საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ოქტომბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ოქტომბერი. 2024 წელი

ამერიკაში „მეომარი“ მხარეები მორიგ სასტიკ „შეტევებს“ და „კონტრშეტევებს“ ახორციელებენ.

 პრეზიდენტმა ბაიდენმა „ნაგავი“ უწოდა დონალდ ტრამპის მომხრეებს მას შემდეგ, რაც ტრამპის წინასაარჩევნო შეკრებაზე, Madison square garden-ში (ვწერდით ამაზე) ნამდვილად გაიჟღერა უამრავმა ქსენოფობიურმა „ლათინოფობიურმა“, მიზოგინიურმა (ქალთმოძულე) განცხადებამ.

„სინამდვილეში თქვენ ხართ საუკეთესო პატრიოტები“ - წერს პასუხად დონალდ ტრამპი.

ისეთი ლანძღვა-გინების კორიანტელია ახლა ამერიკულ მედიაში, განსაკუთრებით ტელე-მედიაში, ადამიანი მართლა შეძრწუნდება, თუმცა ეს ყოველივე დემოკრატიის „გვერდითი მოვლენაა“ - სხვაგვარად ელექტორალური დემოკრატია ვერ (არ) მუშაობს!

ანუ....რაოდენ ცუდი საყურებელიც არ უნდა იყოს...... არჩევნებზე ჭუჭყის ურთიერთსროლის გარეშე.

„პოლიტკორექტულობაც“ უკან იხევს სიტყვის თავისუფლების წინაშე ამ დროს.

ბევრჯერ გვითქვამს, რომ ესაა „დონალდ ტრამპის პოლიტიკური ფენომენის“ უნიკალური თავისებურება და მისი Impact ამერიკულ დემოკრატიაზე, რადგან მაგალითად (ეს მხოლოდ ერთი მაგალითია) უსასტიკესი დაპირისპირების მიუხედავად 2008 წელს, „რესპუბლიკელ“ ჯონ მაკკეინს რასაკვირველია არ მოსვლია აზრად (ამის ღიად თქმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) საჯაროდ ემსჯელა ბარაკ ობამას კანის ფერზე.

გამორიცხული იყო.

ახლა კი დონალდ ტრამპი, მით უმეტეს მისი მომხრეები ღიად ლაპარაკობენ კამალა ჰარისის წარმომავლობასა და კანის ფერზე.

ამ „სტილის“ დარღვევა დაიწყო 2020 წელს, როდესაც დონალდ ტრამპმა არათუ არ მიულოცა (პირველად 50 წლის განმავლობაში!) მეტოქეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, არამედ „ძალაუფლების გადაცემის“  ტრადიციულ ცერემონიალშიც არ მიიღო მონაწილეობა თეთრ სახლში.

სულ ბოლო კვლევებით, დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი თითქმის „თანაბრად“ მიდიან საარჩევნო რეიტინგებში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

აქ აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი, რომ ამერიკაში პრეზიდენტის პირდაპირი, უშუალო არჩევნები არ ტარდება: ამერიკელები შტატებში ირჩევენ „ხმოსნებს“, რომლებიც თავის მხრივ შემდეგ კონვენტზე ირჩევენ სახელმწიფოს მეთაურს.

იყო შემთხვევები, რომ „დემოკრატ“ ხმოსანს „რესპუბლიკელი“ კანდიდატისთვის დაუჭერია მხარი და პირიქით.

იშვიათად ყოფილა, თუმცა მაინც ყოფილა ამგვარი პრეცედენტები.

ეს დანაშაულად არ ითვლება და მაქსიმუმ 1000 დოლარი ჯარიმა შეიძლება გამოუწერონ ხმოსანს, რასაც ის აიტანს, თუკი საკუთარი რეპუტაცია არ ანაღვლებს.

ოღონდ ამგვარი გამონაკლისი პრეცედენტები იყო იმ დროს, როცა ამერიკაში არ არსებობდა ესოდენ მძვინვარე დაპირისპირება არა მხოლოდ ელიტათა, არამედ სოციუმის დონეზეც.

ახლა რა როგორ მოხდება, არავინ იცის.

ბევრი ნეიტრალური ამერიკელი იმაზე ლოცულობს,  დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს, რადგან კამალა ჰარისი უფრო შეურიგდება დამარცხებას ვიდრე დონალდი, რომელსაც ციხე ემუქრება, ხოლო მისი მომხრეების დიდი ნაწილი, განსხვავებით კამალას მომხრეებისგან, პასსიონარული ფანატიკოსები არიან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რესურსი Asia times წერს, რომ სანამ მსოფლიოს ყურადღება ამერიკის არჩევნებზე, უკრაინის ომზე და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზეა მიპყრობილი, მწიფდება ბევრად უფრო სასტიკი და გამანადგურებელი კონფლიქტი - ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტმა და ავსტრალიის ფლოტმა მალაკის სრუტეში მოაწყო მანევრები, რასაც ჩინეთის ე.წ. „სახალხო არმიამ“ უპასუხა სამხედრო-საზღვაო კონტინგენტთა გააქტიურებით ყველა კრიტიკულ ლოკაციაზე.

ამერიკამ ფილიპინებზე განალაგა Typhon რაკეტები,რომლებიც იქ თითქოსდა მხოლოდ სწავლებებში და მანევრებში მონაწილეობის მისაღებად ჩაიტანა რამდენიმე თვის წინ.

ეს, ზოგადად, სამხედრო-პოლიტიკური ტექნოლოგიაა: სამხედრო მანევრებით ამართლებენ ხშირად სერიოზული ძალებისა და საშუალებების განლაგებას.

სულ სხვა მაგალითი: როდესაც აზერბაიჯანმა გადაწყვიტა ძალით გადაეჭრა ყარაბაღის პრობლემა, წინასწარ თურქეთმა იქ „სამხედრო სწავლებების“ მომიზეზებით განალაგა ძალიან სერიოზული სამხედრო ძალები: არა მხოლოდ საავიაციო „ფრთა“ (სამხედრო ტერმინოლოგიით) არამედ სახმელეთო კონტინგენტიც. რომელიც არ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა „იქ იყო“.

 

შესაბამისად, ამერიკაც და ჩინეთიც ნამდვილად ქმნიან ახლა მომავალი შესაძლო კონფლიქტის „კონფიგურაციას“.

 ოღონდ აქ არის ერთი საინტერესო ნიუანსი: ამერიკას აქტიურად უჭერს მხარს ავსტრალია, აქტიურად უჭერს მხარს ფილიპინები, „წკიპზეა“ ღია მხარდაჭერისგან იაპონია!

 ტოკიოს მხოლოდ ის აკავებს, რომ ჯერ არ აქვს „მწვანე“ შუქი ვაშინგტონისა და პენტაგონისგან, რომლებსაც ებრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს..... მაშინ, როცა ჩინეთი და ამერიკა ერთად ეომებოდნენ იაპონიას.

თუმცა ამ „მწვანე შუქის“ ანთების დროც მოვა უახლოეს მომავალში: აკი ვწერდით ერთ-ერთ მიმოხილვაში, რომ პირველად WWII შემდეგ, იაპონიის ავიამზიდი მიუშვეს კალიფორნიის სანაპიროებთან და მასზე დემონსტრაციული „დაშვება“ განახორციელა ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების სიამაყემ: უახლესმა F-35-მა.

 

 ახლა კი დავსვათ კითხვა: რეგიონული სახელმწიფოებიდან ვინ უჭერს ასევე ღიად, აშკარად მხარს ჩინეთს? ვინ მონაწილეობს მასთან ერთობლივ სამხედრო მანევრებში?

ვიცით, რომ ბერინგის სრუტეში რუსეთის ფლოტი და ჩინეთის ფლოტი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ახორციელებენ ამერიკის (ალასკას) სანაპიროებთან.

იქვე დაფრინავენ ჩინური და რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები დემონსტრაციული რეიდებით, მაგრამ.....ეს მაინც არ არის იგივე, რაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკის, ავსტრალიის და ფილიპინების ერთობლივი მანევრები.

რუსეთი ერიდება ასე ღრმად „შესვლას“ იმ რეგიონში სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ჩინეთი ახლა ძალიან სჭირდება პუტინს,  კრემლი მაინც ერიდება ესოდენ აშკარა „კლინჩს“ სხვა რეგიონულ მოთამაშეებთან:

იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, იმავე ფილიპინებთან......აი მალაიზიის სამხედრო-საზღვაო ძალები რომ ახორციელებდნენ ამგვარ „მუქარანარევ“ მანევრებს იაპონიის სანაპიროსთან ჩინურ ფლოტთან ერთად - სხვა საქმე იქნებოდა.

აქედან დასკვნა: რეგიონში (უშუალოდ ამ რეგიონში. რუსეთი, გარკვეულწილად, „არ ითვლება-დ.) ჩინეთს არ ჰყავს ისეთი აშკარა, „ომში გამყოლი“ მოკავშირეები, როგორიც ჰყავს ამერიკას სამხრეთ კორეის, ფილიპინების, ავსტრალიის, იაპონიის სახით.

ეს კი არა და ძალიან უცნაურია თითქოს: არაფერი გვსმენია ჩინეთისა და ჩრდილო კორეის ერთობლივ სამხედრო მანევრებზეც კი სხვა რეგიონული სახელმწიფოების სანაპიროებთან. იმავე „სამხრეთ ჩინურ ზღვაში“ და ა.შ

ამგვარი უცნაურობა აიხსნება მხოლოდ ერთი სისტემური მიზეზით: ინდო-წყნარი ოკეანის აუზის პატარა თუ დიდ სახელმწიფოებს აშინებთ ჩინეთის დომინირება უფრო მეტადაც კი, ვიდრე ამერიკისა!

ამერიკა შორსაა. წყნარი ოკეანის მიღმაა, თანაც აბსოლუტურად განსხვავებული ცივილიზაციური კოდის მატარებელია.

ჩინეთი კი იქვეა: ეთნიკური ჩინელები მხოლოდ ჩინეთში მილიარდნახევარია და კიდევ მილიონით ეთნიკური ჩინელი ცხოვრობს ან ისწრაფვის იცხოვროს „სამეზობლოში“.

ამდენად, რეგიონის სახელმწიფოებს ურჩევნიათ ამერიკის მოკავშირეები იყონ და მასთან ეძებონ უსაფრთხოების გარანტიები ჩინეთის ზესახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, ბოლოს და ბოლოს ეთნო-დემოგრაფიული ექსპანსიის წინააღმდეგ.

 ამერიკული სტრატეგემები ამ მოცემულობას ოსტატურად ითვალისწინებენ.

ამის დემონსტრირება იყო არა მხოლოდ პრეზიდენტს ობამას არარეალიზებული, თუმცა კვლავინდებურად აქტუალური პროექტი ინდო-წყნარი ოკეანის ერთობლივი ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ, არამედ პრეზიდენტ ბაიდენის AUKUS ანუ ავსტრალიის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური პაქტი, ერთგვარი „ინდო-წყნარი ოკეანის“ (პირობითად თუ ვიტყვით...არა NATO არამედ ჰიპოთეტურად POTO - Pacific ocean სახელწოდებიდან, როგორც Pacific Ocean Treaty Organization).

ეს კი არა და „ისტორიულ საოცრებად“ შეიძლება ჩაითვალოს ვიეტნამის პოზიცია: არსებობს წინაპირობები, ვიეტნამიც კი გაერთიანდეს ამ POTO -ში ანუ მისთვის ამერიკა, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეომებოდა 1960-1970-იან წლებში და.....პირდაპირ ვთქვათ......დ ა ა მ ა რ ც ხ ა საბჭოთა კავშირისა და იმავე ჩინეთის დახმარებით (ეს პირობითი განსაზღვრებაა. ბრძოლის ველზე არ დაუმარცხებია, არამედ პარტიზანული ომით, როგორც თალიბებმა „დაამარცხეს“ ამერიკა ავღანეთში) დღეს იმდენად არის დამფრთხალი ჩინეთის მზარდი ჰეგემონიით რეგიონში, რომ უფრო ამერიკისკენ ილტვის გარანტიების მოსაპოვებლად, ვიდრე კულტურულად და გეოგრაფიულად მახლობელი ჩინეთისკენ.

სხვათა შორის ეს სიტუაცია თავდაპირველად, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იწინასწარმეტყველა დიდმა ამერიკელმა მეცნიერმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, რომელიც მის წიგნში „დიადი საჭადრაკო დაფა“ (The Grand Chessboard)  წერდა, რომ ალარმისტული (საგანგაშო) წინასწარმეტყველებანი, თითქოს XXI საუკუნე „ჩინური გლობალური დომინირების საუკუნე“ გახდებოდა, მტკნარი სისულელეა: ჩინეთი „საკუთარ“ რეგიონშიც კი ვერ ახერხებს ხსენებული მიზეზით დომინირებას.

გლობალურ დომინირებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

„ჩინური საუკუნე“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება თუ.....ღმერთმა ნუ ქნას და......ამერიკა დაინგრა!