საერთაშორისო მიმოხილვა. 4 მარტი 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 მარტი 2024 წელი

აფხაზეთში ჩავიდნენ რუსი ლტოლვილები დონბასიდან, სადაც აფხაზეთის ხელისუფლების მტკიცებით მათ თურმე `გენოციდი ემუქრებოდათ უკრაინელი ნაცისტებისგან`.

დონბასელი ლტოლვილები ჩაასახლეს სანატორიუმებში და ქართველ ლტოლვილთა სახლებში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზი და ოსი `ტანკისტები` მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. `სატანკო ბიატლონში` რუსეთის ტერიტორიაზე.

ეს `ბიატლონი` თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ მოიგონა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ტანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან სისწრაფეში და ზუსტ სროლაში.

`აფხაზი` და ოსი `ტანკისტები` რაღაც ახალი სახეობაა ეტყობა.

აფხაზეთში ღელავენ, როგორ იმოქმედებს სანქციები აფაზეთის `ეკონომიკაზე` თუმცა არ აღიარებენ, რომ არანაირი აფხაზეთის ეკონომიკა არ არსებობს და სინამდვილეში ეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ერთი რაიონის ეკონომიკის დანამატია.

რუბლის გაუფასურება ძლიერად ურტყამს აფხაზებს. სოხუმში ვარაუდობენ, რომ ამ სიტუაციაში აფხაზეთს ეკონომიკურად და ფინანსურად დაეხმარება თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიაპორა.

როგორც ცნობილია, თურქეთში ასი ათასობით აფხაზი ცხოვრობს და საკმაო გავლენითაც სარგებლობს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბაიდენის მოწოდებით, მსოფლიოში ნადირობაა გამოცხადებული რუსი ოლიგარქების ფეშენებელურ იახტებზე.

ზოგადად, ეს პუტინის მხარდამჭერი და საყრდენი რუსული ოლიგარქატის `სავიზიტო ბარათი` იყო: გოიმურად მდიდრული `ოქროს` იახტები, რომელთაგან ზოგიერთი ფეხბურთის სტადიონის ხელაა, აუზებით, ვერტმფრენის მოედნებით, ჩოგბურთის  სტადიონებით და ასე შემდეგ.

მსოფლიოში ამ ტიპის იახტები აქვთ მხოლოდ რუს ოლიგარქებს და არაბ შეიხებს.

ბაიდენის მოწოდება არის მესიჯი, რომ რუსული ოლიგარქების პარპაში მსოფლიოში სრულდება ერთხელ და სამუდამოდ. ვერანაირი მილიარდები, ვერც  საათში ასიათას დოლარიანი ევროპელი და ამერიკელი ადვოკატები მათ ვეღარ უშველით.

გუშინ საფრანგეთმა დააპატიმრა `როსნეფტ`-ის ხელმძღვანელის, მილიარდერ იგორ სეჩინის იახტა.

სეჩინი ჯერ კიდევ ყირიმის ოკუპაციისას დაასანქცირეს, მაგრამ რეალურად მისი ქონებისთვის ხელის ხლებას ვერ ბედავდნენ. ახლა გაბედეს და ეს მხოლოდ დასაწყისია!

ასევე დაპატიმრებულია უზბეკური წარმოშობის რუსი მიალარდერის, ალიშერ უსმანოვის კოლოსალური იახტა.

ამჟამად 12 უმდიდრესი იახტა, რომელიც რუს ოლიგარქებს ეკუთვნით, `გაჭედილია` და დაპატიმრებას ელის მთელს პლანეტაზე ესპანეთიდან - მალდივის კუნძულებამდე. ყველა მათგანს დააპატიმრებენ და ვერსად დაიმალებიან - `მშობლიურ` მურმანსკამდე ვერ მიაღწევენ.

რუსი მილიარდერები მიხვდნენ, რომ ცუდი დღე ელით, ამიტომ სასწრაფოდ ცდილობენ გაყიდონ იახტებიც და უძრავი ქონებაც დასაველთში. მაგალითად რომან აბრამოვიჩმა, რომელიც რუსული ბანდიტური კაპიტალიზმის სიმბოლოა განგსტერული და მაფიოზური 1990-იანი წლებიდან, არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბი `ჩელსი` გადასცა საქველმოქმედო ფონდს, რათა `დაემალა` იგი კონფისკაციისაგან (თუმცა ინგლისური კანონდებლობით, ფონდიდან უკან უკვე  ვეღარაფრით  დაიბრუნებს ვერასოდეს) არამედ მდიდრული ვილაც გაყიდა ლონდონში.

რუს მილიარდერთა ანგარიშები დასავლურ ბანკებში იყინება და შვეიცარიამაც კი (ნეიტრალურმა შვეიცარიამ!) თითქმის პირველად ისტორიაში განაცხადა, რომ გაყინავს რუსი ოლიგარქების ანაბრებს შვეიცარიულ ბანკებში.

დღემდე ერთადერთი ამგვარი პრეცედენტი იყო, როცა შვეიცარია დათანხმდა გაესაჯაროებინა იმ მილიონერთა და მილიარდერთა ანაბრების შესახებ ინფორმაცია, ვინც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა ებრაელების გენოციდში. თუმცა მაშინ ლაპარაკი იყო სწორედ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე ან სხვადასხვა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, ახლა კი ლაპარაკია ანაბრების გაყინვაზე, რადგან პუტინმა ყველა წითელი ხაზი გადალახა.

დასავლეთს ჯერ-ჯერობით არ დაუდევს სანქცია რუსული ნავთობის ყიდვაზე დასავლური ნავთობკომპანიების მიერ. მაგრამ ეს კომპანიები მაინც ერიდებიან რუსულ ნავთობს.

რატომ? იმიტომ, რომ არ არიან დარწმუნებულნი, რა იქნება ხვალ: დავუშვათ მათ იყიდეს `ფიუჩერსული კონტრაქტით` (ანუ სამომავლო კონტრაქტით) მილიონობით ბარელი; იგულისხმება ფულის წინასწარ გადახდა; და მერე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას `აკრძალვის` შესახებ, ნავთობტანკერები კი დააპატიმრეს.

ამის ალბათობა მცირეა იმიტომ, რომ ამერიკა, რასაკვირველია, გაითვალისწინებს თავის  ენერგო-გიგანტთა ინტერესებს უკვე გაფორმებული კონტრაქტების გამო, მაგრამ თეორიულად ხომ შეიძლება ფული დაიკარგოს?

ბიზნესი `მშიშარაა` და არც შეიძლება სხვანაირი იყოს.

შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე კი გაიზარდა ნავთობის ფასი, მაგრამ თვით რუსეთმა ამ გაძვირებით შესაძლოა ვერც იხეიროს, რაკი რუსულ ნავთობს სიფრთხილით ეკიდებიან და ეს `ნავთობდოლარები` ისევ არაბი ბიზნესმენების `ჯიბეში` წავა.

რუსეთი ყოველ დღე 4,3 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდდა მსოფლიო ბაზრებზე. მეორეა მოცულობით საუდის არაბეთის შემდეგ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ენერგეტიკულ  სფეროში დასავლეთის რეალური სისუსტეა არა ნავთობი, რომლის რუსული სეგმენტის ჩანაცვლება ასე თუ ისე შესაძლებელია, არამედ ბუნებრივი აირი. ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე 30-40%-ს აღწევს და ახლა თეორიულად  იციან რა უნდა გააკეთონ, ანუ ააშენონ თხევადი გაზის გადასამუსავებელი ქარხნები (ამის შემდეგ ამერიკული `ფიქალის გაზი` ნამდვილად ჩაანაცვლებს რუსულს), თუმცა წლები დასჭირდება.

მერედა ვისი ბრალია? გერმანიის ექს-კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რომ 2006 წელს სამუშაოდ გადავიდა რუსულ` გაზპრომ`-ში, ეს ევროპულმა ელიტებმა ჩვეულებრივ მიიღეს.

არადა სწორედ ბუნებრივი აირია პუტინისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი. დავაკვიდრეთ: უძლიერესი სანქციები შემოიღო დასავლეთმა, თუმცა პუტინი არ ჩქარობს მისი მთავარი იარაღის გამოყენებას და ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას.

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასე ახსნა ეს უცნაურობა: `დასავლეთი იყვირებს, იყვირებს, მერე შეურიგდება ბედს (ანუ უკრიანის სახელმწიფოს განადგურებას) და რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებსაც გააუქმებსო.

ანუ, ახლაც კი, როცა ასეთი დაპირისპირებაა ევროპასთან, რუსეთი ცდილობს ასულდგმულოს ის ძალები ევროპაში, ვინც ლობირებს რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შენარჩუნებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გრძელდება რუსული ავიაციის დასანქცირება დასავლეთის მიერ.

რეალურად ეს ძალიან სერიოზული სანქციაა  იმის მიუხედავად, რომ 140 მილიონი რუსეთის მოქალაქიდან დაახლოებით 120 მილიონი არც ერთხელ არ ყოფილა საზღვარგარეთ და არც აინტერესებს; დანარჩენი ხშირად მოგზაურობდა, არადა ეს რუსი ხალხის ყველაზე განათლებული, ახალგაზრდულად კრეატიული, საზრიანი ნაწილია.

გარდა იმ სანქციებისა, რაც რუსულ ავიაკომპანიებს დაედოთ რამდენიმე დღის წინ, როცა მათ აეკრძალათ ფრენები ევროპაში, აღარ აწვდიან სათადარიგო ნაწილებს და ლიზინგით აღებული თვითმფრინავები წაართვეს, ახალი სანქცია გულისხმობს გლობალური სარეზერვაციო სისტემებიდან რუსული ავიაკომპანიების წაშლას.

მაგალითად, ადამიანი უნდა გაფრენილიყო მოსკოვიდან - ვიეტნამში. მაგრამ რუსული `ფლაგმანი` აეროფლოტი ამოღებულია სარეზერვაციო საძებნი სისტემებიდან. შესაბამისად არა მხოლოდ რუსი, არამედ ვთქვათ აფრიკის რომელიმე ქვეყანაში მყოფ ესპანელსაც ან ამერიკელსაც სისტემა არ `ამოუგდებს` აეროფლოტს, თუკი დავუშვათ ბრაზილიაში გადაწყვეტს გადაფრენას სტამბულის გავლით `Connection flight` -ით.

ეს ეპიზოდი ადასტურებს, რომ დასავლეთს ძალიან ჭკვიანურად აქვს აღებული კურსი პუტინის სოციალური საყრდენის მოშლაზე, რადგან პუტინისთვვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდობა, `კრეატიული, თანამედროვე, ვესტერნიზებული` კლასი უჭერდეს მხარს და არა მხოლოდ მრავალმილიონიანი მასა, რომელიც მხოლოდ უშუალოდ არჩევნებზე სჭიდრება და ტვინს იოლად ურეცხავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა მცირე კუნძულებიც იყო რუსეთში დარჩენილი სიტყვის თავისუფლებისა, პუტინმა ისინიც დახურა გუშინ: საინფორმაციო-პოლიტიკური მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანიამ Дождь. ასევე Радио Свобода-მ და Эхо Москвы-მ.

მათ ყოველ დღე ემუქრებოდა `როსკომნადზორი`.  მისი ერთ-ერთი სრულიად პარანოიდული მოთხოვნა იყო, არ გამოეყენებიანთ ტერმინი `ომი უკრაინაში`. მხოლოდ `სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში`. ანუ რაც ბრძანა დიქტატორმა, მხოლოდ მისი ენით უნდა ილაპარაკოთო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აგრესია რომ ისე არ მიდის, როგორც პუტინი გეგმავდა, ამას ადასტურებს რუსეთის არმიის 40 კილომეტრიანი სამხედრო კოლონის უცნაური მოძრაობა კიევის მიმართულებით.

რამდენიმე დღის წინ, ეს უზარმაზარი კოლონა ათიათასობით სამხედრო მოსამსახურით, ტანკებით, ჯავშანმანქანებით, არტილერიით გამოვიდა ბელორუსიიდან და გაემართა კიევისკენ. მოულოდნელად გაჩერდა კიევიდან 30 კილომეტრში.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამ შეყოვნებას შესაძლოა 3 მიზეზი ჰქონდეს:

  1. უკრაინულ ძალთა წინააღდმეგობა;
  2. პუტინის ბრძანება ან
  3. ტექნიკური მიზეზები, ესე იგი ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა.

 

რამდენი არ იქო თავი პუტინმა, რომ არმიის მოდერნიზაცია მოახერხა, სინამდვილეში მისი არმიის სამხედრო-ტექნიკური და ავტოპარკი მაინც ძველია. ამიტომ ხშირად გამოდის მწყობრიდან.

ბუნებრივია, უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, თუმცა უკრაინული არმიის უდიდესი თან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი ახლა სამხრეთ-აღმოსავლეთში, მარიუპოლთან იბრძვის, რათა არ დაუშვას მარიუპოლის აღება რუსი აგრესორების მიერ, ესე იგი რუსეთიდან - ყირიმის მიმართულებით სახმელეთო `კორიდორის` გაჭრა.

ბევრი სამხედრო დამკვირვებელი თვლის, რომ ამ აგრესიულ სამხედრო კამპანიაში პუტინის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ესაა: ყირიმისკენ გზის გაჭრა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპული ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი დაახლოებით 65 000 დოლარს მიიღებს.

რუსეთის კვალობაზე ეს საკმაოდ ბევრია. ასეთი ფინანსური` კომპენსაცია` რუსეთს არასდროს გადაუხდია სხვადასხვა ომებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის.

ეს ირიბად მეტყველებს, რამდენად არაპოპულარულია  ომი თვით რუსეთშიც.