საერთაშორისო მიმოხილვა. 4 იანვარი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 იანვარი 2022 წელი

ხუთმა ბირთვულმა სახელმწიფომ (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) გამოაქვეყნა ერთობლივი დეკლარაცია, რომლის დედააზრი ისაა, რომ ბირთვული ომი დაუშვებელია, ატომურ ომში გამარჯვებულები არ იქნებიან და (მივაქციოთ ყურადღება ამ ფრაზას): «Мы полны решимости вести конструктивный диалог на основе взаимного уважения и признания интересов и озабоченностей друг друга в области безопасности». (`ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული, ვაწარმოოთ კონსტრუქციული დიალოგი ურთიერთპატივისცემისა  და უსაფრთხოების საკითხებში ერთმანეთის შეშფოთებათა აღიარების საფუძველზე`).

დავაკვირდეთ: არა `კანონიერ შეშფოთებათა` არამედ (შინაარსობრივად) შეშფოთებათა კანონიერების აღიარების საფუძველზე.

მერედა ბოლო დროს პუტინს ხომ ათასჯერ უთქვამს: სწორედ რუსეთის `უსაფრთხოების მოსაზრებათა` გამო აშფოთებს უკრაინის და საქართველოს შესაძლო მიღება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში?!

თუ დიპლომატიური ენიდან `გადმოვთარგმნით` და საერთო კონტექსტსაც გავითვალისწინებთ, ეს ფრაზა (არადა იგი განცხადების სულ ბოლო, დასკვნითი დებულებაა) იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი ირიბად აღიარებს საფუძვლიანად მოსკოვის ამ `შეშფოთებას`.

პირდაპირ არ ნიშნავს ამას თითქოს, თუმცა (ვიმეორებ) დიდ პოლიტიკაში `ირიბი` კონოტაციები მუდამ იძლევა იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომელსაც აგრესორი ქვეყანა აუცილებლად გამოიყენებს თავის სასარგებლოდ.

მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ბირთვულ სახელმწიფოებზე: თუ რუსეთი მაინც შეიჭრა უკრაინაში (თუმცა ჯარების კონცენტრაციამ იქ ოდნავ იკლო ბოლო 2 კვირის მანძილზე), ხოლო ამერიკამ აგრესიას და უკრაინული სახელმწიფოს მოსპობას უშუალო შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ან თუნდაც უკრაინას სერიოზული იარაღი მიაწოდა რაც დღემდე არ გაუკეთებია, მაშინ ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის საომარი კონფლიქტი ნამდვილად, სრულიად ობიექტურად, `სამხედრო აუცილებლობის` იმპერატივიდან გამომდინარე, უეჭველად  მიუახლოვდება ბირთვულ ომს.

და სწორედ ამ კონტექსტში ამგვარი განცხადება, თანაც ახლა (ახლა მაინცდამაინც! -დ.) სულ სხვა ელფერს იძენს, ვიდრე ექნებოდა იმ მომენტუმში, როცა და თუკი უკრაინის გარშემო ვითარება არ იქნებოდა ასე დაძაბული.

გამოდის, ამერიკამ (რუსები ასე` წაიკითხავენ` დოკუმენტს) მეომარ უკრაინას სამხედრო დახმარება არ უნდა აღმოუჩინოს რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, რადგან ამით ნამდვილად გაიზრდება ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის უშუალო კონფლიქტის ალბათობა?!

ასე `წაიკითხება` გარკვეულ მომენტუმში უეჭველად.

შეიძლება ითქვას, ეს განცხადება, თავისთავად, პუტინ-ლავროვის დიპლომატიის სერიოზული წარმატებაა. და დასავლური დიპლომატიის კიდევ ერთი მარცხი.

ისეთივე, როგორიც იყო 2014 წლის `მინსკის` შეთანხმება (საფრანგეთისა და გერმანიის მონაწილეობით) , რომელმაც მაშინ კი შეაჩერა ომი, მაგრამ კიევი სამომავლოდ ძალიან წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენა.

////////////////

`ბირთვული ხუთეულის` წევრები იმავდროულად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. ანუ აქვთ `ვეტო`-ს უფლება.

ამ ხუთეულში ყველაზე ბევრი ბირთვული მუხტი აქვთ ამერიკას და რუსეთს.

ოფიციალური ცნობებით, აშშ ფლობს 1750 ბირთვულ მუხტს საბრძოლო, ხოლო 5 800-ს დარეზერვებულ მდგომარეობაში.

რუსეთი - 1 600 ბირთვულ მუხტს საბრძოლო და 6 400 დარეზერვებულ მდგომარეობაში.

საფრანგეთი - 280 საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი და 290 - სარეზერვო ბირთვული მუხტი.

დიდი ბრიტანეთი - 120 საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი, 200 - დარეზერვებული.

ჩინეთი ოფიციალურად არ აქვეყნებს მონაცემებს. არაოფიციალური მონაცემებით, 320 ბირთვული მუხტი აქვს მთლიანობაში.

////////////////

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რიცხვები ბევრს ვერაფერს გვეტყვის, თუ არ ვიგულისხმებთ უშუალოდ ბირთვული მუხტის ძალას.

მაგალითად, სულ 5-6 წყალბადის ბომბი (ატომური  მოწყობილობის ნაირსახეობაა) საკმარისია ათეულობით მილიონი ადამიანის მოსაკლავად და უზარმაზარი ტერიტორიების გასაუკაცრიელებლად რამდენიმე ათასი წლით.

უფრო მეტის აფეთქება კი დედამიწაზე ე.წ. `ბირთვულ ზამთარს` გამოიწვევს, ანუ დაგვემართება ის, რაც 65-60 მილიონი წლის წინ დაემართათ დინოზავრებს.

წყალბადის ბომბის ზოგიერთი ეგზემპლარი ო რ მ ო ც დ ა ა თ ჯ ე რ (50-!!!) უფრო ძლიერია, ვიდრე ის ბომბი, რომელიც ამერიკელებმა 1945 წლის 6 აგვისტოს ჩამოაგდეს იაპონურ ხიროსიმაში.

////////////////

გარდა `ბირთვულ კლუბში` შემავალი სახელმწიფოებისა, არიან კიდევ ქვეყნები, რომლებმაც `პარტიზანულად` მოიპოვეს ატომური ბომბები ამ ხუთეულის თანხმობის გარეშე. `პარტიზანულად` იმიტომ, რომ `ხუთეული` ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეთანხმდა ე.წ. `გაუვრცელებლობაზე` (Nonproliferation), ანუ ვალდებულება იკისრეს, ბირთვული იარაღი და ტექნოლოგიები  არავისთვის  გადაეცათ.

თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩრდილო კორეამ ატომური იარაღი შექმნა ჩინეთის დახმარებით, ხოლო რუსეთმა მიაწოდა ამ  მუხტთა ამერიკის სანაპირომდე `მიტანის` საშაულებები ანუ ბალისტიკური რაკეტები.

ისრაელს მისი ზემძლავრი ამერიკული ლობი დაეხმარა უეჭველად.

ისტორიული ხელშეკრულება `გაუვრცელებლობაზე` 1968 წელს გაფორმდა.

მას თავდაპირველად მხოლოდ საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ მოაწერეს ხელი, თუმცა შემდგომ სხვა 3 სახელმწიფოც შეუერთდა. ამ ხელშეკრულებაში ზუსტად ისეთიევ ფრაზეოლოგიაა, როგორც გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში; რომ ბირთვული ომი საშინელება იქნება....და ა.შ.

ოღონდ ბოლო პუნტქში ნათქვამია, რომ ხელმომწერ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, გავიდნენ ხელშეკრულებიდან, ანუ მოიხსნან ბირთვული იარაღის, ასევე ბირთვული ტექნოლოგიების `გაუვრცელებლობის`, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის აკრძალვის ვალდებულება იმ შემთხვევაში თუ......საფრთხე დაემუქრება ამ ქვეყნის სასიცოცხლო, უმაღლეს ინტერესებს.

არადა, პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინა რუსეთისთვის ეგზისტენციური გამოწვევაა, ანუ ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო.

ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ თუ უკრაინაში დამარცხდა ან დამარცხება დაემუქრა, გამწარებული პუტინი ყველაფერს დასავლეთს დააბრალებს (იარაღი რატომ მიაწოდესო), გავა 1968 წლის  ხელშეკრულებიდან და ირანსაც კი გადასცემს ბირთვულ ტექნოლოგიებს. ასევე ბომბებს და რაკეტებს. 

////////////////

ისრაელი არც ადასტურებს მაგრამ არც უარყოფს ინფორმაციას, რომ ფლობს ათეულობით (90 ცალი???) ატომურ ბომბს, რაც საკმარისი იქნება მთელი არაბული სამყაროს გასანადგურებლად.

 1973 წლის ომის დროს (`განკითხვის დღის ომი`) ისრაელმა, როცა კინაღამ წააგო ეს ომი, თვითმფრინავებზე უკვე ატვირთა ატომური ბომბები და აპირებდა სირიის, ასევე ეგვიპტის პირწმინდად განადგურებას.  თუმცა აღარ დასჭირდა ლეგენდარული არიელ შარონის (მომავალში ისრაელის პრემიერის) სატანკო დივიზიის  ზღაპრულ-მითოსური გამარჯვების წყალობით.

ინდოეთმა დაადასტურა დაახლოებით 150 ბირთვული მუხტის არსებობა მის არსენალში.

პაკისტანმა  - 160ს.

ჩრდილო კორეას კი დაახლოებით 30 ბირთვული მუხტი აქვს სპეციალისტთა შეფასებით.

////////////////

1985 წლიდან, ანუ მიხეილ გორბაჩოვის დროიდან მოყოლებული, მიმდინარეობს მოლაპარაკება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული შეიარაღების სრულად მოსპობის თაობაზე, რასაც რუსეთი არასდროს დათანხმდება: როცა ეკონომიკა არა აქვს და ამ მხრივ ღატაკია, ბირთვული არსენალი მისი ერთადერთი რეალური ბერკეტია, რასაც წარმატებით იყენებს. ეს ამ განცხადებითაც დადასტურდა.

ხსენებულმა განცხადებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება დაადასტურა: ბაიდენის ამბიციაა, შევიდეს ისტორიაში როგორც პრეზიდენტი, რომელმაც თუ მთლიანად ვერ მოსპო, მნიშვნელოვნად შეამცირა მაინც რუსეთის ბირთვული არსენალი, რაკი როგორც ხშირად იმეორებენ ხოლმე ამერიკაში `რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ტოტალურად გაანადგუროს ამერიკა`.

 ჩინეთის და სხვათა ატომური არსენალები ამისთვის საკმარისი არ არის მაინც.

ახლა უკვე ცხადია, რომ პუტინის `ულტიმატუმები`უკრაინის და საქართველოს თემაზე, აშშ პრეზიდენტის ამ ინიციატივაზე პასუხი იყო.

პუტინი თითქოსდა ეუბნება ჯო ბაიდენს:  ``თუ გინდათ თუნდაც შევამცირო ჩემი ბირთვული არსენალი იმ დონეზე მაინც, რომ არც რუსეთს შეეძლოს ამერიკის ტოტალურად განადგურება და არც ამერიკას-რუსეთისა....დამითმეთ უკრაინა, დამითმეთ საქართველო, მთელი პოსტსაბჭოური სივრცე (მინუს ბალტია), რათა აღვადგინო დიდი რუსული სახელმწიფო 1945 წლის საზღვრებში (მინუს ბალტია).

ნოემბერში მოსკოვს საიდუმლო ვიზიტით ეწვია CIA დირექტორი რობერტ ბერნსი, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთში ამერიკის ელჩობისას პუტინის ნდობით სარგებლობდა.

ეს ნდობა ბერნსმა `დაიმსახურა` იმით, რომ მოსკოვში ელჩობისას, არც ერთხელ არ შეხვედრია რუსულ ოპოზიციას; და უკრაინა-საქართველოსათვის MAP-ის გრანტირების წინააღმდეგიც იყო ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე.

ახლა ირკვევა, რომ როცა პუტინს შეხვდა საიდუმლოდ, ბერნსმა მას ბაიდენის სწორედ ეს `გზავნილი` ჩაუტანა: `ბირთვული იარაღი შევამციროთ მაინცო`.  პასუხად კი მიიღო ცნობილი ულტიმატუმი: `ჯერ მოგვიწერეთ ხელი, რომ არასდროს უკრაინას და საქართველოს NATO-ში არ მიიღებთ და ამ პირობით დავეთანხმები ბაიდენს, შევამციროთ (სრულ მოსპობაზე ალპარაკი არაა) ჩვენი ბირთვული არსენალები`.

ახლა კი მოსკოვმა დააინიცირა `ბირთვული ხუთეულის` განცხადება, მოაწერა მას ხელი და ამით კიდევ ერთხელ `დაუმესიჯა` ბაიდენს, რომ მისი წინადადება გეოპოლიტიკურ `გაცვლაზე` ძალაში რჩება.