ქართველი პოლიტიკოსები «ბოსნიის მოდელს» კბილს უსინჯავენ

ქართველი პოლიტიკოსები «ბოსნიის მოდელს» კბილს უსინჯავენ

 

    ედუარდ შევარდნაძის ცნობილი განცხადების შემდეგ (აფხაზეთში «ბოსნიის მოდელის» გამოყენების შესახებ) ქართული პოლიტიკური ელიტა დიდ ფაციფუცშია. სხვადასხვა მიმართულების ძალები ცდილობენ საკუთარი პოზიცია გამოიმუშავონ ამ წინადადების მიმართ. «მემარჯვენეებს» ეს თითქოს არ უნდა გაუჭირდეთ, ვინაიდან იმთავითვე «დასავლური ორიენტაციის» მომხრენი იყვნენ, თუმცა აქაც არის გარკვეული ნიუანსი, რომელსაც აღნიშნული წინადადების ავტორი, რა თქმა უნდა, შესანიშნავად ითვალისწინებდა.
    მაგალითად, ირინა სარიშვილი-ჭანტურია ყოველთვის იყო აფხაზეთში ამჟამად არსებული ვითარების «გაყინვის» მომხრე მანამ, სანამ საქართველოს ამ პრობლემის ძალით გადაწყვეტის შესაძლებლობა მიეცემა. «სახალხოელებს» ეს წინადადება თავიდანვე არ მოეწონათ, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ «ბოსნიის ვარიანტი» სხვადასხვა მოდიფიკაციით, მით უმეტეს ჩვენს პირობებში, გარკვეულწილად უკვე გულისხმობს შექმნილი რეალობის აღიარებას და სიტუაციის გაყინვასაც - თუ, რა თქმა უნდა, ამ გზით სტაბილური მშვიდობის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი. «ტრადიციონალისტთა» კავშირი მხარს უჭერს «ბოსნიის ვარიანტს» უკვე იმის გამო, რომ რაღაცას უნდა დაუჭიროს მხარი ელემენტარული რენომეს შესანარჩუნებლად.
    «რუსეთის ჯარის» გაყვანა ამ პარტიის ძირითადი მოთხოვნა ხდება, თუმცა კაკო ასათიანი უნდა ხვდებოდეს, რომ მისი ალიანსის გათვალისწინებით, უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდება და შეიძლება პოლიტიკურადაც წააგოს. ამ ვითარებიდან (მისთვის) გამოსავალი მხოლოდ ორია: ან არ უნდა დაუჭიროს მხარი «ბოსნიის მოდელს», ან ცალსახად დააფიქსიროს, კონკრეტულად რას გულისხმობს ამ მოდელში. ედუარდ შევარდნაძის წინადადება, ჩვეულებისამებრ, ზოგადია და, როგორც წესი, ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, რომელნიც პრეზიდენტს იდეის პლაგიატში სდებენ ბრალს, მათ პოზიციებს «ბოსნიის ვარიანტის» აღიარება ნამდვილად გააძლიერებს. თუმცა, მეორე მხრივ, ძნელი დასაჯერებელია, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიას მთლიანად აკონტროლებენ, საერთოდ განიხილონ პროექტი, რომლის თანახმად გალის, ოჩამჩირის, გულრიფშისა და სოხუმის რაიონები უნდა გადმოეცეს საქართველოს, ხოლო გუდაუთისა და გაგრის რაიონებში შეიქმნას «სუვერენული» რესპუბლიკა - აგრეთვე საქართველოს შემადგენლობაში.
    უფრო რთულად და საინტერესოდაა საქმე პოლიტიკური სპექტრის მარცხენა ფრთაზე. ვახტანგ რჩეულიშვილის სოციალისტები იძულებულნი არიან, მხარი დაუჭირონ «ბოსნიურ მოდელს» (ვინაიდან ამჟამად განხორციელებულმა სამშვიდობო ოპერაციამ მათი იმედებიც კი ვერ გაამართლა), მაგრამ მნიშვნელოვანი შესწორებით - თუ მოდელის ამოქმედებაში რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას.
    ისინი ვითომ ვერ ხვდებიან, რომ რუსეთი არაფრის დიდებით «ბოსნიურ ვარიანტში» არ გაერევა. მას თვით ბოსნიაშიც კი არ სურდა მისი განხორციელება. ახლა ისღა აკლია, საკუთარ გეოპოლიტიკურ სივრცეში (ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე) დაუშვას «დეიტონის პრეცედენტი» და (მით უფრო) თავად შეუწყოს ხელი მის წარმატებას.
    ამრიგად, თუ სოციალისტთათვის რუსეთის მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამ წინადადებას ისინი უმთავრეს პირობად განიხილავენ, გამოდის, რჩეულიშვილის პარტია ფაქტობრივად წინააღმდეგია აფხაზეთში ბალკანეთზე აპრობირებული სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისა.
    სხვა «მემარცხენეები» ან დუმილს ამჯობინებენ, ან საკმაოდ ბუნდოვანი ფრაზებით იფარგლებიან. პანტელეიმონ გიორგაძესა და ვახტანგ გოგუაძეზე ამ კონტექსტში ლაპარაკი ზედმეტია - ისინი ქართული პოლიტიკური სპექტრის მიღმა იმყოფებიან, რასაც თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ 8 თებერვალს ორივე მიიღებს მონაწილეობას კიევში დაგეგმილ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ასამბლეაში.
    ეს ღონისძიება ერთიანი, ფედერაციული კავშირის აღდგენას მიეძღვნება. ასეთ პირობებში რომელ «ბოსნიის მოდელზეა» საუბარი?
    უკანასკნელი ინფორმაციით, მამუკა გიორგაძე, მიხეილ მაჭავარიანი და აკაკი ასათიანი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბრიუსელს გაემგზავრნენ, სადაც კონკრეტულად უნდა გაეცნონ «ნატოს ბოსნიაში «მშვიდობისადმი იძულების» ოპერაციის გამოცდილებას. ეს ვოიაჟიც უეჭველად იქონიებს გავლენას დისკუსიაზე. დღეს უკვე შესამჩნევია, რომ პოლიტიკური ელიტისათვის «აფხაზეთის თემა» შინაარსობლივად მეორე პლანზე გადადის, რადგან ყველა «სამშვიდობო» თუ «ძალისმიერ» მოდელებს პოლიტიკოსები საკუთარი პარტიული ინტერესების ჭრილში განიხილავენ.
    ქართული პოლიტიკისათვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და აქ რაიმეს შეცვლა უკვე ისევე შეუძლებელი ხდება, როგორც თვით აფხაზეთში.

მერიდიანი, 19 იანვარი, 1998 წ.