რა ღირს დამოუკიდებლობა?

რა ღირს დამოუკიდებლობა?

               4 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეს არის ამ ქვეყნის უპირველესი და უმთავრესი სახელმწიფოებრივი დღესასწაული.
        თვით ამ ცნებაში («დამოუკიდებლობის დღე») მთელი ფილოსოფიაა ჩაქსოვილი, რომელიც, ამერიკის გრანდიოზულობის მიუხედავად, საქართველოს აქტუალურ თემებსაც ეხმაურება.
        1776 წელს ვერავინ იფიქრებდა, რომ ბრიტანეთის ტახტის წინააღმდეგ მებრძოლი რამდენიმე უმწეო კოლონია არათუ იმ ეპოქის უძლიერეს იმპერიას (მასში მზე არ ჩადიოდა, ვინაიდან ორივე უდიდეს ოკეანეს აკონტროლებდა) გაუმკლავდებოდა, არამედ მსოფლიოს ლიდერადაც იქცეოდა ხანგრძლივი აღმშენებლობის შემდეგ.
        თუმცა, ჯერ კიდევ 1900 წელს, ამერიკის შეერთებული შტატები, ყველა თვალსაზრისით, მე-20-25-ე ადგილზე იყო. «აბა რა შედარებაა», მაგრამ სწორ კურსსა და ნაციად ჩამოყალიბების ნებას სასწაულის მოხდენა შეუძლია: სახელმწიფოს ხომ ეროვნული სულისკვეთება აყალიბებს და არა რესურსების ოდენობა.
        ნიშანდობლივი ფაქტია: ბორის ელცინმა დააწესა «რუსეთის დამოუკიდებლობის დღე» (12 ივნისი), რომელიც ვერ დამკვიდრდა ამ ქვეყანაში და ანეგდოტების თემად იქცა. რუსებმა ვერა და ვერ გაიგეს, «ვისგან გახდა დამოუკიდებელი რუსეთი 1991 წელს?» რამდენიმე ხნის წინ კი, რუსულმა «გოსდუმამ» ეს დღესასწაული (ამ ფორმით) საერთოდ გააუქმა ძალზე ნიშანდობლივი მოტივით: რუსეთი არასდროს ყოფილა კოლონია და ამრიგად, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაც აბსურდიაო.
        აქ ერთგვარი ქედმაღლობაც იგრძნობა ამერიკის მიმართ «აქაო და, თქვენ იყავით კოლონია», რუსეთი კი - არასდროს».
        თითქოს კოლონიაზე უარესი არ იყოს «ოქროს ურდოს» მონობა და შემდგომ ამ ურდოს განვითარება ჯერ «მოსკოვის სახანოდ», შემდეგ «რუსეთის იმპერიად».
        თუმცა, მთავარი ის არის, რომ რუსი კანონმდებლები ვერ მიხვდნენ (ვერც მიხვდებიან) ამ ცნების ჭეშმარიტ არსს. «დამოუკიდებლობის დღე» ნიშნავს არა მხოლოდ «სახელმწიფოებრიობის დღეს», არამედ თავისუფლების დღესასწაულს, ოღონდ თავისუფლებისას განსაკუთრებული გაგებით - როდესაც პიროვნული თავისუფლება ქმნის საერთო თავისუფლებას და პირიქით.
        სწორედ ამით განსხვავდება «თავისფლების» დასავლური გაგება, არა მხოლოდ რუსული, არამედ ჩვენდა სავალალოდ, ქართული გაგებისგანაც».
        «მოძრაობა», რომელსაც თავისუფლებამდე უნდა მივეყვანეთ, თავისი არსით, ტოტალიტარული იყო. ამიტომაც შეუძლებელია, მას დაეფუძნებინა თავისუფლების ფენომენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გაგებით.
        აქედანვე გამომდინარეობს, თუ არ გვეზეიმება 9 აპრილს (დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე) და არც შეიძლება გვეზეიმებოდეს, ვინაიდან ეს არ არის «თავისუფლების დღე», სანამ თავისუფლების ცნება საქართველოში დასავლურ შინაარსს არ შეიძენს, ანუ პიროვნული თავისუფლებიდან არ იქნება გამომდინარე, ვერც ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი (თავისუფალი), სახელმწიფოებრივი გაგებით.
        თანამედროვე ამერიკელთა წინაპრები, რომლებიც ბრიტანული გვირგვინის ტირანიას ებრძოდნენ, მზად იყვნენ, თავისუფლებისთვის გაეღოთ ნებისმიერი ფასი, რასაც კი ბრძოლის ლოგიკა და მდინარება მოითხოვდა. არა მარატო იმიტომ, რომ «გარემოება აიძულებდათ», არამედ, «იქ იდგნენ და სხვაგვარად არ შეეძლოთ» (რაც ერთი და იგივე სულაც არ არის).
        მათი დამარცხება ათგზის უძლიერესი ბრიტანული არმიისა და ფლოტისათვის აბსოლუტურად შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ამერიკელები იბრძოდნენ პიროვნული თავისუფლებისთვის - კოლექტიური ძალისხმევით. დამოუკიდებელი სახელმწიფო მათთვის პიროვნული თავისუფლების განმახორციელებელი ინსტრუმენტი იყო. ამიტომაც იქცა თავისუფლება ამერიკის იდეოლოგიად. თუ ვინმეს ჰგონია, ამერიკის შეერთებულ შტატებს იდეოლოგია არა აქვს, ძალიან ცდება.
        საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ საქართველოში ასე არ იყო. ასე თუ იქნებოდა, მოვლენებიც 1988 წლიდან სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.
        «მოძრაობა» დამოუკიდებლობის (აქ - თავისუფლების) მიზანს აღწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, პიროვნება მზად არის, გადაიხადოს დამოუკიდებლობის ფასი არამცთუ მატერიალური გაჭირვებით საკუთარი სიცოცხლითაც; მაგრამ, როდესაც ეს ფასი «გეძვირება», ვერც ელექტროენერგიის პრობლემას გადაწყვეტ.
        ამერიკა კი მართლაც დღეგრძელი იყოს, ვინაიდან იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავისუფლების ღირსნი არიან.

დილის გაზეთი, 4 ივლისი, 2001 წ.