საერთაშორისო მიმოხილვა. 25 აგვისტო. 2024 წელი
ცხინვალში დიდი სკანდალია: რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, რომელსაც ახლა რუსეთის ფედერაციის უშიშრობის საბჭოს მდივნის პოსტი უკავია, ჩავიდა ცხინვალში, მოინახულა ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ არსებული რუსული სამხედრო ბაზები და არ შეხვდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტს, ალან გაგლოევს!
ასეთი რამ ადრე არასდროს მომხდარა.
მით უმეტეს, რომ ამ შოიგუმ, თავის დროზე, დიდი წვლილი შეიტანა როგორც ცხინვალში, ასევე აფხაზეთში ეთნიკური წმენდის განხორციელებასა და ამ ტერიტორიების საქართველოსგან დროებით მოგლეჯაში.
ცხინვალში ზუსტად იციან და ეჭვი არ ეპარებათ, რა გახდა ამის მიზეზი: „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა არც თუ დიდი ხნის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლა „სამხრეთ ოსეთის“ რუსი (!) თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი, რომელიც შოიგუს „კადრად“ ითვლებოდა.
გაგლოევს სურდა „სამხრეთ ოსეთის“ თავდაცვის მინისტრი ოსი ყოფილიყო.
რამდენიმე წლის წინ პოლკოვნიკი მარატ პავლოვი სწორედაც შოიგუს „რეკომენდაციით“ დანიშნა გაგლოევმა „თავდაცვის მინისტრად“, თუმცა სულ მალე არ მოეწონა და გააგდო. შემდეგ კი....დაიჭირა! - სიგარეტის კონტრაბანდა დააბრალა. ციხეშიც იჯდა, მერე ვლადიკავკაზში გადაიყვანეს და მისი პროცესი იქ გრძელდება.
აქ გამომჟღავნდა ერთი ფუნდამენტური წინააღმდეგობა, რაც 2008 წლიდან არსებობს მოსკოვსა და ცხინვალს შორის: პუტინმა „სამხრეთ ოსეთში“ ადგილობრივი „არმია“ გააუქმა და იგი მთლიანად შემოიყვანა რუსული არმიის შემადგენლობაში.
ანუ „სამხრეთ ოსეთს“ თავისი ე.წ. „არმია“ ფორმალურადაც აღარ ჰყავს 2009 წლიდან.
სხვათა შორის, პუტინმა აფხაზეთში იგივე ვერ მოახერხა: აფხაზებმა უარი უთხრეს და საკუთარი„ არმია“ არ გააუქმეს.
ეს გარემოება ადასტურებს, რომ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის არსებობს სერიოზული სისტემური სხვაობანი და მომავალში ეს თემაც შესაძლოა განვავრცოთ.
კიდევ ერთი სხვაობა, მაგალითად, ისაა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ მამაკაცთა უმრავლესობა (80%) მსახურობს ამ ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე და რუსული არმიის ქვედანაყოფთა შემადგენლობაში.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, ეს რუსული სამხედრო ქვედანაყოფები (მაშასადამე მათი ოსი სამხედრო მოსამსახურეებიც) გადაისროლეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ბევრი მათგანი დაიღუპა ან დაიჭრა.
ეს ოსების უკმაყოფილებას იწვევს - საქართველო აქვეა და ჩვენ უკრაინაში რატომ უნდა ვიომოთო.
ამან გაზარდა უკმაყოფილება რუსი თავდაცვის მინისტრით: „ეს პავლოვი რას გვიკეთებს - „სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი“ ჰქვია და არმია არ გვყავსო“.
სისტემური თვალსაზრისით, ამ წინააღმდეგობებში გამოვლინდა დაახლოებით იგივე სინდრომი, რაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში: სომხებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რაკი რუსეთის A კლასის სტრატეგიულ ინტერესებს აკმაყოფილებდნენ, რაკი რუსული ჯარები იდგა მათ ტერიტორიაზე და ყველანაირად ლოიალურნი იყვნენ რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისა, პუტინი ყველაფერს მოუთმენდათ.
მათ შორის სომხეთში პუტინის „მეგობარი-ნომენკლატურის“ და მოსკოვის დანიშნული კადრების დაჭერას.
არ აღმოჩნდა ასე - შეცდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა ყარაბაღში.
ახლა ოსი სეპარატისტები, იგივე ალან გაგლოევი აუცილებლად იწვნევენ მოსკოვის „გაბრაზების“ შედეგებს.
შოიგუს დემონსტრაციული უარი, შეხვედროდა ალან გაგლოევს, მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
შესაძლოა ფინანსური დახმარებაც შეუწყვიტოს.
„ჩვენს კადრებს არ შეეხოთ, თორემ დაგსჯით“ - ასეთია მოსკოვის პოზიცია ყველგან.
ამას კრემლისთვის ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბაზების განლაგებას.
უფრო ზუსტად, სწორედ ესაა მისთვის A კლასის სტრატეგიული საკითხი.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობათა დაძაბვა პირველად მას შემდეგ დაიწყო, რაც შევარდნაძემ რუსი ვარდიკო ნადიბაიძე მოხსნა თავდაცვის მინისტრობიდან და მის ნაცვლად დავით თევზაძე დანიშნა 1998 წელს.
არანაკლებ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები აფხაზეთში, სადაც გრძელდება კლოუნადა, სპექტაკლი ე.წ. „აპარტ-სასტუმროებთან“ დაკავშირებით.
„თეატრალური წარმოდგენის“ არსი ისაა, რომ „ხალხი აპროტესეტბს“ იქაურ ოპოზიციასთან ერთად, ხელისუფლება კი ვითომ „იბრძვის“, რათა ეს კანონი მიიღოს.
სროლაც კი იყო მიტინგზე აფხაზეთის „პარლამენტის“ წინ.
ოღონდ თუ შარშან აფხაზეთის ხელისუფალნი ლობირებდნენ („ვითომ“ ლობირებდნენ!!!) მოსკოვის მოთხოვნით კანონს, რომელიც აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის გაგრასა და ბიჭვინთაში, მისცემდა საშუალებას რუსებს, შეეძინათ ბინები ე.წ. „აპარტ-სასტუმროების“ ფორმით, ახლა ვითომდაც მორიგი კანონპროექტი ეხება მხოლოდ აღმოსავლეთ აფხაზეთს: გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებს.
მათი„ სოციალ-ეკონომიკური განვითარების“ მიზნით.
სპექტაკლში მონაწილე მეორე მხარე (ოპოზიცია) ამასაც დიდად ეწინააღმდეგება.
ორმოცდაათმა საზოგადო მოღვაწემ და ოთხმოცმა ომის გმირმა (იგულისხმება 1990იანი წლების ომი) გამოაქვეყნეს ისტერიული წერილი კანონის მიღების დაუშვებლობის შესახებ, რაკი ეს კანონი „დაღუპავს“ მათი აზრით აფხაზეთს, შეცვლის დემოგრაფიას, ჩაასახლებს აფხაზეთში ასი ათას რუსს, - „აფხაზი ერი ისევ უმცირესობაში აღმოჩნდება“ და ა.შ და ა.შ
არადა კანონი ჯერ პირველი მოსმენითაც არ არის მიღებული. მხოლოდ „საპარლამენტო კომიტეტზე„ მოისმინეს და იმ მიზნით, რათა ამ „მოსმენისთვის“ მეტი „წონა“ მიენიჭებინა, საპარლამენტო მოსმენას თვით პრეზიდენტი ბჟანია დაესწრო..... თან ჯავშანჟილეტი ეცვა.
ამით მოსკოველ კურატორებს ეუბნებოდა: „ხომ ხედავთ როგორ ვიბრძვი, ხომ ხედავთ ყველაფერს ვაკეთებ, რათა თქვენი მოთხოვნები შევასრულო, მაგრამ......რა ვქნა წინააღმდეგობას ვაწყდებიო“.
სინამდვილეში არც ბჟანიას, არც მის უშიშროების საბჭოს მდივანს სერგეი შამბას (რეალურად, შამბა საკვანძო ფიგურაა იქ-დ.) არ სურთ ამ კანონის მიღება!!!
მათი მიზანია როგორმე დრო გაჭიმონ, თუნდაც უსასრულოდ, რაკი გალიც, ოჩამჩირეც, ტყვარჩელიც, გაგრაც და ბიჭვინთაც მათ არც რუსებისთვის ემეტებათ და არც ქართველებისთვის - ამ ტერიტორიებზე ოდესმე თურქეთში მცხოვრები აფხაზების ჩამოსახლებას გეგმავენ.
რომც მოხდეს ისე, რომ მოსკოვის ზეწოლით მიიღოს ე.წ. „პარლამენტმა“ ეს ბოლო კანონპროექტი, იგი ელემენტარულად ვერ განხორციელდება:
ჯერ ერთი, On The ground ამ „აპარტ-ჰოტელების“ შეძენის ან მშენებლობის პროცესში უამრავ ბიუროკრატიულ ბარიერს, ეშმაკურ წინაღობას „ჩადებენ“ და რაც მთავარია - ვის რაში სჭირდება ამგვარი აპარტ-სასტუმროები გალში ან ოჩამჩირესა თუ ტყვარჩელში?
რუსებს გაგრა უნდოდათ გ ა გ რ ა! და „პიცუნდა“!
იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს წლევანდელი „კანონპროექტი“ არის გადამუშავებული ვარიანტი შარშანდელი კანონპროექტისა მთელს აფხაზეთში ამგვარი „აპარტამენტების“ მშენებლობის შესახებ....... ხოლო შარშანდელი კანონპროექტი, რომელიც აწვალეს...აწვალეს...ჭიმეს დრო...ჭიმეს და ბოლოს მაინც არ მიიღეს, იყო გადამუშავებული ვარიანტი კიდევ უფრო ადრე მოსკოვიდან შემოგზავნილი კანონპროექტისა ბინების ყიდვა-გაყიდვის შესახებ აფხაზეთში. იგულისხემბოდა ქართველ ლტოლვილთა ბინები.
ამ კლოუნადას პუტინი და მისი ადმინისტრაცია რასაკვირველია ამჩნევენ, ყველაფერს ხვდებიან, თუმცა ჯერ-ჯერობით ითმენენ: „ვაითუ სოხუმთან დაპირისპირებით ამერიკამ და ევროპამ ისარგებლონო საქართველოსთან ერთად“.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ ჩინეთის და რუსეთის სამხედრო გემები ერთობლივ პროვოკაციულ წვრთნებს ატარებენ აშშ ალასკას სანაპიროებთან.
გუშინ რამდენიმე ამერიკული თვითმფრინავი იძულებული გახდა ჰაერში აწეულიყო, რადგან იმავე ალასკას სანაპიროს რუსული და ჩინურის სტრატეგიული ბომბდამშენები ერთობლივად მიუახლოვდნენ.
აქ ტექნოლოგია იგივეა, რაც „საჰაერო ბუშტების“ გაშვებისას, რაზეც გუშინ ვწერდით.
ანუ დემოკრატიულ ამერიკაში ასეთი სახიფათო სამხედრო მანევრები არ დაიმალება და საზოგადოება შეშფოთდება, ხოლო თუ ამერიკა მოაწყობს ასეთივე დემონსტრაციულ სამხედროს წავლებებს სადმე მურმანსკთან (ნეიტრალურ წყლებზეა ყველა შემთხვევაში საუბარი) ამას რუსები ვერ გაიგებენ, რაკი მათ რუსული პროპაგანდა არ ეტყვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსმა, როლი უოკერმა განაცხადა, რომ რუსეთს კიდევ 5 წელი და მილიონნახევარი ადამიანის დაკარგვა დასჭირდება, რათა მიაღწიოს უკრაინაში მინიმალურ მიზნებს - დაიპყროს ბოლომდე თუნდაც ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონები, რომლებიც ოფიციალურად შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაგრამ მათ დიდ ნაწილს კვლავინდებურად უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლება აკონტროლებს.
„მილიონნახევრის დანაკარში“ არ იგულისხმება მხოლოდ მოკლულები. იგულისხმება ასევე დაჭრილებიც.
ამჟამად, როლი უოკერის ინფორმაციით, რუსეთმა მოკლულებისა და დაჭრილების სახით ნახევარი მილიონი ადამიანი დაკარგა აგრესიის შედეგად.
თუმცა გენერალმა უოკერმა იმაზეც ფრთხილად მიანიშნა, რომ უკრაინის დანაკარგები არანაკლებია - რუსეთსა და უკრაინას შორის დემოგრაფიული სხვაობის გათვალისწინებით:
რუსეთის მოსახლეობა სამჯერ აჭარბებს უკრაინის მოსახლეობას.
გარდა ამისა, უკრაინაში არ არსებობს ამგვარი მენტალობა, რომ....... Бабы ещё нарожают.