საქართველო დიდ პოლიტიკურ ვაჭრობაში ებმება

საქართველო დიდ პოლიტიკურ ვაჭრობაში ებმება


       

        რუსეთსა და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში პოლიტიკურ პრიორიტეტთა განსაზღვრას აიძულებს. ფაქტია, რომ საქართველო ამ პროცესში «საკვანძო სახელმწიფო» ხდება და აი რატომ: ევროპაში თანამედროვე «წონასწორობის» საფუძველია ხელშეკრულება «ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» შესახებ. სხვათა შორის, ზოგად დოკუმენტს (რომელიც შემდგომ ვენაში დაკონკრეტდა) პარიზში, 1990 წელს ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ შევარდნაძემ.
        ხელშეკრულება ითვალისწინებდა ე.წ. «ფლანგურ შეზღუდვებს» სამხედრო ტექნიკისათვის ანუ, ფაქტობრივად, გულისხმობდა საზღვრებთან შეიარაღებულ ძალთა კონცენტრაციის აკრძალვას, ვინაიდან ჯარების განლაგება სამხედრო ტექნიკის გარეშე სრული აბსურდია.
        მაგრამ 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის საზღვრად ითვლებოდა «საქართველო-თურქეთის» საზღვარი. ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის შემდეგ კი, რუსეთის საზღვარი (ანუ ფლანგი) ჩრდილოეთ კავკასია გახდა. აგრეთვე საქართველო, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული; ბუნებრივია, იმ ვითარებაში, როდესაც ჩრდილოეთ კავკასია პერმანენტულ «ომის კერად» იქცა, რუსეთისათვის «სამხრეთ ფლანგზე» მძიმე ტექნიკის შემცირება სიკვდილის ტოლფასია. მას შეუძლია საქართველოში განლაგებული ტექნიკის ხარჯზე გაზარდოს სამხედრო ტექნიკის ოდენობა ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დაუთმობს რუსეთს საკუთარ კვოტას.
        როგორც ჩანს, სწორედ ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა თბილისში სტივენ სესტანოვიჩის ვიზიტი. მას თან ახლდა (რაც აგრეთვე ნიშანდობლივია) თავდაცვის მინისტრის მოადგილე უორჩერი და სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელ ოფიცერთა ჯგუფი.
        შეიძლება დავასკვნათ, რომ მოლაპარაკებათა ძირითადი საგანი სწორედ «საქართველოს კუთვნილი კვოტის» ბედი იყო. ნიშანდობლივია შემდეგი ფაქტიც: სესტანოვიჩის თბილისში ყოფნისას, რუსეთის პრეზიდენტის ქალაქგარე რეზიდენციაში (მოსკოვთან, ზავიდოვოში) შეიკრიბა რუსეთის მმართველი გუნდი (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი), რომელმაც «გამოჟონილი» ინფორმაციით, აგრეთვე ამ საკითხებზე იმსჯელა - ახლოვდება ეუთოს სტამბოლოს სამიტი (18 ნოემბერი), სადაც ბევრი რამ საბოლოოდ გაირკვევა.
        პარიზის ხელშეკრულება კი სწორედ ეუთოს ეგიდით გაფორმდა. თუ ძირითადი პრობლემა «კულუარული დიპლომატიის» მეშვეობით მანამდე არ გადაწყდა, სტამბოლში მოსალოდნელია გრანდიოზული სკანდალი ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, ევროკავშირის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მონაწილეობით.
        განსაკუთრებით უკომპრომისოა თურქეთის პოზიცია, რაც სავსებით გასაგებია თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ქვეყანა ტრადიციულად «გულშემატკივრობს» ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
        მაშასადამე, ისევ და ისევ, მთელ ამ გეოპოლიტიკურ «საჭადრაკო პარტიაში» საქართველოს შეუძლია მოგება ნახოს, თუ ჭკვიანურად ითამაშებს და გონივრულად გამოიყენებს თავის ძლიერ ფიგურებს.
        სტივენ სესტანოვიჩი (ამერიკის სახელმწიფო მდივნის მთავარი მრჩეველი ყოფილი საბჭოთა კავშირის საკითხებში) ბრწყინვალე დიპლომატია. იგი პრაგმატიკოსია და უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავს.
        ამ შემთხვევაში, ვაშინგტონი უეჭველად შეეცდება რუსეთს ევაჭროს და არა საქართველოს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ინტერესები მოსკოვს, რაიმე კომპრომისის სანაცვლოდ, «ხურდაში დაუბრუნოს».
        ეს არის სწორედ ყველაზე საშიში - ამიტომაც, ამჟამად მართებს ქართულ დიპლომატიას განსაკუთრებული აქტიურობა, ნიჭი და ეშმაკობა, რათა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები.
        რუსეთის «სული» ამჟამად ამერიკის ხელშია ისევე, როგორც პირადად ბორის ელცინისა. მოსკოვი ჩრდილო კავკასიიდან ჯარებს, რა თქმა უნდა, ვერ გაიყვანს; ვერც შეამცირებს - მეორე დამარცხება ჩეჩნეთთან ომში რუსეთისათვის სრული სახელმწიფოებრივი კრახი იქნება, მაგრამ «ვენის ხელშეკრულებიდან» გასვლაც უდიდეს საგარეო პოლიტიკურ გართულებებს გამოიწვევს.
        ამიტომ, რუსეთისათვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუ მისთვის სტამბოლში დაუშვებდნენ «კვოტების გაზრდას», ოღონდ ამისათვის ამერიკის თანხმობაა აცილებელი ვაშინგტონი კი შეძლებს «დაარწმუნოს» სხვები, უპირველეს ყოვლისა საქართველო.
        სანაცვლოდ (ეს ინფორმაცია უკვე ჟონავს რუსულ პრესაში) რუსეთი «დაეთანხმება» ამერიკის წინადადებას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემათა ხელშეკრულების გადახედვის შესახებ, რასაც ამერიკელთათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - მათ მიეცემათ საშუალება, ააგონ ახალ «ჯებირები» ამერიკისკენ გაშვებული არა იმდენად რუსული, რამდენადაც ჩრდილოეთ კორეული ან ჩინური რაკეტებისათვის.
        თითქოსდა საამაყოა, რომ «მცირე წინააღმდეგობად» შეიძლება დარჩეს საქართველოს თანხმობა, დაუთმოს რუსეთს კუთვნილი კვოტები; თუ საქართველო დაადასტურებს, რომ «ეროვნული და ტერიტორიული კვოტა» იდენტურად მიაჩნია, ხოლო საკუთარ კვოტებს რუსეთს არ უთმობს, მაშინ ვითარება რუსეთის სასარგებლოდ მაინც ვერ შეიცვლება, ხელშეკრულება მაინც დაირღვევა, ხოლო ამერიკა რუსეთთან კომპრომისს ვერ მიაღწევს - ნუ დავივიწყებთ, რომ გადაწყვეტილებები ეუთოს სისტემაში კონსენსუსით მიიღება, ანუ ყველა ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება.
        გამოდის, მთავარი პრობლემა თბილისის თანხმობაა - უკიდურეს შემთხვევაში, რა გარიგებასაც უნდა მიაღწიონ მოსკოვმა და ვაშინგტონმა, - სულ ერთია, ფორმალურად, თბილისს აქვს უფლება საკუთარი ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯართა გაყვანა მოითხოვოს.

        საინტერესოა, რა ხერხს მიმართავენ ამ შემთხვევაში რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები - «ნუგბარის» თუ «მათრახის»?
        ბუნებრივია, თუ ვაშინგტონს დასჭირდა, შეუძლია «გარკვეული რჩევები» მისცეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. მოსკოვს უფრო «ნუგბარი» აქვს - არძინბა არა, მაგრამ იგორ გიორგაძე კი შეიძლება «გადმოგვიგდოს», თუმცა ამ უკანასკნელს რა თავში იხლის უკვე საქართველოს ხელისუფლება?

7 დღე, 22 ოქტომბერი, 1999 წელი