საერთაშორისო მიმოხილვა. 6 მარტი. 2024 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 მარტი. 2024 წელი.

პუტინს რომ შეცდომით ეგონა უკრაინაში აგრესია `იოლი გასეირნება`,  მარტო უკრაინელთა გმირულ ბრძოლაში კი არ სჩანს, არამედ დასავლეთის სულ უფრო მზარდ და მკაცრ წინააღდმეგობაში, რაც თითქოსდა წვრილმანებშიც კი ვლინდება, რომლებიც სინამდვილეში სულაც არ არის წვრილმანი. პუტინი ამდენს არ ელოდა. შესაძლოა იმიტომაც, რომ იმედი ჰქონდა, უკრაინას 3 დღეში გაანადგურებდა.

გუშინ ეგვიპტის კურორტ შარმ ეშ შეიხიდან (ძალიან პოპულარულია რუსეთში) რუსული `ურალის ავიახაზების`თვითმფრინავი უნდა გამოფრენილიყო. მაგრამ ლაღად და ბედნიერად `დასვენებული` რუსები, რომლებიც რუსეთში დაბრუნებას გეგმავდნენ გარუჯულნი, საათობით აყურყუტეს ბორტზე, მერე თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და სასტუმროებში დააბრუნეს მათივე ხარჯით დასალოდებლად.

აღმოჩნდა, რომ ჯერ ერთი, თვითმფრინავი `ურალის ავიახაზებს` იჯარით (ლიზინგით) ჰქონდათ აღებული და მას შემდეგ რაც ევროკავშირმა რუსულ ავიაციას სანქციები დაადო, მეიჯარემ თვითმფრინავის დაბრუნება მოითხოვა.

გარდა ამისა, კვიპროსმა, რომელიც მანამდე არ ემორჩილებოდა ევროკავშირის სანქციებს და მაინც ატარებდა თავის საჰაერო სივრცეში რუსულ ბორტებს, ამჯერად უარი თქვა გატარებაზე. იმიტომ, რომ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან `დაუღრიალეს`!

აქვე უნდა ითქვას ასევე, რომ რუსები ახლა ერთ-ერთ მარშრუტად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას გეგმავენ ასეთ შემთხვევებში, რაკი საქართველოს არ ჩაუკეტავს საჰაერო სივრცე რუსული ბორტებისთვის ისევე, როგორც თურქეთს. კვიპროსი კი ევროკავშირის წევრია.

ყველაზე საინტერესო  ის არის, რა გადაწყვეტილება მწიფდება მოსკოვში, რისი უკანასკნელი `წვეთიც` გახდა ეგვიპტეში გაჭედილი თვითმფრინავის ისტორია: რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ემზადება იჯარით აღებული ყველა თვითმფრინავის ნაციონალიზაციისთვის ანუ მათ კონფისკაციას აპირებს, რათა არ დაუბრუნოს მფლობელებს ლიზინგით აღებული ქონება.

ეს წარმოუდგენელი თავხედობაა და პუტინის სრულ გაგიჟებაზე მეტყველებს. იმიტომ, რომ ერთია, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები, ღირებულებათა და საერთაშორისო წესრიგის დასაცავად უწესებენ საქნციებს რუსეთს. მაგრამ ბევრად უარესი მოუვა პუტინს, თუ ის დასავლელ ბიზნესმენთა, კორპორაციათა ქონებას შეეხება და წართმევას მოინდომებს! ეს კორპორაციები პასუხად აუცილებალდ აიძულებენ მთავრობებს, მოახდინოს რუსეთის სახელმწიფოს და რუსულ კორპორაციათა ქონების კონფიქსკაცია დასავლეთის ქვეყნებში და მთელს მსოფლიოში!

არადა, გასული 20 წლის მანძილზე რუსეთის სახელმწიფომ, მაგალითად სახელმწიფო ენერგოგიგანტმა `გაზპრომ`, უდიდესი ქონება შეიძინა ევროპაში, ამერიკაში, მთელს მსოფლიოში. ეს არის მიწები, მდიდრული ვილები, დასავლურ კოპორაციათა აქციები და ა.შ და ა.შ. ამაში ხდებოდა მილიარდობით დოლარის ინვესტირება, რასაც რუსული სახელმწიფო ნავთობის გაყიდვით იძენდა.

ახლა თუ პუტინი მართლა იმდენად გაგიჟდა, დასავლელ ბიზნესმენთა ქონებას შეეხო, პასუხად მისი სახელმწიფოს ქონებას ისე `შეეხებიან` დასავლეთში, სულ გაძვალტყავებულს დატოვებენ. ვერც ერთი დასავლური მთავრობა ვერ გაბედავს წინააღმდეგობა გაუწიოს საკუთარ ბიზნესმენთა და კორპორაციათა მოთხოვნას, დაიცვას მათი საკუთრება და აუნაზღაუროს ზარალი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დასავლეთი აგრძელებს `სმარტ საქნციების` გაძლიერებას პუტინის  და მისი რეჟიმის დასასჯელად.

მაგალითად, დასავლურმა გიგანტმა Electronic art, რომელიც წლებია ფანტასტიურად პოპულარულ სათამაშო და სხვა კონტენტს ქმნის, რუსეთში მუშაობა შეაჩერა. ყველა პლატფორმაზე (მათ შორის მობილურებზე) დაბლოკა თავისი კონტენტი რუსებისათვის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეს კონტენტი მართლა ფანტასტიურად პოპულარულია რუს თინეიჯერებში. ეს თინეიჯერები კი რუსული ისტებლიშმენტის წევრთა  შვილები და შვილიშვილები არიან.

რუსული ისტებლიშმენტის წევრი, მიუხედავად იმისა, ბიზნესმენია ის, თანამდებობის პირია, ჟურნალისტია თუ ნებისმიერი სხვა სოციალური სტატუსი აქვს, ვერანაიორად ვერ აუხსნის თავის შვილს, შვილიშვილს, რატომ ვეღარ თამაშობს მობილურზე ან პლანშეტზე იმ თამაშის ახალ გამოცემას, რომელიც გაგიჟებით უყვარს. ამ ასაკში ამგვარი `დამოკიდებულება` უძლიერესი ხდება.

შესაბამისად,  ვისზე `გაბრაზდება` ეს ბობოლა რუსი, სულ პუტინის მზეს რომ ფიცულობდა დღემდე? სინამდვილეში არანაირი `იდეალისტი` ის არ არის - მაძღარი, მშვიდი და კმაყოფილი ცხოვრება უნდა. პუტინის იმპერიალიზმს მხარს კი უჭერს, როგორ არ უჭერს, ოღონდ. . . . . .  მანამ, სანამ კონკრეტულად მის ცხოვრებაში არ შეიცვლება რაიმე უარესობისაკენ.

ამიტომ ის პუტინზე გაბრაზდება ამ შემთხვევაში და იტყვის: `თუ სწრაფად ვერ იგებდა ომს, რაღას იწყებდაო`. მყუდროება დაერღვევა როცა შვილის და შვილიშვილის აცრემლებული თვალები შეაწუხებს.

მისთვის ძალიან ტკბილი იყო სახლში ტახტზე  წამოგორებულიყო და ტელევიზორით ედევნებინა თვალი, როგორ ამარცხებს რუსული არმია `მტრებს` სწრაფად. მაგრამ ახლა ასე `იოლად` არ გამოვიდა, - ფაქტია!

იმავე პოლიტიკის ფარგლებში,ზეპოპულარულმა  EA Sports განაცხადა, რომ რუსულ და ბელორუსულ გუნდებს გარიცხავს ელექტრონული თამაშებიდან FIFA 22, FIFA Online და FIFA Mobile. ასევე ჰოკეის ძაააალიან პოპულარული სიმულატორი NHL-22 `ჩაიხსნება` რუსეთში.

ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს Activision Blizzard и Rockstar Games, რომლებმაც შეწყვიტეს კომპიუტერული თამაშების გაყიდვა რუსეთში. მაგალითად Call of Duty, Diablo, Overwatch, World of Warcraft. მილიონობით თინეიჯერია რუსეთში მათზე დამოკიდებული.

ვიდეოთამაშთა კომპანია  Rockstar ბოიკოტი გამოუცხადა რუსეთს. ახალგაზრდებისა და თინეიჯერებისათვის გაგიჟებით საყვარელ თამაშებს GTA, Red Dead Redemption, Midnight Club, Max Payne, Manhunt, განახლებულ ვარიანტში რუსები ვეღარ იყიდიან. `დაკრეკილი` კონტენტი უხარისხოა. ეს თამაშები უმაღლეს ტექნოლოგიას მოითხოვენ; და ძალიან ხარისხიან, უძვირეს, ადაპტირებულ  პლატფორმებს

რუსეთში ასევე შეაჩერეს მუშაობა Adobe-მ. და სხვა პლატფორმებმა.

Puma-მ განაცხადა, რომ პროდუქციას აღარ გაყიდის რუსეთში. ასევე სხვა ბრენდებმა. ესეც შემაწუხებელია რუსული ისტებლიშმენტისთვის, რომელიც მიეჩვია ბრენდებს და `ცხირს იბზუებდა` მეორად საქონელზე. ერთმანეთს დასცინოდნენ კონტრაფაქტული საქონლის` გამო. მოსკოვის და პეტერბურგის მოლ-ები სავსე იყო საუკეთესო დასავლური ბრენდული მაღაზიებით ყველაზე პრესტიჟული  `სახლებისგან`. Prada-მ უკვე განაცხადა, რომ რუსეთს ტოვებს.

Mastercard და Visa, რომლებიც ემინირებულია რუსეთში, ან თუნდაც ემინირებულია რუსეთის მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ, რუსეთის ფარგლებს გარეთ აღარ იმუშავებენ. ეს სერიოზული პრობლემაა ისტებლიშმენტისთვის. ბუნებრივია, მათ შეუძლიათ საზღვარგარეთ `ქეშით` ოპერირება, მაგრამ ესეც დისკომფორტია. დასავლეთი იმდენად მიეჩვია სადებეტო და საკრედიტო პლასტიკურ ბარათებს, რომ `ქეში` იშვიათობაც კი გახდა: 500 ევროიანი შესაძლოა ვერც კი დაახურდავო მაღაზიაში ან სუპერმარკეტში იოლად. წვრილი კუპიურების `თრევა` კი მოუხერხებელია და უამრავ დისკომფორტულ რისკთანაა დაკავშირებული.

მწერალმა სტივენ კინგმა, რომელიც ბევრი კრიტიკოსის აზრით, დიდი ხანია ბევრად მეტად იმსახურებს ნობელის პრემიას, ვიდრე უამრავი სხვა ნობელიანტი, აკრძალა მისი წიგნების გამოცემა რუსულ ენაზე.

ასე ჭკვიანურად, კრეატიულად, `ახრჩობს` დასავლეთი პუტინის რეჟიმს და აუცილებლად მოუღებს ბოლოს ადრე თუ გვიან!

ამგვარ ზეწოლას ეს რეჟიმი დიდხანს ვერ გაუძლებს, რადგან (ვიმეორებ) პუტინის რეჟიმი არ არის ჩრდილო კორეა. მას ისტებლიშმენტის მხარდაჭერა სჭირდება. იგი ელიტებს ეყრდნობა და არა მხოლოდ სპეცსამსახურებს ან არმიას. ამით განსხვავდება იგი კორეელი `კიმებისგან`

პუტინი ამას ხვდება. ამიტომაც, ზოგიერთი ცნობით, უშიშროების საბჭოს მდივანი და თავისი მარჯვენა ხელი, პატრუშევი გაგზავნა საიდუმლო მისიით ვაშინგტონში მოსალაპარაკებლად. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის. მაგრამ ბევრ დამკვირვებელს ლოგიკურად მიაჩნია: პუტინი უკვე ეძებს გამოსაძრომს. შესაძლოა სცადოს ამერიკელებთან მოლაპარაკება, რომ ჯარები 24 თებერვლის ხაზზე (ომამდელ საოკუპაციო ხაზზე) დააბრუნოს, ოღონდ სანაცვლოდ ალბათ მოითხოვს ყირიმისკენ გასასვლელი სახმელეთო დერეფნის შენარჩუნებას და რაც მთავარია, იმის გარანტიას, რომ ამის შემდეგ უკრაინას NATO-სა და ევროკავშირში არ მიიღებენ, ხოლო ყველა დეკლარირებული თუ არადეკლარირებული სანქცია რუსეთის წინააღდმეგ გაუქმდება.

მიაღწევს ამგვარ შეთანხმებას? თუმცა მთავარი კითხვა მაინც სხვაა: უკრაინა თუ დაეთანხმება ამგვარ გარიგებას?! ამდენი ადამიანის მხეცური და ბარბაროსული დახოცვის შემდეგ?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე სხვადასხვა რესურსის ინფორმაციით, იმ 9 000 აგრესორიდან, ვინც უკვე მოკლეს უკრაინელებმა, აბსოლუტური უმრავლესობა დაღესტნელი, ოსი, ყარაჩაელი, ყაბარდოელი და ჩეჩენია. ანუ პუტინი ამ დამპყრობლურ ომში `საზარბაზნე ხორცად` იყენებს ამ ერებს და სწორედ იმ დივიზიებს აგზავნის ომში, რომლებიც კავკასიელებითაა დაკომპლექტებული.

დროთა განმავლობაში ამან არ შეიძლება არ გაზარდოს მოსკოვის საწინააღდმეგო განწყობები ჩრდილო კავკასიაში.

კავკასიელების ხელით პუტინი აგრძელებს `გამომწვარი მიწის` ფაშისტური ხაზის გატარებას უკრაინაში, რადგან მიზანმიმართულად ანადგურებს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფასტრუქტურას. მათ შორის ელექტროსადგურებს, წყლის საქაჩ სადგურებს, ელექტროენერგიის  გადამცემ ხაზებს და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ალა პუგაჩოვამ დატოვა რუსეთი და ევროპაში გაემგზავრა საცხოვრებლად.

პუგაჩოვა `სტატუსური` პერსონაა, ხოლო მისი ნაბიჯი - სოციალური `პატერნის` თვისებას ატარებს; ანუ ოპოზიციურ საზოგადოებრივ საზრისებს ქმნის ქვეყანაში. 

ამ სტატუსის პერსონა, რომელიც რენომეს ინარჩუნებდა მიუხედავად რეჟიმებისა, რუსეთში ბევრი არ იყო..

რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი საპირისპიროდ მოიქცა, პუტინს მხარი დაუჭირა და მის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ახლა შესაძლოა რუსეთიდან ცხვირი ვეღარ გაჰყოს, რადგან ინტერპოლი დააპატიმრებს უკრაინის მოთხოვნით, როგორც გენოციდის `წამახალისებელს`.