რა და რატომ მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს?
გაუთავებლად ამაზე მსჯელობს ყველა და......მეც ხომ მაქვს უფლება ჩემი აზრი ვთქვა იმის შესახებ, მაინც „რა მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს?!“
სინამდვილეში მთავარი და ფუნდამენტურად განმსაზღვრელი იმ დღეს, როცა (დააკვირდით ამ ფაქტს) უპრეცედენტოდ (!) ბევრი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთთან საკუთარი „კალმისტრით“ ხელში (არასდროს მანამდე და არასდროს მას შემდეგ ამდენი არ მისულა-დ.) იყო არა ყბადაღებული „უფასო ფული“, „1 ლარიანი ბენზინი“ და ბერიკაშვილის ქალის არტისტული კივილი: „ბავშვი მოკლეეეეეეეეეეეს“..... ან თუნდაც „ცოცხები“ (ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ „სათქმელად“ და „საბაბად“).....არამედ, სინამდვილეში, მთავარი ფაქტორი, რამაც „1 ოქტომბერი“ განაპირობა, გახდა ის, რომ გამოჩნდა ძალა, რომელშიც ისტორიით დაღლილმა, მრავალგზის დამარცხებულმა, 1988-2008 წლების საზარელი, ოცწლიანი ეროვნული ტრაგედიით გულმოკლულმა, „ხელჩაქნეულმა“ და პერმანენტული რუსული აგრესიის გამო მუდმივ სტრესში (!) მყოფმა ქართველმა ამომრჩეველმა (ელექტორატის კონსოლიდირებულმა უმრავლესობამ) დაინახა უნარი, გაეთავისუფლებინა იგი ამ 20 წლიანი სტრესისგან და აღესრულებინა მისი უუუუუმთავრესი ნატვრა/ოცნება: მ შ ვ ი დ ო ბ ა!!
„აღარ გვინდა სტრესი, აღარ გვინდა მუდმივი დაძაბულობა, აღარ გვინდა ომი.....დავმარცხდით, დავიღალეთ, მოვიქანცეთ, მოგვასვენეეეეეეეთ!!!“ - სწორედ ეს იყო, სინამდვილეში, ძირეული, ფუნდამენტური, თუნდაც ღიად გამოუთქმელი ასპირაცია.
ხოლო სხვა ყველაფერი, რაც მაშინ ღიად (!) ჟღერდა - „ცოცხებით“ დაწყებული...... იყო მხოლოდ „სათქმელი“, „საბაბი“ და არა შინაგანი, - თუნდაც დაფარული და შენიღბული, ინტროვერტული, თუმცა უმწვავესი, მხურვალე რეალური მოტივაცია.
ამიტომაც...... აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ:
რომ არ ყოფილიყო 2008 წლის ბინძური რუსული აგრესია (რაც დაიწყო ცხინვალში ქართველი ჯარისკაცების სამარცხვინოდ დაჩოქებით 2004 წელს), რომ არ ყოფილიყო პუტინის ნაძირლური შემოჭრა და ის გამანადგურებელი ომი..... და იმ აგრესიას რომ არ გაეღრმავებინა წინა საშინელი ისტორიული მარცხით (1993წ) და ტრაგედიით გამოწვეული სოციო-ფსიქოლოგიური სტრესები...... ასევე, რომ არ ყოფილიყო შემდგომი (2008-2012წწ) მუდმივი, გულისგამაწვრილებელი დაძაბულობა მოსკოვის აგრესიული ყოველდღიური მუქარების გამო, ასევე საოკუპაციო ხაზთან ქართველი პოლიციელი ბიჭების ლამის ყოველკვირეული დახოცვა დასავლეთის სრული მდუმარების ფონზე, შესაბამისად, ისევ და ისევ თანამდევი განუწყვეტელი ს ტ რ ე ს ი, ახალი აგრესიის მუდმივი შიში....... და, ამავე დროს ბარაქ/ჰუსეინ/ობამას ამერიკის თუ NATO-ს სხვა ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფთა ყოვლად უსინდისო, უზნეო, სამარცხვინო მარშირება პუტინის თვალწინ „წითელ მოედანზე“ 2009 წლის 9 მაისს..........აი ეს ყოველივე რომ არ ყოფილიყო........მიშა დღეს იქნებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი!!
ურყევად დარწმუნებული ვარ მეთქი ამაში.
და ვერანაირი შიდა-პოლიტიკური (!) სტრესი, ვერანაირი „გირგვლიანი“, ვერანაირი „ციხის კადრები“, გარეწარი თაღლითი ბერეზოვსკის პადელნიკები და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის სრულებით უცხო „ენჯეოშნიკური ნარატივები“ „დემოკრატიაზე“, „ადამიანის უფლებებზე“ ....... ამ რეალობას ვერ შეცვლიდნენ!
მესამედ გავიმეორებ, რაშიც, დიახ, ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული: რომ არა პუტინის ბინძური, მზაკვრული აგრესია (მათ შორის განუწყვეტელი ემბარგო, ბლოკადა, საინფორმაციო ომი) და ამ სხვადასხვაგვარი აგრესიის თანამდევი პერმანენტული საომარი ს ტ რ ე ს ი, მიშა დღეს იქნებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო გიგი უგულავა - საქართველოს პრეზიდენტი.
იმიტომ, რომ სხვა ბევრი რამ მოსწონდა ხალხს, რასაც ესენი აკეთებდნენ.
კი ბატონო, მე ჩემ აზრს ვამბობ, სხვებმა კი იმსჯელონ იმაზე, რა როლი შეასრულა 2012 წლის 1 ოქტომბერს „ცოცხმა“ ან/და ფილოსოფიურმა საკითხმა: „შეეტეოდა თუ არა იგი ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე შ ი“ ან „დადგმული იყო თუ არ იყო დადგმული“ და სხვა „ბოსტნეულის პლანტაცია“.
„1 ოქტომბრის ამომრჩეველს“, ვინც გადაწყვიტა იმ დღეს ხელისუფლების ბედი, დილიდან საღამომდე ამაზეც რომ ელაპარაკა ღიად (!), საჯაროდ (ანუ „გირგვლიანზე“, ანუ „ციხეში მდგომარეობაზე“ ანუ იმავე „ცოცხზე“), სინამდვილეში, ეს ყოველივე შინაგანად სულ „ეკიდა“!
მას სხვა „აღმძრავი“ ინტენცია, ესე იგი შინაგანი განზრახვა ჰქონდა.
1 ოქტომბერს გამარჯვებულმა ძალამ სწორედ ეს ნატვრა/ოცნება აუსრულა: მშვიდობა, საომარი „უსტრესობა“ და........მო-სვე-ნე-ბა!!
ხოლო შიდა სტრესები, რევოლუციის მცდელობები და რუსთაველზე ბარიკადებთან დანთებული კოცონები მას აზრს ვერ შეაცვლევინებს, რადგან „იმ“ (რუსულ) საომარ სტრესთან შედარებით ეს ბევრი არაფერია.
სანამ ოპოზიცია ამას არ გაიაზრებს, სანამ ამას არ/ვერ მიხვდება, სანამ ღიად არ აღიარებს და შესაბამის სამშვიდობო ნარატივს დამაჯერებლად არ „დაალაგებს“.......მაშასადამე სანამ არსებითად არ უპასუხებს ამომრჩევლის კონსოლიდირებული უმრავლესობის აბსოლუტურად ლეგიტიმურ კითხვას: „აბა ომი გინდათ?“...... ნებისმიერ მომავალ „1 ოქტომბერსაც“ უეჭველად დამარცხდება.
რაც მთავარია, უნარიან, ეტატისტურ ოპოზიციას ნამდვილად აქვს საშუალება, ეს ნარატივი ახალ გარემოში (ტრამპის ცინიკურ ეპოქაში! - რასაც ოცნება, უნდა ვაღიაროთ, ბრწყინვალედ ახერხებს), თავისებურად, ახლიდან, ახლებურად „დაალაგოს“.
თუ ვერა და.....შეუძლებელია არჩევნები მოიგო, თუკი არ/ვერ პასუხობ ამ მრავალტანჯული, მრავალგზის მწარედ დამარცხებული, ისტორიული სტრესებით გათანგული, გულმოკლული ერის უმთავრეს გულისთქმას: მ შ ვ ი დ ო ბ ა და უსტრესო გარემო!
განა მე ვამბობ, რომ 1 ოქტომბერს ეს იყო ერთადერთი (!) მოტივაცია?
არა.
მე ვამბობ, რომ ეს იყო მ თ ა ვ ა რ ი მოტივაცია - „ღერძულა“ და „აღმძრავი“: სხვა მოტივატორების (თუნდაც იმავე „უფასო ფულის“და „ერთლარიანი ბენზინის“ თუ „სამლარიანი ყურძნის“) მულტიპლიცირება/დაბუსტვით.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
და ჰო, კი......2024 წელს „ფლომასტერმა გაჟონა“.
სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციურ კლასტერს, - მისი ტუტრუცუნა/ჭკუათხელი „ენჯეოშნიკური“ კვინტესენციით, - დღემდე არ აქვს გააზრებული, რა წარუშლელი კვალი და ღრმა ჭრილობა/ტრავმა დატოვა ქართულ სოციუმზე, მის ფსიქოლოგიასა და განწყობაზე, 1988-2008 წლების საზარელმა, სისხლიანმა და მარცხიანმა „ოცწლეულმა“.
სინამდვილეში ესაა მთავარი პრობლემა.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი
2026 წლის 7 ოქტომბერი