საერთაშორისო მიმოხილვა. 26 სექტემბერი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 სექტემბერი. 2022 წელი

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და მისი შედეგი შესაძლოა გამანადგურებელი აღმოჩნდეს მთელი ევროპისთვის: წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვა პარტიამ `იტალიური საძმო`.

ეს არის ულტრამემარჯვენე, მოფაშისტო პარტია, რომლის იდეოლოგია ახლოსაა იტალიის ფაშისტი მამრთველის ბენიტო მუსოლინის პოლიტიკურ ძალასთან - მეორე მსოფლიო ომამდე და ომის დროს რომ მართავდა ამ ქვეყანას. ზუსტად 100 წლის წინ, 2022 წლის ოქტომბერში მოვიდა ის ძალა იტალიის სათავეში.

`იტალიური საძმოს` ლიდერია 45 წლის ქალბატონი, ჯორჯია მელონი. მან გაიმარჯვა კოალიციაში მატეო სალვინის `ჩრდილოურ ლიგასთან` და ექს-პრემიერ მინისტრ სილვიო ბერლუსკონის `ფორცა იტალიასთან` (`წინ იტალია`) კავშირში.

სალვინიც და ბერლუსკონიც პუტინის მეგობრები არიან. მელონი, საბედნიეროდ, მოსკოვთან კავშირებში ჯერ შემჩნეული არ ყოფილა, თუმცა ვინ იცის.....ევროპელი მემარჯვენეები და პოპულისტები ძალიან ხშირად კრემლის მეგობრები აღმოჩნდებიან ხოლმე.

აქ ერთი ისტორიული უცნაურობაა, დავაკვირდეთ: ისტორიულად მოსკოვის მომხრეები უფრო მემარცხენე პოპულისტები იყვნენ - სოციალისტები, კომუნისტები და ა.შ. მაგრამ ბოლო 30 წელია ეს კანონზომიერება შეიცვლა და ახლა თუ ვინმე მემარჯვენე მოფაშისტო ელემენტია ევროპაში, სწორედ ისაა პუტინის მეგობარი.

ჯორჯიო მელონის აქვს შანსი,  გახდეს იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი.  უცნაური კია, რომ იტალიას არც ერთხელ ქალი პრემიერ-მინისტრი არ ჰყოლია და ახლა ეს მოფაშისტო ქალბატონი იქნება მისი პირველი ქალი-პრემიერი.

ამ სამი პარტიის (მელონის, სალვინის და ბერლუსკონის პოლიტიკური ძალების) საერთო მნიშვნელია `ევროსკეპტიციზმი` ანუ ევროკავშირის მიუღებლობა.

მელონის კოალიციის გამარჯვება პირველ რიგში განაპირობა სწორედ ევროინტეგრაციის მიუღებლობამ. ზუსტად ისევე, როგორც ამ მიუღებლობამ გამოიწვია ბრექსიტი, ანუ დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან.

იტალიის მოფაშისტო კოალიცია დაეყრდნო რამდენიმე სოციო-ფსიქოლოგიურ დომინანტს, რომლის გავრცელებაში პუტინის სპეცსამსახურები აქტიურად მონაწილეობდენ:

ა) `შემოგვესიენ ემიგრანტები, ყველანი კრიმინალები არიან......იტალიელებს სამუშაო ადგილებს ართმევენ....ყველანი ტერორისტები არიან, იტალია იტალიას აღარ ჰგავს.....და ა.შ.

ბ) ევროკავშირმა გვიღალატა კოვიდ-პანდემიის დროს, იტალია მაშინ დაჩაგრეს, გერმანიამ და საფრაგეთმა იტალიელები თავიანთ საავადმყოფოებში არ გადაიყვანეს, როცა გვიჭირდა, იტალიას ვაქცინები არ მიაწოდეს დროულად....და ა.შ.

გ) უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, რამაც იტალიას დიდი ბაზრები დააკარგვინა, იტალიელები უმუშევრად დარჩნენ, იტალიის სოფლის მეურნეობა ამ ბაზრების დაკარგვის გამო გაჩერდა.......და ა.შ

შესაძლოა მელონის მთავრობამ ვერ შეცვალოს ევროკავშირის მიდგომა პუტინის რუსეთისადმი, ვერც იტალია მოწყვიტოს ევროკავშირს, მაგრამ არაფერი კარგი და სასიკეთო (მათ შორის არც საქართველოსთვის) ამ მთავრობისგან რომ არ გამოვა, ეს ცხადია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უნგრეთი აგრძელებს `ფრონდერობას` ევროკავშირის მიმართ რუსეთის საკითხში. ამ ქვეყნის საგარეო საქემთა მინისტრი სიიარტო ნიუ იორკში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს და შემდეგ განაცხადა: უნგრეთი სუვერენული სახელმწიფოა და არავის აქვს უფლება აგვიკრძალოს საკუთარი პოლიტიკის წარმოებაო.

არადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე მათ მოილაპარაკეს, რომ ლავროვს არ შეხვდებოდნენ. უნგრეთმა ეს შეთანხმება დააიგნორა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინისთვის უდიდესი რეპუტაციული და პრაქტიკული დარტყმაა, რომ მობილიზაციის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო დაღესტანში.

ეს მრავალეროვანი და მრავალენოვანი `რესპუბლიკა` პუტინის `ვიტრინა` იყო - რომ თურმე არარუსებს შეუძლიათ რუსეთში ცხოვრება ჩაგვრის გარეშე.

არადა აღმოჩნდა, რომ იჩაგრებიან: დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში მიტინგზე და შემდეგ პიკეტზე გამოსულები ძირითადად იმით იყვნენ აღშფოთებულები, რომ მათთვის გაუგებარ  ომში პუტინის კომისარიატები ძირითადად არარუსებს აგზავნიან: მოსკოვსა და პეტერბურგში გასაწვევი კონტინგენტი ბევრად დიდია, თუმცა ჩრდილო კავკასიით სურთ `გეგმის შესრულება`, რათა ბევრი რუსი არ დაიღუპოს (მით უმეტეს მოსკოველი და პიტერელი რუსი) ანუ იქ არ გაიზარდოს უკმაყოფილების მუხტი.

თუმცა ჩრდილოკავკასიური `მუხტის` თუ ნაკლებად ეშინია, ძალიან შემცდარა პუტინი.

ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომის დროსაც კი, პუტინმა მოახერხა სტაბილურობის შენარჩუნება დაღესტანში და ახლა ირკვევა, რომ ეს სტაბილურობა და ლოიალობა მოჩვენებითი იყო - სანამ დაღესტნელთა ძირეულ ინტერესებს არ შეეხო.

დაღესტანში ათეულობით სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ეთნოსი ცხოვრობს. მათგან ყველაზე დიდი და გავლენიანია ავარელთა ეთნოსი.

კრემლი მუდამ თამაშობდა და აბალანსებდა ავარელებს სხვა დაღესტნური ეთნოსებით. მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიამ ისინი, შესაძლოა, გააერთიანოს კრემლის წინააღდმეგ.

ზოგადად, საკმარისია რუსეთის იმპერიას ერთი `ფეხი დაუცდეს`, უკრაინაში უკან დაიხიოს და ჩრდილო კავკასია დამოუკიდებლობისთვის აღდგება. იგივე ჩეჩნეთიც, რომელიც ახლა ვითომ მორჩილი და ლოიალურია მოსკოვის მიმართ.

დაღესტანში საპროტესტო დემონსტრაციის დროს 100 ადამიანი დააკავა ადგილობრივმა პოლიციამ. მათ შორის ქალები. ქალის ხელის ხლება და მასთან შეხლა-შემოხლა  ჩრდილო კავკასიაში ძალიან მრისხანედ აღიქმება. დღეს კი მიტინგი დანიშნულია ყაბარდო-ბალყარეთშიც, სადაც აფხაზთა მონათესავე ყაბარდოელები, იგივე ჩერქეზები, იგივე ადიღები ცხოვრობენ.

აფხაზეთშიც გრძელდება მღელვარება. თუმცა ჯერ მხოლოდ სოციალურ ქსელებში.

მოსკოვის რეჟიმის უტიფრობაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება: მობილიზაციის შესახებ პუტინის განცხადებამდე 2 დღით ადრე (!!!)  რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება და თვით პუტინის პრეს-მდივანი პესკოვი მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად ამბობდნენ, რომ არავითარი მობილიზაცია არ იგეგმება, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ჭორებს ამერიკული თუ ინგლისური სპეცსამსახურები ავრცელებენო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის რეჟიმის ოპოზიციური სოციალური ქსელები ავრცელებენ ცნობას, რომ 26 ან 28 სექტემბერს პუტინმა შესაძლოა თავისი საპრეზიდენტო ბრძანებულებით ჩაკეტოს რუსეთის საზღვრები ყველა მამაკაცისთვის 18-დან - -  50 წლამდე.

ოფიციალურად ამას არ ადასტურებენ. მაგრამ ეს თუ დადასტურდა, პუტინის რეჟიმის სრული კრახის მაჩვენებელი გახდება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

კრემლის პოზიციის ხშირმა `გამხმოვანებელმა` და `გამსიტყვებელმა`, კონსტანტინე ზატულინმა , რომელიც ამჟამად სახელმწიფო სათათბიროში ე.წ. `დსთ-ს` საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, ყაზახეთის წინააღმდეგ უმწვავესი განცხადებები გააეკთა: `ყაზახეთი, ისევე როგორც უკრაინა თავის დროზე, ყველაფრისთვის უნდა იყოს მზადო` - განაცხადა ზატულინმა. ანუ აგრესიით დაემუქრა იმის გამო, რომ ყაზახეთი, ფაქტობრივად შეუერთდა ანტირუსულ საქნციებს და უკრაინასაც ეხმარება როგორც შეუძლია.

ზატულინს `დაავიწყდა`, რომ ყაზახეთს ჩინეთი უდგას მხარში და ჩინეთი არ დაუშვებს მეზობელ ყაზახეთში `უკრაინული სცენარის` განვითარებას.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის პატრიარქმა კირილემ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ილოცა `რუსული იარაღის გამარჯვებისთვის` და შემდეგ ამბიონიდან განაცხადა, რომ ყველა ის რუსი, რომელიც უკრაინაში მოკვდება, დაიმკვიდრებს სასუფეველს, რაკი ცოდვები მიეტევება. რა ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ჯარისკაცებს და ოფიცრებს, მათ შორის იმათ, ვისაც ახლა ჯარში გაიწვევენ მობილიზაციის ფარგლებში, ეკრძალებათ თან იქონიონ სმარტფონები, ანუ ისეთი მობილური ტელეფონები, სადაც შესაძლებელია ინტერნეტის ჩართვა, კონფერენციების მოწყობა, ჩათებში მონაწილეობა, საიტებზე შესვლა, რაიმეს ატვირთვა და ა.შ. ნებადართულია მხოლოდ ძველის-ძველი ტელეფონები, რომლებსაც მულტიმედიური ოფციები არ გააჩნიათ.

ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსულ გენერალიტეტს ეშინია არმიის კონტროლიდან გამოსვლის და ბუნტის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ე.წ. `რეფერენდუმები`, რასაც რუსეთი ატარებს ახლა დაპყრობილ ტერიტორიებზე, გამორიცხავს უკრაინის რაიმე მოლაპარაკებას მოსკოვთან. ამით უკრაინის პრეზიდენტმა `წითელი ხაზი` გაავლო.

ვერავინ დააბრალებს ზელენსკის, რომ იგი მაქსიმალისტია და რადიკალი.

მაგალითად, როგორც გუშინ ვწერდით, ზელენსკიმ ყირიმის დასაბრუნებლად `მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებები` ჩათვალა მეთოდად. ანუ გამორიცხა უკრაინის მიერ ძალის გამოყენება ყირიმის დეოკუპაციისათვის.

თუმცაღა ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი სულ სხვაა და ზელენსკი იქ `რეფერენდუმებს` არ შეურიგდება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთის სპეცსამსახურებმა ქურთი აქტივისტები  ატილა ჩიჩეკი და ჰუსეინ ილდირიმი, რომლებიც სომეხთის ტერიტორიაზე ემალებოდნენ თურქეთის ხელისუფლებას - თურქეთს გადასცა, როგორც ტერორისტები!

ქურთისტანის სეპარატისტული მოძრაობა (მას ქურთისტანის მუშათა პარტია ეწოდება) ახლა ადანაშაულებს სომხეთის ხელისუფლებას ღალატში და `პროთურქულობაში`.

ეს ექსტრადირება ანკარასა და ერევანს შორის გარკვეულ კონტაქტებზე მეტყველებს: სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არაერთხელ უთქვამს, რომ  მისი მიზანია სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. როგორც ჩანს, ნორმალიზება ხდება ქურთების ხარჯზე.

საბჭოთა პერიოდში, КГБ-მ სომხეთის ტერიტორია ერთგვარ `პლაცდარმად` გადააქცია თურქეთის წინააღმდეგ, რაკი სომხეთში ბევრი ქურთი ცხოვრობდა. ერთადერთო ეთნიკური უმცირესობა იყო სომხეთის ტერიტორიაზე.

თუმცა სომხებს არანაირი ისტორიული საფუძველი არ გააჩნიათ ქურთების მიმართ დიდი სიმპათია ჰქონდეთ, რაკი დიდწილად სწორედ ქურთების ხელით ახორციელებდა სომხების გენოციდი 1914-1915 წლებში.