საერთაშორისო მიმოხილვა. 6 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 მაისი. 2024 წელი

ხვალ (7 მაისს) პუტინის მორიგი ინაუგურაცია გაიმართება. უკვე მეხუთე (2000; 2004; 2012; 2018; 2024).

კიდევ 6 წლითაა არჩეული ანუ ამჯერად 2030 წლამდე და მისი ე.წ. „კონსტიტუციით“ 2030 წელსაც ექნება უფლება იყაროს კენჭი, მაშასადამე 2036 წლამდე.

პუტინის ინაუგურაციები მუდამ ერთსა და იმავე სტილში ტარდებოდა და ამიტომ ძალიან საინტერესოა ახლა მივადევნოთ თვალი, შეინარჩუნებს თუ არა კრემლის ბინადარი იმავე სტილს ამჯერადაც?

სტილი კი შემდეგია: პუტინი გამოდის თავისი კაბინეტიდან (ეს ყოველივე პირდაპირ ეთერშია), გაივლის კრემლის ცარიელ დერეფნებს...... ჩამოდის კრემლის ცარიელ კიბეებზე, დაცვაც კი არსად ჩანს....... გაივლის ცარიელ მოედანს, სადაც დგას მისი ავტომობილი (ამჯერად ტანკისოდენა Aurus).....ეს  ავტომობილი სრულიად ცარიელ სივრცეში მოძრაობს კრემლის ცერემონიათა სასახლისკენ...... იქ პუტინს ხვდება რუსული ელიტა ანუ ყველა....ყველა....ყველა..... დებს ფიცს და მერე უკვე გრანდიოზული ბანკეტია 5 000 მოწვეულ სტუმარზე.

შევადაროთ, როგორ ტარდება ინაუგურაცია და ფიცის დადება ამერიკაში, სადაც არჩეული პრეზიდენტი (President elect) მოძრაობს თეთრი სახლიდან პენსილვანია ავენიუზე კონგრესის მიმართულებით და ამ უზარმაზარი გამზირის ორივე მხარეს ასეულობით ათასი ადამიანი ესალმება ყიჟინით, დროშების ქნევით,  შეძახილებით.

ობამა მილიონზე მეტმა (!) ადამიანმა გააცილა ასე ფიცის დადებაზე.

მარტივია: ამერიკა დემოკრატიაა, ხოლო რუსეთი - იმპერია. პუტინი პრეზიდენტი კი არა იმპერატორია. ეგღა აკლია ხალხს გაუყადროს თავი.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში მიმდინარე საარჩევნო ომის (!) ძალიან მნიშვნელოვანი „ფრონტია“ სატელევიზიო დებატები ბაიდენსა და ტრამპს შორის.

60 წელია ასეთი დებატები ტარდება.

ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, პრეზიდენტობის კანდიდატს უარი ეთქვას სხვა საპრეზიდენტო კანდიდატთან დებატებზე „ერთი-ერთზე“ ფორმატში, თუ არ ჩავთვლით 2020 წლის არჩევნებს, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა უარი დამდგარიყო ამ ფორმატში ბაიდენთან.

ახლა ტრამპი რასაკვირველია უფრო დებატების მომხრე იქნება, რაკი ოპოზიციონერია ხოლო ოპოზიციონერს გარკვეული „ფორა“ აქვს მუდამ და ყველგან.

2016 წლის არჩევნებზე ტრამპი მონაწილეობდა სატელევიზიო დებატებში ჰილარი კლინტონთან (ოღონდ არც ერთი მათგანი იმ დროს პრეზიდენტი არ ყოფილა, როგორც დღეს ბაიდენი ან 2020 წელს ტრამპი) და იმ დებატებისას დონალდ ტრამპმა ღია ეთერში უწოდა ჰილარი კლინტონს „ბინძური დედაკაცი“

სამაგიეროდ აშკარად წააგო დებატების მოდერატორ ჟურნალისტ მეგან მარკლთან, როცა ჟურნალისტმა ქალმა ტრამპს ქალთმოძულეობაში დასდო ბრალი: „ძროხებს“ რატომ უწოდებ ქალებსო.

„მე მხოლოდ ერთ ქალს ვუწოდე ძროხა - როზი ო კონორსო“ - უხერხულად უპასუხა ტრამპმა

ანუ ტელე-დებატები არც ტრამპისთვისაა იოლი თემა.

ახლა როგორ იქნება, ამაზე ბევრი დამკვირვებელი მსჯელობს. გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა იყოს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ამ 60 წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნებისას, ტელე-დებატები ტარდება დამუშავებული სქემით და ალგორითმებით: ჯერ საპრაიმერიზო დებატებია რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს შორის (ტრამპი მათში დანამდვილებით არ მიიღებს მონაწილეობას და აქ ძნელია შეედავო, რაკი ვერც ერთი რესპუბლიკელი კანდიდატი მასთან ახლოსაც ვერ მოვა რეიტინგით), მაგრამ შემდეგ უნდა გაიმართოს „ერთი-ერთზე“ ფორმატში დებატები „რესპუბლიკელ“ და „დემოკრატ“ კანდიდატებს შორის.

დონალდ ტრამპი რომ ბაიდენს უშვერი სიტყვებით გალანძღავს, ხოლო ბაიდენი საკუთარი აკადემიური სტილის ერთგული დარჩება, ეს ცხადია.

საკითხავი ისაა, რამდენად აძლევს ხელს ბაიდენს ამგვარი დებატები, როდესაც ამომრჩევლის დიდი ნაწილი კვლავინდებურად „გადაუწყვეტელია“.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანულმა სამხედრო ინდუსტრიამ Rheinmetall განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას მიაწვდის „ასეულობით ათას“ საარტილერიო ჭურვს, რომელიც ახლა უკრაინის არმიას ყველაზე მეტად სჭირდება.

ეს განცხადება თითქოს რაღაც რევოლუციური სიახლე არ არის, რომ არა ორი მნიშვნელოვანი გარემოება

 

ა) გერმანული ინდუსტრიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საარტილერიო ჭურვების ნაწილის შორსმწვდომობა იქნება 100 კილომეტრი (!).

 ამდენად შორსმწვდომი საარტილერიო სისტემა მსოფლიოში არ არსებობს. ყველაზე ძლიერი თვითმავალი ქვემეხები ისვრიან ჭურვებს მაქსიმუმ 50 კილომეტრის სიშორეზე.

ანუ, როგორც ჩანს, აქ იგულისხმება არა უბრალოდ საარტილერიო ჭურვები, არამედ ისეთი ჭურვები, რომლებსაც დამატებითი ოფციები ექნებათ მანძილის გასაზრდელად.

სავარაუდოდ, „ესკალიბურის“ ვარიანტები.

ვის თუ არა გერმანიის გენიალურ ინდუსტრიას შეუძლია ამგვარი ჭურვების დამზადება?

 

ბ)   Rheinmetall ადასტურებს, რომ გააფორმა ხელშეკრულება უკრაინულ კონცერნთან (არ ასახელებს გასაგები მიზეზების გამო) უკრაინის ტერიტორიაზე (ასევე არ ასახელებს კონკრეტულ ლოკაციას) სამხედრო ტექნიკისა და ჭურვების წარმოების თაობაზე. მოსალოდნელია, რომ  Rheinmetall ან არსებული ქარხნების მოდერნიზაციას განახორციელებს ან  ააშენებს ქარხნებს.

ბუნებრივია, გერმანული სამხედრო ინდუსტრია არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამდა გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, ანუ ეს ყოველივე კანცლერთან შეთანხმებულია.

გერმანია ბრუნდება!

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინდელ მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა „წითელი ხაზების“ მიზანშეუწონლობის შესახებ რუსეთთან მიმართებაში.

ამ განცხადებამ კრემლში იმდენად დიდი შეშფოთება გამოიწვია, რომ პუტინმა სპეციალური ინტერვიუ მისცა პროპაგანდისტ კისელიოვს და თქვა: „თუ საფრანგეთი მოხსნის წითელ ხაზებს რუსეთთან მიმართებაში, მაშინ ჩვენც მოვხსნით წითელ ხაზებს საფრანგეთის მიმართ“.

გაურკვეველია პუტინმა რა იგულისხმა

მაკრონს არც დაუმალავს, რომ გულისხმობს დასავლეთის უშუალო სამხედრო ჩარევას კონფლიქტში, ხოლო პუტინი რა წითელ ხაზებზე ლაპარაკობს? პარიზში ისლამისტი ტერორისტების ხელით აფეთქებების მოწყობაზე?!

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ვლადიმერ ზელენსკიზე, რაც უეჭველად იმას ნიშნავს, რომ პუტინი არც აპირებს რაიმე მოლაპარაკებას მასთან.

ზელენსკისთან ერთად ძებნა გამოცხადებულია არსენ ავაკოვზე  (შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი), ასევე სიაშია ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი, რადას სპიკერი ვლადიმერ გროისმანი,  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ოლექსი დანილოვი.

აქ ერთი საინტერესო ნიუანსია: კრემლი ამბობს, რომ საქმეები აღძრა უკრაინის პრეზიდენტზე და სხვა ფიგურანტებზე, თუმცა არ აზუსტებს სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლითაა აღძრული საქმე.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის ყველა გულშემატკივრისთვის სასიხარულო განცხადება გააკეთა ამერიკის კონგრესში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა (Hakeem Sekou Jeffries)

მისი თქმით, „ამერიკა იძულებული იქნება ჩაერიოს უკრაინაში საკუთარი შეიარაღებული ძალებით და არა მხოლოდ ფულით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს  არსებობას საფრთხე დაემუქრება“ .

ეს განცხადება მეტყველებს, რა რეფლექსია და მსჯელობა მიმდინარეობს ამჟამად ამერიკულ ელიტებში უკრაინის თემატიკაზე. მაგრამ ჯერ გაურკვეველია მთავარი: რა იგულისხმება „უკრაინის სახელმწიფოს არსებობის საფრთხეში“. კიევის აღება? ოდესის აღება და უკრაინის შავი ზღვიდან მოგლეჯა?

 . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის ФСБ-მ, დასავლეთთან საინფორმაციო ომის მოტივებზე გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული დოკუმენტები (ადოლფ ჰიტლერის პირადი ადიუტანტის ოტტო გიუნშეს დაკითხვის ოქმი), რომლითაც ახლა მოსკოვი ცდილობს დაამტკიცოს, რომ „მოღალატე“ ამერიკელები და ინგლისელები 1994 წლის ზაფხულში (!) საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ გერმანელებთან სსრკ-ს წინააღმდეგ ერთობლივი ფრონტით გამოსვლის შესახებ

შეგახსენებთ ვინ არის გიუნშე: ჰიტლერის უახლოესი თანაშემწე, მისი „მარჯვენა ხელი“, ადიუტანტი, რომელმაც თვითმკვლელობის შემდეგ შეასრულა უფროსის ბრძანება და დაწვა ადოლფ ჰიტლერის, ასევე ევა ბრაუნის გვამები.

კაპიტულაციის შემდეგ გიუნშე ტყვედ აიყვანა საბჭოთა არმიამ და რა  თქმა უნდა მოსკოვში გადააგზავნა, სადაც დაკითხვებზე იმას ალაპარაკებდნენ, რაც ჯერ კიდევ მაშინ აწყობდა სტალინს.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ამ ე.წ. „დოკუმენტებში“ ლაპარაკია არა 1945 წლის თებერვალსა და მარტში შვეიცარიაში ნამდვილად მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკებებზე ნაცისტ გენერალ ვოლფსა და ამერიკის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელ ალენ დალესს შორის, არამედ თითქოსდა სტოკჰოლმში მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკებებზე ანგლო-ამერიკელებსა და გერმანელებს შორის 1944 წლის ზაფხულში, როდესაც ანგლო-ამერიკელებმა უკვე დაასრულეს წარმატებული დესანტირება საფრანგეთში, უტევდნენ გერმანიას, უახლოვდებოდნენ გერმანიის საზღვრებს, ხოლო საბჭოთა არმია ჯერ საკმაოდ შორს იყო გერმანიიდან.

თანაც ჰიტლერის ბრძანებით გერმანული არმია შეტევებს ახორციელებდა „მოკავშირეთა წინააღმდეგ“ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და ამერიკელებს, ასევე ევროპელებს ძალიან სჭირდებოდათ საბჭოთა არმიის აქტიური ჩართულობა. არათუ მზად იქნებოდნენ გერმანელებთან ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ

ეს ისტორია უბრალოდ ადასტურებს, რაზეა წამსვლელი რუსული პროპაგანდა დღეს, როცა მოსკოვში თვლიან, რომ „ტოტალურ ომს“ აწარმოებენ დასავლეთის წინააღმდეგ უკრაინაში.