საერთაშორისო მიმოხილვა. 31 მაისი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 31 მაისი. 2022 წელი

როგორც იქნა, ევროკავშირი შეთანხმდა, რომ `სანქციათა მეექვსე პაკეტის` ფარგლებში უარს იტყვის რუსული ნავთობის შესყიდვაზე. ოღონდ მხოლოდ ნაწილობრივ: მილსადენებით ნავთობის მიწოდება ძალაში რჩება, თუმცა ტანკერებით რუსეთი ევროპაში ნავთობს ვეღარ ჩაიტანს ანუ მისთვის ამ მიზნით ევროპული პორტები ჩაიკეტება.

აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი ევროპაში 2/3-ით ხდებოდა საზღვაო გაზით, ანუ ნავთობტანკერებით და 1/3-ით ხდება მილსადენის მეშვეობით.

რუსეთ-ევროპის დიდი მილსადენი ბელორუსზე, უკრაინაზე და პოლონეთზე გადის. მერე ორ ნაწილად იყოფა. ერთის მხრივ ჩრდილოეთ ევროპაში მიდის; მეორე განაყოფი კი სამხრეთ ევროპისკენ.

სწორედ ეს სამხრეთ მიმართულება დატოვა ახლა ევროპამ  - უნგრეთის ჭირვეულობის გამო

 

ევროკავშირის ლიდერები გუშინდელი გააფთრებული დისკუსიის შემდეგ მიანიშნებენ, რომ მთლიანად უნდოდათ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა, მაგრამ უნგრეთი იმუქრებოდა ვეტოს გამოყენებით და ამიტომ ვერ შეძლეს.

ესე იგი, ის რასაც (მაინც) მიაღწიეს, უნგრეთთან კომპრომისის შედეგი იყო.

 

(აქვე: აი, სამწუხაროდ, ესაა ევროკავშირის თანდაყოლილი მანკი: სტრატეგიული და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ერთხმად. ანუ ერთ რომელიმე ქვეყანასაც კი, თუ მას მართავს ისეთი პროპუტინური ავტორიტარი, როგორიცაა ვიქტორ ორბანი, შეუძლია დაბლოკოს ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რა შეიძლება იყოს ახლა ევროპისთვის იმაზე მნიშვნელოვანი, პუტინმა ვერ გაიმარჯვოს უკრაინაში? - არც არაფერი!)

 

თუმცა მხოლოდ უნგრეთისთვის  დაბრალებით ევროკავშირის ლიდერები ბოლომდე გულწრფელნი მაინც არ არიან. იქ სხვა ქვეყნებიც იყვნენ, ვისაც არც მოსწონდა და თან უშედეგოდაც მიაჩნდა ნავთობის ემბარგო:  `ნავთობი გაზი არ არის: რუსეთი ნავთობს სხვა ბაზრებზეც გაყიდის და ჩვენ კი გრძელვადიანი კონტრაქტები უნდა დავარღვიოთ, ანუ თავად დავზარალდებით, რუსეთს ვერ დავაზარალებთო` - გუშინაც ვწერდით ამაზე)

 

ევროკავშირი შეთანხმდა, რომ აღარ დაუშვებს  იმას, რაც აქამდე ხდებოდა, როცა რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები სადღაც ჩრდილოეთის ზღვაში, მაგალითად, იტვირთებოდა პანამის დროშის ქვეშ მცურავ კოლუმბიურ ტანკერებზე ან ემატებოდა  იმ ტანკერებზე არსებულ  სხვა წარმომავლობის ნავთობს და ასე შედიოდა ევროპაში.

 

შესაძლოა უნგრეთს მთლიანად ვეტო დაედო ამ გადაწყვეტილებისთვის მაგრამ საქმე ისაა, რომ უნგრეთს თვითონ არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. და არც პორტები აქვს ბუნებრივია.

ამიტომ თუ იტალია, გერმანია, ნიდერლანდი ჩაკეტავდნენ პორტებს, ორბანი ამას ხელს ვერ შეუშლიდა. უნგრეთი რუსულ ნავთობს სწორედ ნავთობსადენით იღებს. ორბანს შეპირდნენ, რომ უშოვიან ნავთობს იმ ფასად, რაც მას აწყობს, რათა  მერე დაიყოლიონ მოხსნას ვეტო  მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვაზე.

 

როგორც კი ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ნავთობი მსოფლიო ბაზარზე უმალ 122 დოლარამდე გაძვირდა. კატასტროფულად ძვირია. მით უმეტეს პოსტპანდემიური მსოფლიოსთვის, რომელმაც ძლივს ამოისუნთქა.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მხოლოდ 6 თვით კრძალავს რუსული ნავთობის იმპორტს. იმედი აქვთ, 6 თვე ეყოფა პუტინის დამარცხებას. თუ არა და მერე გააგრძელებენ ემბარგოს.

 

ევროკავშირის ნავთობბალანსში რუსული ნავთობის წილი 23%-ია. რა თქმა უნდა ესეც არ არის ცოტა. ბუნებრივი აირის ბალანსში კი რუსული გაზის წილი 43%-ია.

ოღონდ საქმე ისაა, რომ ნავთობის მომწოდებლის ჩანაცვლებას  ევროპა სხვა წყაროებიდანაც იოლად შეძლებს. აი ბუნებრივი აირის წყაროთა ჩანაცვლება კი ბევრად ძნელია. თხევადი აირი (ანუ ამერიკული `ფიქალის აირი`) მაინც საკმაოდ ძვირია ჯერ. თუმცა არც ესაა გადაუწყვედადი პრობლემა.

 

სანქციათა მეექვსე პაკეტი აგრეთვე ითვალისწინებს რუსეთის უდიდესი ბანკის Sberbank ჩახსნას საბანკო გადარიცხვათა ვერიფიკაციის სისტემიდან SWIFT.

მანამდე ეს ბანკი ჯერ არ იყო ჩახსნილი ამ სისტემიდან, რაც უკრაინის აღშფოთებას იწვევდა.

ასევე, სანქციათა ახალი პაკეტით, უკვე არა მხოლოდ მარგარიტა სიმონიანის TV-Russia today არამედ სამი სხვა სახელმწიფო რუსული ტელევიზია - ОРТ, РТР, НТВ წყვეტენ მაუწყებლობას ევროპის საკაბელო ქსელებით.

ბუნებრივია ისმის კითხვა: ამ პროპაგანდისტულ არხებს ხომ შეუძლიათ მაუწყებლობა ინტერნეტით? ან თანამგზავრული რეტრანსლაციით?

მაგრამ საქმე ისაა, რომ აკრძალვა ეხება არა მხოლოდ საკაბელო ქსელების, არამედ ინტერნეტპროვაიდერთა მომსახურებასაც; თანაც ინტერნეტ-ტელევიზიის მაუწყებლობა მაინც არ არის ისეთი ფართო, როგორც საკაბელო. Smart - ტელევიზორებითაც კი.

რაც შეეხება თანამგზავრიდან მაუწყებლობას და `თეფშებს`, ევროპის უდიდესი ნაწილი ამას დიდი ხანია გადაეჩვია..... რუსული ტელეარხები კი ისეთს არაფერს წარმოადგენენ, ახლა მათ გამო დაიწყონ ევროპელებმა ქალაქებში (!) `თეფშებზე` თავიდან მიჩვევა.

თუ ვინმე გიჟს უნდა მაინცდამაინც მარგარიტა სიმონიანის წუმპეს უყუროს,  არავინ დაუშლის რასაკვირველია

. . . . . . . . . .

არანაკლებ ძლიერი სანქციაა, რომ ევროკავშირმა აუკრძალა ევროპულ კომპანიებს რუსული გემების დაზღვევა.

ეს სერიოზული სანქციაა რუსეთისთვის, რადგან ჯერ ერთი, ევროპული დაზღვევის გარეშე ვერც ერთი რუსული გემი (არა მხოლოდ ნავთობტანკერი, არამედ ვერც ერთი!) ევროპულ პორტებში ვერ შევა და რაც მთავარია, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ყველა კონტინენტზე, ყველა ოკეანეში, რომელსაც საკუთარი სადაზღვევო სისტემა სათანადოდ არა აქვს განვითარებული, მოითხოვს, რომ მათ პორტებში შემომავალი გემები ევროკავშირის ან ამერიკის (ესე იგი სანდო) სადაზღვევო კომპანიების მიერ იყონ დაზღვეული.

ალბათ ანალოგიურ გადაწყვეტილებას სულ მალე ამერიკაც საბოლოოდ დაამტკიცებს. კონგრესის ერთ-ერთ სასანქციო პაკეტში უკვე იყო.

. . . . . . . . . .

დღეს დილით, 31 მაისს, რუსულმა ენერგოგიგანტმა Gazprom ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა ჰოლანდიას! იმიტომ, რომ ნიდერლანდმა უარი განაცხადა რუბლით გადაეხადა ბუნებრივი აირის საფასური.

მანამდე ამ საბაბით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს პოლონეთს, ბულგარეთს და ფინეთს.

ამით მოსკოვი სხვა ევროპულ ქვეყნებს აფრთხილებს, რა დაემართებათ, თუკი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ. შემოდგომა/ზამთარი ახლოვდება.

აქ აღსანიშნავია, რომ რუსეთი ყველა სახელმწიფოსგან კი არ მოითხოვს რუსული გაზის რუბლებით ყიდვას, არამედ მხოლოდ იმ სახელმწიფოებისგან, რომლებიც, პუტინის აზრით `მტრულ პოლიტიკას` აწარმოებენ.

კრემლში გაჩნდა ასეთი იდეაც, რომ იგივე მექანიზმი გამოიყენონ `უკრაინის მხარდამჭერი რუსეთის მტრების` მიმართ ხორბლის საკითხშიც.

ოღონდ საინტერესოა, რომ ეს უკვე მხოლოდ ევროპას არ ეხება. ამით მოსკოვი სხვა ქვეყნებსაც აფრთხილებს.

მაგალითად, თურქეთი სულაც არ არის დამოკიდებული კატასტროფულად არც რუსულ გაზზე, არც რუსულ ნავთობზე, რომლებიც სხვა ქვეყნებოიდან შემოაქვს (არაბეთი, აზერბაიჯანი...) მაგრამ   დამოკიდებულია რუსულ ხორბალზე!!!

მით უმეტეს ახლა, როცა რუსეთმა უკრაინას მოუსპო ხორბლის ექსპორტის საშაულება იმით, რომ ჩაკეტა ოდესის და ილიჩოვსკის პორტი.

შესაბამისად, თურქეთი თუ გააგრძელებს უკრაინისათვის დრონების მიწოდებას, რომლებიც რუსულ საჯარისო ფორმირებებს წარმატებით ანადგურებენ, მოსკოვმა შესაძლოა ანკარასაც მოსთხოვოს `ხორბლის საფასური რუბლებში გადამიხადეო`. ეს კი ძალიან სარისკო და წამგებიანია ნებისმიერ შემთხვევაში - რუბლის სისტემური ვოლატილურობის (არამდგრადობის, მერყეობის) გათვალისწინებით.

. . . . . . . . . .

სანქციათა ახალი პაკეტი ევროკავშირმა მიიღო მას შემდეგ, რაც რუსეთმა, სამწუხაროდ,  წინ წაიწია დონბასზე!!!

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გააფთრებული ქუჩის ბრძოლები სევეროდონეცკში.

ამ ქალაქს საკვანძო მნიშვნელობა აქვს საბრძოლო მოქმედებათა მთელი `თეატრისთვის` დონბასზე.

სამაგიეროდ, უკრაინელებმა როგორც იქნა დაიწყეს კონტრშეტევების განხორციელება ფრონტის იმ მონაკვეთებზე, საიდანაც რუსებმა ძალები გადაისროლეს სევეროდონეცკთან და ამით, შესაბამისად, შეასუსტეს სხვაგან სამხედრო რესურსები: გუშინ უკრაინის არმიამ შეუტია და წინ წაიწია სამხრეთით, ანუ ხერსონისა და მელიტოპოლის მიმართულებით. იქედან სევეროდონეცკამდე ასეულობით კილომეტრია.

სამწუხაროდ, უკრაინელები ჯერ მაინც ვერ ბედავენ იმას, რაც ყველაზე `სასარგებლო` და შედეგიანი იქნებოდა დონბასის და მთელი ქვეყნის დასაცავად და რაც უკრაინის ყველა მეგობარს გაახარებდა: შეტევას უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ხარკოვის მიდამოებიდან, სადაც რუსებმა (როგორც ვწერდით) ჯარები საერთოდ არ დატოვეს რაკი დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინა უშუალოდ რუსეთზე შეტევას ვერ გაბედავს.  მაქსიმუმ, გაბედოს ხერსონისკენ (ანუ ასეთივე ოკუპირებული ტერიტორიისკენ) კონტრშეტევა, რათა სევეროდონეცკი და ცენტრალური დონბასის სხვა ქალაქები (სლავიანსკი, კრამატორსკი) დაიცვას.

. . . . . . . . . .

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ წარმატებული კიბერ-ომი დაიწყო: ბოლო რამდენიმე კვირაა, დიდი უკრაინული პროვაიდერები BGP Hijacking ტექნოლოგიით ზღუდავენ, აფერხებენ ან სულაც ანგრევენ და მიმართულებას უცვლიან რუსულ `ინტერნეტტრაფიკს`, რომელიც უკრაინის ტერიტორიით ხორციელდება.

რამდენიმე დიდი რუსული კომპანია უკვე დააზიანეს კიდეც ამ ტექნოლოგიით.

თუმცა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ამ გზით შეუძლებელია, რადგან მომხმარებელსა და მიმწოდებელს იოლად შეუძლია ინტერნეტტრაფიკის მიმართულების შეცვლა.