საერთაშორისო მიმოხილვა. 9 მარტი. 2024 წელი
რუსული არმია აგრძელებს კიევის ბლოკირების მცდელობას და არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში დაიწყოს შტურმი, რაც გამოიწვევს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო, გაუგონარ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.
მთავარი მაინც ისაა, თუ რატომ ცდილობს პუტინი უკრაინის დედაქალაქის აღებას? მისი მიზანი მხოლოდ იანუკოვიჩის ხელისუფლებაში დაბრუნება როდია. მისი მიზანია ზელენსკის მოკვლა და უკრაინული ელიტების სრული განადგურება, ანუ `უმაღლესი რადას` წევრების დაპატიმრება და ციმბირში გადასახლება; შესაბამისად იანუკოვიჩის ხელით ალტერნატიული უკრაინული ელიტების შექმნა, რომლებიც პრორუსულად იქნებიან განწყობილნი.
აქ ნიშანდობლივია ის ბინძური ნარატივი, რასაც პირდაპირ თუ ფარულად იყენებენ იანუკოვიჩი და მისი პრემიერ-მინისტრი აზაროვი (ორივე რუსეთში ცხოვრობდა და ახლა ბელორუსში გადაისროლეს უკრაინის საზღვრებთან). მათი ნარატივია, რომ თითქოს უკრაინას მართავენ არაუკრაინელები: ებრაელები, ებრაელი ოლიგაქრები, ქართველები და ასე შემდეგ. ამიტომ, თურმე, უკრაინელებმა უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება, გაყარონ ებრაელები ეკონომიკიდან, პოლიტიკიდან და ეთნიკური უკრაინელები დასვან ქვეყნის სათავეში კვლავ. პირველ ყოვლისა აზაროვისა და იანუკოვიჩის სახით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რომლითაც აუკრძალა ამერიკულ კომპანიებს რუსული ნავთობის შესყიდვა.
ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება იმის მიუხედავადაც კი, რომ რუსული ნავთობი ამერიკის საერთო იმპორტის სულ 3%-ს შეადგენს. ძირითადად ამერიკა ნავთობის იმპორტს ახორციელებს კანადიდან (თითქმის 50%) ასევე არაბული ქვეყნებიდან და ლათინური ამერიკიდან.
ამერიკაში ბენზინის ფასი 25%-ით გაიზარდა, მაგრამ ამერიკელმა სენატორებმა (ამ თემაზე არსებობდა ზეპარტიული კონსენსუსი), განაცხადეს რომ `თავისუფლება ფასი ღირს`.
ბუნებრივია, ევროპას, რომელიც 40%-ით დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე, ბევრად გაუჭირდება ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება; თუმცა იქაც თანდათან მწიფდება აზრი, რომ თუ ახლა პუტინს არ შეაჩერებენ, მომავალში ბევრად დიდი ფასის გადახდა მოუწევთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში `მაკდონალდსი` იხურება. ამერიკული კომპანია ასე აცხადებს პროტესტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო. ანუ რუსეთის მთავრობა კი არ ხურავს, თვითონ ეს გენიალური ბრენდი მიდის რუსეთიდან.
თითქოსდა ეს რაა იმასთან შედარებით, რომ უდიდესმა გლობალურმა კომპანიებმა დახურეს წარმომადგენლობები რუსეთში. მაგალითად IKEA-მ?!
სინამდვილეში `მაკდონალდსის` წასვლა რუსეთიდან ბევრად მეტად არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ქვეყანა წარსულში, კომუნისტურ ხანაში, ბრეჟნევის ეპოქაში ბრუნდება: 1990 წელს, როდესაც მოსკოვში პირველი `მაკდონალდსი` გაიხსნა, მრავალკილომეტრიანი რიგი დადგა, რაკი `მაკდონალდსი` განახლების, ახალი ეპოქის, ახალი ცხოვრების, ახალი სულისკვეთების, ადამიანის თავისუფლების სიმბოლო იყო. ძალიან ცოტაა დასავლური ბრენდი რომელიც `მაკდონალდსზე` უკეთ გამოხატავდა ამ განახლებას რუსეთში.
პუტინს ესმის, რომ `მაკდონალდსის` დახურვა სწორედ ამ მიზეზით დააფიქრებს იმ რუსებსაც კი, ვინც `მაკდონალდსში` არასდროს ყოფილა. ამიტომ რუსული პროპაგანდა ახლა ავითარებს გაუგონარ, თავხედურ თეზისს, რომ რაც არ უნდა თქვას და მოითხოვის `მაკდონალდსის` სათაო ოფისმა ამერიკიდან, რუსეთში ეს რესტორნები არ დაიხურება და ამბობენ: ``უბრალოდ ბრენდი წავართვათ, გვიჩივლონ სადაც უნდათო``.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსული იმპერიალიზმის წინააღმეგ დასავლეთის ბრძოლის ლიდერად თანდათან იქცევა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი: გუშინ ბრიტანეთის მთავრობამ სესაციური განცხადება გააკეთა: ნებისმიერი რუსული სამგზავრო თვითფრინავი, ნებისმიერი მიმართულებით მიმავალი, თუ ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდება, იქნება დაპატიმრებულიო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთის არმიის სამხედრო-საჰაერო ძალები აიძულებენ დაჯდეს ბრიტანეთის აეროპორტში და მერე ამ თვითმფრინავს რუსეთს ჩამოართმევენ. ეკიპაჟს კი დააპატიმრებენ ბრიტანული კანონმდებლობის დარღვევისათვის.
ყველაფერთან ერთად, ეს დაკავშირებულია დასავლური, მათ შორის ბრიტანული სალიზინგო კომპანიების უსასტიკეს რეაქციასთან მოსკოვის იმ გადაწყვეტილების გამო, რომ მოთხოვნის მიუხედავად, არ დაუბრუნოს მფლობელებს ლიზინგით აღებული თვითმფრინავები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის მიერ (იტალიის კომოს ტბაზე ვილლა დაუყადაღეს) თავის გადაცემაში განაცხადა, რომ რუსეთი შეწყვეტს არსებობას თუ ომს ვერ მოიგებს და თუ ასე გაჭიანურდებოდა ომი, საერთოდ რატომ იწყებდნენო ამ ომს. ამაში დაეთანხმა ისრაელელ ექსპერტ იაკობ კედმი.
სოლოვიოვს გუშინ You tube-მა არხი დაუბლოკა, მაგრამ რაღაც მაქინაციებით მაინც ახერხებს ეთერში გასვლას, რადგან Google-ს მთლიანად არ შეუწყვეტია თავისი პლატფორმების მუშაობა რუსეთში.
სოლოვიოვის და მისი სტუმრების განცხადებები იმას ადასტურებს, რომ რუსულ ელიტებში იზრდება უკმაყოფილება პუტინის მიმართ: ისინი არ ელოდნენ, თუ ომი ასე გაჭიანურდებოდა და ნამდვილად არ არიან მზად მსხვერპლი გაიღონ თვითონ. თუ რუსეთი სწრაფად მოიგებდა ომს, ეს გაუხარდებოდათ, მაგრამ სწრაფად ვერ ხერხდება უკრაინელთა უდიდესი წინააღმდეგობის გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის აგრესია იქამდე მივიდა, რომ უკრაინაში, ფაქტიურად, რუსული არმია ეთნიკური წმენდის მოწყობას ცდილობს: ხარკოვში, მარიუპოლში საოკუპაციო ჯარი `დერეფნებს` უხსნის მოსახლეობას რუსეთისკენ, როსტოვისკენ ან ბელორუსიისკენ. და როდესაც ადამიანები ცდილობენ უკრაინის სიღრმეში გადაინაცვლონ ალტერნატიული დერეფნებით, ცეცხლს უხსნის, ხოცავს. ანუ პუტინს სურს აღმოსავლეთ უკრაინიდან ადამიანები რუსეთში გაიქცნენ და არა დასავლეთ უკრაინაში ან ევროპაში. იმედი აქვს მათ დაამუშავებენ და ლოიალურად აქცევენ. იცის, რომ თუ დასავლეთით უშველა ამ ხალხმა თავს გაქცევით, ისინი რუსეთის ლოიალურნი აღარასოდეს იქნებიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
NATO-ში სერიოზული უთანხმოებაა პოლონეთის ხელისუფლების ინიციატივის გამო, რომ პოლონეთმა საბჭოთა წარმოების МИГ-29 ავიაგამანადგურებლები გადასცეს უკრაინას.
საქმე ისაა, რომ ეს პოლონური ავიაგამანადგურებლები განლაგებულია NATO-ს საერთო ავიაბაზაზე `რამშტაინ` გერმანიაში. ამერიკელები და დასავლეთ ევროპელები შიშობენ, რომ თუ ამ ავიაბაზიდან ავიაგამანადგურებლები უკრაინაში გაფრიდებიან, რუსეთი ამას ომის გამოცხადებად აღიქვამს.
სწორედ ამიტომ ამბობს ზელენსკი, რომ იმედგაცრუებულია ალიანსით და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობის მისწრაფებაზეც კი შეიძლება თქვას უარი. ანალოგიური განცხადება გააკეთა მისმა `მარჯვენა ხელმა` არახამიამაც.
ანუ უკრაინის ხელისუფლებაში მწიფდება აზრი, ხომ არ მოუწერონ ხელი რუსეთს ხელშეკრუელბაზე, რომლითაც უკრაინა უარს იტყვის NATO-ს წევრობაზე.
ოღონდ ისინი არ ითვალისწინებენ ორ მნიშვნელოვან გარემოებას:
- ის, რომ უკრაინა უნდა გახდეს ალიანსის წევრი, დაფიქსირებულია ქვეყნის კონსტიტუციაში (ანალოგიური ჩანაწერი, რეფერენდუმის შედეგად, არსებობს საქართველოს კონსტიტუციაშიც). შესაბამისად, მისი კონსტიტუციიდან ამოღება რთულ საკონსტიტუციო ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რაც უმაღლეს რადაში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოითხოვს. ეს აუცილებლად გამოიწვევს უმწვავეს დაპირისპირებას რადაში და მეომარი ქვეყნის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას
- სინამდვილეში პუტინს არ დააკმაყოფილებს უკრაინის მიერ NATO-ს წევრობაზე უარის თქმა. პუტინს სურს უკრაინამ ასევე უარი თქვას ევროკავშირზე და ევროკავშირის წევრობაზე. NATO არის პირველი საფეხური ევროკავშირის წევრობისკენ.
მივაქციოთ ყუარდღება, რომ 1991 წლიდან დაწყებული, არც ერთი პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა არ გაწევრებულა ევროკავშირში NATO-ს გვერდის ავლით. ყველას ჯერ იღებდნენ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში და მხოლოდ ამის შემდეგ, - ევროკავშირში.
გარდა ამისა, პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო სწორედ მაშინ, როცა უკრაინის კონსტიტუციაში ამგვარი ჩანაწერი (NATO-ს წევრობაზე) არ არსებობდა, მაგრამ უკრაინამ ხელი მოაწერა ასოციაციას ევროკავშირთან.
არა NATO-სთან, არამედ EU-სთან.
პუტინი ცდილობს უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროკავშირს მოგლიჯოს, ხოლო NATO მისთვის სალაპარაკო-დემაგოგიური თემაა და მეტი არაფერი.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ თუ პუტინმა გაიმარჯვა უკრაინაში, ის მაღალი ალბათობით წამოუყენებს ანალოგიურ ულტიმატუმს საქართველოსაც: კონსტიტუციიდან NATO-სკენ სწრაფვის ჩანაწერის ამოღების შესახებ და ამ შემთხვევაშიც ნამდვილი მიზანი იქნება საქართველოს ევროკავშირისგან მოწყვეტა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საკვანძო ფიგურამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის მიმართულებით, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ახლახანს მოსკოვმა დაიწყო ამოქმედება მისი მთავარი ბერკეტისა დასავლეთის წინააღმდეგ: ეთამაშება ირანს, უგზავნის სხვადასხვა დონის მესიჯებს, რომ დაეხმარება ბირთვული იარაღის შექმნაში მიუხედავად დასავლური სანქციებისა, რასაც ბოლო დრომდე რუსეთიც თვალთმაქცურად უერთდებოდა.
ნულანდმა საკმაოდ ორაზროვანი განცხადება გააკეთა, რომ ამერიკას არ სურს ჰქონდეს ერთდროულად უკრაინის კრიზისიც და `ბირთვული ირანიც`. ნულანდმა ამავე კონტექსტში გაიმეორა აბსოლუტურად უსაფუძვლო დასავლური ნარატივი, რომ `რუსეთი და დასავლეთი` თანაბრად არიან დაინტერესებულნი არაბირთვულ ირანში. და რომ მოსკოვს ბირთვული ირანი ისევე არ სურს, როგორც არ სურს დასავლეთს.
სინამდვილეში ირანი დასავლეთის უბოროტესი მტერია და არა რუსეთის. რუსეთი და ირანი რეალურად მოკავშირეები არიან დასავლეთის წინააღმდეგ.
ნულანდის ეს განცხადება, რომ დასავლეთს არ სურს ერთდროულად `ბირთვული ირანი` და `კრიზისი უკრაინაში`, დასავლურ ელიტათა ნაწილში განვითარებულ საკმაოდ სახიფათო ტენდენციებზე მეტყველებს, რაც კარგს არაფერს გვიქადის არც ჩვენ, არც უკრაინას.
იმედია ამ კონცეპტის მიმდევრები დასაველთში, უპირველესად ვაშინგტონში სრულ უმცირესობაში დარჩებიან.
დათო