საერთაშორისო მიმოხილვა. 7 აგვისტო. 2023 წელი
კვირას, უკრაინამ წარმატებით `დაარტყა` ორ ხიდს სხვადასხვა ლოკაციაზე, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმს აკავშირებენ უკრაინის სხვა (ასევე ოკუპირებულ) ტერიტორიასთან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინამ ამ შემთხვევაში(ც) წარმატებით გამოიყენა ბრიტანული რაკეტა Storm Shadow.
აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხედრო სტრატეგიული ასპექტი: რუსები ყიჟინებენ, რომ ``უკრაინამ კონტრშეტევით ვერ შეძლო სახმელეთო კავშირის გაწყვეტა რუსეთსა და ყირიმს შორისო``. ანუ მარიუპოლის გათავისუფლება და ასე შემდეგ.
არადა, როგორ ვერ შეძლო? თუ ეს ხიდები მწყობრიდან გამოვიდა, კავშირი მაინც გაწყვეტილია.
აღადგენენ - ისევ დაარტყამენ და ასე შემდეგ..... Storm Shadow უზუსტესი რაკეტაა. მაშ რაღა საჭირო იქნება ათასობით უკრაინელი ჯარისკაცის `მიწყვეტა` დანაღმულ ველებზე? მათ სხვა მიმართულებებით გამოიყენებენ.
მართალია ჩონგარის ხიდისა და არაბატის ხიდის გარდა (რომლებიც დაინგრა) იქ სხვა ხიდებიც აქვთ რუსებს (მაგალითად არმიანსკის და პერეკოპის) მაგრამ Storm Shadow იმათაც მისწვდება.
ირიბი შედეგი კიდევ ის არის, რომ რუსეთი იძულებულია გადაამისამართოს სამხედრო ნაკადები ყირიმის სტრატეგიულ ხიდზე ტურისტულ სეზონზე და იქ უდიდესი საცობებია ახლა. რაც რუს `ტურისტებს` თრგუნავს: `აქ დასასვენებლად ჩამოვედითო და.... `ვეღარც მივდივართ ნორმალურად, ვეღარც მოვდივართ......`
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა The New York Times ინტერვიუში განაცხადა, რომ გაისად, როცა რუსეთში `საპრეზიდენტო არჩევნები` ჩატარდება, პუტინი ხმების 90%-ს მიიღებსო.
არასდროს არ მიუღია პუტინს არც ერთ არჩევნებში 90%! თუმცა ახლა, როცა მასები გამოათაყვანა ამ ომით და ომის პროპაგანდით, შესაძლოა კიდეც მიიღოს, რაკი ე.წ. `არჩევნებზე` მხოლოდ მისი მომხრეები მივლენ, ხოლო ვინც ომის წინააღმდეგია, უბრალოდ არ მივა. ფორმალური და თვალისმოსატყუებელი` ალტერნატივებიც კი არ არის.
ნავალნის პუტინის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 19 წლით ციხე მიუსაჯა. `ექსტრემიზმის` ბრალდებით.
`ტერორიზმის` ბრალდება კიდევ განიხილება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელმა კვლავ `თავში ჩაჰკრა` პუტინს: ისრაელის ავიაციამ დაბომბა სირიის დედაქალაქი დამასკო და 4 სირიელი (ბაშარ ალ ასადის) სამხედრო მოკლა.
შეგახსენებთ, რომ დამასკო ყოფილი სირიის (ეს ქვეყანა სამუდამოდ დაიშალა და აღარ აღდგება) იმ სექტორშია, რომელსაც 100%-ით პუტინის არმია აკონტროლებს კვლავაც.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, მათ შორის 6 აგვისტოსაც, რუსული СУ-35 თვითმფრინავი რამდენჯერმე შეიჭრა `ამერიკულ სექტორში` და მიუახლოვდა ამერიკულ დრონ MQ-9-ს 100 მეტრამდე.
ერდოღანმა კი უკვე მერამდენედ `ჩაჰკრა თავში` პუტინს: სტამბულში ჩატარდა ჩერქეზთა კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა მოუწოდეს მსოფლიოს, ცნოს ჩერქეზთა გენოციდი XIX საუკუნეში.
დღეს ჩრდილო კავკასიაში ჩერქეზთა მხოლოდ 5% ცხოვრობს. დანარჩენები რუსებმა გაყარეს. მათი შთამომავლები ცხოვრობენ ძირითადად თურქეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მათ შორის იორდანიასა და ისრაელში.
აფხაზებმა უარი განაცხადეს კონფერენციაში მონაწილეობაზე, თუმცაღა ჩერქეზთა მონათესავედ თვლიან თავს. და `სულიერ ძმებად`.
უარი განაცხადეს, რაკი რუსეთის ეშინიათ. მაგრამ ჩერქეზებს მათი უარი ძააააალიან სწყინთ.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ცნო ჩერქეზთა გენოციდი 2011 წლის 20 მაისს.
რუსები ბოლო დროს ისედაც გაბრაზებულნი არიან აფხაზებზე და ამის მიზეზი მხოლოდ ბინების (ქართველ ლტოლვილთა ბინების) ყიდვა-გაყიდვაზე უარი როდია. ეს ბინები აფხაზ სეპარატისტებს სწორედ აფხაზი `მუჰაჯირებისთვის` სჭირდებათ. ანუ თურქეთში დიდი კავკასიური ომის დროს (XIX ს) გადასახლებულ აფხაზთა შთამომავლებისთვის.
არანაკლებ ვნებათა ღელვას იწვევს აგრეთვე ტოპონიმიკის პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ ანტიქართული მოძრაობა აფხაზეთში სწორედ ტოპონიმიკის საკითხებით იწყებოდა. მაგალითად რუსულად როგორ უნდა დაწერილიყო აფხაზეთის დედაქალაქის სახელი Сухуми (როგორც მიღებული იყო რუსულ ლიტერატურულ ენაში) თუ Сухум (როგორც ახლა ჰქვია).
აფხაზები მეორე ვარიანტს მოითხოვდნენ -აფხაზურად ასე ჟღერსო.
ახლა, როცა ქართული ტოპონიმები საერთოდ გააქრეს აფხაზეთიდან, უკვე რუსულს მიადგნენ. აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც რუსული (!) სახელწოდებები(ც) იცვლება: მაგალითად ОчамчЫр და არა ОчамчИр.
ბოლოში რომ ასო И მოაკლდა ჯერ ქართველების ჯინაზე, ეს რუსებს ნორმალურად მიაჩნდათ, მაგრამ აი И-ს ნაცვლად რომ რუსულ სახელწოდებაში Ы ჩაუწერეს აფხაზებმა, ეს აღარ მოეწონათ.
ხაზს ვუსვამ, რომ აქ ლაპარაკია რუსულ სახელწოდებებზე, რომელიც უნდა განთავსდეს ვთქვათ, საგზაო ფირნიშებზე, რუკებზე და ა.შ და არა აფხაზურენოვან სახელწოდებებზე, რაც კიდევ თემაა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან ამერიკელმა `სასარგებლო იდიოტებმა` მოაწყვეს საპროტესტო აქცია და სწორედ გაეროს შტაბ-ბინასთან მოითხოვეს უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეწყვეტა.
ერთი შეხედვით, თითქოს გაუგებარია, რა შუაშია გაერო, თუკი საქმე ეხება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის კლასტერული (კასეტური) ჭურვების გადაცემას? სწორედ ამას აპროტესტებდნენ ხმაურიანი აქციის მონაწილეები უპირველეს ყოვლისა.
მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამერიკაში, ამერიკულ სოციუმში, ამერიკულ საზოგადოებაში არსებობს რამდენიმე ნეგატივისტური ნარატივი და ნეგატივისტური მითოლოგემა, რომელთაგან ერთ-ერთი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-იანი წლებიდან გაეროს აღქმაა, როგორც რაღაც ანტიამერიკული ორგანიზაციისა - იქ დაბუდებული მტრული ძალებით, რომლებსაც ამერიკის განადგურება სურთ.
გარდა ამისა, ხსენებული აქციით ისიც დადასტურდა, თუ რატომ არ სურდა ჯო ბაიდენს კლასტერული იარაღის გადაცემა უკრაინისთვის (თუმცა უკვე გადასცა-დ.): იმიტომ, რომ აღქმადობის თვალსაზრისით, კლასტერული იარაღი წარმატებით PR-დება ამერიკის ადმინისტრაციის დასადანაშაულებლად `არაადამიანობაში` და უკრაინისთვის დახმარების პროცესის დისკრედიტაციისთვის.
საყოველთაოდ ცნობილი ფორმულის მართებულობა, რომ დღევანდელ კომუნიცირებულ მსოფლიოში, როგორც არასდროს ადრე, მთავარია არა ფაქტი, არამედ აღქმა - კიდევ ერთხელ დასტურდება.
თითქოსდა, რუსეთი არ იყენებს კლასტერულ ბომბებს უკრაინის წინააღმდეგ (ან არ გამოიყენა 2008 წლის 12 აგვისტოს გორის დაბომბვისას), თითქოსდა რუსეთს არ დაუბომბავს `კასეტური ბომბებით` ხარკოვი 2022 წლის მარტში და მეორეც, რუსეთი რომ `კალიბრის` ან `კინჟალის` რაკეტებს ესვრის უკრაინის ქალაქებს (!) ის რაკეტები ვითომ უფრო `ჰუმანურია` ვიდრე კასეტური ჭურვები, რომელსაც უკრაინელები იყენებენ ფრონტის ხაზზე?!
მიუხედავად ამისა, კონსპიროლოგიისა და გაუკუღმართებული აღქმადობისკენ მიდრეკილ ზოგიერთ ამერიკელს რუსული სპეცსამსახურები და მათი `გავლენის აგენტები` აქტიურად და წარმატებით იყენებენ `სასარგებლო იდიოტთა` დასამობილიზებლად.
`სრული სურათის` აღსაქმელად აქვე ვიტყვით, რომ რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი ამ აქციის მოწყობა 6 აგვისტოს - ამერიკული ავიაციის მიერ ჰიროსიმას ატომური ბომბარდირების მორიგ წლისთავზე.
ისე.....რომ არა ის ბომბარდირება და იმპერატორ ხიროხიტოს განცხადება კაპიტულაციის შესახებ, ამერიკელები იძულებულნი გახდებოდნენ უშუალოდ იაპონიის კუნძულებზე შეჭრილიყვნენ და ასეულობით ათასი ამერიკელი დაიღუპებოდა იმ ვითარებაში, როცა ფანატიკოსი იაპონელები მასობრივად აცხადებდნენ: `ოღონდ იმპერატორმა გვიბრძანოს და მზად ვართ ბამბუკის ჯოხებით ვიომოთო`.
იომებდნენ კიდეც.
ერთ-ერთი ასეთი `სამურაი` სადღაც წყნარი ოკეანის რომელიღაც კუნძულზე 1975 წელს აღმოაჩინეს. მას იმპერატორის ბრძანება არ გაუგია და ომს აგრძელებდა.
სერიული მკვლელი ეგონა პოლიციას. თურმე რა სერიული მკვლელი....
იმპერატორმა ხიროხიტომ ფიცისგან საჯაროდ გაათავისუფლა და მხოლოდ ამის შემდეგ დანებდა ამერიკის სამხედრო პოლიციას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პრომოუშენი და მარკეტინგი დასავლეთში ზოგჯერ ეგზოტიკურ ფორმებს იძენს: ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგი ჩხუბში გამოიწვია: `ოქტაგონზე` (რინგზე) შევხვდეთ რომის კოლოსეუმში ან ლას-ვეგასში და წესების გარეშე ვიჩხუბოთო`. ანუ MMA და UFC საერთაშორისო ფედერაციათა პროტოკოლით.
ცუკერბერგმა გამოწვევა თითქოს მიიღო, მაგრამ......არავინ იცის შედგება თუ არა ეს ორთაბრძოლა, რომლის მთელი შემოსავალი, მასკისა და ცუკერბერგის შეთანხმების თანახმად, ამერიკელ ომის ვეტერანებს უნდა მოხმარდეს: დაწყებული ვიეტნამის ომიდან, დამთავრებული ავღანეთის ომით.
შემოსავალი შესაძლოა ათეულობით მილიონი დოლარი იყოს - იმდენად დიდია ინტერესი მიუხედავად იმისა, რომ ორთაბრძოლათა კომენტატორები ამ ყოველივე `კლოუნადას` უწოდებენ.
რა მიზანს ისახავს ან ერთი ან მეორე ცოტა არ იყოს გაუგებარია. შესაძლოა ცუკერბერგის Meta და მასკის Twitter ბაზრის გაყოფაზე ფარულ მოლაპარაკებასაც აწარმოებდნენ, რაკი ცუკერბერგმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ალტერნატიულ სოციალურ ქსელს ქმნის მიკრობლოგებისთვის.
ან რაღაც იმ უძველეს ტრადიციას ჰგავს: ორი დიდი არმია რომ მიადგებოდა ერთმანეთს სადღაც ელინისტურამდელ საბერძნეთში და მხედართმთავრები `ერთი-ერთზე` ებრძოდნენ ერთმანეთს...... წაგებული არმია კი მოგებულს ნებდებოდა.
თუმცა ეს ვერსია ამ შემთხვევაშია არარელევენტური უნდა იყოს, რადგან თანამედროვეობის ამ ორი გენიოსიდან არც ერთს დასანებებლად არა აქვს საქმე.
ისღა რჩება დარჩა, მესამე გენიოსმა, ბილ გეიტსმა განაცხადოს: თქვენ იჩხუბეთ და ვინც მოიგებს მერე ოქტაგონზე მე მივუმტვრევ თავ/ყბასო.
აბა მეოთხე გენიოსი, სტივ ჯობსი აღარ არის ცოცხალი და.....