საერთაშორისო მიმოხილვა. 8 მაისი. 2024 წელი
ჩინეთის „თავმჯდომარის“, სი ძინპინის ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება.
ხშირად ვიზიტის თვალსაჩინო დეტალები ბევრად მეტყველია, ვიდრე ოფიციალური პრეს-რელიზი.
მაკრონმა მაღალი სტუმარი პირინეის მთებში დაპატიჟა, სადაც Tour de France ველოშეჯიბრი იმართება ტრადიციულად.
ფრანგები აღმერთებენ ამ ტურნირსაც და მის გამარჯვებულებსაც
ყველა სოფელში მაკრონს და „სი“-ს ჩინური დროშებით (უფრო ვიდრე ფრანგულით) ხვდებოდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები, არამედ ჩინეთის საელჩოს „მობილიზებული“, სპეციალურად ჩამოყვანილი მასები.
ვიზიტისას სი ძინპინი პირკუშტად ყოფილა, მხოლოდ მისი მეუღლე იღიმებოდა, ხოლო მაკრონი მუდმივად „შენობით“ მიმართავდა ჩინელ ლიდერს .
ჯერ-ჯერობით მაკრონმა „სიტყვა ვერ ათქმევინა“ პუტინის საწინააღმდეგოდ და მით უმეტეს ვერ მიიღო დაპირება რუსეთის დახმარების შეწყვეტის შესახებ.
სამაგიეროდ ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი განცხადება, რომლითაც ჩინეთმა და საფრანგეთმა დაგმეს ტერორისტული შეტევა ისრაელის წინააღმდეგ 2023 წლის 7 ოქტომბერს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის სპეცსამსახურებმა დააკავეს ორი პოლკოვნიკი (!) რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის მკვლელობას გეგმავდნენ.
ეს პოლკოვნიკები, რომლებიც თავად უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში მსახურობენ, პრეზიდენტის პირადი დაცვის ოფიცერზე „გავიდნენ“ და დიდ ფულს სთავაზობდნენ, რათა მას მოეკლა პრეზიდენტი.
შეთქმულების გეგმის ავტორი, რასაკვირველია მოსკოვია.
თანაც უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს უკვე მეათე შეთქმულებაა ზელენსკის მოსაკლავად.
ბოლო შემთხვევა გასაკვირი არ არის, რაკი რუსეთმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ზელენსკის წინააღმდეგ ანუ მას აღარ განიხილავს „მომლაპარაკებელ მხარედ“ ან თუნდა „კაპიტულაციაზე“ ხელის მომწერად.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელ-ღაზას ომი კი გაიწელა, თუმცა „რეპერულ წერტილს“ ახლა უკვე ნამდვილად მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა უარყო „ჰამასის“ წინადადება „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ.
„ცახალი“ (ისრაელის არმია) შევიდა სასაზღვრო ქალაქ რაფახში სამხრეთიდან და მთლიანად აკონტროლებს ამჟამად ეგვიპტესთან საზღვარს.
მანამდე ამ საზღვარს ეგვიპტის მხრიდან მხოლოდ ეგვიპტის ძალები აკონტროლებდნენ და ჩაკეტილი ჰქონდათ ეს საზღვარი ისრაელის მოთხოვნით და ისრაელის შიშით.
„ცახალი“ კი მხოლოდ ჰაერიდან, მისი შესანიშნავი დრონებით აკვირდებოდა რა ხდებოდა იქ და იმავე დრონებით ბომბავდაზოგჯერ თუ მოძრაობას შენიშნავდა. ახლა უკვე ტანკებით შევიდა.
იმავდროულად ისრაელი აპირებს რაფახს შეუტიოს ჩრდილოეთიდანაც.
არადა ამ ქალაქში მილიონნახევარი ლტოლვილია ღაზას ჩრდილო რაიონებიდან.
„ჰამასის“ სამშვიდობო წინადადება გულისხმობდა ომის დასრულებას, ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და მძევალთა გათავისუფლებას. უფრო ზუსტად გაცვლას პალესტინელ პატიმრებში.
ნეთანიაჰუმ ეს გეგმა უარყო: არანაირი გაცვლა არ იქნება, მძევლები უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ, წინააღმდეგ შშემთხვევაში „ცახალი“ თვითონ გაათავისუფლებს (მძევლები რაფახში ჰყავთ პალესტინელებს - სხვაგან ვერსად ეყოლებათ), ხოლო ღაზადან უკვე ჯარებს აღარასოდეს გამოვიყვან ანუ ომს არ დავამთავრებ, სანამ ჰამასი ისრაელის სახელმწიფოს არ აღიარებსო.
შეგახსენებთ, რომ პალესტინური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც 2006 წლიდან არჩევნების შედეგად ღაზას ხელისუფლებაა, არ აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებას განსხვავებით პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისგან, რომელიც ხელისუფლებაა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
ამ რეგიონსაც, 1967 წლის ომის შემდეგ, ისრაელი მართავს, ხოლო „იორდანიის სამეფოსთან“ საზღვარსაც ისრაელივე აკონტროლებს ზუსტად იმ ტექნოლოგიით, როგორც საზღვარს ღაზასა და ეგვიპტეს შორის: ის საზღვარიც თვით იორდანიას აქვს ჩაკეტილი ისრაელის შიშით.
ისრაელს, ამიტომაც, ნორმალური მშვიდი ურთიერთობა აქვს ეგვიპტესთანაც და იორდანის სამეფოსთანაც, რაკი მათ ისრაელთან ყველა ომი წააგეს.
რაფახში ოპერაციის შესაკავებლად ამერიკამ განაცხადა, რომ ისრაელს იარაღს აღარ მიაწვდის. თუმცა ეს ზესახელმწიფოებისთვის, მათ შორის ამერიკისთვის ჩვეული „დამაბალანსებელი“ განცხადებაა არაბული სამყაროს დასამშვიდებლად და იქ ვაშინგტონის პოზიციათა შესანარჩუნებლად: მანამდე იმდენი იარაღი მიაწოდა, თანაც სულ უახლესი, რომ ისრაელს კიდევ 20 წელს ეყოფა.
თანაც მიაწოდა უკვე ამ ომის მიმდინარეობისას.
დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ არაფრის დიდებით არ დაეთანხმება ამ ომის ისე დასრულებას, რომ თუნდაც თეორიული შანსი არსებობდეს მომავალში 7 ოქტომბრის თავდასხმის განმეორებისა. ამგვარი „ისტორიული გადაწყვეტისთვის“ კი აუცილებელია ჰამასმა ცნოს ისრაელის სახელმწიფო.
ეს ბევრად რთული ამოცანაა, ვიდრე მძევლების გათავისუფლებაც კი. იმიტომ, რომ „ჰამასის“ ლიდერშიპი დიდწილად საზღვარგარეთ ცხოვრობს - კატარში, მაგალითად. ისინი ხომ არასდროს არ აღიარებენ ისრაელს? თავად რა ენაღვლებათ - უსაფრთხოდ არიან და ოჯახებიც გახიზნული ჰყავთ.
თუმცა ნეთანიაჰუს ახლა სჭიდრება „ისტორიული მიღწევა“, რათა ციხეში არ ჩასვან ებრაელებმა 7 ოქტომბრის გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ნიუ იორკში გრძელდება სკანდალური სასამართლო პროცესი დონალდ ტრამპის მიერ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავ Stormy Daniels -სთვის ქრთამის სახით $130 000 გადახდის შესახებ - „სექსის თაობაზე დუმილის“ სანაცვლოდ
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ თვით ამ თანხის გადახდა კი არ არის დანაშაული, არამედ თანხის გადახდა საარჩევნო კამპანიის დროს და შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბება ამ ხარჯის დასაფარად.
ანუ, დონალდ ტრამპს, როგორც ოჯახის მამას და მეუღლეს........ ფული რომ გადაეხადა სთორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ, ეს სულაც არ იქნებოდა დანაშაული.
მაგრამ დონალდ ტრამპს როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს ამის უფლება არ ჰქონდა.
მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიისას ხარჯები ამერიკაში უმკაცრეს კონტროლს ექვემდებარება.
ფულის გადახდაში მონაწილეობდა დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი Michael Cohen, რომელსაც საქართველოშიც კარგად იცნობენ. ახლა ის უკვე ტრამპის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას...... ციხეც მოიხადა ამ საქმეზე.
გუშინდელ სასამართლო პროცესზე Stormy Daniels-მა აპოკალიფსური სკანდალი მოაწყო დონალდ ტრამპის თანდასწრებით (თავიდან ბოლომდე ესწრებოდა).
პორნოვარსკვლავმა, რომელიც ამჟამად 45 წლისაა, დეტალურად მოყვა, როგორ შეხვდა 2006 წელს ტრამპს გოლფის ტურნირის დროს...... როგორც წავიდნენ შემდეგ სასტუმროში...... როგორ პოზირებდა დონალდ ტრამპი მის წინაშე საცვლების ამარა...... შემდეგ როგორ დაკავდნენ სექსით და ა.შ.
იმდენად „გულწრფელი“ იყო მისი მონაყოლი და იმდენად დეტალური, მოსამართლემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა: „ინტიმური ურთიერთობის ასე დეტალურად მოყოლა საჭირო არ არისო“. თუმცა დენიელსი მაინც იგივე აგრძელებდა: „ტრამპს შიშველ უკანალზე მისივე ჟურნალს ვუტყაპუნებდიო“. „ხოლო როცა ვკითხე: კი მაგრამ ცოლი გყავსო და.....დონალდმა მიპასუხა: „მისი დედაც“, მასთან ერთ ოთახში დიდი ხანია არ მძინავსო“.
თვით სექსის შესახებ კი თქვა: „ძალთა დისბალანსი იყო აშკარად“ ანუ დონალდი იმაზე სუსტი მამაკაცი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინაო.
„ძალთა დისბალანსი“ იქნებოდა აბა რა - ესოდენ წარმატებულ პორნოვარსკვლავთან
„პრეზერვატივი“ არ გაიკეთაო - დააზუსტა სთორმი.
ამასობაში, როგორც Washington post იტყობინება, დონალდ ტრამპი „ჩუმად აგინებდა“ პორნოვარსკვლავს.
თუმცა იმდენად „ჩუმად“ არა, მოსამართლეს ვერ გაიგონა: შესვენებაზე მოსამართლემ Juan Merchan ტრამპის ადვოკატი თავის ოთახში გამოიძახა და გააფრთხილა, „შეაკავე შენი კლიენტი თორემ სასამართლოსდარბაზში გინება დასჯადიაო, თანაც სასტიკად დასჯადიო“.
ბევრი რამ არის კანონით დასჯადი და დონალდ ტრამპის საქმეს რომ პოლიტიკური ფონი არ ჰქონდეს....... ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ამის მეათედი რომ გაებედა რასაც ტრამპი ბედავს მათ შორის სასამართლო პროცესებზე, დიდი ხანია ციხეში იჯდებოდა.
თუმცა ტრამპს ვერ უბედავენ და ვერც გაუბედავენ როგორც ჩანს 5 ნოემბრის არჩევნებამდე მინიმუმ.
დონალდ ტრამპი საერთოდ უარყოფს, რომ ამ ქალთან სექსი ჰქონდა; მისი ადვოკატები კი სთორმის „გამომძალველს“ უწოდებენ.
თუმცა პორნოვარსკვლავმა დეტალურად აღწერა სასტუმროს ის ნომერი, რა ფერის ავეჯი დგას იქ, რა ფორმის აბაზანაა, ჯაკუზი, რა ფერის პირსახოცები და ა.შ.
ამერიკაში სასამართლო პროცესის გადაღება დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ნებართვით, თუმცა ამ შემთხვევაში მოსამართლემ ეს ნებართვა არ გასცა. ამიტომ მხოლოდ ნახატები ვრცელდება და პორნოვარსკვლავის მონაყოლი ტექსტური სახით.
Stormy Daniels ნამდვილი სახელი და გვარია Stephanie Clifford. ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ და მაღალანაზღაურებად Pornostar-ად ითვლება ამ ინდუსტრიის ისტორიაში.
დონალდ ტრამპი კი (ვიმეორებ) ადვოკატების პირით კვლავინდებურად ამტკიცებს: არანაირი სექსი ამ ქალთან არ მქონია, გამომძალველია, მაშანტაჟებდა და რა მექნა, ოჯახის პატრონი ვარ და ოჯახის დანგრევის მეშინოდაო.