საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ივნისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ივნისი. 2023 წელი

ირკვევა ახალი, საინტერესო და პუტინისთვის სამარცხვინო დეტალები ე.წ. `პრიგოჟინის პუტჩის` საქმეზე.

ერდროულად რამდენიმე დასავლური რესურსი, მაგალითად CNN და Wall street Journal (WSJ) რომლებსაც ჰყავთ წყაროები (ლეგალურად რასაკვირველია) ამერიკულ დაზვერვაში, იტყობინებიან, რომ შეიარაღებული ამბოხის პირველ დღეს პრიგოჟინის მიზანი იყო ტყვედ აეყვანმა თავდაცვის მინისტრი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი, რომლებიც 23 ივნისს საღამოს როსტოვში იმყოფებოდნენ.

სწორედ ამიტომ წავიდა პრიგოჟინი ჯერ როსტოვისკენ, თუმცა შოიგუმ და გერასიმოვმა გაასწრეს.

ამერიკული დაზვერვა ასკვნის, რომ პრიგოჟინი ცდილობდა პუტინი ფაქტის წინაშე დაეყენებინა: სინამდვილეში მისი გამოსვლა იმდენად პუტინის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, რამდენადაც შოიგუს მოშორება უნდოდა, შემდეგ კი მის ნაცვლად გენერალ-არმაგედონ სუროვიკინის დანიშვნა, რის თაობაზეც გუშინ ვწერდით.

და მეორე უმნიშვნელოვანეს დეტალი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსულ გენერალიტეტში პუტინს საქმეები კარგად ნამდვილად არა აქვს `დალაგებული`: მოსკოვის მისადგომებთან თავდაცვით პოზიციებს ამაგრებდნენ და იქ `ვაგნერელებს` ელოდნენ არა მოსოვის `კანტემიროვის` დივიზიის შენაერთები, არამედ ე.წ. Росгвардия.

საქმე ის გახლავთ, რომ მოსკოვის ელიტური  `კანტემიროვის`და `ტამანის` დივიზიები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან და პუტინი მათ ბოლომდე ვერ ენდო!  ხოლო Росгвардия პუტინის `პირადი გვარდიაა`. მისი მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი - პუტინის ერთგული ყმა. მისი ყველა ბრძანების შემსრულებელი.

ზოლოტოვს პუტინი ბოლომდე ენდო, რაკი გენერალიტეტში სხვა სანდო პერსონა ვერ იპოვა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ფსკოვის მხარის გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა გასცა პუტინის ერთ-ერთი საიდუმლო, რომელსაც რუსული ოფიციოზი გულმოდგინედ მალავდა. უმალავდა საკუთარ ხალხსაც და მსოფლიო თანამეგობრობასაც:

ივნისის დასაწყისში, მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის ცნობილი რეიდის დროს, თურმე 14 (!) რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს, რომელთა უმეტესობა სწორედ ფსკოველი იყო. გარდა ამისა, 10 რუსი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანეს.

ვედერნიკოვმა მიანიშნა, რომ რუსი ტყვეები შემდეგ ადრინდელ  უკრაინელ ტყვეებში გაცვალეს.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო, რაც ვედერნიკოვმა გუშინ თქვა, იყო აღიარება, რომ (მისი თქმით) `უკრაინელ დივერსანტებთან ერთად მოქმედებდა რუსი მოღალატეების რაზმი`.

ანუ შეიარაღებული მოძრაობა `თავისუფალი რუსეთი`, რომელიც პუტინის დასამხობად იბრძვის, უკრაინული სპეცსამსახურების მოგონილი და შეთხზული კი არ ყოფილა, როგორც რუსული ოფიციოზი გვიმტკიცებდა, არამედ რეალურად არსებული ძალა: იგი მოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის ტერიტორიიდან - რუსეთის სიღრმეში.

იმ სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა თავისი მისია შეასრულა და თითქმის უდანაკარგოდ დაბრუნდა უკრაინაში.

მათ აჩვენეს, რომ სრულიად შესაძლებელია შეტევა რუსეთის სიღრმეში, ბელგოროდის და კურსკის რაიონებში;  არა 100-200 კაციანი რაზმებით, არამედ უფრო დიდი ძალებითაც.

. . . . . . . . . . . . . . . . .

თურქეთი მძვინვარებს: გუშინ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ყურბან-ბაირამის დღესასწაულისას (!) ჩატარდა ანტიისლამური აქცია, რომელზეც ვინმე სალმან მონიკმა (შვედეთის მოქალაქემ) დაწვა ყურანი.

აღსანიშანავია, რომ (მაღალი ალბათობით შვედეთის მოქალაქე ინდუსია) მან წინასწარ მიიღო ნებართვა შვედეთის, კერძოდ სტოკჰოლმის პოლიციისგან.

უცნაურია, რომ შვედეთში მიტინგებისა და დემონსტრაციების თაობაზე კანონმდებლობა ბევრად კონსერვატიულია ვიდრე საქართველოშიც კი: ჩვენი კანონით, დემონსტრაციის ორგანიზატორებმა მხოლოდ უნდა აცნობონ წინასწარ (!) ხელისუფლებას (ვთქვათ ქალაქის მერიას) დაგეგმილი ღონისძიების შესახებ და ხელისუფლებას კანონით დემონსტრაციის დაშლის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან `უკანონო სახე მიიღო`, ანუ გამოჩნდა იარაღიანი ხალხი, უჭიროდ გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი როცა ამას არ მოითხოვს დემონსტრანტთა რაოდენობა და ასე შემდეგ და ასე შედმეგ.

შვედეთში კი, იქაური კანონით,  დემონსტრაციის ორგანიზატორებმა წინასწარ უნდა სთხოვონ ხელისუფლებას ნებართვა - საგანგებო წერილით და აღწერილობით   დემონსტრაციის ადგილზე და შინაარსზეც.

მაშასადამე ანტიისლამური  აქციის ორგანზიატორმა წინასწარ აცნობა სტოკჰოლმის პოლიციას: ყურანის დაწვას ვაპირებო. პოლიციამ კი ნებართვა გასცა იმ არგუმენტით, რომ ყურანის დაწვა შვედეთში (ისევე როგორც ბიბლიის დაწვა) `შეესაბამება სიტყვისა და გამოხატვის უფლებას`.

სწორედ ამან გამოიწვია მძვინვარე რეაქცია თურქეთში: შვედეთის ხელისუფლება ახლა იმასაც კი ვერ იტყოდა: `დემონსტრაციაზე ყურანის დაწვით ფაქტის წინაშე დაგვაყენესო`, რადგან წინასწარ (!) აღწერილობით იცოდა, რა მოხდებოდა აქციაზე  და ოფიციალურად ნება დართო დაეწვათ ყურანი ყურბან-ბაირამის ისლამური დღესასწაულის დღეს!

ბუნებრივია, თურქები ახლა პრეზიდენტ ერდოღანისგან მოითხოვენ, დაბლოკოს შვედეთის გაწევრება NATO-ში.

 ერდოღანი, რომელმაც ახლახანს მოიგო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები (სწორედ `პოლიტიკური ცივილიზებული ისლამიზმის` ნარატივით, ისლამური იდენტობის გრძნობებზე თამაშით), საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: ერთის მხრივ, ამ ამბის შემდეგ მას ნამდვილად აღარ შეუძლია დაეთანხმოს შვედეთის წევრობას NATO-ში, მაგრამ მეორეს მხრივ, რამდენიმე თვეა აქტიურად და წარმატებით `ვაჭრობს` ამერიკასთან, რომ შვედეთის წევრობას დათანხმდება, თუკი ამერიკა მას მიაწვდის ნანატრ F-35 უახლეს თვითმფრინავებს.

მოლაპარაკება თითქმის დასრულებული იყო: შვედეთიც დაეთანხმა ერდოღანის მოთხოვნას, რომ ტერორიზმში ბრალდებულებს აღარ შეიფარებდა. თუმცა ეს ერდოღანისთვის `სახის შენარჩუნების` საშუალებაა მხოლოდ: ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შვედეთი არც არასდროს იფარებდა; სხვა საქმეა, რომ თურქეთის ხელისუფლება ყველა ქურთ სეპარატისტს, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეებს `ტერორისტებად` თვლის, რასაც არც ერთი ევროპული სახელმწიფო, მათ შორის არც შვედეთი არ დაეთანხმება.

მიუხედავად ამისა, ერდოღანი თითქოს დააკმაყოფილა შვედეთის ამ პირობამ, რასაც კარგად  `შეფუთავდა` თურქეთში როგორც მის გამარჯვებას `შვედეთის საკითხში` და.... ამ დროს ყურანი იწვის სტოკჰოლმში!

ახლა თუ დაეთანხმება შვედეთის წევრობას, ერდოღანი რენომეს და ავტორიტეტს დაკარგავს თურქულ საზოგადოებაში; ასევე მთელს ისლამურ სამყაროში.

ალბათ მოითხოვს ბოდიშის მოხდას, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ეს `ბოდიში` თურქებს ვერ დააკმაყოფილებს: ასეთ შემთხვევებში  ევროპული ტრადიცია გულისხმობს მობოდიშებას დაახლოებით ამგვარი ფოირმულირებებით: `ძალიან ვწუხვართ, თუ ამ აქტმა ჩევნს მაჰმადიან მოქალაქეებს და მაჰმადიანებს მთელს მსოფლიოში ტკივილი მიაყენა მაგრამ....სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენთვის ეჭვმიუტანელი ღირებულებაა`.

ასეთ `მობოდიშებას` თურქთათვის სჯობს, საერთოდ არ მოიხადონ შვედებმა  ბოდიში.

 

კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: თუ სახელით და გვარით ვიმსჯელებთ, შვედეთის ის მოქალაქე, ვინც ყურანი საჯაროდ დაწვა დემონსტრაციაზე, ეთნიკური წარმომავლობით  ინდუსი  უნდა იყოს.

ინდუსურ - მაჰმადიანური წინააღმდეგობა ინდოეთის, პაკისტანის და მთელი ისლამური სამყაროს არსებითი პრობლემაა ჯერ კიდევ ინდოეთ-პაკისტანის ომის ცხელი ფაზიდან, რასაც ინდოეთში რამდენიმე სისხლიანი ტერაქტი მოჰყვა.

საკმარისია გავიხსენოთ საზარელი ტერაქტი ინდურ ბომბეიში (მუმბაი) 2008 წელს, რის შედეგადაც  ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ფანატიკოსი ისლამისტები კი სრულიად უდანაშაულო ინდუსებს ხოცავდნენ.

უფრო ადრე, 1980-იან წლებში, ინდუსმა მწერალმა სალმან რუშდიმ წიგნი დაწერა ისლამზე და წინასწარმეტყველ მუჰამედზე.

მაჰმადიანებმა ეს ტექსტი მკრეხელურად ჩათვალეს.

ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერმა, მრისხანე აიათოლლა (ისლამის სულიერი წინამძღვარი) ჰომეინიმ სალმან რუშდის სიკვდილი მიუსაჯა და განაცხადა, რომ მაჰმადიანი, ვინც სალმან რუშდის მოკლავს, სამოთხეში მოხვდება - 77 ქალწულთან იცხოვრებს

მას შემდეგ იმალება ის საბრალო ინდუსი მწერალი.

აიათოლლა დიდი ბრიტანეთისგან მის გადმოცემას მოითხოვდა: საჯაროდ უნდა ჩავქოლოთ ქვებითო - უძველესი საზარელი ტრადიციის თანახმად.

ხომ გასაგებია დიდი ბრიტანეთი რას უპასუხებდა? არანაირი `ნავთობის ინტერესი` და პრაგმატიზმი თუ Real Policy არ შეუშლიდათ ხელს ეთქვათ პატივცემული ირანელებისა და მათი` მრისხანე აიათოლლებისათვის`: აქედან დაგვეკარგეთ, მეორედ ასეთი თავხედობა აღარ გაბედოთო.

სალმან რუშდი 40 წელი ლონდონში, კონსპირაციულ ბინაზე ცხოვრობდა; ბოლოს იფიქრა ალბათ ყველას და ყველაფერს დავავიწყდიო...... არ დაუჯერა ბრიტანულ კონტრდაზვერვა MI5-ს, ამერიკაში გაემგზავრა ლექციის წასაკითხად და.....იქ მიუვარდა ვიღაც ფანატიკოსი, დანით დაჭრა, კინაღამ მოკლა. თან ამაყად აცხადებდა: `მრისხანე აიათოლლას განაჩენი ძალაშიაო`.

 ამის შემდეგ დაიმალა ისევ ლონდონში საბრალო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის სანაპირო დაცვამ წყალქვეშა აპარატის მეშვეობით ოკეანის ფსკერზე (3 900 მეტრის სიღრმეზე), 1912 წელს ჩაძირული საოკეანო ლაინერ `ტიტანიკიდან` 500 მეტრში იპოვა არა მხოლოდ სამოყვარულო ბატისკაფ `ტიტანის` ნამსხვრევები, არამედ ხუთივე დაღუპულის ცხედარი.

საბრალონი წყლის წნევამ გასრისა ნახევარ წამში მას შემდეგ, რაც ბატისკაფი გასკდა.

მაღალი ალბათობით, გასკდა ილუმინატოირებთან.

დღემდე გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა ამგვარ ექსპედიციაში წასვლა ლამის ავტოფარეხში მოყვარულების მიერ აწყობილი აპარატით, რომელიც საშუალო დონის სათამაშო ჯოისტიკით იმართებოდა?!

თუმცა ვის აქვს უფლება ჩაერიოს? დაუშალოს? შეამოწმოს?

დასავლეთში ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის განმსაზღვრელი და პასუხისმგებელი.

 ეს იუდა-ქრისტიანული ცივილიზაციის  ღირებულებითი ქვაკუთხედია.