრაციის დარბევა იყო პირველი სიმპტომი იმისა, რომ პოლიციის მეტისმეტმა მონდომებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს და დათვური სამსახური გაუწიოს ხელისუფლებას. რაც მთავარია, კახა თარგამაძემ არათუ ბოდიში მოიხადა ჟურნალისტების წინაშე (ინციდენტის დროს მასმედიის წარმომადგენლებიც დაარბიეს), არამედ გარკვეულწილად გაამართლა კიდეც «ომონის» ქმედება - მინისტრი აშკარად ეიფორიაში იმყოფება და ვერ ამჩნევს, რომ მასმედიის გადაკიდება ძალიან საშიშია - არა იმიტომ, რომ ჟურნალისტები რაიმეს დააკლებენ უშუალოდ მინისტრს, არამედ სულ სხვა მიზეზით: შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობისადმი საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის დამკვიდრებით უეჭველად მიადგება ჩრდილი თვით პრეზიდენტსაც, ედუარდ შევარდნაძე კი არავის აპატიებს საკუთარი იმიჯის შელახვას - ვინც არ უნდა იყოს, როგორი დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს წარსულში, უმალვე დაკარგავს თანამდებობას, თუ ოპოზიციამ შეძლო მისი გადაქცევა ქვეყანაში «დიქტატორული» რეჟიმის» არსებობის სიმბოლოდ.
    სხვათა შორის, 26 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ძალზე ნიშანდობლივი ფრაზა თქვა: «კარგად უნდა იქნას შესწავლილი, თუ რა მოხდა და რა მიზანს ისახავდა ერთი ან მეორე მხარე», ანუ (იგულისხმება): რა მიზანს ისახავდა პოლიცია («ომონი»), როდესაც ამ მანიფესტაციას არბევდა.
    შევარდნაძემ შესანიშნავად იცის, რომ, მაგალითად, 1991 წლის 2 სექტემბრის დარბევა კინოს სახლთან პროვოკაცია იყო (იმდროინდელი მილიციის ზოგიერთი ხელმძღვანელის მხრიდან), რაც მიზნად ისახავდა პრეზიდენტის დისკრედიტაციას და ხელისუფლების დამამხობელი ტალღის «აგორებას». არ არის გამორიცხული, ამგვარი რამ ახლაც განმეორდეს და კახა თარგამაძემ (შეუგნებლად) მაპროვოცირებელი როლი შეასრულოს. გარდა ამისა, დღევანდელ მინისტრს ძალაუფლების ტექნოლოგიაში ბევრი რამ ეშლება. ავიღოთ, მაგალითად, სამსონაშვილის უმაღლესი სასამართლოდან გაქცევის ეპიზოდი - კახა თარგამაძე პირადად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისულიყო შემთხვევის ადგილზე - შეიძლებოდა სპეციალური განცხადება გაეკეთებინა, მაგრამ ადგილზე მისვლით მან დააფიქსირა, რომ მთელი პასუხისმგებლობა მომხდარისათვის სწორედ მას უნდა დაკისრებოდა. ანეკდოტური ვითარება შეიქმნა: ტელევიზიით გადაიცა, რომ სამსონაშვილი «გააქციეს», მავანმა «ფული აიღო», გაქცეულს მანქანა ელოდებოდა, პოლიცია «დაიბნა» თუ «დააბნიეს»... სამსონაშვილი კი სინამდვილეში თურმე ორი დღე-ღამის განმავლობაში სარდაფში იმალებოდა ფეხმოტეხილი. კახა თარგამაძე რომ არ აჩქარებულიყო, უეჭველად მოიგებდა და დამატებით ქულებსაც «ჩაიწერდა». შინაგან საქმეთა მინისტრი ამჟამად განიცდის «თავბრუდახვევას წარმატებისაგან». თუ დროულად არ გამოფხიზლდა, შეიძლება, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს არა მარტო თავად, არამედ ძალზე უსიამოვნო დილემის წინაშე დააყენოს ხელისუფლებაც.

მერიდიანი, 10 ივნისი, 1997 წ.