აღარც მე ჩამოვალ ბათუმში! მოთმინების ფიალა, თურმე, შევარდნაძესაც ევსება

აღარც მე ჩამოვალ ბათუმში! მოთმინების ფიალა, თურმე, შევარდნაძესაც ევსება

 

        ახლახან საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამიერიდან მისი რეაქცია აჭარის ხელისუფლების გამოხდომებზე კარდინალურად შეიცვლება
        აქამდე ბათუმიდან წამოსულ უმძიმეს ბრალდებათა თუ გაუთავებელი ლანძღვა-გინების პასუხად, შევარდნაძე «ენას იშაქრავდა» ხოლმე და არც მეტი, არც ნაკლები, აჭარის ხელმძღვანელობას აქებდა. - იქმნებოდა ერთგვარად იუმორისტული ვითარება, თუმცა იმ დროს შევარდნაძეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა – უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ვითარების გამწვავება კიდევ ერთ (მით უმეტეს, ქართულ) ავტონომიასთან, საზოგადოებაში უარყოფით რეზონანსს გამოიწვევდა;
        მაგრამ ასლან აბაშიძე ნელ-ნელა შეჰყვა და ვერც შეამჩნია, როგორ გადავიდა «მოუკრეფავში», როცა ცენტრალური ხელისუფლების საპასუხო რეაქცია არათუ აღარ გამოიწვევდა საზოგადოების გაღიზიანებას, არამედ პირიქით, - მხარდაჭერასაც კი მოიპოვებდა.
        «ზღვარი» ბათუმმა მაშინ გადალახა, როდესაც განახორციელა ქართული ფსიქოლოგიისათვის გამაღიზიანებელი აქციები ყველაზე სათუთ სფეროში. ეს სფერო ქვეყნის მთლიანობაა და იგი მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის მთავარი კოზირი იყო.
        მის აქტიურ, წარმატებულ გამოყენებას კი ხელი თვით ასლან აბაშიძის უხეშმა შეცდომებმა შეუწყო.
        მაგალითად, ასლან აბაშიძემ არ შეუშვა აჭარის საზღვაო აკვატორიაში საქართველოს სასაზღვრო გემები, ხოლო როდესაც «თბილისს დაქვემდებარებულმა» მესაზღვრეებმა «შორიდან მოუარეს» და ე.წ. ეკონომიკურ ზონაში გავიდნენ, აჭარის ლიდერმა პრესკონფერენციაზე თავი ვერ შეიკავა: «ეკონომიკური ზონა საზღვაო აკვატორიუმი არ არის – ასე შეუძლიათ ხმელთაშუა ზღვაშიც იცურონო».
        გასაგებია, რომ ეს განცხადება უდიდეს აღშფოთებას გამოიწვევდა პოლიტიკით დაინტერესებულთა იმ კატეგორიაშიც კი, ვისაც მანამდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა...
        შეცდომას შეცდომა მოჰყვა: «ყარსის» ხსენება სარფის საბაჟო და ა.შ.
        ყველა ეს შეცდომა აძლიერებდა ცენტრის პოზიციებს (მას მოთმინების დიდი უნარი აქვს, რაც პოლიტიკოსისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი თვისებაა); შევარდნაძემ კონტრშეტევის განსახორციელებლად ზუსტი დრო შეარჩია.
        ბათუმში კი, არსებული ვითარება იმდენად გაუტკბათ, რომ საპასუხო დარტყმის მომენტი აშკარად გამოეპარათ – ტრადიციულ ბრიფინგზე ავტონომიის ხელმძღვანელი აშკარად დაბნეული ჩანდა და საპასუხოდ ვერაფერი თქვა.
        მაგრამ კიდევ უარესი (მისთვის), ის არის, რომ ამიერიდან კონტრშეტევა უკვე პერმანენტული გახდება და ფართომასშტაბიან პოლიტიკურ შეტევაში გადაიზრდება.
        ედუარდ შევარდნაძის თქმით, იგი 22-ჯერ «ეახლა» ბათუმში ასლან აბაშიძეს (მიაქციეთ ყურადღება რამდენი გაღიზიანება და წყენაა სიტყვებში «ვეახლე»), მაშინ როდესაც ავტონომიის ხელმძღვანელი ერთხელაც არ ჩამოსულა თბილისში. ეს ვითარება «აღორძინებისათვის» აგრეთვე წამგებიანია, ვინაიდან ავტონომიის ლიდერის თბილისში ჩამოუსვლელობა ბევრს აღიზიანებს.
        აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ედუარდ შევარდნაძეც დადგება პრინციპზე და აღარ ჩავა ბათუმში, მაგრამ ეს უკვე აღარ გამოიწვევს უარყოფით რეაქციას. ბოლოს და ბოლოს, «22-ჯერ ეახლა და ის ერთხელ აღარ უნდა ჩამოვიდეს?» - ასეთი იქნება საზოგადოების რეაქცია.
        ამასთან, «ცენტრი» სულ უფრო მომთხოვნი გახდება საკუთარი პრეროგატივის განხორციელებისას.
        მაგალითად, ამიერიდან პერმანენტული იქნება ბათუმიდან და სარფიდან შემოსული ტვირთების საქართველოს სხვა რაიონებში შემოსვლის აკრძალვა – ვიდრე საბაჟო სფეროში არ აღდგება ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია.
        არსებობს სხვა სავსებით კანონიერი და კონსტიტუციური მექანიზმები; ხოლო მას შემდეგ, რაც არჩევნები (ორივე არჩევნები) ჩაივლის, «ცენტრი» განაგრძობს ამ პოლიტიკას, ხოლო «აღორძინებას» აღარ ექნება საშუალება მოახდინოს აპელირება პოლიტიკურ, საარჩევნო დაპირისპირებაზე, ანუ ვეღარ იტყვიან, რომ «ცენტრის» პრინციპულობა (ვთქვათ) საბაჟო, საგადასახადო საკითხებში საზღვრის დაცვის სფეროში და სხვა, წინასაარჩევნო საჭიროებით არის განპირობებული.

მერიდიანი, 13 ოქტომბერი, 1999 წელი