ჟენევა: წყლის ნაყვა, რაუნდი ორმოცდამეთექვსმეტე

ჟენევა: წყლის ნაყვა, რაუნდი ორმოცდამეთექვსმეტე

  

    გუშინ შვეიცარიის დედაქალაქში დაიწყო ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც ტარდება გაეროს ეგიდით, რუსეთის შუამავლობითა და ე.წ. «მეგობარი ქვეყნების» დამკვირვებელთა მონაწილეობით.
    ამ უკანასკნელთ ჯერ «საქართველოს მეგობრები» ეწოდებოდათ, შემდეგ აფხაზური მხარის მოთხოვნით «საქართველოს საკითხში გენერალური მდივნის მეგობრები» დაარქვეს, ბოლოს კი - «ქართულ-აფხაზური» კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში «გენერალური მდივნის მეგობრები».
    ქართულმა დიპლომატიამ ამ საკითხში, როგორც ყოველთვის, დათმო, ვინაიდან აფხაზთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს მეგობარი (მართლა მეგობარი და არა რუსეთისმაგვარად «მეგობარი») საფრანგეთის ელჩის გამოსვლისას დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი.
    უკვე მერამდენედ, ჩვენი გაზეთიც და მრავალი სხვა ობიექტური დამკვირვებელი სვამს ელემენტარულ კითხვას: მაინც რა ასეთი ჭკუაა ამ მოლაპარაკებებში - საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, მთელი მსოფლიოს თვალწინ, როგორც ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის? თანაც უკვე ორმოცდამეთექვსმეტედ - ყოველგვარი შედეგის გარეშე?
    თუ მაინც ეს ასეთი ჭკვიანური ტაქტიკაა, მაშინ რატომ ვერ ხვდებიან ამას მოლდაველები ან აზერბაიჯანელები, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ? რატომ ისინი არ ქმნიან მთელ მსოფლიოს თვალწინ ასეთ «საკოორდინაციო საბჭოებს», რატომ არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს «საგარეო საქმეთა მინისტრების» დონეზე? მაინც რა ვართ ეს ქართველები, რომ ჩვენი დიპლომატია ხვდება «ამდენს», ხოლო აზერბაიჯანული და მოლდავური კი მოხვდება?!
    პეტრე ლუჩინსკი ნაძირალა სმირნოვს ხეირიანად არც შეხვედრია - ჰეიდარ ალიევზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
    თუმცა დავანებოთ თავი აზერბაიჯანსა და მოლდოვას. განა ტრაგიკომედია არ არის: რუსეთი მონაწილეობს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, როგორც «მთავარი შუამავალი», ხოლო თავად არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს «საკუთარ» ჩეჩნეთთან? გაუგებარია, საქართველოს ბრძენ ხელისუფლებაში რატომ არავის მოსდის აზრად ისევ და ისევ ელემენტარული კითხვა: თუ მოლაპარაკება სეპარატისტებთან ასეთი «სასარგებლოა» (ვგულისხმობ თვით მოლაპარაკების პროცესს), მაშინ რატომ არ შექმნა რუსეთმა სახელმწიფო კომისია «ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად»? ჩვენ აქეთ გვასწავლის ჭკუას, როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკება, დაჟინებით მოითხოვს ამ მოლაპარაკებაში სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას, ნორმალურად მიაჩნია გაეროს, ეუთოს ეგიდით მოლაპარაკებათა ინტერნაციონალიზაცია, მაგრამ რატომღაც, როდესაც საქმე «საკუთარ» ჩეჩნეთის კონფლიქტს ეხება, - არათუ «ინტერნაციონალიზაციას», არამედ «საგანგებო სიტუაციათა მინისტრის» დონეზეც კი არ აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა უნებლიედ არ დააფიქსიროს ორი სუბიექტის არსებობა;
    ჩვენი «ჭკუისკოლოფი» დიპლომატები კი უკვე მეხუთე წელია სწორედ ამას აკეთებენ: გულმოდგინედ აფიქსირებენ ჟენევაში, რომ აფხაზეთი სხვაა და საქართველო - სხვა.
    არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა დოკუმენტებს განიხილავენ, ვინ რას იტყვის და ა.შ. მთავარია, სწორედ ამ რეალობის ფიქსაცია მსოფლიოს თვალწინ: საქართველო და აფხაზეთი აწარმოებენ მოლაპარაკებას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე - გაეროს შუამავლობით. თითქოსდა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ცდილობს მათ შორის «კონფლიქტის შედეგთა აღმოფხვრას».
    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ ხვალ, ლათინური ამერიკის ან სამხრეთ აფრიკის რომელიმე სახელმწიფო (ეს პროცესი ასე იწყება ხოლმე) აღიარებს აფხაზეთის «დე-ფაქტო» და «დე-იურე» დამოუკიდებლობას, - პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა დაეკისროს იმ ხალხს, ვინც ამ ბრიყვულ «მოლაპარაკებებს» აწარმოებდა აფსუა სეპარატისტებთან, რითაც გულმოდგინედ, მთელი მსოფლიოს თვალწინ, გაეროს შუამავლობით, დაჟინებით აფიქსირებდა აფსუეთის საერთაშორისო სამართალმემკვიდრეობას.
    ამის შემდეგ რა პრეტენზია შეიძლება გვქონდეს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ბოლოს და ბოლოს «დე-იურედ» აღიარებენ (რაც აუცილებლად მოხდება და საკმაოდ მალე) აფხაზეთის დამოუკიდებლობას?
    ვერანაირ პრეტენზიას მათ ვერ წავუყენებთ, ვინაიდან ისინი უბრალოდ აღიარებენ რეალობას და საპასუხო «ნოტაში» გვკითხავენ: თქვე დალოცვილებო, თუ არ გინდოდათ, მაშინ თავად რატომ აწარმოებდით მოლაპარაკებებს მათთან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან?
    კიდევ კარგი, ძაღლთაპირ არძინბას ჩაეშალა (შევარდნაძე ბოლო წუთს მიხვდა რას უპირებდნენ) ე.წ. «სოხუმის შეხვედრა», რომელიც საქართველოსთვის მორიგი თავლაფის დასხმის აქტი იქნებოდა, რის შემდეგაც, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება კიდევ უფრო დაჩქარდებოდა.
    თუმცა ნელ-ნელა, ტაატით, «პროცესი» მაინც «წინ მიიწევს».
    თუ აფხაზეთის იარაღით დაბრუნების შესაძლებლობა არ გვაქვს, მაშინ ძალის გამოყენება არ უნდა ვცადოთ, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა შევუწყოთ ხელი სეპარატისტთა იურიდიულ გამარჯვებას?
    კი მაგრამ, მე, - უბრალო ჟურნალისტი თუ ვხვდები, ჩვენი «ბრძენი» ხელისუფლება როგორ ვერ ხვდება: ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა, შექმნილ ვითარებაში ოფიციალურ თბილისს შეეწყვიტა ყოველგვარი მოლაპარაკება სეპარატისტებთან მანამ, სანამ ისინი ერთმნიშვნელოვნად არ აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საჯაროდ გაკეთებული განცხადებით, შემდეგ მოლაპარაკება გაემართა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველგვარი შუამავლების გარეშე, რაც შეიძლება დაბალ დონეზე, ხოლო სეპარატისტთა ნებისმიერი საგარეო კონტაქტის საწინააღმდეგოდ გაეკეთებინათ მწვავე განცხადება.
    ეს ყოველივე სულაც არ უშლის ხელს ე.წ. «სამშვიდობო ძალთა» მანდატის გაგრძელებას წელიწადში ერთხელ, - ვიდრე ქვეყანას ჭეშმარიტად ბრძოლისუნარიანი არმია არ ეყოლება.

მერიდიანი, 18 დეკემბერი, 1998 წ.