პროტესტანტული ეთიკა და მაქს ვებერის თეორია
მახსოვს სტუდენტობისას როგორ გვიტაცებდა მაქს ვებერის (1864-1920) თეორია.
ფროიდის შემდეგ ვებერი მეორე იყო იმდროინდელი ახალგაზრდებისათვის თვისებრივი „აკრძალული ხილისადმი“ ვნების თვალსაზრისით
რა თქმა უნდა კომუნისტური რეჟიმი ვებერის თეორიას კრძალავდა, რაკი კარდინალურად ეწინააღმდეგებოდა მარქსიზმს.
არათუ ეწინააღმდეგებოდა, არამედ ვებერი მარქსს დასცინოდა კიდეც და მის თეორიას „საწარმოო ძალებისა“ და „წარმოების საშუალებთა“ შესახებ, ისევე როგორც მარქსიზმის „ბიბლიას“- „კაპიტალს“, უწოდებდა „ნაივურს“.
ამაზე შეურაცხმყოფელი შეფასება ვერც კი წარმომიდგენია. შეიძლება უწოდო „არასწორი“, მაგრამ „ნაივური“ იმას ნიშნავს, რომ ავტორი, შენი აზრით, უბრალოდ დებილია.
თვით ვებერი კი კაპიტალიზმის განვითარებას უკავშირებდა არა „კლასთა ბრძოლას“ და „საწარმოო ფორმაცაითა“ ესე იგი წარმოების საშუალებებზე საკუთრების უფლების ცვლას, არამედ ეთიკურ, ღირებულებით, მსოფლმხედველობრივ ასპირაციებს და სულისკვეთებას.
„კაპიტალიზმის სულისკვეთება“ - მისი ტერმინია.
ვებერის მართლაც ძალიან „ლამაზი“ და შთამბეჭდავი თეორიის თანახმად, ინგლისში და ჩრდილოეთ ევროპაში კაპიტალიზმის სწრაფი განვითარება და ინდუსტრიალიზაცია გამოიწვია პროტესტანტულმა რევოლუციამ, პროტესტანტულმა ეთიკამ ანუ რეფორმაციამ, როდესაც პროტესტანტულ ქვეყნებში დამკვიდრდა „ბედისწერის“ ასევე „ღვთითრჩეულობის“ რელიგიური დოქტრინა.
ამ დოქტრინის მთავარი პოსტულატი ის იყო, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი ნიშნით შეუძლია განსაზღვროს, გადარჩება იგი თუ არა; მოხვდება ცათა სასუფეველში თუ ჯოჯოხეთის ცეცხლში, ანუ არის თუ არა იგი ღვთის რჩეული:
ეს ერთადერთი კრიტერიუმია ცხოვრებისეული წარმატება.
წარმატება „საქმეში“, პროფესიაში, რომელსაც მისდევს.
Beruf.
მაშასადამე, უმთავრესი მაჩვენებელია ის გარემოება, თუ რამდენად წარმატებულია ადამიანი მის საქმეში, ბიზნესში, არის თუ არა იგი მდიდარი, შემოსავლიანი.....
თუკი გამდიდრდა - ამა თუ იმ სფეროში მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად - მაშასადამე ღვთის რჩეული ყოფილა, ხოლო თუ ღარიბია, ეს უფლის სასტიკი განაჩენი გამოდის: „ღარიბი ხარ? ესე იგი უფალმა ცოდვილად მიგიჩნია და ჯოჯოხეთისთვის გაგწირა“.
„თუ ღარიბი ხარ მხოლოდ შენი ბრალია. უფალი სიღარიბისთვის არ დაგინდობს“!!
(დააკვირდით რა კატასტროფულად, აპოკალიპტურად ეწინააღმდეგება იმავე სახარებისეულ, შემდგომში მართლმადიდებლურ ფუნდამენტალისტურ პოსტულატს „Неправедность богатства“ - „რაც უფრო მდიდარი ხარ, მით უფრო ნაძირალა ხარ! - „ნემსის ყუნწში აქლემი ვერ გაძვრება“)
აქედან მომდინარეობსო - წერს ვებერი - პროტესტანტებისთვის, უპირველესად კალვინისტებისთვის, ანგლიკანებისთვის დამახასაითებელი ფანატიკური შრომისმოყვარეობა და მათი ასკეტიზმიც, რადგან ხსენებული „პროტესტანტული ეთიკა“ გამორიცხავდა ფუფუნებას: სიმდიდრის მიუხედავად ასკეტურად უნდა გეცხოვრა, უფლის მოცემული სიმდიდრე ისევ „საქმეში“ უნდა დაგებრუნებინა, განვითარებისთვის მოგეხმარებინა, ერთი ქარხნის ნაცვლად ორი ქარხანა აგემუშავებინა, მერე კიდევ მესამე ქარხანა...... რკინიგზა გაგეყვანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ;
ეს ყოველივე ობიქტურად იწვევდა კაპიტალის კონცენტრაციას ინდუსტრიაში;
კაპიტალის კონცენტრაცია და ინვესტიცია კი სამრეწველო კაპიტალიზმის მაცოცხლებელი რესურსია;
ამ რელიგიურ დოქტრინას უძღვნა თავისი ლიტერატურული შედევრი „მობი დიკი“ ნიუ იორკელმა (!) მწერალმა ჰერმან მელვილმა: „თეთრი ვეშაპი“ უფლის ბედისწერას განასახიერებს, რომლის წინააღმდეგ ამბოხი ფუჭი და მარცხისთვის განწირულია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა ვებერს სერიოზული კრიტიკოსებიც ჰყავდა და ჰყავს. ისინი ამტკიცებენ, რომ რეფორმაციამდე დიდი ხნით ადრე, კაპიტალიზმმა დაიწყო განვითარება ევროპის ბევრ ქვეყანაში და ახალი ხანის კაპიტალისტებს ხ ე ლ ს ა ძ ლ ე ვ დ ა თ ეს თეორია, რაკი კათოლიციზმისგან, მით უმეტეს მართლმადიდებლობისგან განსხვავებით იგი (ბოდიში ჟარგონისთვის) ა პ რ ა ვ ე ბ დ ა, მაგალითად მევახშეობას.
ამდენად ახლადშობილ ისტორიულ ძალებს ჰქონდათ მოტივაცია, ეს თეორია გამოეყენებინათ (!) რაც სულაც არ გამორიცხავს, რომ ჟან კალვინი, მაგალითად, ჭეშმარიტად ფანატიკოსი იყო და ნამდვილად სწამდა ის, რასაც ქადაგებდა. ისევე, როგორც მარტინ ლუთერსა და იან ჰუსს.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, კრიტიკოსთა აზრით, პროტესტანტულმა ეთიკამ კი არ განაპირობა კაპიტალიზმის განვითარება, არამედ პირიქით - კაპიტალიზმმა გამოიყენა და განავითარა ეს მსოფლმხედველობრივი დოქტრინა მისი ინეტრესებდიან გამომდინარე
სუფთად მარქსისტული მენტალური კორელანტია: „მდგომარეობა შეიქმს შეგნებას“ და არა პირიქით
რაც სულაც არ გამორიცხავს, მართალი იყოს!
სადავო თემაა ნამდვილად.
ხოლო იმ კრიტიკოსთა პასუხად (მაგალითად ვერნერ ზომბარტის), ვინც კაპიტალიზმის საწყისებს ებრაულ ეთოსში ხედავდა, ვებერი ამბობდა, რომ „სამევახშეო კაპიტალიზმი“ და „სამრეწველო კაპიტალიზმი“ კარდინალურად, თვისებრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთმანეთთან კორელირებენ და როტშილდები, მაგალითად, დიდ ფულს „ასხამდნენ“ ინდუსტრიაში, როცა იგი მომგებიანი გახდა.
თუმცა ინდუსტრიული რევოლუცია სწორედ პროტესტანტულ ეთიკას უკავშირდებაო - ამტკიცებდა ევბერი - და არა ფულად სპეკულაციებს.
პროტესტანტიზმის წინარე კაპიტალიზმს ვებერი „სპეკულაციურ კაპიტალიზმს“ უწოდებდა.
დისკუსია დასავლეთში ვებერის თეორიაზე ამოწურული არ არის.
ფოტოზე: ნიუ იორკის „საფონდო ბირჟის“ შესასვლელი უოლ სტრიტზე.
საათობით ვმდგარვარ იქ.
და სულ ის “თეთრი ვეშაპი“ მახსენდებოდა მელვილის უკვდავი რომანიდან.
მარჯვნივ თუ გაიხედავთ, ძალიან ლამაზ ეკლესიას დაინახავთ ქუჩის ბოლოს.
ეს წმიდა სამების პროტესტანტული ტაძარია, სადაც ბოლო მონახულებისას წირვას ქალი მღვდელი (!) ატარებდა